რუსთავის მერიის მიერ მოტყუებული მოქალაქეები და ზარალი, რომლის დათვლაც შეუძლებელია!

ml

ბოლო პერიოდში რუსთავის მერია გაურკვეველი სახის გადაწყვეტილებებს იღებს და მოქალაქეების მოტყუებაზეა გადასული. დაზარალებულები სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ სიმართალის პოვნას, თუმცა მერიის მესვეურები არც სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასრულებენ. ქალაქის თავკაცის პასუხი კი ერთია, _ სადაც გინდათ, იქ იჩივლეთ! ადვოკატი მადონა მილდიანი იმ მოქალაქეებს იცავს, რომლებიც რუსთავის მერიას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

 

„ქრონიკა+“-ს მადონა მილდიანი ესაუბრება:

_ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ბოლო პერიოდში, საკმაოდ გაურკვეველი სახის გადაწყვეტილებები მიიღეს. ეს ეხება წინა პერიოდში გაცემული ადმინისტრაციული აქტების, მოქალაქების მიმართ ადმინისტრაციული დაპირებებით მიცემული უფლებების უგულებელყოფას. კერძოდ, გაიცა მშენებლობის ნებართვები, რომელიც შემდეგ გაუქმდა. იყო ისეთი შემთხვევები, რომ მერიის სააუქციონო კომისიამ მიწის ნაკვეთები გაიტანა, კერძოდ, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიტანა იმ პირობით, რომ შემძენს 2 წლის მანძილზე უნდა აეშენებინა კომერციული ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირობის დარღვევიდან გამომდინარე, კვლავ ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება და ეს მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს დაუბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა პირნათლად შეასრულეს ვალდებულებები, აუქციონის პირობებით შესაბამისი თანხა გადაიხადეს, უძრავი ქონება კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირეს იმ ვალდებულებით, რომ 2 წლის მანძილზე მათ უნდა აეშენებინათ კომერციული ობიექტები, მერიამ თავის პირობები არ შეასრულა.

_ რით გამოიხატება პირობების შეუსრულებლობა?

