პაატა შეშელიძე: „ეროვნული ბანკი“ უნდა გაუქმდეს!“

v8

საბანკო სისტემა იმ კომერციულ და არაკომერციულ ბანკებზე დგას, რომლებიც უამრავ პროფილურ, თუ მასზე მეტ არაპროფილურ ბიზნესს ფლობს. მათ კი ერთი ინსტიტუტი _ „ეროვნული ბანკი“ უწევს კოორდინებას. როგორი მგომარეობაა დღეს ბაზარზე და რა რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოსაწესრიგებლად?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალი ეკონომიკური სკოლა _ საქართველოს“ პრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე:

_ ბატონო პაატა, რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ბაზარზე კომერციული ბანკების მხრივ და რა არის მათი „სიმძლავრის“ მიზეზი?

_ კომერციული ბანკები დღეს სინდიკატს ქმნიან, რომელსაც „ეროვნული ბანკი“ მართავს. მის უნებართვოდ ისინი ქაღალდს ვერ დებენ ერთი ადგილიდან მეორეზე. „ეროვნული ბანკი“ უმცირეს დეტალებში ერევა: თუ როგორ უნდა იმართებოდნენ ეს კომერციული ბანკები და ხანდახან ამ მართვას უაღრესად არაკონსტრუქციული და არასწორი შედეგები აქვს, რადგან იგი უპასუხისმგებლობას ახალისებს. ეს კონტროლია და, გარკვეულწილად, „ზურგიც“, პოზიციით, _ მიდი (ბანკო), მე (ეროვნული ბანკი) აქ ვარ, ნუ გეშინია და რაც გინდა, ის ქენი _ ეს არის მათი კონტროლი. იგივე გამოიხატება რეფინანსირების სესხებითაც.

რადგან ამ კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის „ზურგი“ აქვთ, ამიტომ ისინი უფრო უპასუხისმგებლონი არიან, ვიდრე უნდა იყვნენ. ეს უკანასკნელი კი უფრო მეტი და რისკიანი სესხის გაცემით გამოიხატება, ვიდრე სხვა შემთხვევაში გააკეთებდნენ. ახლა კი „ეროვნული ბანკი“ სხვადასხვა ფორმით აზღვევს მათ, განსაკუთრებით იმით, რომ გაჭირვების შემთხვევაში შეუძლია, დევალვაცია განახორციელოს, ბანკროტობის შემთხვევაშიც ასევე დაიცვას იგივე სესხების გაწელვისა და სხვა მრავალი პროცედურის გზით.

_ ე. ი. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს „მფარველობს“. რეალურად, რა არის მისი დანიშნულება და რა დადებითი მოაქვს ე.ბ.-ის მუშაობას?

_ „ეროვნული ბანკი“ არის აბსოლუტურად ხორცმეტი ინსტიტუტი, რომელიც ზარალის მეტს არაფერს გვაძლევს. ინსტიტუტი, რომელიც ამ პროცედურების გამო ბანკებში ახალისებს რისკიანობას და წინდაუხედავ გადაწყვეტილებებს, პროვოცირებას უკეთებს საკრედიტო ექსპანსიას, რომელიც, როგორც წესი, მთავრდება იმით, რომ შედგად ვიღებთ დაუმთავრებელ პროექტებს, ძვირ ბაზარს და შემდეგ ამის გამოსწორებაში დახარჯულ დროსა და ენერგიას. ფული არის ის, რასაც ადამიანები ნებაყოფლობით იყენებენ და მას სახელმწიფო მართვა არ სჭირდება _ ეს ელემენტარულია და არც ბანკებსა და სხვა ბიზნეს სტრუქტურებს სჭირდებათ ზედამხედველობა. ისინი უფრო მეტად პასუხისმგებლიანები იქნებიან. ყოველი ზედამხედველობა კი პასუხისმგებლობის გადანაწილებას ნიშნავს, რაც ამ და სხვა შემთხვევაში იმით მთავრდება, რომ ასეთი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები უფრო რისკიანები არიან, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდნენ.

_ რა როლი აქვს სახელმწიფოს, როგორ უნდა მოიქცეს იგი?

