კორუფცია სამეგრელოში და მეგრული კლანის გაშიფრული სქემა

cer4

სამეგრელოში კორუფციის კიდევ ერთი მიმართულება კარგად შერჩეული და შენიღბული გეგმის მიხედვით „ყვავის“.

გუბერნატორი ლევან შონია ამ კუთხითაც ნიჭიერი აღმოჩნდა. მერიასა და საკრებულოსთან გარიგებით, შპს კომპანიებზე სპეციალური სატენდერო პირობების შექმნით, ერთი შეხედვით, „სარფიანი კორუფცია“ შენიღბა. თუმცა საყვარელი საქმიანობის სრული კონსპირაცია მაინც ვერ მოახერხა იმ უბრალო მიზეზთა გამო, რომ საკრებულოს თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და თავად მის მეგობრებზე გადაანაწილა სატენდერო ბიზნესწილები. ოთხი წლის მანძილზე ამ ფაქტებმა სხვა სტრუქტურის თანამშრომლები აალაპარაკა, თუმცა პროკურატურა და ფინანსური პოლიცია დღემდე თბილ ქვეყნებში გადამფრენი მერცხლების პოზიციას იკავებდა და არც ერთ ფაქტზე არ დაინტერესებულა. ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, იმ დროს გამოჩნდებიან, როცა გუბერნატორის მითითებას მიიღებენ. ეს უკვე იმ შემთხვევაში, როცა მისი „საწილო“ ბიზნესისთვის ნიადაგი მზადდება, ან ბიზნესზე მისი დაინტერესება ჩნდება.

შპს სამშენებლო კომპანიები, რომლებიც დღეს ტენდერებში იმარჯვებენ, 2013-2015 წლებში დარეგისტრირდა; ასევე კერძო პირებიც, რომლებიც ინდმეწარმის საქმიანობას ეწევიან.

4-წლიანი მმართველობის შედეგით გამარჯვებული კომპანიის მფლობელები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრების მშობლები და ლობირებით ჩამოყვანილი კომპანიები, რომელთათვის მერიაში სატენდერო პირობები წინასწარი შერჩევით იწერება.

 

აქვე გთავაზობთ ჩამონათვალის ნაწილს:

 

1. ინდმეწარმე ელდარ ფიფია (მეტსახელად „არწივა“) _ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ნათია ფიფიას მამა. მისი კომპანიონი სოსო თოდუა _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი თოდუას მამა;

2. ინდმეწარმე სოსო გოგოხია _ ელდარ ფიფიას პარტნიორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

3. შპს „ზუგდიდმშენსერვისი“ _ ზუგდიდის მერის მოადგილის (ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია მისი მეჯვარეა), კობა ჯიქიას სიმამარი, თემურ ჯანაშიას მფლობელობაშია. მთავარი ინჟინერი არის ბესიკ თოდუა _ არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ეკატერინე თოდუას მამა;

4. შპს „აკაენერჯი“ _ კახაბერ აზიკური (კახა კალაძესთან დაკავშირებული კომპანია), ჩამოყვანას ლობირებს ვიცე-მერი გულორდავა.

5. შპს „ჯორჯიან სტოუნი“ (ბათუმი, ქობულეთი). ამ კომპანიის წარმომადგენელი ზუგდიდში არის ირაკლი გოგოხიას ძმა, პაატა გოგოხია. შპს „ლეგი“ მისი პარტნიორი ორგანიზაციაა;

6. შპს „გილანი XXI“ _ ავთანდილ წირღვავა, ლექსო წირღვავა. ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას ლობირების ქვეშ (გარდა ამისა, ერთ პირთან მოლაპარკებით ამ კომპანიას მიეცა ყინულის სახლის 850 ათასი და სპორტის სასახლის გადახურვის 250 ათასი);

7. შპს „გზამშენი“ და ქვეკონტრაქტორი „ამი 2014“ _ ე. წ. ქვაფენილების საქმე _ ზუგდიდის ვიცე-მერის, გია გულორდავას ლობირებით;

8. შპს „რეზი 10“ _ არჩილ ხუბუნია, ვიცე-მერი გულორდავას ლობირებით;

9. შპს „კავკასენერგო“ _ ვიცე-მერ გულორდავას ჩამოჰყავს.