_ მოქალაქემ 2012 წლის 25 მაისს აუქციონზე შეძენილი ქონება იმ პირობით, რომ ამ მიწის ნაკვეთზე კომერციული ობიექტი უნდა აეშენებინა, მშენებლობის ნებართვის მისაღებად რუსთავის მერიას 2013 წელს მიმართა. მას ჯერ კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი იმისთვის, რომ მშენებლობა შეძენილი ქონების ხელშეკრულების ვალდებულებიდან გამომიდნარე განეხორციელებინა. შემდგომ მოხდა ისე, რომ მერიამ მშენებლობის ნებართვა უკვე აღარ მისცა. ე. ი. მოქალაქემ მიწის ნაკვეთი იმ პირობით და ვალდებულებით შეიძინა, რომ მასზე შენობა-ნაგებობა აეშენებინა. შემდგომ, როდესაც შეიძინა და ამ მიწის ნაკვეთზე თანხა გადაიხადა, მერია უარს ამბობს მსგავსი ტიპის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებაზე. აუქციონზე გაყიდული იყო 3 მიწის ნაკვეთი და შემსყიდველები გახლავთ ელიაშვილი, ნოზაძე და ბლუაშვილი. ბლუაშვილმა მიწა გიგაურზე გაყიდა, რომლის ინტერესებსაც ვიცავ. ამ ყველა მეწარმეს ერთი და იგივე პრობლემა აქვს. არც ერთი მათგანის მოთხოვნა, რომ განეხორციელებინათ მშენებლობა ამ მიწის ნაკვეთზე, მერიამ არ დააკმაყოფილა და ერთი მიზეზი, რაც დაასახელეს, იყო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მიმდებარე კორპუსებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თითქოს მიზანშეუწონელი იყო რუსთავში ამ ტერიტორიაზე რამე ტიპის მშენებლობა. ისმის კითხვები, _ რატომ არ შეისწავლა მერიამ წინასწარ ეს საკითხები? რატომ გაიტანა აუქციონზე, ან თუ გაიტანა და შეისწავლა, რატომ გადათქვა მისი პირობები? და, საერთოდაც, რად უნდათ ამ ადამიანებს ეს მიწის ნაკვეთები, თუკი მასზე რაიმე მშენებლობა არ განახორციელეს და არ ისარგებლეს მათ საკუთრებაში არსებული ქონებით?! წარმოიდგინეთ, მესაკუთრეები ამ ქონებით ისევე სარგებლობენ, როგორც მე და თქვენ, მიწის ნაკვეთები თავისუფალ მდგომარეობაშია, არც შემოღობილია, არც შენობა-ნაგებობაა, სარგებლობენ მესამე პირები და ამ ადგილს გზად იყენებენ. ე. ი. მესაკუთრეებს ამ მიწებთან დაკავშირებით არანაირი უფლებები აღარ გააჩნიათ. მერიის ეს მოკლე პასუხი, რომ უარს ამბობს მშენებლობაზე, ვფიქრობ, სრულიად დაუსაბუთებელია. საქმე ის არის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს მეწარმეები მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართავდნენ, მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა იმგვარად გაიცა, რომ ამ მეწარმეთა ინტერესები არ გაითვალისწინა. ე. ი. ამ ტიპის მიწაზე რაიმე მშენებლობის განხორციელება ხელს შეუშლის იმ მეწარმეებს, რომელთაც მერიამ ადრე მისცა მშენებლობის ნებართვა და კომერციული ობიექტები ააშენეს. ჩვენს შემთხვევაში ორი მოქალაქეა, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე კომერციული ობიექტი აქვს აშენებული, თუმცა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ მიწასთან არავითარ შემხებლობაში არ არის, მაგრამ, თუ ბატონი გიგაური ამ მიწის ნაკვეთზე რაიმე ტიპის კომერციულ ობიექტს ააშენებს, ეს ჩამოეფარება მათ კუთვნილ ობიექტებს და აქედან გამომდინარე, მერიას არ სურს, რომ იმ პირებისგან მიიღოს პრეტენზიები, რომელთაც სოლიდური ხარჯები გაიღეს და კომერციული ობიექტები ააშენეს. ამ ფაქტებმა მოქალაქეებში დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ბატონმა გიგაურმა მერიიდან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პირველი უარი 2013 წელს მიიღო. სასამართლოში გავასაჩივრეთ და მერიის უარი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბათილად ცნო. საქმე მერიაში იმ ვალდებულებით დააბრუნა, რომ კარგად განეხილათ, შეესწავლათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ. 2015 წელს ეს საქმე კვლავ დაბრუნდა რუსთავის მერიაში, კვლავ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კიდევ უარი გვითხრა. მიზეზი იგივეა და აბსოლუტურად არ არის შესაბამისობაში იმ ვალდებულებებთან, რომელიც, თავის დროზე, მერიამ გასცა.

_ რატომ იქცევა მერია ასე?

