ფქვილის ბიზნესი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი – ვინ არის ზაზა ჩუბინიძე?

v4

თემურ ქურასბედიანი და ირაკლი ლიპარტელიანი ამჟამად პატიმრობაში არიან, მათი ოჯახის წევრები კი ამაოდ ეძებენ სამართალს. „ქრონიკა+“ მოგიყვებათ გაუგონარ, თუმცა საქართველოში არცთუ უცხო ისტორიას, როცა სამართალი გზააბნეული დაეხეტება და სამართალდამცველი უწყებები ვარაუდებზე დაყრდნობით წყვეტენ ადამიანთა ბედსა თუ უბედობას. სიმართლის სახელით აწიოკებენ ოჯახებს, ახალგაზრდებს ციხეში გამოსაკეტად სწირავენ, მათ ცოლებს, დებსა და შვილებს კი _ სიმართლის საძებნელად საწანწალოდ.

2014 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, თემურ ქურასბედიანი და ირაკლი ლიპარტელიანი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. ეს განაჩენი გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ, თუმცა, იმთავითვე, ბრალდებულების ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც მიიჩნევდნენ, რომ ის იყო დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმებულიყო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა და დღემდე ქურასბედიანიც და ლიპარტელიანიც ციხეში არიან გამოკეტილები. მათ იმ დავალიანებას ედავებოდნენ, რომელიც შპს წისქვილკომბინატ „თბილისს“ აღმოაჩნდა, სადაც ისინი მუშაობდნენ. ბრალდებულთა ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ირაკლი ლიპარტელიანისა და თემურ ქურასბედიანის ბრალეულობაში, თუმცა სასამართლოც დაეყრდნო არა მტკიცებულებებს, არამედ ვარაუდებს და მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ეს პიროვნებები უაპელაციოდ უნდა გაეშვა ციხეში.

სანამ ადვოკატის სამართლებრივ შეფასებებს მოვისმენდით, ლიპარტელიანის დედა, ინტერნეტის საშუალებით, ამერიკიდან დეტალურად მოგვიყვა, რა „შარში“ გახვიეს მისი შვილი და როგორ გამოკეტეს ოჯახი ახლობლების ხელშეწყობით ციხეში.

 

ციალა ზურაბიანი _ ირაკლი ლიპარტელიანის დედა:

_ ჩემი შვილი, ირაკლი ლიპარტელიანი და თემურ ქურასბედიანი შპს წისქვილკომბინატ „თბილისის“, ამჟამად „ბევრილის“ ჯგუფის ქუთაისის სარეალიზაციო პუნქტში მუშაობდნენ. ეს საწარმო დასავლეთ საქართველოს რაიონებს ფქვილით ამარაგებდა. მისი  სარეალიზაციო პუნქტის, ანუ საწყობის უფროსი იყო ზაზა ჩუბინიძე, რომელიც შემდეგ შს სამინისტროს დასავლეთ სქართველოს სამხარეოს უფროსად დაინიშნა, მერე კი ტყიბულის პოლიციის უფროსად. ეს საწყობი 2007 წლიდან არსებობდა და ჩუბინიძე იმთავითვე მას ხელმძღვანელობდა. წისქვილკომბინატის მეპატრონე არის გოდერძი ჩანქსელიანი, ჩემი დისშვილი, თუმცა წლების წინათ ისიც შს სამინისტროში მუშაობდა და ჩუბინიძესთან ძმაკაცობს.

