ვით სთხოვდა აფხაზეთის სუს-ის უფროსს რუსული გეგმის განხორციელებას და ცრუმოწმეობას?!

tv6

გარემოებები, რომლის გამოც აფხაზეთის სუს-ის განყოფილების უფროსი, ზვიად ლაგვილავა, სამიზნე გახდა, დღემდე საზოგადოებისთვის ბურუსით მოცული რჩება.

მიუხედავად იმასა, რომ აფეთქებიდან უჩვეულო სისწრაფით, დაახლოებით ორ საათში, შენობის დემონტაჟი დაიწყო, მომხდარის ოფიციალურ მიზეზად დასახელებული წყლის გამათბობელი ავზის აფეთქება ეჭვქვეშ დააყენა ნანგრევებში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების _ ტროტილისა და ჰექსოგენის კვალის არსებობამ.

ოჯახის განამარტებით, 2014 წლის 28 ოქტომბრის ღამეს მომხდარ აფეთქებას 20-30 წუთით ადრე წინ უძღოდა აფხაზეთის სუს-ის განყოფილების უფროსის, ზვიად ლაგვილავას მკვლელობა.

საეჭვოა იმ გარემოების არსებობაც, რომლის მიხედვითაც აფეთქების დროს შენობაში მხოლოდ გარდაცვლილი იმყოფებოდა. შენობის შესასვლელში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა და მის მიერ დაფიქსირებული შემთხვევის დღის ამსახველი ვიდეომასალა, ოჯახის წევრთა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, საქმეში ვერ მოხვდა, თუმცა ოჯახმა ვიდეო და აუდიო მასალა თავად მოიპოვა, სადაც საქმის ახალი გარემოება აღმოაჩინა. ვიდეო-აუდიო მასალის ნაწილი წაშლილია, კერძოდ, კამერის მიერ აფეთქებამდე 20 წუთით ადრე დაფიქსირებული ჩანაწერი დანაწევრებულია ორ და სამწუთიან 2 ვიდეო ფაილად, ჩანაწერის დანარჩენი ნაწილი კი წაშლილია.

აღნიშნული საფუძვლიანს ხდის ოჯახის წევრთა ეჭვებს, რომ წაშლილ ვიდეოჩანაწერებში ასახული პიროვნება კავშირშია ზვიად ლაგვილავას საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებასთან. მათი ინფორმაციით, ეს პიროვნება არის აფხაზეთის სუს-ის სპეცდანიშნულების უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი უფროსი, ონისიმე კვაშილავა, მეტსახელად „უზბეკა“.

ასევე გამოძიებას დღემდე არ აქვს ამოღებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები (დეტალური). ოჯახის წევრები თავიანთი შესაძლებლობებით ცდილობენ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების მოძიებას. გარდაცვალებამდე ზვიად ლაგვილავა ოჯახის წევრებს აფრთხილებდა, რომ მოსალოდნელი იყო მისი აფეთქება და მათთან ერთად ავტომობილით გადაადგილებას ერიდებოდა. გარდაცვლილის მეუღლე, ცირა მალანია, „ქრონიკა+“-თან აკონკრეტებს, რომ მეუღლესთნ ერთად თბილისისკენ მგზავრობისას ზვიადს მობილურ ტელეფონზე მეგობარმა დაურეკა და აცნობა, რომ მის კუთვნილ ავტომანქანაზე თვალთვალი ხორციელდებოდა და გააფრთხილა, ავტომობილი უყურადღებოდ არ მიეტოვებინა. მას საუბარი დეტალურად ახსოვს და დიალოგიდან გამომდინარე აშკარა იყო, რომ ეს გახლდათ ზვიადის მეგობარი, რომელიც მოსალოდნელ თავდასხმაზე აფრთხილებდა. საუბრის დასასრულ ცირა მალანიამ მეუღლეს ჰკითხა, თუ ვინ იყო ეს პიროვნება და რა საფრთხეზე საუბრობდა, გარდაცვლილმა კი მეგობრის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა მეუღლეს უთხარა, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინა, რადგან მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა. ცირა მალანიას დაზუსტებით ახსოვს თვე და რიცხვიც, ამიტომ გამოძიებას სთხოვდა, დეტალურად მოეპოვებინა ამ დღეს გარდაცვლილის ტელეფონზე განხორციელებული შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხა.