_ არანაირი. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფოს მიერ მართული მონეტარული სისიტემა. თუ ადამიანს ეკონომიკაში ოდნავი განათლება მაინც აქვს, მას ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ ფული საბაზრო პროდუქტია, რომელიც თავის დროზე შიქმნა, როგორც საბაზრო პროდუქტი, როგორც მოთხოვნა-მიწოდების პროცესის ნაწილი. როდესაც ადამიანებს იმის  მოთხოვნილება გაუჩნდათ, რომ გაცვლის საშუალება ჰქონოდათ, რომელიც მათ ინტერესების შესაბამისად მოემსახურებოდა, ის წარმოიშვა, როგორც სხვა, ნებისმიერი საქონელი, ან მომსახურება, რომელიც ბაზარზე გვაქვს, ამიტომ იგი ამ პროცესშივე უნდა დარჩეს, დინამიკური უნდა იყოს. ფული კერძო მოწოდების საფუძველზე უნდა ბრუნავდეს და, შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ ნეგატიურია, მას მხოლოდ ფალსიფიცირება შეუძლია.

საქართველოში ლარი ეროვნული ვალუტაა, მის კურსს ადგენს სახელმწიფო; ფულის მიმოქცევაში გაშვება-არგაშვების საკითხს ადგენს სახელმწიფო; რეფინანსირების სესხის განაკვეთის დადგენა, ბანკების რეგისტრაცია, მათი ხელმძღვანელობის დანიშვნა თანხმდება ხელისუფლებასთან. ყველა დეტალზე, ყველა პატარა ნიუანსში ერევა და ეს ძალიან ცუდია.

_ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა მონეტარულ სისტემაში?

_ მონეტარულ სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა არის „ეროვნული ბანკი“ და ის სისტემა, რომელიც გვაქვს, უბრალოდ, არ გვჭირდება. მას ალტერნატივაც კი არ გააჩნია, _ როცა თავი გტკივა, უნდა მოირჩინო, ალტერნატივა ხომ არ არის, თავის მაგივრად მუცელი აგტკივდეს, უბრალოდ, უნდა მოირჩინო. ბაზარზე სახელმწიფო არის მხოლოდ მონოპოლისტი და ფალსიფიკატორი, სადაც შეიძლება თქვენ წააგოთ, მაგრამ სხვებს ნიშანი მისცეთ, რომ გაფრთხილდნენ. ვისაც ფულის თემა ესმის, იმათთვის ეს ყველაფერი ახალი არაა.

_ ეკონომიკის განვითარებას რამდენად უშლის ხელს სახელმწიფოს ჩარევა მონეტარულ პოლიტიკაში?

_ რა თქმა უნდა, უშლის, ეს კატასტროფაა! ფაქტობრივად, პოლიტიკური და პირადი ინტერესების სასარგებლოდ მუდმივი საბაზრო სიგნალების ფალსიფიცირებაა.

დღეს მიმართულება ისეთია, რომ ჩვენ ხელშესახები შედეგები გვექნებოდა იმისგან, რასაც ვაკეთებთ. წესით, ეკონომიკის განვითარების, ბაზრების გაფართოების, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლის კვალობაზე ჩვენ უფრო იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქცია უნდა გვქონდეს, თუმცა მუდმივი ინფლაცია გვაქვს. როგორ შეიძლება, ტექნიკა ვითარდებოდეს, ყველაფერი მარტივდებოდეს და შენ ფასები გეზრდებოდეს?! ხომ არ არის ლოგიკური ასეთი სცენარი?! რატომ ხდება ეს ასე?! იმიტომ, რომ არასწორად მუშაობენ. ჩართული აქვთ ფულის საბეჭდი მანქანა და პროვოცირებას უწევენ ინფლაციას, ამბობენ, რომ ინფლაცია კარგია, ან უნდათ დაგვაჯერონ, რომ ეს ასეა და ფულის მოჭრის პროცესში დაახლოებული ადამიანები ხეირს ნახულობენ, ჩვენ მის სიკარგეში გვარწმუნებენ! ეს კარგია იმათთვის, ვინც ჯიბეში იდებს ამ ფულს, მაგრამ არა ჩვენთვის, ვისი ჯიბიდანაც იღებენ, რომ თავისაში ჩაიდონ.

_ შესაძლებელია ამის მოგვარება რეალურად?

_ რა თქმა უნდა, „ეროვნული ბანკი“ უნდა გაუქმდეს და არ უნდა იყოს ამ სისტემაში ჩართული.

_ ბოლო პერიოდში მიმდინარე ვალუტის გამყარება-გაუფასურების პროცესიც ხელოვნურია?