ირაკლიმ ამ საწარმოში მუშაობა 2010 წლის ივლისში დაიწყო. მანამდე ის ევროპაში, საბერძნეთში იყო წასული. საქართველოში მამის ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ირაკლი საცხოვრებლად აქ დარჩა. წისქვილკომბინატში ჩემი შვილი გამყიდველი იყო, თანხას იღებდა და ჩეკს წერდა, დანარჩენი მას არაფერი ევალებოდა. როგორც გითხარით, მთავარი იქ იყო ჩუბინიძე და მის გარეშე კომბინატში არაფერი კეთდებოდა _ არც კონსიგნაცია, არც გადარიცხვები და არც ფულის აღება თუ გაცემა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, რომ შპს-ს დავალიანებები 2007 წლიდან დაიწყო, როცა ჩემი შვილი იქ არ მუშაობდა და ის ამ დროს საქართველოშიც კი არ იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2013 წლის 18 იანვარს ზაზა ჩუბინიძე წისქვილკომბინატიდან წავიდა და დასავლეთ საქართველოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, შემდგომ კი უფროსად, ირაკლი კი მის ადგილზე ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშე დატოვეს. დავალიანებაც, რომელიც წინა წლებიდან მოდიოდა, თურმე, მას დაუტოვეს, თუმცა დოკუმენტურად არც ეს გადაუბარებიათ და არც რაიმე მსგავსი აქტი შემდგარა, რადგან ირაკლი ამ ვალებს არ გადაიბარებდა. 8 თვე იყო ჩემი შვილი სიტყვიერად დანიშნული უფროსად და ამხელა თანხის მითვისება მას დააბრალეს. ერთი ფურცელიც არ არსებობს, რომელიც ირაკლის დანაშაულზე მიუთითებს და ამას ამტკიცებს.

_ ჩუბინიძის ამ სამსახურიდან წასვლის შემდგომ ვინ და რატომ დაინტერესდა აღნიშნული დავალიანებით? 

_ ჩუბინიძე უკვე სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო, როცა გოდერძი და ნერუ ჩანქსელიანებმა ჩემი შვილი დაიბარეს და მილიონ 300 ათას ლარზე დავა დაუწყეს. ირაკლიმ უთხრა, _ ამას ხომ ზაზა ჩუბინიძეს ედავებოდით და ახლა მე რატომ მეუბნებითო? რაზედაც უპასუხეს, _ არ გვაინტერესებს, თუ თანხების მიმართულებას არ გაარკვევთ, ციხეში ამოგაყოფინებთ თავსო. ჩანქსელიანები ისეთები არიან, არაფერზე დაიხევენ უკან, ამიტომ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, სხვა ქვეყანაში წასულიყო მანამ, სანამ სიმართლე გაირკვეოდა და მის მიმართაც მოიხსნებოდა კითხვის ნიშნები. ის და ქურასბედიანი უკრაინაში წავიდნენ და მდგომარეობას გაერიდნენ, რათა თანხების საქმე იმ ადამიანთან გარჩეულიყო, ვისი ბრალეულობაც იყო ამ ყველაფერში, ვისაც რეალურად ევალებოდა თანხების მოფრთხილება და ვის დროსაც გაიფლანგა ფული, ანუ ჩუბინიძესთან, მაგრამ მოხდა აბსურდული და გაუგონარი რამ: ექვსი თვე მიმდინარეობდა გამოძიება ამ საქმეზე და მას ხელმძღვანელობდა თავად ზაზა ჩუბინიძე, რომელიც უკვე პოლიციაში, მაღალ თანამდებობაზე იყო. ამ საქმის გამოძიება მას, წესით, არ ეხებოდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელში ჩავარდნოდა და როგორ გამოიძიებდა, ამის მიხვედრა რთული არ არის. მისი „მუშაობის“ შედეგიც სახეზეა, მის ნაცვლად ციხეში ჩემი შვილი და ქურასბედიანი სხედან.

_ ზაზა ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა საქმეს, რომელშიც, როგორც ამბობთ, ყველა გზა და კვალი სწორედ მისკენ მიდის?! ძალიან უცნაურია…

_ დიახ ეს ყველაფერი ამაზრზენია! ვინც საწარმოს მილიონ 300 ათასი ვალი დაადო, ის იმ უწყების ხელმძღვანელი იყო, სადაც გამოძიება მიდიოდა. სწორედ მან დაადო ჩემს შვილს ბორკილები და ჩამოაყვანინა საქართველოში, რის შემდგომაც 6 თვის განმავლობაში მისი ტყვე იყო და როგორც უნდოდა, ისე „კერავდა“ საქმეს. ამის გამო მერე ერთი ამბავი ატყდა და საქმე თბილისში ფინანსურ პოლიციაში გადმოაგზავნეს, თუმცა ის უკვე მათ სასარგებლოდ იყო „შეკერილი“.

