საპარლამენტო სტატუსი თუ საუნივერსიტეტო ქალაქი?!

tk

გასული წლის მაისის ბოლოს ქუთაისში საინიციატივო ჯგუფმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და ბიძინა ივანიშვილს დაპირება შეახსენა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილმა პრემიერმა ქუთაისლებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ამცნო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი დაპირება დაივიწყა.

„დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ხშირად ქვეყნის დედაქალაქისა და კულტურული ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა…

თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებამ, ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ, მოსახლეობაში იმედი გააჩინა, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელ-ნელა აღორძინებას დაიწყებდა. მიგვაჩნია, რომ თქვენ მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის…

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება“, _ ეს არის ნაწყვეტი საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთი წლის წინათ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ფონდ „ქართუს“, „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო გუნდის მისამართით გავრცელდა. მიმართვას ხელმოწერებით ქუთაისელთა გარკვეული ნაწილიც შეუერთდა, თუმცა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ მალევე გააკეთა განმარტება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ფონდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის შესაფერის ადგილად თბილისს მიიჩნევდა. როგორც გაირკვა, დედაქალაქი ინფრასტრუქტურის მხრივ, ტერიტორიულად და სხვა ასპექტებითაც უცხოელი სტუდენტების მისაზიდად საუკეთესო ადგილად დასახელდა.

რატომ შეცვალა ივანიშვილმა გადაწყვეტილება და, ამჯერად, 2016 წლის არჩევნების წინ რატომ იმეორებს 2012 წელს გაცემულ დაპირებას თავიდან? _ ეს გახლავთ კითხვა, რომელზედაც საზოგადოება კონკრეტულ პასუხს ითხოვს.

მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა დააანონსა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თბილისთან ერთად ქუთაისშიც განთავსდება. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, დაპირება მეტი სიმყარისთვის ციფრებშიც გამოისახა. თანხა, რომლის დახარჯვაც იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრში იგეგმება, საკმაოდ სოლიდურია და იგი 250 მილიონს შეადგენს.

ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭებას, თავის დროზე, თემურ შაშიაშვილი მოითხოვდა. რეგიონის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევდა, რომ ეს ქალაქის განვითარების ერთ-ერთი საშუალება იყო.

იმის გარკვევას, აუსრულდა თუ არა ოცნება შაშიაშვილს ივანიშვილის გადაწყვეტილებით, „ქრონიკა+“ მასთან გასაუბრებით შეეცადა…

 

თემურ შაშიაშვილი _ მოძრაობა „თეთრები“: 

_ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ყოფილი პრემიერის დაანონსებული პროექტის რეალიზაცია და რას მისცემს იგი ქალაქს?

_ მე ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ქუთაისის მომავალი საპარლამენტო ქალაქი არ არის. სისულელეა, თითქოს პარლამენტი გადაარჩენს ქალაქს. ქუთაისის გადარჩენა არის, მხოლოდ და მხოლოდ, საუნივერსიტეტო სტატუსსა და მცირე ბიზნესის განვითარებაში. პროექტიც მქონდა ამის შესახებ. უბრალოდ, მაშინ ხელისუფლება, რომელიც დავითანხმე, მალე წავიდა და ვერ განხორციელდა. სააკაშვილისთვის ყოვლად გაუგებარი იყო ეს მიდგომა. პირიქით, ადგა და ქალაქში არსებული ორი უნივერსიტეტი მექანიკურად გააერთიანა. ახლა, კიდევ, როცა ბიძინა ივანიშვილი ახალი უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს, ჩემთვის ისევ გაუგებარია, ამხელა თანხა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ახალი გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ ქუთაისში ტექნიკური მიმართულებების მთელი საქართველოდან გადმოტანა ქვეყნის, ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს გადარჩენაა. ახალი უნივერსიტეტის დაყოფა ქუთაისსა და თბილისში გაუგებარია. ქალაქს, უბრალოდ, ახლა რაღაც ესროლეს არჩევნებისთვის. თუ ტექნოლოგიური მიმართულება კეთდება, ეს უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ ქალაქში. ქუთაისს ამისთვის ძალიან კარგი ბაზა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური ინტელიგენცია ქვეყანაში ძლიერია, მათ შორის, ქუთაისშიც.

ამ იდეაზე ისე სერიოზულად გვაქვს ნამუშევარი, რომ ვინც ამას ისე არ გააკეთებს, როგორც მაშინ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად გადავწყვიტეთ, გამოდის, რომ ეს არის მხოლოდ საარჩევნო თამაში და მეტი არაფერი.