 

ასევე ერთ პირთან მოლპარაკებით აქვთ  გადარიცხული ყინულის სახლზე 850 ათასი ლარი და 250 ათასი ლარი სპორტდარბაზის გადახურვისთვის, შპს „გილანისთვის“, რომელიც პირდაპირ ვიცე-მერ გულორდავასთანაა დაკავშირებული. იგი ბიძინა ივანიშვილის კურსელია. ყინულის სახლი წინა ხელისუფლების დროს შეისყიდეს და, როგორც იქნა, თვეობით ლოდინის შემდეგ შპს „გილანმა“, სპეციალურად ამ კომპანიისთვის დაამონტაჟა. ეს სამუშაოები დიდი ხანი ინახებოდა. ყინულის სახლი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ოფიციალურ გახსნამდე, ჩამოენგრათ. ანი წითლიძის განმარტებით, სამუშაოები უხარისხოდ და ასევე უხარისხო მასალით შესრულდა. რაც დოკუმენტებში დაფიქსირდა, ყინულის სახლი იმ ხარისხის მასალებით არ დამონტაჟებულა. მიუხედავად ამისა, რეაბილიტაციისთვის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკებით კვლავ ამ კომპანიას ჩაურიცხა თანხა, _ 150 000 ლარზე მეტი.

ზუგდიდში მერიის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებს უფრო მეტად შონია-გულორდავას მეგობრების კომპანიები იგებს.

შპს „აკაენერჯისათვის“ სატენდერო პირობები მერიამ წინასწარ შეიმუშავა. კომპანიას, რომელიც გარე განათებების სამონტაჟო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, მერიის წესდების მიხედვით, ამ სახის სამუშაოებში გამოცდილება უნდა ჰქონოდა, რაც, ამ შემთხვევაში, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მხოლოდ შპს „აკაენერჯს“ ჰქონდა. თუმცა ექსპერტების განმარტებით ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას შეეძლო ეს სამუშაოები შეესრულებინა, მაგრამ მერიის მიერ შედგენილი სატენდერო წესების მიხედვით, აუცილებელ პირობად „გამოცდილება“ განისაზღვრა, რათა გამარჯვებულ კომპანიად შპს „აკაენერჯი“ გამოვლენილიყო. ეს კომპანია კახი კალაძის მეგობრის, კახაბერ აზიკურის მფლობელობაშია. სწორედ კახი კალაძის ლობირებით შეირჩა აღნიშნული კომპანია.

კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ, შერჩეულია მაღაზიები, სადაც სამშენებლო მასალებს შეისყიდიან, რაც ასევე კორუფციული სქემის ერთ-ერთი ნაწილია.

კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც მერია-საკრებულო შეეცადა,  ტენდერების რეალობა შეენიღბა: მან ხელოვნურად გაზარდა ტენდერებში მონაწილე კომპანიების და ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც თვალის ასახვევად იგივე კომპანიის მფლობელებს ეკუთვნის, მაგრამ საჭიროების გამო, ახალი სახელწოდებით დაარეგისტრირეს, რადგან სატენდერო კომისიაში ერთი და იგივე დასახელების კომპანიების მოგება არ დაფიქსირდეს. ანუ ერთ შემთხვევაში ერთი და იგივე პიროვნების სამი კომპანიიდან ტენდერს ორი აგებს, ხოლო ერთი იმარჯვებს, რაც, ერთი შეხედვით, არ ჩანს, მაგრამ საქმეში დიდი დაკვირვება არ დაგჭირდებათ, თუ ტენდერეზე მოთამაშე კომპანიების პირველად სიას და მის მფლობელებს იცნობთ, ასევე თუ იცნობთ და იცით ძველი და ახალი მფლობელების ურთიერთ ბიზნესგარიგებები. ამ საკითხს საკრებულოში ოპოზიციური კონკურენტი წევრებიც ისე ფაქტებით იცნობენ და გიკონკრეტებენ, გეგონება, გაკვეთილად ჰქონდათ დასამუშავებელი. ამდენად, სქემა კარგად გაშიფრულია!!!

