პაატა ჯიბლაძე: „მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა“

v3

„მემარცხენე ალიანსს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გავა, თუ პოლიტიკური კოალიციის სახით. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვაა მის სატელიტებთან ერთად.

„ქრონიკა+“ „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს _ პაატა ჯიბლაძეს ესაუბრება:

_ ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ პროცესს?

_ ძალიან კარგად გვახსოვს სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი, როდესაც სასამართლო პროკურატურის დანამატი იყო. რაც მიხეილ სააკაშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და პროკურატურას წინასწარ განსაზღვრული, გადაწყვეტილებაც იმის მიხედვით იდებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს პოლიტიკოსის მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესში ჩარევა არ შეიძლება, რადგან სასამართლომ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს და დადოს შედეგი, გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს ორი კერძო ადამიანის დავაა და ქიბარ ხალვაში საქმეში გამოდის, როგორც „რუსთავი 2“-ის ყოფილი მეპატრონე. მისი განცხადებით, ტელეკომპანია ყოფილმა ხელისუფლებამ წაართვა. რადგან ეს კერძო ტელევიზიაა, მხარეებმა უნდა იდავონ და რასაც სასამართლო გადაწყვეტს, ალბათ, უნდა დაემორჩილონ კიდეც. ამიტომ „რუსთავი 2“-ის პროცესში არ ჩავრეულვარ და არც რაიმე განცხადება გამიკეთებია. არც გავაკეთებ, სანამ ეს პროცესი არ დამთავრდება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დადგება.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს: არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, პოლიტიკური ცხოვრების ტემპერატურა მატულობს, მაგრამ შევხედეოთ, ვინ ძაბავს დღეს ქვეყანაში სიტუაციას? ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მასთან კოალიციაში მყოფი ძალები, რომლებიც თითქოს გამოეყვნენ, მაგრამ მთავრობის შემადგენლობაში მაინც დარჩნენ. ამავე დროს, ისინი თავიანთ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც აქამდე უნდა აკრძალული ყოფილიყო იმ დანაშაულებისთვის, რაც ამ პარტიამ და მისმა ლიდერებმა, პრეზიდენტმა ჩაიდინეს. ისევე, როგორც, თავის დროზე, აიკრძალა ფაშისტური პარტია, ცნობილი ნიურნბერგის პროცესის შემდეგ.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ განახორციელა. პირიქით, მწვანე აუნთეს კოჰაბიტაციით. შედეგად, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ლიდერებს თავხედობა ჰყოფნით და დღეს საქართველოს მოსახლეობას გამოწვევას უგზავნიან, _ თურმე ისინი მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ. ეს მოცემულობა თვითონ „ოცნებამ“ შექმნა, ხალხს რაღაცნაირად ეფიქრა, რომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ოპოზიციური ძალა.

თუმცა ერთ-ერთ უპირველეს პოზიციებზე ჩვენი „მემარცხენე ალიანსია“, ეროვნული ძალა, რომელიც, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ სათანადოდ დასჯას ითხოვს. ისევე, როგორც ყოველთვის ვაკრიტიკებთ „ქართულ ოცნებას“ დარღვევებისთვის. მთავრობის საქმიანობაში ძალიან ბევრი უარყოფითი მხარეა, რომელიც ხელის გულზე დევს და მოსახლეობა სამართლიანად ითხოვს მათ მიერ გაცემული უხვი დაპირების შესრულებას.

_ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ღია წერილი რამდენად წარმოაჩენს ქვეყანაში შექმნილ რეალობას?

_ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა აღნიშნულ წერილზე. თითქოს ეს ადამიანი ბოლომდე ვერ ფლობს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას. კი ბატონო, ივანიშვილი აცხადებს, რომ გამდგარია პოლიტიკისგან, მასში არ ერევა, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება, ასე იყოს. გავიხსენოთ ივანიშვილის დამსახურება და ლომის წილი, რომ დღეს ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი აღარ ბოგინებს. აგერ სააკაშვილი უკრაინაშია გაქცეული.

ივანიშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო საქმეებში აღარ ვერევიო, მაგრამ ისიც კარგად მოგვეხსენება, მის მიერ თავსმოხვეული პიროვნებები სად არიან წამოსკუპებულები და რანაირი პოზიცია უჭირავთ ქვეყნის, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პრობლემებთან მიმართებით. მაგალითად, თავის დროზე, მის მიერ რეკომენდებული ბატონი მარგველაშვილი, რომელიც ამას წინათ ჩუმ ვითარებაში გიგა ბოკერიას შეხვდა. ბატონ ბოკერიას ადამიანი კი არ უნდა ხვდებოდეს, ის ვანო მერაბიშვილის გვერდში უნდა იჯდეს. ასევე გავიხსენოთ მის მიერ რეკომენდებული დავით ნარმანია, დედაქალაქის მერი, რომელიც თანამდებობაზე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ასევე არიან მის შპს-ებში და სხვა კერძო კომპანიებში დაფრთიანებული, დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე მის მიერ მოვლინებული ადამიანები. ამ ტენდენციაზეა საუბარი, თორემ იქ კომპეტენტური ადამიანებიც არიან, რომლებიც პატიოსნად ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს. ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა. ერთი ხელის თითები გვეყოფა ჩამოსათვლელად, თუ ვის მიმართ აღდგა ეს ამ ქვეყანაში. უამრავი, ათეულ ათასობით ადამიანი დღესაც სამართლიანობის აღდგენას ელის. ისევე, როგორც ჩვენ გვახსოვს მათი დაპირებები, რომ საწვავი გაიაფდებოდა. რომ არა ნავთობპროდუქტების საერთო გაიაფება, საწვავზე ფასების დაკლებას ვერ ვეღირსებოდით. მისი რეალური ღირებულება ლარზე ნაკლები უნდა იყოს. აგერ, ავტოგაზზე არსებული მდგომარეობა ავიღოთ: ჩვენ სულ ვაცხადებთ, რომ მასზე არაადეკვატურად მაღალი ფასებია და ამ კუთხით ხელისუფლება არავითარ მოძრაობას არ აკეთებეს, იგივე კონკურენციის სააგენტოსთან ერთად.

კი ბატონო, რაღაცები გაკეთდა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, მთის კანონიც მისაღები იყო, თუმცა ძალიან ბევრი ამგვარი სოფელი გამორჩათ. სწორედ ჩვენი ინიციატივით, დუშეთის რაიონის მთელი რიგი მაღალმთიანი სოფლები ამ სიაში დამსახურებულად შევაყვანინეთ.

ამ დღეებში ბატონი ხადური გამოვიდა და განაცხადა, რომ 216 ლარი გაუხდებათ, ისიც მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებსო. ასაკოვან ადამიანებს ეს მიღებული კანონიდან გამომდინარე ეზრდებათ და არა მათ მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯებით. გახსოვთ „მემარცხენე ალიანსის“ მოწოდება, როდესაც 2016 წლის ბიუჯტი მტკიცდებოდა, პენსიონერებს პენსია 200 ლარი გახდომოდათ და ამას პლუს, 50-ლარიანი დანამატი მისცემოდათ, ჯამში 250 ლარი უნდა ყოფილიყო, რაც საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული იქნებოდა. ჩვენ ამის წყაროც წარმოვადგინეთ, _ მთელი რიგი გაბერილი შტატები, გუბერნატორის ინსტიტუტი, გაზრდილი სამინისტროები (ქვეყანაში 18 სამინისტროა), მათი პრემია-დანამატები, ტრანსპორტის მომსახურება, საწვავის ხარჯები, -_ ამ მხრივ უზარმაზარი ხვრელებია დატოვებული.

