რატომ არ აინტერესებს კანონი უჩა მამაცაშვილის ქვისლს?!

ed3

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, ირაკლი ღარიბაშვილის კადრია. მან დანელიას ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესყიდვები ჩააბარა, მოგვიანებით კი მინისტრად დანიშნა. მინისტრ დანელიას ივანიშვილის ფრთამ კონტროლად უჩა მამაცაშვილის ქვისლი, იური ნოზაძე მიაყოლა. ერთი შეხედვით, ეს დანიშვნა სოფლის მეურნეობის მასშტაბური პროექტის განხორციელებას უკავშირდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ამ რამდენიმე დღის წინათ საინტერესო მინიშნება გააკეთა, _ დავით კირვალიძის თანამდებობაზე დაბრუნება რამდენჯერმე ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინაო. კირვალიძის დანიშვნა ავტომატურად დანელიას განთავისუფლებას ნიშნავდა. რაკი ღარიბაშვილი ამაზე არ წავიდა, დანელიას მოადგილედ სწორედ ამიტომაც დაუნიშნეს უჩა მამაცაშვილის კადრი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მილიარდიან პროგრამაში სწორედ უჩა მამაცაშვილმა იბალახა. ხვნა-თესვის პროცესში შპს „მექანიზატორი“ მამაცაშვილის პატრონაჟის ქვეშ მყოფი კომპანიების მოწოდებულ საწვავს მოიხმარდა, სერიოზული „ატკატები“ სწორედ მის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა ეს სამომავლო თემაა და როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, მომდევნო ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის პროგრამა გამოსაძიებლად ერთ-ერთი მასშტაბური კორუფციის სქემა იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ოთარ დანელია სრულად გადაპორტირდა მამაცაშვილის გარემოცვაში. როგორც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, სამინისტროს კონტროლი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ბიზნესთან ურთიერთობებს ალაგებს, ან ექსპორტ-იმპორტის კონტროლს ცდილობს, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირდაპირი გავლენების სფეროა ლაბორატორიული სისტემა. მაღალი სტანდარტების ლაბორატორიული მომსახურება კრიტიკულად აუცილებელია, როგორც საბაჟო-საგადასახადო მიზნებისთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებულ  სფეროებში (მაგ. სურსათის უვნებლობა) ლაბორატორიულ მომსახურებას მხოლოდ აკრედიტებული ლაბორატორიები ახორციელებენ.

დღეს არსებული მდგომარეობით ლაბორატორიულ გამოცდებს სურსათის სფეროში ახორციელებენ როგორც კერძო აკრედიტებული ლაბორატორიები, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები, მათ შორის: შპს „ღვინის ლაბორატორია“; სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“, რომელიც 3 ზონალურ-დიაგნოსტიკური და 8 რეგიონული ლაბორატორიისგან შედგება;

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ლაბორატორია; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ სრულიად ახალი მიდგომები და მოთხოვნები დააყენა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში 2003 წლიდან მუშაობდა მეორე დიდი დონორი _ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი და კონკრეტულად DCFTA, ანუ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაზე. ეს პროგრამა ბევრჯერ გახდა არაკვალიფიციური განსჯის საგანი, იგი 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პროგრამის ნაწილია ლუგარის ცენტრიც. ლუგარის ცენტრი თურქებმა ააშენეს, ქართველები მშენებლობას არ გააკარეს და იმდენი შეცდომა იქნა მშენებლობისას დაშვებული, შენობის საბოლოო კონდიციამდე მიყვანა ამერიკულ მხარეს დამატებით 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. ლუგარის ლაბორატორიაში, ჯერჯერობით, მნიშვნელოვან დანახარჯს ისევ ამერიკის მთავრობა წევს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლუგარის ცენტრი ქართულ მხარეს გადმოეცემა და რამდენად მოინახება სახსრები მისი ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ძნელი სათქმელია.

2014 წლიდან სურსათის კვლევები ISO-ს მეთოდებზე გადავიდა. ადრე სურსათის კვლევები ე. წ. გოსტებით კეთდებოდა, მაგრამ ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით საბოლოოდ, ყველა ლაბორატორიას ამ მოდელზე მოუწევს გადასვლა. 2014 წელსვე დღის წესრიგში დადგა ლაბორატორიის საერთაშორისო აკრეტიდაციის საკითხი. ეროვნული სააკრედიტაციო ორგანო _ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სიპი, არ არის საერთაშორისოდ აღიარებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ლამაზად დაბეჭდილი სერტიფიკატი გასცენ ამა თუ იმ ლაბორატორიას, საქართველოს ფარგლებს გარეთ ის აღიარებული  არ იქნება. აკრედიტაციის „ტეხასმოტრივით“ გაცემა არ შეიძლება. ცალკე თემაა, რამდენად ზუსტია ამ ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტირება, ანალიზი და რამდენად გამოდგება იგი საექსპორტოდ?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლია მნიშვნელოვანი, მათ შორის, ვეტერინარიის ნაწილში, ანუ როცა საქმე ეხება ცოცხალი ცხოველების, მათ შორის, ცხვრის ექსპორტს. ქართული ცხვარი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქციაა. ექსპორტის დროს ორი ტესტი კეთდება _ თურქულზე და ბრუცელიოზზე.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნებოდა, რომ ქართული მეცხვარეობის განვითარებაში სოლიდურ ინვესტიციას ჩადებდა, მაგრამ ეს კეთილშობილური მიზანიც საეჭვო მაქინაციების მსხვერპლი გახდა. სომხეთიდან ცხვარი იაფად შემოჰყავთ, შემდეგ საქართველოში საგარანტიო ვადას გადის და უცხოეთში სომხურ ცხვარს ქართულ ცხვრად ასაღებენ. იყო პერიოდი, როცა სომხეთიდან დაავადებული ცხვარი შემოიყვანეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად გაწყდა.