„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა მკვლელობის დღემდე გაუხმაურებელი კიდევ ერთი მოტივი: ზვიად ლაგვილავამ უარი განაცხადა, 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონში, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავაში მომხდარი აფეთქების შესახებ დღევანდელი პროკურატურის სასურველი მოწმე ყოფილიყო.

სცენარის მიხედვით, ზვიად ლაგვილავას იძულებულს ხდიდნენ ეთქვა, თითქოს ის მონაწილე იყო ქართული სპეცსამსახურების მიერ სოფელ მუჟაველი ოთარ საბულუას საცხოვრებელი ეზოს დანაღვმისა და დაცხრილვის, რის შედეგადაც გარდაიცვალა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი გია მებონია და ოჯახის უფროსი ოთარ საბულუა, ხოლო ზვიად ლაგვილავა მძიმედ დაიჭრა. მიუხედავად დაპირებებისა, აწ გარდაცვლილმა ზვიად ლაგვილავამ კატეგორიული უარი განაცხადა რუსული გეგმის „გაპრავებაზე“ და ცრუმოწმეობაზე. როგორც წყარო განმარტავს, მას უნდა დაეკონკრეტებინა, რომ ამ სცენარის დადგმის მიზანი გახლდათ მომხდარი აფეთქების რუსებისათვის დაბრალება და მათი იმიჯის შელახვა. ცნობილია, რომ აფეთქებას წინ უძღოდა ოთარ საბულუას სახლის დაცხრილვა, ამ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ის დაჭრა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი პროკურატურისთვის იდეალური ვარიანტი იყო ამ შემთხვევის მონაწილე პირის ცრუმოწმედ აყვანა. მკვლელობის ორივე მოტივით, ოჯახის წევრთა მოყვანილი ფაქტებითა და შექმნილი რეალური სურათით ზვიად ლაგვილავას ერთსა და იმავე კლანთან უწევდა დაპირისპირება. ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კონდრაბანდა წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით გადააქვთ და გადმოაქვთ, რასაც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მისი კლანი აკონტროლებს, ხოლო მისი „კრიშა“ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი იყო. სარფიანი შემოსავლებისთვის შონიამ პასუხისმგებელ ძალოვან სტრუქტურებში, რომლებსაც ოკუპაციის ხაზების კონტროლი ევალებათ, ხელმძღვანელებად საკუთარი დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილები დანიშნა, ხოლო ფონებზე, სადაც კონტრაბანდა გადადის, „შერჩეულ სპეცრაზმელთა ჯგუფი“ დააყენა. ონისიმე კვაშილავას აფხაზეთის სუს-ის სამმართველოს უფროსობის დროს სწორედ ამ გზით დალაგდა კონტრაბანდული ბიზნესი. შონია-კვაშილავას ორწლიანი შეხმატკბილებული, კონტრაბანდული ბიზნესპარტნიორობის შემდეგ ონისიმე კვაშილავა სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილას აწ გარდაცვლილი ზვიად ლაგვილავა დაინიშნა. სწორედ ეს გახდა მოტივი კვაშილავა-ლაგვილავას დაპირისპირებისა.