ზაზა ჩუბინიძე შევარდნაძის დროს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო და ბევრი უკანონობა ჩაიდინა მაშინაც. მერე ინციდენტი მოუხდა, სცემეს და პოლიციიდან წამოვიდა. ჩანქსელიანმა სამსახურის გარეშე დარჩენილი მეგობარი ფქვილის ბიზნესში დაასაქმა, მაგრამ როცა „ოცნების“ მთავრობა მოვიდა, ჩანქსელიანმა სამეგობრო და საძმაკაცო _ ირაკლი ღარიბაშვილი, მისი სიმამრი შეაწუხა და ჩუბინიძე კვლავ შს სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე მოიყვანეს. როგორც ვიცი, თანხაც არის გადახდილი, ჩუბინიძე ამ სამსახურში რომ გასულიყო. ჩემი შვილი ამბობს, _ თუ ჟურნალისტები ჩემთან შემოსვლას მოახერხებენ, ამათ მაქინაციებზე და ჩუბინიძის პოლიციაში გადასვლაზე ისეთ რამეებს მოვუყვები, გაოცდებიანო.

_ გასაგებია, რომ გამოძიება მიკერძოებული იყო, რადგან მას ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ სასამართლომაც ხომ განიხილა ეს საქმე. იქ რა მოხდა, ესეც მოგვიყევით.

_ ოჯახისთვის უცხოეთიდან ჩემ მიერ გაგზავნილი ფულის დოკუმენტები  სასამართლოზე წარვადგინე, რითაც დასტურდებოდა, რომ ოჯახს თუ რაიმე ჰქონდა შეძენილი ამ წლებში და გაკეთებული, ეს იყო ჩემი დახმარებით და არა ირაკლისგან, მაგრამ ეს გზავნილები სასამართლომ უარყო. ირაკლის საქმე აღუძრეს 13 ათასი ლარის გამო და ამ ხალხს სულელური რამ მოჰყავდათ ამის დასამტკიცებლად: ირაკლის და მის მეუღლეს 4 წელი შვილი არ ჰყავდათ და ამბობდნენ, თითქოს ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით გაუჩნდათ, თანხა კი ამისთვის დასჭირდათ. როცა ეს ვერსია არ გამოუვიდათ, მერე თქვეს, კაზინოში თამაშობდაო, მაგრამ ოჯახმა განვაცხადეთ, _ ჩანაწერებს ამოვიღებდით და დავამტკიცებდით, რომ ირაკლი კაზინოში არ დადიოდა. მერე  მოიგონეს, თითქოს რუსთავში ავტორბოლაზე დადიოდა და იქ დებდა ფულს „მაზიანზე“. ჩემი შვილი სპორტსმენია და იფიქრეს, რომ ეს მაინც გამოუვიდოდათ. ახალ-ახალ თემებს იგონებდნენ, რადგან ვერც ერთს ამტკიცებდნენ. საბოლოოდ, მაინც ვერაფრით დაადასტურეს ეს სისულელეები, მაგრამ ორი ადამიანი, _ ბუღალტერი თემურ ქურასბედიანი და ჩემი შვილი _ მაინც იმყოფებიან ციხეში და მათ 7-წლიანი პატიმრობები შეეფარდათ.

უამრავი სალაპარაკო მაქვს, თუმცა ამჯერად მთავარს გეტყვით: ჩემი შვილისა და ქურასბედიანის მიერ თანხების მითვისების ფაქტი ვერ დაამტკიცეს, სამაგიეროდ დაადგინეს ის, რომ საწარმოს ვალი ჰქონდა იმ დროსაც, როცა მისი ხელმძღვანელი ჩუბინიძე იყო. მიუხედავად ამისა, ამ საქმის გამო ჩუბინიძე არ დაუკითხვათ.

_ ეს როგორ?