მოგვიანებით, ოთარ დანელიამ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ იყო, საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ყოველი კონტრაქტორისთვის ტესტირების ღირებულება ინდივიდუალური უნდა გახდეს და იგი, არც მეტი არც ნაკლები, მინისტრის მოადგილესთან უნდა შეთანხმდეს. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ინდივიდუალური ტარიფების შემთანხმებელი მოადგილე, უჩა მამაცაშვილის ქვისლი, იური ნოზაძე იყო. საქმეში ჩახედული ადამიანები გვეუბნებიან, რომ იური ნოზაძის „ნოუ ჰაუ“ იყო ის, რომ ლაბორატორიის ხელმძღვანელს ხშირად პირდაპირ ეუბნებოდა, _ სულ არ მაინტერესებს კანონიო. ნოზაძის კაბინეტში წყდებოდა _ ექსპორტზე გასატან პროდუქციას 5000-ზე მეტ ნიმუშს აიღებდნენ თუ ნაკლებს და ოფიციალური ტარიფი _ 26-28 ლარი _ თითო სინჯში რა თანხამდე შემცირდებოდა.

მოგვიანებით, 2016 წლის იანვარში, ფრაზები „კანონი არ მაინტერესებს“, _ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამაც თქვა, როცა ლაბორატორიის ეროვნულ აკრეტიდაციას შეეხო საქმე. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელსაც `პროდუქტის თავისუფალი და უსაფრთხო მიმოქცევის” კოდექსი ჰქვია. კანონის 92-ე პუნქტის დეფინიციაა: „საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი“. ამ პუნქტის თანახმად, პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულად მიიჩნევა დამატებითი პროცედურების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით. ასეთი ქვეყნების ნუსხას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 7 მარტს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, #50 დადგენილება გამოსცა და კანონის შესაბამისად, ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნუსხა განსაზღვრა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული. ნუსხაში სულ 37 ქვეყანაა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც. სამინისტროს ლაბორატორიას აკრეტიდაცია მიანიჭა ამერიკულმა მაკრედიტებელმა ორგანომ. საქართველოს სააკრედიტაციო ორგანოს ევალებოდა ერთი რამ, _ ავტომატურად ეცნო ეს აკრედიტაცია. თუმცა პაატა გოგოლაძით დაწყებული, რიგითი ინსპექტორით დამთავრებული, ყველგან მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ სამინისტროს ლაბორატორიას ეროვნული აკრედიტაცია არ გააჩნია. ოთარ დანელიას ურჩი ლაბორატორია ხელს არ აძლევდა, ამიტომაც ანჩხლი ბავშვივით გაბრაზებულმა ამ საკითხზე გამართული შეხვედრა მიატოვა და, _ კანონი საერთოდ არ მაინტერესებსო, _ გამოაცხადა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იური ნოზაძესთან ამ დეტალებზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, იგი გაოცებული სახით ისმენს კანონის მუხლების განმარტებებს. მეტიც, მანვე ლაბორატორიის მაშინდელ ხელმძღვანელს მეგობრულად ურჩია, _ რატომ ჯიუტობთ, ქალბატონო ლალი? გაგეკეთებინათ ისე, როგორც მინისტრი გეუბნებათ, რა იცით, ვის უგორებს კოჭსო…

მინისტრის მიერ კოჭის გაგორებამ კი ის შედეგი გამოიღო, რომ გერმანელებმა, რომლებიც ცდილობენ, ბიზნესს პროგრამებით დაეხმარონ, დასავლეთ საქართველოში თხილის ბიზნესის საწარმოები დაიარეს და ერთი დაკალიბრებული სასწორიც ვერ ნახეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტენდერების ხუთი წლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ტენდერები დიდი რაოდენობით იმის გამო ვარდებოდა, რომ კერძო ლაბორატორიები არ შედიოდნენ. დავა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქმეში ეკონომიკის სამინისტრო და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძეც იყო ჩართული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი წარმოადგენდა (როგორც წესი, იური ნოზაძეს მსგავს შეხვედრებზე არ აჩენენ). დავითაშვილი ცდილობდა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. საბოლოო მიზანი „ელემეის“ განეიტრალება და მისი საერთოდ ველიდან გაყვანა იყო. ძირითადი საჯილდაო ქვა სურსათის კონტროლი გახლდათ, 2015 წელს სურსათის მიკრობიოლოგიური შემოწმებიდან შემოსავალი 120 ათასი ლარი იყო. არის კი ეს ის თანხა, რომლის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ ნახევარი წელი უნდა დახარჯოს? ეს ის დარგია, სადაც არაფერი მუშაობს გარდა ერთისა, _ ესაა საერთაშორისო აკრედიტაცია. ეკონომიკის სამინისტრო კი დაჟინებით ითხოვდა ლაბორატორიისგან ეროვნული აკრედიტაციის პროგრამის მომზადებას.

სწორედ ამ პროცესში ლევან დავითაშვილი ლაბორატორიას ჩამოაშორეს და მის კურატორად უჩა მამაცაშვილის ქვისლი დანიშნეს. დგას თუ არა პროცესების უკან დიდი ფულის ინტერესი?! რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი?! და რას საქმიანობს იური ნოზაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში?!

 

გაგრძელება „ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომერში

 

                                                                                                                   ელისო კილაძე