_ ცნობილი გახდა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქალაქგარეთ, სადღაც ტყეში უნდა აშენდეს.

_ რაღაც ორიგინალურობის თამაში დაიწყო ყველამ. ბატონ ბიძინას რომ ვაკვირდები, ბოლო პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ სიმართლის საბოლოო ინსტანცია თავადაა. მიიჩნევს, რომ აშენდა და აყვავდა ქვეყანა. ეკონომიკურ ფორუმზეც გაამახვილა ამაზე ყურადღება. ჩვენ ალტერნატიულ ეკონომიკურ კონფერენციას ვამზადებთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით მოსახლეობას, სად არის რეალური განვითარება. საქართველოში ნიჭის ძალაუფლება რომ იყოს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. სამწუხაროდ, გვგონია, რომ ხელი უნდა გვქონდეს გაწვდილი და მათხოვარი უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი, მათ შორის, ინტელიგენციაც დაეთანხმა ამას და ჩუმად არის. ბიძინა ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას სერიოზულ ხალხთან არ აქვს კონსულტაციები. მხოლოდ ისინი უყვარს, რომლებიც ტაშს უკრავენ. უამრავი რამ, რა შეფასებებსაც აკეთებს, შეცდომაა. შეცდომაა იმიტომ, რომ მისი გარემოცვა ტაშისმკვრელია და არა მოაზროვნე.

 

ყოფილი პრემიერის ძველი დაპირების თავიდან წამოწევას მესამე სექტორის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს.

თორნიკე ბარათაშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი:

_ თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, ისევ და ისევ, წინასაარჩევნო დაპირებას ემსგავსება. პირველად 2011 წელს ახსენეს და მაშინაც ბიძინა ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი მიივიწყეს. ეს ხელისუფლება წინაასაარჩევნოდ მსუყე დაპირებებით გამოირჩევა და მასზე დიდი იმედები არ უნდა დავამყაროთ. ხოლო თუ დაანონსებულ საკითხს ეკონომიკურ კონტექსტში შევხედავთ, არა მგონია, დიდი შედეგი ჰქონდეს. სამწუხაროდ, იდეა მხოლოდ მონახაზია. კონკრეტული დეტალები უცნობია. ივანიშვილი, რომელიც ბიზნესმენია, მაგრამ ისევ პრემიერის სტატუსით გვესაუბრება, ამბობს, რომ შორს დგას პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ სწორედ ის აანონსებს ამას. უმჯობესი იქნებოდა, ის უნივერსიტეტი განვითარდეს, რომელიც ქალაქში გვაქვს. საინტერესო და სასაცილოა, _ რადგანაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყველა განიხილავს, რომ უკვე სანდო ინფორმაციაა.

_ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება პარლამენტის სანაცვლოდ იგეგმება?

_ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაცვლა საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსზე არაპროპორციული შეთავაზებაა. არანაირად ხელს არ უშლის ეს ორი რამ ერთმანეთს ერთ სივრცეში და ამაზე კამათიც ზედმეტია. ორივე სტატუსის ქონა უფრო გაზრდიდა ქუთაისის მნიშვნელობას და ინვესტორების დაინტერესებას. ისე, თუ გავიხსენებთ, რას გვპირდებოდნენ 2012 წელს და რა შესრულდა, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ამ პროექტსაც არ უწერია განხორციელება.

 

ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაანონსების პირობებში, ბუნებრივია, საინტერესოა იმ ქალაქის ხელმძღვანელების მოსაზრება, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება. სამწუხაროდ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქუთაისის მერიაში დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ.

ნოდარ მიქიაშვილი _ ქუთაისის ვიცე-მერი:

_ გადაწყვეტილება მიღებულია და კომპლექსი ქუთაისის მიმდებარე ტერიტრიაზე ნამდვილად აშენდება. ადგილი უკვე შერჩეულია. საუბარი ქალაქის პირველ პირთან შედგა, თუმცა ინფორმაციას იმ ტერიტორიის შესახებ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ მოიწონა ვერ გავასაჯაროებ.

_ რამდენ სტუდენტზე იქნება გათვლილი სასწავლო დაწესებულება?

_ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში უშუალოდ ფონდი „ქართუ“ მიაწოდებს.

 

                                                                                                  ხვიჩა ვაშაყმაძე