_ როგორ და მფარველების დახმარებით. გვითხრეს, ჩუბინიძეს ისეთი თანამდებობა აქვს, ვერ დავკითხავთო. ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ის სასამართლოში დასაკითხად მივიყვანეთ, მაგრამ პროკურორმა თავის ოთახში გაიყვანა და უთხრა, _ დაგიჭერენ, აქ რამ მოგიყვანაო და გააპარა. პროკურორის ოთახში რაც მოხდა, ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. როგორ, სასამართლო არ უნდა დაინტერესებულიყო, რას იტყოდნენ საწარმოს დირექტორი და მეპატრონე? რა იცოდნენ მათ ამ საქმის ირგვლივ? მაგრამ არა, არ დაინტერესდა.

_ ახლა რას ითხოვთ?

_ რას ვითხოვთ და სიმართლის დადგენას. ჩვენ ქალაქ თბილისის მთავარ პროკურორთანაც ვიყავით, მაგრამ ისიც მიკერძოებულია, რადგან მეგობრები არიან. გვინდოდა, საპროცესო გარიგება მაინც გაგვეკეთებინა, ირაკლი გარეთ გამოგვეყვანა და მერე გაგვეგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ არც ეს მოხერხდა. ვითხოვთ ხელახალ გამოძიებას და სიმართლის გარკვევას, რადგან უდანაშაულო ბიჭები ციხეში სხედან და მთავარი დამნაშავეები კი გარეთ დასეირნობენ.

 

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:

_ როცა საწარმოს ხელმძღვანელი სამსახურიდან მიდის და თავის ადგილს სხვას აბარებს, საწარმოში უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია და ყველაფერი ოფიციალურად გადააბაროს ახალ ხელმძღვანელს. არათუ დავალიანებისა და თანხის, სკამის, მაგიდის და ა. შ., ოფიციალური გადაბარება უნდა მოხდეს, რაც ამ საწარმოში არ გაუკეთებიათ და მილიონ 300 ათასის დავალიანება დატოვეს გაურკვეველ მდგომარეობაში. გადაბარების დროს უნდა შექმნილიყო დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, ხელმძღვანელის სამსახურიდან წასვლის პერიოდში რა სახის დავალიანებები ერიცხებოდა საწარმოს _ ვინ აიღო ფული, ვისი კონსიგნაციით ჰქონდა გატანილი პროდუქტი და ა. შ. თავად ბუღალტერი, ქეთინო ზარიძეც აცხადებდა, რომ არ ახსოვს, როგორ იმართლებდა თავს ჩუბინიძე ამაზე და მილიონ სამასი ათასი ლარის დანაკლისი ვინ წაიღო.

_ დანაკლისი საწარმოს საიდან ჰქონდა, ამის გაგება რატომ გახდა რთული?

_ იმიტომ, რომ ბევრი რამ იქ მართლაც ხდებოდა კანონგარეშე, თუმცა აქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არაფერ შუაში არიან, რადგან ეს ყველაფერი ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდში იყო. როგორც შემდგომ გაირკვა, ყოფილი შს მინისტრის, ნარჩემაშვილის მამას გაუგზავნეს ათასობით ტონა ფქვილი, ასევე ჭიათურაში წაიღეს და არ აღრიცხეს, შპს-ს სამეგრელოს საწყობის უფროსს ავეჯი უყიდეს, ირაკლი ლიპარტელიანის სახელზე მევალის სახლები აღრიცხეს… ბევრი უკანონობა ხდებოდა, ფულის გადინება, მაგრამ ჩუბინიძის დროს ეს არ აღირიცხებოდა.

სასამართლო განაჩენით ირკვევა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს თანხები უნდა შეენახათ, თუმცა ამის კონტროლი ამათ არ ევალებოდათ და ჩუბინიძე იბარებდა ფულს. სამხარაულის ექსპერტიზაც დაინიშნა, თუმცა დასკვნა ვერ დაწერეს.

_ რატომ?