ზუგდიდში შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზე საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და ფაქტები გაასაჯაროვა. მისი განმარტებით, ქ. ზუგდიდში დაგებული ქვაფენილის მაღალი ხარისხი, მხოლოდ და მხოლოდ, დოკუმენტებში აღინიშნება, ხოლო დაგებული ქვაფენილი სულ სხვა რეალობას ასახავს და ძალიან დაბალი ხარისხისაა. იგი შეისყიდეს მერის ძმის, პაატა გოგოხიას კუთვნილი კომპანიის, შპს „ლეგის“ ქარხნიდან. მუშებს დღემდე არ აუღიათ შესრულებული  სამუშაოების ანაზღაურება.   სამუშაოები შპს „ამი 2014“-მა შეასრულა, რომელმაც მუშებს თანხა ვერ გადაუხადა. მიუხედავად აქციებისა, მუშები ამ დრომდე ითხოვენ თანხის ანაზღაურებას. ამ ფაქტზე საფინანსო პოლიციაში საქმე აღიძრა. დაიკითხნენ მუშები, ასევე უკვე მიმალვაში მყოფი კომპანიის მფლობელი, ამირან კარტოზია. მერიის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას თანხა დროულად გადაერიცხა.

საკრებულოს წევრი წითლიძე აცხადებს, რომ მერიის ბრძანებით შპს „ამი 2014“ დისკვალიფიცირებულია და მას და აღარ შეეძლო ტენდერებში მონაწილეობა, თუმცა ვიცე-მერ გია გულორდავას ჩარევით აღნიშნულმა კომპანიამ კვლავ მოახერხა სამუშაოების შესრულება. ამ სამუშაოებზე ტენდერი მოიგო ვიცე-მერის მეგობრის კომპანია შპს „გზამშენმა“, რომლის ქვეკონტრაქტორი გახდა შპს „ამი 2014“. მოგვიანებით, მუშებზე გასაცემი ხელფასები გულორდავას წილი გახდა „ატკატების“ სახით. ანი წითლიძის მტკიცებით, გულორდავამ ამ შემთხვევაში ამირან კარტოზიასგან ზუგდიდის „მაყურებლის“, ხვიჩა ცხაკაიას შუამავლობით უფრო მეტი თანხა წაიღო დროებით გამოსაყენებლად, ვიდრე „ატკატების“ სახით ეკუთვნოდა. ამირან კარტოზიას თანხა დღემდე არ დაუბრუნა. მუშები ანაზღაურებას ელიან და დღემდე დანაპირების ამარა რჩებიან. რომ არა მერიისა და საკრებულოს შორის ასეთი „შეხმატკბილებული“ გარიგება, ერთი ხელით შექმნილ კორუფციულ სატენდერო სქემას მეორე ხელითვე დაანგრევდა შემქმნელი, რადგან ფინანსურ შემოსავლებთნ ერთად უბედურების დიდი ნაწილიც კორუფციას მოაქვს. ამ ფაქტებზე ხმაურის შემდეგ მერიამ და საკრებულომ სატენდერო ბაზარზე ახალი კომპანიები და ინდმეწარმეები შემოიყვანა. მათი მხრიდან მსხვილ ტენდერებში მოგების შემთხვევაშიც ქვეკონტრაქტორად იგივე კომპანიის მფლობელები ასრულებდნენ სამუშაოებს და განკარგავდნენ ფინანსებს.

მერიის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის მოგებაში მონაწილეობენ: საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირის ნათია ფიფიას მამა, ინდმეწარმე ელდარ ფიფია, მეტსახელად „არწივა“; საკრებულოს თავმჯდომარის მოაგილის გოგა თოდუას მამა, სოსო თოდუა; მთავარი არქიტეტორის ეკა თოდუას მამა, ბესიკ თოდუა; მერის მოადგილე კობა ჯიქიას სიმამრი, თემურ ჯანაშია. ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ზემოთქმულ მერიის გამოცხადებულ სამშენებლო სამუშაოების ტენდერების მოგებაში მერაბ ქვარაია ლობირებს.

თანამოაზრეებს სწორედ ასეთი გარიგეგებით შექმნილი სქემების უფრო სჯერათ, რომ სხვისთვის შეუღწეველი იქნება…

ალბათ, არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რამდენად საზიანოა, თვითმმართველობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა კორუფციულ განზრახვებს მოარგო.

ეტყობა, უფრო დიდი საქმეა იმ მეგობრობის ერთგულება, რომელსაც ეს სქემა მოითხოვს…

 

                                                                                                                      ეკა ურიდია

 tt