_ მერია ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაცემული აქტების მიმართ. ის მოქალაქეებს დაჰპირდა, თუ მეწარმე პირობებს შეასრულებდა, ვალდებული იყვნენ, ხელი შეეწყოთ და მოქალაქეს ის ვალდებულებები შეესრულებინა, რაც მერიამ აუქციონის პირობებში ჩაუდო. კაზუსია, როდესაც მოქალაქეს, ერთი მხრივ, ავალდებულებ, რომ ააშენოს და მეორე მხრივ, არ აძლევ მშენებლობის ნებართვას. როგორ გგონიათ, რა უნდა მოხდეს, თუკი არ ააშენებს და იმ პირობას დაარღვევს ჩემი მარწმუნებელი, რაც აუქციონის აქტში იყო მითითებული? ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს სრული უფლებები ექნება, გააუქმოს აუქციონის შედეგები და სახელმწიფოს ქონება ისე დაუბრუნოს. ამ მოქალაქეების ბრალეულობა, ფაქტობრივად, არაფერშია. დავის საგანი ის კი არ გახდა, რომ კონკრეტული სამშენებლო ობიექტი არ მოსწონდა მერიას, არამედ ის, რომ ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ უნდა აშენებულყო. საოცარია: ერთი _ მერია არ ასრულებს პირობას! მეორეც _ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას! სასამართლომ ბათილად ცნო მათ მიერ გამოცემული აქტი მშენებლობის ნებართვის უარის შესახებ. სასამართლო ვერ გასცემდა მშენებლობის ნებართვას და ამიტომ მერიას დაავალა, რომ ეს საკითხი განეხილა და შესაბამისი აქტები გაეცა. მერიამ კვლავ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და იგივე მოტივაციით გასცა უარი მოქალაქეზე. რუსთავის მერია რამდენიმე წრეზე ტრიალებს, მოქალაქეებს ატყუებს. სასამართლოში იჩივლებენ, მოიგებენ პროცესებს, დაბრუნდება მერიაში განსახილველად და იგივე გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობა. მერიას მიაჩნია, რომ ყველაზე მაღლა მდგომი ორგანოა და სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადმინისტრაციული აქტი უარის თაობაზე სასამართლოში კვლავ გავასაჩივრეთ, კვლავ მიმდინარეობს პროცესები, თუმცა ისმის კითხვა, _ პროცესი რომც მოვიგოთ (და, დიდი ალბათობით, მოვიგებთ, ვინაიდან ჩემი მხარე კეთილსინდისიერი შემძენია, მას არ დაურღვევია არანაირი პირობა, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუდო, ამდენად, სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს), იმის საშიშროებაა, რომ მერია ისევ არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და კვლავ უარს იტყვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ამდენად, მოქალაქეებს არა მარტო ისე აზარალებს, რომ კონკრეტული საზღაური გადაიხადონ მიწის შეძენაში, წინასწარ ატყუებს, თითქოს, ის შესაძლებლობას მისცემს, ამ მიწის ნაკვეთზე რამე სახის კომერციული ობიექტი ააშენოს. სხვა შემთხვევაში, ვინ შეიძენს მიწის ნაკვეთს, თუ მისი გამოყენების შესაძლებლობა არ ექნება?! მოქალაქეებს ატყუებენ და შემდეგ ამ საქციელიდან გამომდინარე, პასუხსაც არ აგებენ, ვინაიდან ის არის არჩევითი ორგანო და არ ჰყავს ზედამხედველი პირი, რომელიც მის მოქმედებებს გააკონტროლებს. ამიტომ მერს აქვს ერთი პოზიცია _ სადაც გინდათ, იქ იჩივლეთ! მოქალაქე ადმინისტრაციულ აქტს გაასაჩივრებს და სასამართლოს მოიგებს, ის კი მაინც არ გასცემს შესაბამის აქტებს და არც პასუხს აგებს. დავა დღესაც გრძელდება, რომელიც 2013 წელს დაიწყო და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასამართლოში სამი ინტანციის გავლის შემდეგ მეორე წრეზე მივდივართ. იგივე ქმედება კერძო პირს რომ განეხორციელებინა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემოდა. მერიის ქმდებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. სხვათა შორის, მათ კიდევ ერთი პასუხი აქვთ, _ თუ მერიის მიერ გაცემული აქტით ვინმე დაზარალდება, ისინი მატერიალურად აგებენ პასუხს მოქალაქეების წინაშე. ვისი თანხებით ცდილობს მერია ამ ზიანის ანაზღაურებას?! მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტიდან უნდათ აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მათი მცდარი გადაწყვეტილებით მიადგა მოქალაქეებს?! რა დაითვლის იმ ზიანს, რომელსაც მოქალაქეები წლების მანძილზე განიცდიან და საერთოდ, აანაზღაურებს ზიანს, იმ დროს, როცა ისიც კი არ აანაზღაურა, რაც წერილობით განსაზღვრულ პირობაში იყო ჩადებული?!

 

                                                                                                    თამარ ბატიაშვილი