_ ისეთი აბსურდული მდგომარეობა და დომხალი იყო საწარმოში, თავი და ბოლო ვერ გაიგეს. დავალიანება რომ ჩუბინიძის პერიოდში წარმოიშვა, ეს  დადგინდა, მაგრამ შემდგომ რამდენი დაემატა, ვეღარ გაარკვიეს. ვერც კონსიგნაციით წაღებულ ფქვილზე დადგინდა ვერაფერი, რადგან  ჩანაწერები არ არსებობდა და აღრიცხულიც არ იყო, ვინ რამდენი თანხა მოიტანა. პროდუქტის ერთ-ერთმა მიმღებმა თქვა, _ მძღოლს, ხისფეხაშვილს გავატანე ფულიო. ხისფეხაშვილმაც აღიარა, რომ ეს ფული დახარჯა და ადგილზე არ მიიტანა _ 20 ათასი, თუმცა ეს ადამიანიც არ მისცეს პასუხისგებაში. ასეთ ჩვენებებს სასამართლო არ დაეყრდნო და ბუღალტერმა ზარნაძემ რაც დაუწერა, იმას დაუჯერეს. ყველა ამ ფირმაში მათი შემოსავლების ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, შპს წისქვილკომბინატ „თბილისს“ მათთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და ამ ფორმით დადგენილიყო ჭეშმარიტება. ექსპერტიზას სახელმწიფო ყველასთან ვერ ჩაატარებდა, ძვირი დაუჯდებოდა, ვერ გასწვდებოდა და მარტივი გამოსავალი მოძებნეს, _ თანხის წაღება ამ ორ პიროვნებას მიაწერეს. საქმე არის ნახევრად ფაბრიკატული, რადგან გამოძიება სწორი გზით ვერ წავიდა. 2008-09 წლებში წისქვილკომბინატს უკვე ჰქონდა მილიონზე მეტი დავალიანება, რაშიც ლიპარტელიანი დამნაშავე ვერ იქნებოდა, რადგან ამ დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა და წისქვილკომბინატთანაც შეხება არ ჰქონდა.

გარდა ამისა, კიდევ ბევრი უსამართლობა ჩაიდინა სასამართლომ. სამოტივაციო ნაწილში ის აღნიშნავს, რომ თემურ ქურასბედიანი 2010 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2013 წლის 29 ნოემბრამდე მუშაობდა ბუღალტრის თანამდებობაზე და ვალდებულება ეკისრებოდა, დროულად შეეტანა ნავაჭრი თანხა, ან დანიშნულებისამებრ ჩაებარებინა, ანუ იგი იყო პასუხისმგებელი თანხის სათანადო შენახვაზეო, მაგრამ გაურკვეველია, რომელ ხელშეკრულებას დაეყრდნო სასამართლო ამ შემთხვევაში, რადგან  ქურასბედიანთან დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ნავაჭრი თანხის ჩაბარებასა და ფულად სახსრებზე უშუალო ზედამხედველობაზე მისი პასუხისმგებლობის შესახებ მითითებული არ არის. ბუღალტერი ვალდებულია, ბუღალტრული დოკუმენტაცია აწარმოოს და მას ფულის შენახვაზე კონტროლი არ ევალება.

თემურ ქურასბედიანი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ირაკლი ლიპარტელიანსო, _ აღნიშნავს სასამართლო. საიდან ასკვნის ამას, ესეც გაურკვეველია, რადგან დაუკავშირდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, ეს მხოლოდ მათი ჩვენებით შეიძლებოდა გარკვეულიყო.