შონიასთვის ისედაც არასასურველი ზვიად ლაგვილავა ამ თანამდებობაზე საფრთხეს წარმოადგენდა. სამთვიანი მუშაობის შედეგად გაშიფრული შონია-კვაშილავას კონტრაბანდული ბიზნესპარტნიორობის დეტალები აფეთქებამდე სამი დღით ადრე გარდაცვლილმა ზვიად ლაგვილავამ თბილისში ჩაიტანა და ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გადასცა, რომელიც თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანთან იყო დაპირისპირებული. 2014 წლის 28 ოქტომბერს, მომხდარი აფეთქების წინა ღამეს, ზვიადის სამუშაო კაბინეტში შედის პიროვნება, რომელიც აბაზანაში ხელის ნათურას _ „ფანარს“ ანთებს და მის შუქზე დაახლოებით ნახევარი საათი აბაზანაში იმყოფება, შემდეგ კი სუს-ის შენობას ტოვებს. ეს ფაქტი აღბეჭდილია გარე სათვალთვალო კამერის გადაღებულ ვიდეოფირზე. ოჯახის მტკიცებით, ზვიადის მკვლელობა აბაზანაში იგეგმებოდა, რათა შემთხვევითობასთან მეტი იდენტურობა ყოფილიყო.

პოკურატურის მიერ გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელებული გარემოებების არც ოჯახს და არც ახლობლებს არ სჯერა, მით უმეტეს, მათ ეჭვს ამყარებს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პოკურატურის მიერ გაცხადებულ გარდაცვალების მიზეზთან. ზვიად ლაგვილავას ბეტონის ტონაზე მეტი სიმძიმის ფილის დაცემის შედეგად მიღებული დაზიანება სხეულზე არ ეტყობოდა, _ დაბეჟილი არ იყო. ექპერტიზის დასკვინით, ზვიად ლაგვილავას ცხედარს აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები. ასევე ექსპერტიზის დასკვნაში დროის უზუსტობებია; საქმეში არ დევს არც ერთი ფოტომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ბეტონის ფილის ქვეშ მოყოლილი ზვიად ლაგვილავას ცხედარი.

ცირა მალანია ასევე იხსენებს, რომ მას ორი დღით ადრე ღამით სახლში მოაკითხა ლევან შონიას კლანის ერთ-ერთმა წევრმა, სუს-ის მაღალჩინოსანმა გ.ნ.-მ. მისი საკუთრი მანქანიდან დაახლოებით ნახევარი საათი ხმამაღალი საუბარი ისმოდა, რაც დაპირისპირების ერთ-ერთ დეატალზე მიანიშნებდა. სავარაუდოდ, საუბარი ეხებოდა კონტრაბანდის მასალებს, რომელსაც ზვიად ლაგვილავა ინახავდა.

წყაროს განმარტებით, მასალებში, რომლებსაც ზვიად ლაგვილავა ინახავდა, მოცემული იყო შონია-კვაშილავას კავშირი რუს ოკუპანტებთან და მათი სამხედრო ბაზების მომარაგება სურსათით, რომელიც მის სხვა ბიზნესთან შედარებით არანაკლებ შემოსავლიანია. ოჯახის გადმოცემით, ლაგვილავასა და კვაშილავას შორის ბოლო დაპირისპირება სენაკში მოხდა, სადაც ის აფეთქებით დაემუქრა, თუმცა ინციდენტი მეგობრების ჩარევით მალევე აღმოიფხვრა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის გამოც ონისიმე კვაშილავა ლაგვილავას ემუქრებოდა, ეს იყო სამსახურის თანხა, რომელიც, თითქოს, აფხაზეთში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის გაიხარჯა. საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი, რომელიც თვეების მიხედვით უნდა გაეწერათ. ლაგვილავას წინასწარ ორ თვეზე გაწერილი უწყისი დახვდა ხელმოსაწერად, რაზედაც ის უარს აცხადებდა.

ოჯახისა და დაზვერვის მაღალჩინოსნის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათივე თქმით, დეტალურად, ფაქტებით არის გამყარებული და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ოჯახი პროკურატურას არ ენდობა და აცხადებს, რომ ეს საქმე ასე ბურუსით მოცული იქნება ხელისუფლების შეცვლამდე. საზოგადოებაში კვლავ შეკითხვად დარჩება, _ მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა?!

 

                                                                                                           ეკა ურიდია

v