_ ორივე მიმართულება ხელოვნურია, რადგან იგი იმ მცდარი გადაწყვეტილებების შედეგია, რომელსაც იღებენ. არახელოვნური არც ლარია და არც დოლარი. ოქრო რომ ყოფილიყო, მაშინ იქნებოდა ბუნებრივი, იმიტომ რომ ხან დეფიციტია მისი, ხან პირიქით, ანუ ფასი ხან აიწვეს, ხან დაიწევს, მისი დინამიკა არაა პრობლემური. ინფლაციის შენარჩუნებას რომ ცდილობენ, ეგაა სრული სისულელე, რადგან ფასები ბაზარზე დინამიკური უნდა იყოს, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდეს, რა არის დეფიციტში და რისი წარმოებაა მიზანშეწონილი. როცა ფასების ფალსიფიცირება ხდება, მერე არ იცი, რა აწარმოო და რა _ არა. გგონია, რომ რაიმე კონკრეტული უნდა აწარმოო, ხარჯავ დროს, თანხას, ენერგიას და პირიქით ხდება, ვერ ყიდი.

_ ვინ კარნახობს ამ ყველაფერს?

_ რა თქმა უნდა კონკრეტული პირები, რომელთაც სხვადასხვა შეხედულება აქვთ. როგორც წესი, მცდარი, არასწორი ხედვა, პირადი გამორჩენის სურვილი და სხვ.

_ ამ სისტემაში რომ სახელმწიფო და ეროვნული ბანკი არ ჩაერიოს, როგორ აისახება ეკონომიკის ზრდა და  მოგება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე?

_ დღეს ადამიანების გარკვეულ ჯგუფს პრივილეგია აქვს, ისინი უფრო მეტ სარგებელს იღებენ იმით, რომ ინფორმაცია აქვთ ეროვნული ბანკის მოქმედების შესახებ. დანარჩენს არ აქვს, ამიტომ აგებენ. „ეროვნული ბანკი“ რომ მოისპოს, ინფორმაცია უფრო სიმეტრიული იქნებოდა. ყველას ექნებოდა სრული საბაზრო ინფორმაცია, ისინი გადაწყვეტდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შეცდომებიდან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ნიშნები იქნებოდა სწორი.

უმთავრესი პრობლემა არის „ეროვნული ბანკი“. მისი რეგულირებები კი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ის, რაც ეკონომიკის განვითარების ტემპებს აფერხებს მსოფლიოში. ევროპაში, აშშ-ში ვითარდებიან, აქ კი ფაფხურობენ, რაღაც 2-3% არის ეკონომიკური ზრდა და უხარიათ. ეს კი აბსოლუტურად არაადეკვატურია თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. უბრალოდ, იმის ნიშანი, რომ რაღაც ხარვეზია და არ სწოდება. არ სწორდება იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს შესაძლებლობა აქვთ, პირადი ინტერესები ჯაბნის, ფულს ჯიბეში იდებენ და ამას ხომ არ გააცხადებენ?!

_ მსოფლიოში ისეთი ქვეყნების მაგალითები თუ გვაქვს, სადაც „ეროვნული ბანკი“ არ არის და სახელმწიფოც არ ერევა ეკონომიკურ საკითხებში, თუმცა ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი აქვთ?

_ რამდენიმე არის. მაგალითად, პანამა იყენებს აშშ დოლარს. კერძო ფულის მაგალითი დღეს აღარ არის, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც სხვა ქვეყნის ვალუტას იყენებენ და თავისი რგოლი გამოთიშულია, მაგალითად, მონტენეგრო. ქყვეყნები, რომლებსაც ისეთი რგოლი აქვს შექმნილი, რომელიც „ეროვნული ბანკის“ მსგავსია, თუმცა მინიმალურ ფუნქციებს ასრულებს, არის ჰონ-კონგი, სინგაპური, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები. შუალედური, ნაკლებფუნქციური რგოლია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გაცვლითი კურსი მყარია და სხვა დისკრეციული უფლებები არ გააჩნია, ანუ სხვა გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს, მხოლოდ კურსს არეგულირებს.

ასეთ რამეს მე, როგორც კომპრომისს ვთავაზობ: თუ რაც რადიკალური და კარგი აზრია, იმას არ აკეთებენ, ის მაინც გააკეთონ, რომ მათი ყოველდღიური გადაწყვეტილებების ტყვეობაში არ ვიყოთ. ეს მთავრობა ამის გამკეთებელი ინტელექტუალურად არ არის. შემდეგი კი ვნახოთ.

 

                                                                                                               ნინო ტაბაღუა