2013 წლის 27 თებერვლის ბრძანებით ირაკლი ლიპარტელიანი არის დანიშნული გამყიდველის თანამდებობაზე და ხელფასად დაენიშნა 800 ლარი, თუმცა სასამართლო ამბობს, რომ ის იმყოფებოდა საწარმოს რეალიზაციის უფროსის თანამდებობაზე და საიდან ასკვნის ამას, ან რა დოკუმენტს ეყრდნობა, ესეც გაურკვეველია. შრომითი ხელშეკრულებით თემურ ქუსაბედიანსა და ირაკლი ლიპარტელიანს სარეალიზაციო პუნქტში შესულ თანხებზე კონტროლი არ ევალებოდათ. 2013 წლის 1-ლი თებერვლის ბრძანებით ლიპარტელიანი გადაიყვანეს იმერეთის რეგიონის რეალიზაციის უფროსად. სასამართლო არ აღნიშნავს და დუმს იმაზე, რომ არ არის დადებული ამის დამამტკიცებელი შრომითი ხელშეკრულება შპს ,,ბევრილი ჯგუფსა“ და ლიპარტელიანს შორის, არადა, სასამართლო ვალდებულია, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დაასაბუთოს. როცა ირაკლი ლიპარტელიანი გამყიდველად მუშაობდა 2010 წლიდან, ამავე პერიოდში გამყიდველად მუშაობდნენ ლაშა დვალი, კახა ბიწაძე, ირაკლი ჯიბლაძე, ალეკო ხაჭაპურიძე, დათო ლომიძე და ვერავინ მიხვდება, საიდან ასკვნის გამოძიება, რომ ირაკლი ლიპარტელიანმა და თემურ ქურასბედიანმა მიითვისეს ეს თანხები? დანაკლისის წარმომავლობა  დადგინდებოდა მაშინ, როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი პასუხს აგებდა. თავად საქმის გამომძიებელი _ დავით კუტალაძე საუბრობდა, რომ საქმე არ იყო სრულყოფილი, როცა ის სასამართლოში წავიდა. სასამართლოს განაჩენში მოჰყავს მოწმე დავით კუტალაძის ჩვენება, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში და აღნიშნულ საქმეზე იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი. მისი თქმით, კონსიგნატორთა ბარათები საშუალებას აძლევდა, კონკრეტული პირები დაეკითხათ. დაკითხეს 200-ზე მეტი მოწმე, რომელთაც დავალიანებები დაადასტურეს და აღნიშნული თანხა ექსპერტიზის თანხით დადგენილ თანხას გამოაკლდა. მოწმის განმარტებით იყო შემთხვევები, როდესაც კონსიგნაცია წარმოშობილი იყო 2010-2011 წლებში და დაიფარა მოგვიანებით. დავით კუტალაძემ განმარტა, რომ ბუღალტერია საერთოდ არ წარმოებდა და მისი აზრით მონაცემები იყო ყალბი, ამიტომ კონსიგნატორები რა თანხასაც დააფიქსირებდნენ სასამართლო სხდომაზე, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ თანხას უნდა გამოაკლდესო. ამდენად, თვით საქმის გამომძიებლის, დავით კუტალაძის ჩვენებით დგინდება, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, თუმცა სასამართლომ დავით კუტალაძის ჩვენებაზეც არვითარი დასკვნა არ გააკეთა და რაც უნდოდა, ის გადაწყვეტილება გამოიტანა.  სასამართლო თავის განაჩენში ასეთ რამესაც აღნიშნავს: მიუხედავად ხელშეკრულებაში მითითებული პასუხისმგებლობისა, ცხადია, ერთი მხრივ, 2013 წლის თებერვლამდე ირაკლი ლიპარტელიანს საწყობში მომუშავე პირს, გამყიდველს, ხოლო 2013 წლის თებერვლამდე როგორც ხელმძღვანელს, მეორე მხრივ, თემურ ქურასბედიანს, როგორც ბუღალტერს მიუწვდებოდათ ხელი იმ ფულად თანხებზე, რაც საწარმოში პროდუქციის რეალიზაციის შედეგად უნდა გადარიცხულიყო, შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე ორივე ბრალდებულს ჰქონდა წვდომა გადარიცხვამდეო. მაგრამ სასამართლო არასწორ დასკვნებს აკეთებს აღნიშნულთან დაკვშირებით. ბრალდებულებს რომ ჰქონდათ წვდომა თანხებზე გადარიცხვამდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული თანხა აუცილებლად მათ მიითვისეს. თანაც ამ თანხებთან წვდომა ასევე ჰქონდათ მძღოლებს, სხვა გამყიდველებს, ხუთი წლის განმავლობაში ზაზა ჩუბინიძეს და სხვა პირებს, ვინც საქონელს გასცემდა.  სასამართლომ კი დასკვნები დაამყარა მხოლოდ ვარაუდებზე, რაც უსამართლობაა.