როგორც ჩვენ, „მემარცხენე ალიანსი“, „ქართული ოცნებაც“ ხომ მემარცხენე ცენტრისტულ ორგანიზაციად ითვლება (სოცინტერნშიც გაწევრიანდნენ), ამიტომ  მაქსიმალურად უნდა შეიმცირო ჩინოვნიკური აპარატის რიცხოვნობა და გამოთავისუფლებული თანხები იმ სოციალური პროექტებისთვის გადაისროლო, რაც ქვეყნის განვითარებაზე იქნება მიმართული.  ჩინოვნიკური აპარატიდან გამოთავისუფლებული თანხები ასევე ბიზნესში წავა, შეიქმნება პროდუქცია, რაც, ისევ და ისევ, ქვეყნის განვითარებაზე და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. თორემ, კორუფცია არ არისო და ქვეყანაში ამაზე მეტი რა არის? კორუფცია არ არის ის უზარმაზარი პრემიები? ანუ ის კეთდება, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და თანამდებობის პირები. მეცინება ხოლმე, როდესაც ასაკრძალი პარტიის ლიდერები გამოდიან და „ოცნებას“ იმის შესახებ უკიჟინებენ, რასაც თვითონ უარესად აკეთებდნენ.

_ ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ რა შედეგს მოუტანს?

_ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საზოგადოებას განუცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამ გადაწყვეტილებით, ელემენტარულად, ჩახსნეს ის ორკაციანი თუ სამკაციანი პარტიები, რომლებიც კუს რომ მორიელი დააჯდება, ისე იყვნენ. ეს ადამიანები ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში იყვნენ. დავინახეთ, რომ მათ, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლისთვის, ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ა.შ.

პირიქით, მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, ე. წ. საზღვრისპირა რეგიონიდან ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიურად იტაცებენ. ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, ალბათ, ყველა დაფიქრდება, ყველაფერს აწონ-დაწონის და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, ბიუჯეტის შესაბამისი კორექტირება მოხდეს ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისთვის, კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის. ეს ძალა „მემარცხენე ალიანსია“, რომელიც ყოველთვის ამ მიმართულებით იბრძოდა და ამ კუთხით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

_ დღევანდელი საარჩევნო სისტემა შევაფასოთ, რითაც არჩევნებზე გავდივართ

_ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მათ მიერ მიღებული კანონპროექტი. „მემარცხენე ალიანსი“ ყოველთვის იბრძოდა იმისთვის, რომ არსებული მახინჯი სისტემა, როგორც მაჟორიტარული სისტემაა, გაუქმებულიყო და არჩევნები რეგიონულ-პროპორციული წესით ჩატარებულიყო. მაგრამ რაოდენ ცინიკურია დღეს „ნაციონალების“ განცხადება, რომ თურმე ეს მაჟორიტარული სისტემა მახინჯი ყოფილა. ამ დროს, სწორედ ამ მაჟორიტარული სისტემით დარჩა მიხეილ სააკაშვილი, თავის დროზე, ხელისუფლებში. გაიხსენეთ 2003 წელი, როდესაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარტიები პარლამენტიდან გამოყარეს, მაგრამ იმავე ხალხის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები სააკაშვილმა დატოვა. ეს აწყობდათ, რადგან რასაც ჩასძახებდნენ, ისინიც ხომ იგივეს ამოსძახებდნენ? მერე გავიხსენოთ 2008, 2010 წლის არჩევნები, ისევ იმ სისტემით ჩატარდა. თუ უნდოდათ, შეეცვალათ, მაგრამ მათაც იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით ხელისუფლებაში ყოფნას გაიგრძელებდნენ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს სისტემა აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ მოვალთ პარლამენტში, იმისთვის ვიზრუნებთ, რომ ეს მახინჯი სისტემა სასწრაფოდ შეიცვალოს.

_ რა ფორმით გადიხართ საპარლამენტო არჩევნებზე?

_ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი უპირველესი ამოსავალი იდეოლოგიური თვალთახედვა იქნება ასევე ეროვნულობა. ეს ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება, თუ არჩევნებში კოალიციის სახით მონაწილეობა გადავწყვიტეთ. ისევე, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ მაჟორიტარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ და წარმატების მოპოვებას ვგეგმავთ. გვსურს, არჩევნებში მოანაწილეობით საბოლოოდ ჩავძიროთ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა გაქრეს რუკიდან, მათ სატელიტებთან ერთად.

 

                                                                                                     გელა მამულაშვილი