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე გეტყვით: საწარმოს გახსნის დღიდან, 2013 წლის იანვრამდე, მისი დირექტორი იყო ზაზა ჩუბინიძე. ასევე რამდენიმე გამყიდველი მუშაობდა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში და ნებისმიერ გამყიდველზე, ასევე ზაზა ჩუბინიძეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხები მიითვისეს, მაგრამ სასამართლოს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებები ვარაუდებზე არ უნდა გამოჰქონდეს. მაგალითად, თამაზ ჩანქსელიანის ჩვენებით გელა გაგუას ვალი ჰქონდა 26 000 ლარი. მან ვალის მაგიერ ჩადო ბინა, რომელიც ირაკლი ლიპარტელიანის სახელზე გაფორმდა და არა წისქვილკომბინატის სახელზე. მისთვის, თურმე, ასევე ცნობილია, რომ ზუგდიდის რეალიზაციის უფროსს ზაზა ჩუბინიძემ სახლის ავეჯი შეუძინა, რაც საბუთებში გატარებული არ იყო. ზესტაფონიდან თუ ქუთაისიდან, არჩევნების პერიოდში, ჭიათურაში გაიგზავნა ფქვილი საჩუქრად ზაზა ჩუბინიძის მიერ. ზაზა ჩუბინიძის მამაც ამ კომბინატში მუშაობდა. მისი განმარტებით, ყოველ მეორე დღეს მორიგეობდა კომბინატში, 4-5 მანქანას იღებდნენ ობიექტზე და თითო მანქანაზე ხან 20, ხანაც 50 ტომარა ფქვილი აკლდა. მისივე განმარტებით, გაფუჭებული ფქვილიც შემოდიოდა… ყოველივე ამის შემდეგ, დანაკლისი, რა თქმა უნდა, იქნებოდა და ეს არც ირაკლი ლიპარტელიანის და არც თემურ ქურასბედიანის ბრალი არ არის. უამრავი ასეთი დარღვევის დეტალებზე შემიძლია ვისაუბრო. რაც ამ საქმის სასამართლო განხილვაზე მოხდა, ამაზე საუბარს თქვენი გაზეთის ფურცლები არ ეყოფა.

ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები _ ჩუბინიძე და ჩანქსელიანი, რომელთა ჩვენებებსაც შეეძლო, სიმართლისთვის ნათელი მოეფინა. შუამდგომლობების  მრავალჯერ დაყენების მიუხედავად, მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

_ სასამართლო რატომ იყო ტენდენციური?

_ მაგის თქმა არ შემიძლია, თუმცა რაღაც რომ ხდებოდა და ამ საქმის მოსამართლეებიც სამართლიანობასთან მწყრალად იყვნენ, ფაქტია. ამ საქმეზე სამართალი ჯერ კიდევ აღსადგენია და ოჯახის მოთხოვნაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს _ იპოვონ ნამდვილი დამნაშავე და დასაჯონ.

 

„ქრონიკა+“ ზაზა ჩუბინიძეს დაუკავშირდა:

_ ამ საქმეზე არავინ დამიჭერია. წისქვილკომბინატის მეპატრონეებმა თავად შეიტანეს საჩივარი იმერეთის პროკურატურაში და იქ აღძრეს ეს საქმე. ლიპარტელიანი და ქურასბედიანი უკრაინიდან რომ ჩამოიყვანეს, მანამდე იქ ჩასულები იყვნენ კომბინატის მეპატრონეები _ ჩანქსელიანები და სამართალდამცველებს ისინი ეხმარებოდნენ ორივეს დაკავებაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სამხარეო პოლიციის უფროსი ვიყავი, ჩემთან ეს პატიმრები არ მჯდარან და არც მათ საქმეში მიმიღია მონაწილეობა. ის მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, პოლიციის ქვემდებარე არ არის, ის გახლავთ პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის ქვემდებარე.

2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში კომბინატიდან წამოვედი და შს სამინისტროში დავიწყე მუშაობა; 2013 წელს კი ქურასბედიანმა და ლიპარტელიანმა სამსახურები მიატოვეს და საზღვარგარეთ წავიდნენ. რატომ მიატოვეს, ამას მხოლოდ ძიების დროს ვგებულობდი. მართლაც ვიყავი ამ წისქვილკომბინატში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მაგრამ თანხებთან შეხება არ მქონია. ეს საწყობი ქუთაისში 2007 წელს გაიხსნა და მენეჯერად დავინიშნე, ბუღალტერი დავით ლომიძე იყო, რომელიც ჩარქსელიანების ნათესავია. ჩემი ფუნქცია გახლდათ კლიენტის მოძიება, პროდუქციის დაცვა და რეალიზაცია, დანარჩენს ბუღალტერი აკეთებდა. თუ კონსიგნატორი ვადას გადააცდენდა და თანხას არ მოიტანდა, ბუღალტერი მათ გვარ-სახელს მაძლევდა, ვაკითხავდი და თანხებს ვიღებდი. ყველა ამ კითხვაზე პროკურატურაში პასუხი მაქვს გაცემული, როცა თბილისის პროკურატურამ დამკითხა. ცოტა ხნის წინათ პოლიციიდან ჩემი წამოსვლაც, სინამდვილეში, ჩანქსელიანების მიერ მოხდა, რადგან ისინი ჩემი მტრები არიან.

სასამართლომ არ ჩათვალა და მოწმეთა სიაში ჩავეწერე. ლიპარტელიანის დედამ და ადვოკატმა მთხოვეს, _ იქნებ, სასამართლოში მოხვიდე, კითხვები გვაქვს, რომელიც ჩვენს მხარეს წაადგებაო. ჩემი ჩვენება, რომელიც პროკურატურას მივეცი, სასამართლომ გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, მაინც მივედი სასამართლოზე, მაგრამ მათ ადვოკატს ჩემს დაკითხვაზე დაყენებული შუამდგომლობა არ ჰქონდა და სასამართლომ უარი განმიცხადა. ამის მერე წამოვედი, აბა, იქ ხომ არ დავრჩებოდი?

ჩანქსელიანები ჩემი მტრები არიან და ისინი როგორ დამნიშნავდნენ თანამდებობაზე? ანდაც მე თუ მათ ბიზნესში დანაშაული მქონდა, იქიდან როგორ გამომიშვებდნენ და არ მომთხოვდნენ პასუხს? ახლა მე თქვენ გელაპარაკებით კაცურად, _ სად ღარიბაშვილი და სად ჩანქსელიანები?

დაკავებულებიც და წისქვილკომბინატის ხელმძღვანელებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ერთმანეთი არ დაინდეს და მე რომ მართლა რამე დამეშავებინა, დამინდობდნენ? ლიპარტელიანი და ქურასბედიანი ცუდ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ახლა ჩანქსელიანების დავალებით მოქმედებენ და როცა საჭირო გახდება, ამას აუცილებლად დავამტკიცებ. საამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება და მის წინააღმდეგ ვერავინ წავალთ. ახალი გამოძიების დაწყება ძმებ ჩანქსელიანების დაკვეთაა. კი ბატონო, კიდევ გამოიძიონ, კიდევ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ვარ ჩანქსელიანების დევნის ქვეშ. სასამართლო სხდომებზე ჩემს ოჯახის წევრებს ფიზიკურადაც ეხებოდნენ და იქ საშინელებებს ახდენდნენ. ტყვედ ეგენი ჰყავს ახლა ჩანქსელიანს. შემიძლია, თბილისში ჩამოვიდე და ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი, რადგან ჟურნალისტური გამოძიება ჩემთვის ძალიან ავტორიტეტულია. აქამდე ამ საკითხს ყველა მედიასაშუალება ცალმხრივად აშუქებდა, არავინ მირეკავდა და არაფერს მეკითხებოდა. დიდი მადლობა, რომ დამიკავშირდით და ჩემი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მომეცით.

 

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი