გაიცანით რამაზ გაგნიძე! – რა სკანდალური ფაქტები მიაწოდა ,,ქრონიკა+”-ს ვალერიან გაგნიძემ?

az

არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც პირველმა „მოქალაქემ“ პრესკონფერენციაზე მითხრა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ შეკითხვას პირადი ცხოვრების ფირებზე დავსვამდი. პირადი ფირების ეპოპეა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სწორედ „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა, _ ჩვენს ოფისში მოტანილი დეპუტატ ეკა ბესელიას ფირის გამო გელა ღურწკაია და მისი თანამზრახველები სწორედ ჩემი განცხადებით დააკავეს. ჯერჯერობით, ინტერნეტსივრცეში ატვირთული პირადი ფირების თაობაზე გამოძიება არაფერს გვეუბნება.

„თქვენი მეშვეობით გავრცელდა“, _ ეს ფრაზაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის არსებული ცივი ომის მიუხედავად, ის მხოლოდ იმ ფაქტს გულისხმობდა, როცა, ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა პირადი ფირები ჩემი ფეისბუქის გვერდზე ატვირთა. ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და ე. წ. პოლიტპატიმრების ერთმა მარგინალურმა ჯგუფმა ვერსიების განვრცობა დაიწყო. დათო მეფარიშვილი და რამაზ გაგნიძე ჯოჯოხეთის მოწყობით დამემუქრნენ _ საჯაროდ განაცხადეს: ჩვენმა საერთო მეგობარმა, ზვიად ბერაძემ, რომელიც ორი წლის გარდაცვლილია, „საიდუმლო ვითარებაში“ გვამცნო, პირადი ფირები ელისო კილაძის ოფისში მაქვს ნანახიო. გარდაცვლილი რომ თავს ვერ იმართლებს, ცხადზე ცხადია, მაგრამ ვინც იცნობდა, ყველამ იცის, _ არ იყო ზვიად ბერაძე ის ბიჭი, ჩემს ოფისში რამე მოესმინა, ენახა და ეს ამბავი გარეთ გაეტანა, მით უფრო, არაფერი მსგავსი არ მომხდარა და არც ფაქტს მოიგონებდა. მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს, თუნდაც, არალეგიტიმური ეჭვი აქვს, სამართალდამცველი უწყებისთვის „ქრონიკა+“-ის ოფისის კარი ნებისმიერ დროს ღიაა.

დაანონსებული ჯოჯოხეთის მოწყობას, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ე. წ. პოლიტპატიმრის, რამაზ გაგნიძის ძმა გამოეხმაურა. ვალერიან გაგნიძე აშშ-ს მოქალაქეა. ამ ინტერვიუს მერე მე პირადად რამაზ გაგნიძის მისამართით კითხვები არ გამაჩნია, მხოლოდ იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს, რომლებსაც რამაზ გაგნიძე ამ დრომდე უსამართლობასთან მებრძოლი რაინდი ჰგონიათ.

 

„ქრონიკა+“ ვალერიან გაგნიძეს ესაუბრება:

_ მე გახლავართ ვალ ირელი _ წარსულში ვალერიან გაგნიძე, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ დღეს ამერიკის მოქალაქე…

_ თქვენ ხართ პოლიტპატიმარ რამაზ გაგნიძის ძმა…

_ მოგახსენებთ, რომ სიტყვა პოლიტპატიმარი მისთვის სრულიად ზედმეტია,  ისევე როგორც პოლიტრეპრესირებული. რამდენადაც მე ოჯახის წევრი ვარ, ლაპარაკი გვაქვს ოჯახის ყოფილ წევრზე. მისი ისტორია თუ ვინმემ იცის, დაწყებული ბავშვობიდან დღევანდელობამდე, ერთ-ერთი თვალნათელი მოწმე ვარ. შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ იგი არანაირ შეხებაში არ არის, რასაც პოლიტპატიმარი, ან დევნილი ჰქვია. ეს სტატუსი სრულიად ზედმეტია მის პიროვნებასთან, რამდენადაც…

_ ნასამართლევი არ არის?

_ არასოდეს… მაინტერესებს, ერთი მტკიცებულება მაინც თუ ექნება მას, თუნდაც 24-საათიან რეჟიმში დაკავების, ან წინასწარი პატიმრობის ოქმი მაინც თუა შედგენილი მის სახელზე, მაშინ სახალხოდ და საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი. იგი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი.

_ პოლიტიკურ ასპარეზზე როგორ გამოჩნდა? დავიწყოთ მისი ისტორია, _ ის, რაც მე ვიცოდი და ის, რაც თქვენ დეტალებში მომიყევით. მისი ურთიერთობა ოჯახთან, დედასთან, შვილთან და შემდეგ „პოლიტიკური ბიოგრაფია“. როგორ გამოჩნდა ის არენაზე?

_ 1998 წლიდან ამერიკაში ვიმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მქონდა, მეტ-ნაკლებად, რამაზ გაგნიძესთანაც, იმის საფუძვლები იყო, რომ მასთან, ზოგადად, ხშირი, სწორი და ძმური დამოკიდებულება არ და ვერ გამაჩნდა. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ. როგორც ჩემთვის ოჯახის წევრებისგან არის ცნობილი, მისი მიზანი პოლიტიკაში ჩართვა არასოდეს ყოფილა, არც არანაირი გამოცდილება ჰქონია, არც განათლება, არც მიდგომები, არც არასოდეს გამოირჩეოდა ანალიტიკური აზროვნებით, ან იდეალისტური მდგომარეობით. აზრიც არ ჰქონდა, რომ მაგ მხრივ რაღაც მეფიქრა, ან რჩევა მიმეცა, რომ თავისი აქტიურობა განეხორციელებინა, რასაც პოლიტიკაში მოსვლა ჰქვია. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, რამაზის პოლიტიკაში წასვლა გამოიწვია იმ ე. წ. უსამართლობამ, რამაც მის თავზე, თითქოსდა, გაიარა. რა ზღაპრებსაც ჰყვება, ყველაფერი ტყუილია, მაგრამ თუ მის მიმართ რაიმე უსამართლობა განხორციელდა, ეს  არასამართლებრივი, ანუ არასწორი მიდგომიდან გამომდინარე იყო.

_ რას გულისხმობთ?

_ კონკრეტულად მოგახსენებთ: როდესაც 2002 წელს 7 წლის თავზე ამერიკიდან ოჯახის მოსანახულებლად პირველად ჩამოვედი, მის მეგობრებთან ურთიერთობა მქონდა და რამაზ გაგნიძის ახალშეძენილი მეგობრები გავიცანი, მათ შორის, „ნაციონალური“ ფრთის წარმომადგენლები, მათთან ასოცირებული, მათთან ნათესაურ კავშირში მყოფები, გვარ-სახელების კონკრეტიკა არ მინდა, რამე რომ არ გამომრჩეს. რამაზ გაგნიძე ამ ადამიანებთან მეგობრობით ნამდვილად ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2005 წელს. მაშინ მას ამბოხის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. მერე, ოჯახიდან გამომდინარე, როდესაც მან ბინათმშენებლობა გადაწყვიტა ჩვენს მამაპაპისეულ სახლში, შევიტყვე, რომ უკანონო მშენებლობა დაიწყო (უკანონო ჰქვია ყველა იმ მშენებლობას, სადაც, სულ მცირე, იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, ყველა დოკუმენტი წესრიგში არ არის). სწორედ ამ დროს დაეძაბა ურთიერთობები როგორც მერიასთან, ასევე ზედამხედველობის სამსახურთან. ეს ნათესავებისგანაც და მისგანაც შევიტყვე, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება მან თბილისის მერის, გიგი უგულავას დონეზე შეძლო „ნაციონალი“ მეგობრების დახმარებით და წყალობით… შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, ოპერის უკან, თუ არ ვცდები, თაბუკაშვილის ქუჩაზე, 12 თუ 14-სართულიანი სახლი რომ დაანგრიეს. ამას ამერიკიდან ვუყურებდი: სახლი დაანგრიეს, ნგრევა პიანინოებით, ყველანაირი საოჯახო ინვენტარისა და ნივთების ფრიალით ხდებოდა კამერების თანხლებით, პიარის დონეზე. ამ დროს როგორ უნდა ებრძოლო უკანონობას? ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ სიტყვა-სიტყვით გეტყვით: რამაზ გაგნიძეს ამ ფონზე საკუთარი უკანონო მშენებლობა „გაუპრავეს“.

_ რა მისამართზე იყო ეს უკანონო მშენებლობა?

_ დიღომში, სადაც დღეს ჩვენი ბიზნესი მდებარეობს, იქვე გვერდით არის დიდგორის ქ. #2, ყოფილი „თეთრი დუქნის“ ტერიტორია, სოფელ დიღმის ასასვლელთან… როდესაც მას კითხვა დავუსვი, _ როგორ შეძელი მშენებლობის დაკანონება, მაშინ როცა ამხელა შენობებს ანგრევდნენ-მეთქი? პირდაპირ მითხრა იმ პირის გვარი და სახელი, რომელიც მას დაეხმარა. დედააზრი ის იყო და ნათესავებმაც დამიდასტურეს, რომ მოგვარება კაპიკი არ დასჯდომია, ისე მოაყომარა უგულავასთან ეს საქმე… დღეს რომ ჰკითხო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ბრძოლას იჩემებს.

არ ვიცი, მოგვიანებით რა მოხდა, არ ვიცი, ვისთან შეეშალა, რა შეეშალა, რა არ მოეწონა და როგორ არ მოეწონა, მისი პოლიტიკაში მოსვლა მიზანდასახული იყო, თუ ვიღაცამ ურჩია ამ გზით შემოსვლა, ეგ პერიოდი გამოვტოვე, აქ ფიზიკურად არ ვიყავი, მაგრამ უცებ ის დასაჯეს და როგორ დასაჯეს? ეს კორპუსი მეორეჯერ გადააღებინეს, ანუ მსუბუქად დასაჯეს, მწვანე ყვითელში აუნთეს… მწვანე ჰქონდა, მაგრამ ყვითელში გადაიტანეს და გააფრთხილეს, რომ სანამ წითელს აგინთებთ, დაწყნარდიო… ეს იყო და ეს, სხვა არანაირი უსამართლობა რამაზ გაგნიძეს „ნაცების“ დროს არ გაუვლია. სწორედ აქედან იწყება რამაზ გაგნიძის ეპოპეა ქუჩაში გამოსვლით, ეს გახლავთ 2009 წელი, ე. წ. საკნები. ტელევიზიით ვუყურებდი სახალხო რაზმს გია კორკოტაშვილთან ერთად, ე. წ. დღევანდელ ცნობად სახეებთან ერთად, რაციებით მისვლა-მოსვლებს. მაშინ კი შემოვუთვალე, რომ არ გინდა, ცოტა დაწყნარდი-მეთქი… „დაწყნარდი“ იმიტომ კი არ ვუთხარი, რომ ეს მე არ მინდოდა, უბრალოდ, მისი აზროვნების ჰორიზონტი ვიცი, სად ბანაობს მისი ღირსება ვიცი იმ მომენტში, როცა მას წინააღმდეგობა და ძალა შეიძლება დახვდეს. უბრალოდ, ოჯახის წევრი ვიყავი და ვურჩიე, რომ არ გინდა. მაგრამ ეს არ იყო არც ოჯახი, არც დედის, ძმის და არც ბევრი ნათესავის რჩევა, მან თავისი გზა თავად აირჩია და საბოლოოდ, როცა ჩამოვედი, უკვე ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი დამხვდა.

_ ის იყო არა მარტო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტი, არამედ მაჟორიტარობის კანდიდატი დიღომში…

_ ზუსტად მაგ პერიოდს მოგახსენებთ: თუ არ ვცდები, ეს იყო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბინძური კამპანია ააგორეს. რამაზ გაგნიძე, ოჯახის ე. წ. ყოფილი წევრი, ამ კამპანიის არა მხოლოდ უშუალო თანამონაწილე, არამედ თაღლითური სქემის ფუძემდებელი გახლდათ… მეორე თაღლითი, რომელიც დღეს „ლაით ჰაუსთან“ ასოცირდება, ეს ვაჟა გორდიაშვილია. ვეჭვობდი, რომ რამაზ გაგნიძე მიზანმიმართულად შემოგდებული კანდიდატი იყო ნინო ბურჯანაძესთან. „რეპორტიორში“ ბრიფინგი გავმართე და ოფიციალურად მივმართე ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, არანაირი პირადი ინტერესი არ მქონდა, არც მისი პოლიტიკური შეხედულებები იყო მისაღები, მაგრამ საჯაროდ ვურჩიე, _ სულ მცირე, რამაზ გაგნიძის კანდიდატურისთვის უნდა გადაეხედა, რამეთუ კანდიდატურის არჩევა და დაყენება, პირველ რიგში, განისაზღვრება მისი ოჯახიდან, _ რა სტატუსი, როგორი წარსული აქვს, საიდან და რა ღირსებით მოდის და მას მერე უნდა წარადგინონ. ამას გავუსვი ხაზი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, ეს ნინო ბურჯანაძის შტაბში მიიტანეს, რამაზ გაგნიძეს ვიღაც ლობირებდა და იგი აქტიურად წარადგინეს, თუმცა ყველამ ვიხილეთ, რა სამარცხვინო მარცხით დასრულდა ეს პროცესი.

_ არა მარტო მარცხით, არამედ პარტიიდან საერთოდ გამოგდებით…

_ შეუძლებელია, რომ მაგ თეზისში არ დაგეთანხმოთ. თბილისი პატარაა და დიღომი, _ მით უმეტეს. მაგ უბანში დავიბადეთ და გავიზარდეთ, საერთო სამეგობროც გვყავს, ვისთანაც, რბილად რომ ვთქვა, რამაზს ბევრჯერ კამათიც მოსვლია. ის გარემო ფაქტორებიც ვიცი და ზუსტად შემიძლია ვივარაუდო, რამაზ გაგნიძე პარტიიდან რატომ განარიდეს, ან, სულაც, გააგდეს.

_ შეიძლებოდა თუ არა, ეს ფულთან ყოფილიყო დაკავშირებული?..

_ არ მინდა, ისე აღიქვათ, რომ რამაზ გაგნიძეს ძმა ღირსებას ულახავს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში და ჩვენი ოჯახის მიმართ ჩატარებული ქმედებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ვუშვებ, რომ ეს ის ნიშანია, რომელიც, თავის დროზე, მასში იყო და მუდამ დარჩება. ამ ნიშანს სიხარბე ჰქვია! მას უშრომელი ფული უყვარს, თავისი როლის გამოხატვა უნდა ბობოქრობით, გინებით, რისხვით და მოჩვენებითი აქტიურობით. კიდევ დავამატებ…

_ ოჯახთან ურთიერთობაზე, ალბათ, მერე ვილაპარაკებთ, იმ დეტალებზე, რომელიც მეც ვიცი. მინდა გკითხოთ დღევანდელ მის სტატუსზე. გარკვეული ინფორმაციით, გაგნიძეს სუს-თან კავშირები აქვს. ამბობენ, რომ სოსო გოგაშვილის დავალებებს ძალიან ხშირად ასრულებს.

_ პირდაპირ მოგახსენებთ და არ დაგიმალავთ, ეგ პირადად ჩემთვის ყველაზე მძიმე თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ, _ ჩემი კონკრეტული შეხედულება მაქვს, მაგრამ მაინც უდანაშაულობის პრეზუმპციას მოვიშველიებ, რამეთუ განათლებით იურისტი გახლავართ: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ რამაზი სუს-თან აქტიურად თანამშრომლობს, მას მორალი არ აწუხებს, _ ოჯახის წინააღმდეგ ისეთი ქმედებები ჩაიდინა, დედის წინააღმდეგ კამპანია ააგორა, კითხვის ნიშნები არსებობს ბურჯანაძის პარტიაში ყოფნისას, 26 მაისთან დაკავშირებით! იქნებ, ვინმემ ჰკითხოს, 26 მაისს სად იყო და მიტინგის დარბევის დროს როგორ გადარჩა?.. არ მინდა ღრმად შევიდე, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი მაქედან გამომდინარე. ვიმეორებ! _ თბილისი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ რამე ინფორმაცია დამალო, მით უმეტეს, როცა პოლიტიკურად აქტიურ პიროვნებებზეა საუბარი… და დღესაც, თქვენი შეკითხვით, არის თუ არა ბატონი გაგნიძე სუს-თან რამენაირ ურთიერთთანამშრომლობაში მხილებული, ან მინიშნებული, არ დავმალავ, _ დიახ, არის! შინაგანად ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე ერთი პიროვნებაც არ მოიძებნება არც წინაპრებში, არც დღევანდელობაში, რომ რამენაირად ასოცირებულიყო ან მაშინდელ „კაგებესთან“, ან დღევანდელ სოდ-თან და კუდ-თან, დღეს კიდევ სუს-თან… ამას ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ… ვიმეორებ: შეუძლებელია, მაგ სამართლიან და მართებულ ეჭვში არ დაგეთანხმოთ… კიდევ ერთი მინიშნება, საიდანაც შეიძლება ჩემი ეჭვიც გამყარდეს: 2013 წელს პირადად შევხვდი სოსო გოგაშვილს. მაშინ იგი ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე იყო გენერალურ ინსპექციაში. მასთან ძალიან ადამიანურად მივედი, ოფიციალური  განცხადების დაწერის გარეშე. სოსო გოგაშვილს ვთხოვე, ზომები მიეღო იმ უსამართლობაზე, რასაც ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ რამაზ გაგნიძის ინიციატივით დაწყებულ საქმეში დეტექტივ-გამომძიებლები სჩადიოდნენ. ვთხოვე, ემხილებინა და დროულად გამოეძიებინათ ის თაღლითური ფაქტები და მტკიცებულებები, რაც მოვიპოვე არა ქუჩაში, ან უკანონოდ, არამედ სასამართლოში შემოტანილი სარჩელების, თანდართული დოკუმენტებისა და მტკიცებულებების ფონზე.

_ რა გითხრათ გოგაშვილმა?

_ ამ საქმეში სრული დახმარება აღმითქვა. შეწუხდა და მითხრა, რომ  „ნაციონალებმა“ არა მარტო ჩემი ღირსება დააზიანეს, თავადაც გახლდათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და დიქტატურის მსხვერპლი(?!!). აი, მოდით, შინაურულად ვამბობ, ეს თემაც კი დომინირებდა ჩვენს ურთიერთობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი… საბოლოოდ, სოსო გოგაშვილმა დამნაშავეების დასასჯელად არაფერი გააკეთა. თუ მოვლენებს თვალს გავუსწორებთ, სად არის დღეს და რა თანამდებობაზე ბატონი სოსო გოგაშვილი, ჩემთვის აბსულუტურად გასაგებია, რატომ არ მიაქცია მან ყურადღება რამაზ გაგნიძისა და ვაჟა გორგიაშვილის თაღლითურ სქემებს. აქედანაც შემიძლია დავასკვნა, რომ არსებობს, მინიმუმ, ირიბი კავშირი და მაქსიმუმ, პირდაპირი მტკიცებულება, რომ სუს-მა რამაზ გაგნიძე სწორედ ამ თემით დააბა და ისიც უსიტყვოდ ასრულებს გოგაშვილის ყველა დავალებას. შეუძლებელია, რომ ასე არ იყოს!!! ეს კარგად ეტყობა სასამართლო გადაწყვეტილებებს, პროკურატურის დღევანდელ სირაქლემის პოზაში ყოფნას და ეს კარგად ეტყობა შს სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების ქმედებებს. ტემპი მიტოვებული და მოდუნებულია…

_ ვაკო, როდის დაიწყო თქვენი ოჯახური დავა?

_ ოჯახური დავა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. სამწუხაროდ, რამაზ გაგნიძემ 2002 წლიდან უკვე თავად აირჩია ოჯახის ყოფილი წევრის სტატუსი. მე-15 წელიწადია, იგი  აღარ არის ოჯახის სრულყოფილი წევრი, როგორიც გახლავართ მე, მისი შვილი, მისი პირველი ცოლი, მისი და, დედა და აწ გარდაცვლილი მისი გამზრდელი ბებია… აი, ამ ოჯახის წევრებს თავად გამოეყო. მის პირად ცხოვრებაში არ ჩავერევი, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდია. თუ რამე მქონდა შენიშვნა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, ყოველთვის ვამბობ, _ ყველაფერში ედავეთ ნებისმიერ ადამიანს და მხოლოდ არა პირადულ გრძნობებში… თუ ადამიანი თავს მოიტანს, თავისი სიკეთით და ბედნიერებით მოიტანს, თუ არადა, დაიღუპება და მინიმუმ, შენ არ დაგაბრალებს, იმიტომ რომ ეს თემა ყველაზე მტკივნეულია. რამაზ გაგნიძემ ოჯახი გაყარა… პირდაპირ ვამბობ, გაყარა-დაშალა, თუმცა გაყრა ნიშნავს, როდესაც თავის წილს მიუზღავს პირველ ცოლს, შვილს და ლამაზად გაისტუმრებს. ოჯახისშვილს, პიროვნებას მატერიალური და არამატერიალური ვალდებულება ყოველთვის აკისრია და მას ეს პირნათლად უნდა მოეხადა, მაგრამ არა! _ პირველ ცოლსა და შვილს, დედას, ძმას და დას, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და უაპელაციოდ, საშინელი ტკივილი მიაყენა, რაც გამოიხატება მოტყუებით სახლიდან გაყვანაში, ბიზნესიდან ფიზიკური ზეწოლით, მათ შორის, დედის, გაგდებით, სხვათა დასანახავად და ტაშის დასაკვრელად, პომპეზურობისთვის და იაფფასიანი ცირკის მოსაწყობად. ამ პროცესმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც 2010 წელს ჩამოვედი და მინდოდა, ოჯახური გახლეჩილობა დამესრულებინა, ყველაფერი წესრიგში მომეყვანა, წერტილი დამესვა ამ უსინდისო ქმედებებისთვის და საბოლოოდ გარკვეულიყო ყველაფერი _ ვინ ვართ ერთმანეთისთვის და ვის რა და რატომ გვეკუთვნის… იქ ხომ ოჯახის მიერ დატოვებული მატერიალური ფასეულობები იყო, რომლის შექმნაშიც ყველაზე მეტი მონაწილეობა თუ ვინმეს ჰქონდა პირადი ჩარევით და ფინანსურად, თუ საკუთარი შრომით, გახლდათ, პირველ რიგში, _ დედა, ჩვენი ოჯახის უფროსი, იმიტომ რომ მამა 1995 წლიდან გარდაცვლილი მყავს, მისი დანატოვარია ეს ფასეულობები და კეთილღირებულებები, რაც დღეს მოდის, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო და მეორე ვიყავი მე… რამაზ გაგნიძეს არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, ამ ფასეულობებზე პრეტენზიები გამოეხატა. ჩამოსვლისთანავე გამომიცხადა, რომ არანაირ ურთიერთობას არ აპირებდა ჩემთან, საერთოდ არ გამეკარა. 2008 წლის ივნისიდან დაწყებულ თავის ბიზნესში მოთრეული, სწორედ მოთრეული და არანაკლები თაღლითი მომიგზავნა, სულით ვაჭარი ეშმაკუნა ვაჟა გორდიაშვილი, რომელიც „ლაით ჰაუსის“ ბიზნესთან ასოცირდება და რომელშიც საბუთებრივად თვითონ არანაირად არ მონაწილეობს მრავალ და მრავალ მიზეზთა გამო. ეს ყოველთვის შეგვიძლია დავამტკიცოთ და შემდგომში ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, უბრალოდ, საინტერესო არ არის. მაშინ დავუბრუნდები, როცა გამოძიებას, თუ ვინმე პიროვნებას დასჭირდება და ვინც კონკრეტულად დაინტერესდება მაგ პიროვნების ბედით…

რამაზ გაგნიძემ 2008 წლის ივნისიდან მოყოლებული 2010 წლის იანვრამდე ამ პიროვნებას გააბედინა და ყოველგვარი უღირსობები ჩაადენინა, რაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ყველანაირი შეურაცხყოფით გამოიხატა.

_ მათ შორის, სასამართლო დავა…

_ ზუსტად სასამართლო დავა დაიწყო 2010 წლის მაისიდან. ამ დავის ინიციატორი და უშუალო მონაწილე იყო რამაზ გაგნიძე. ამ თაღლითთა ჯგუფმა ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლებოდა. არც სასამართლოში დამიხევია უკან და ამ ინტერვიუშიც ვიმეორებ: რამაზ გაგნიძე და მისი „მეგობარი“ არიან სულგაყიდული თაღლითები! რა უნდა ველაპარაკო კაცს, რომელიც საკუთარ ოჯახს სასამართლოში უჩივის?! ვინმემ თაღლითი რომ დამიძახოს, არც სასამართლოს დაველოდები, არც გამოძიებას და პასუხს კაცობით და იმ ღირსებით მოვთხოვ, რითაც დავიბადე, აქამდე ვიარე და აწიც ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას. 2010 წლის ივნისში, როდესაც ამ თაღლითს პირველად შევხვდი, იგი ოჯახურ ბიზნესში მოიჯარედ შემოვიდა. მხოლოდ და მხოლოდ ორი შეხვედრა გვქონდა ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომლებიც „სკაიპით“ და „იმეილით“ მიმაწოდეს. ჩემი ოჯახის წევრები, მაშინდელი მესაკუთრეები, იზოლდა გაგნიძე და ჩემი და ლიკა გაგნიძე გადააგდეს. თურმე ამათ უკვე თავიდანვე ჩადებული ჰქონდათ წყნარი ბომბი და რამაზ გაგნიძე ამის ერთადერთი ხელშემწყობი იყო… კიდევ ვამბობ: რომ არა ოჯახის წევრი, რომ არა ოჯახის წევრთან ნათესაურ კავშირში და მეგობრულად ასოცირებული პიროვნებები, რომ არა მათი დაკითხვის ოქმები, რომ არა მათი სიცრუეები, მოყვანილი ფაქტობრივი სიყალბეები, ეს სასამართლო პროცესები საერთოდ არ უნდა გამართულიყო. სასამართლოს კარი არასოდეს არ უნდა შემეღო.

_ ე. ი. რამაზ გაგნიძე საკუთარ დედას, შვილს, ძმას და ოჯახის წევრებს, რეალურად, სასამართლოთი სთხოვდა წილს, ფაქტობრივად, იმ ქონებაზე, რომელზედაც ყველაზე ნაკლები პრეტენზიები მას უნდა ჰქონოდა…

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩემგან სწორი მინიშნება იყო. ალბათ თქვენც, ქალბატონო ელისო, ნამდვილად კარგად მიხვდით, რადგან ამის მრავალი გამოცდილება გაქვთ. აქ მოვედი არა იმიტომ, რომ ჩემს თემას ბეჭდურ მედიაში გაჟღერება აკლია _ არა, თქვენ წინააღმდეგ რამაზ გაგნიძე დავინახე თავის ჩვეულ ამპლუაში, რასაც ჰქვია სხვაზე, ან სხვისი დავალებით ადამიანებისთვის უბედურების მოტანა. ამაში უკვე დახელოვნებულია და თუ ვინმეს მსგავს საქმეში „ღირსების ორდენი“ ეკუთვნის, ერთ-ერთი რამაზ გაგნიძეა…

_ ყველაზე ამაზრზენ რამეს აკეთებს, იმიტომ, რომ გარდაცვლილ ადამიანს აბრალებს იმას, რისი მონაწილეც ის, უბრალოდ, არასოდეს ყოფილა…

_ შეუძლებელია, არ დაგეთანხმოთ. მე არ ვიცი თქვენი გარდაცვლილი მეგობარი (ნათელში იყოს იმ პიროვნების სული) და თქვენ რაზე საუბრობდით, ვისთან ერთად ლაპარაკობდით, მაგრამ ცხადია, რომ რაც ორი წლის თავზე გაჟღერდა, სტატუსობრივად და იურიდიულად რამაზ გაგნიძის მხრიდან არის, სულ მცირე, დანაშაულის დაფარვა… ეს ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით. დანაშაულის დაფარვა გახლავთ ჩვეულებრივი უკანონო, დასჯადი ქმედება, მაგრამ მას არათუ დასჯიან, ამ თემას კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რამაზ გაგნიძისნაირები და უშუალოდ რამაზ გაგნიძე ზიანს ვერ მოგაყენებთ. ამას ხაზგასმით და ხმამაღლა ვამბობ… მისი მორალის ადამიანებს მხოლოდ ცილისწამება და სხვისი დავალებით ტალახის სროლა შეუძლიათ.

_ დედას შვილთან როგორი ურთიერთობა აქვს და საერთოდ, თუ აქვს ურთიერთობა? რას ამბობს, როცა მის ასეთ მოქმედებებს ხედავს? მაპატიეთ ამ შეკითხვისთვის, მაგრამ… ვიცი, ძალიან მძიმეა…

_ ქალბატონო ელისო, ეს უმძიმესი ოჯახური ტრაგედიაა. რამაზ გაგნიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარია ფული და ფულის გამო მზად არის, ოჯახის წევრები ქუჩაში გაყაროს, სასამართლოში არბენინოს, საქმეები ურჩიოს დედას, ძმას და დას.

_ შვილს ნახულობს?

_ არ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, თუ არ ვცდები, 2011 წლის დასაწყისიდან 2016 წლის პირველ კვარტლამდე მეექვსე წელი წავიდა, ორ-სამჯერ ჰყავს ნანახი. სამივეჯერ, მხოლოდ და მხოლოდ, თავის მართლების სტატუსით, ოღონდ მიჯირყვნით… სიტყვა-სიტყვით ვამბობ: რომ შენ არაფერი გეკუთვნის (შეურაცხმყოფელი სიტყვით), თუ მე რამე არ გადმოგიგდე (პირდაპირი მინიშნებით)… ეს არის ყველაზე ამაზრზენი და ფსიქოლოგიურად უმძიმესი მოსასმენი იმ მოზარდისთვის, რომელიც მამამისთან მხოლოდ გვარით და მამის სახელით ასოცირდება. სხვა მხრივ _ ქცევით, პიროვნული, ადამიანური რესურსით, განათლებით და ინტელექტით შეუძლებელია, ის მამას შევადარო.

_ დედის პოზიცია როგორია?

_ დედის პოზიცია მომაკვდინებელია, ეს ყველამ იცის… შეუძლებელია დედისთვის (ამაში დავრწმუნდი!) შვილების გაყოფა, მაგრამ როდესაც სასწორზე დგას ყველაფერი ერთი შვილის უმეცრებით და განზრახ ოჯახის დანგრევით, დაქცევით, კატასტროფული შედეგების დაყენებით ოჯახის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში დედამ ის საღი პოზიცია აირჩია, რაც უნდა აერჩია ნებისმიერ დედას.

_ იცის ახლა ჩემ წინააღმდეგ მისი შვილი რასაც აკეთებს?

_ ქალბატონო ელისო, დედაჩემი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე გულით დაავადმყოფდა. 2002 წლიდან დაეტყო ცვლილებები! როდესაც საკუთარი ხელით, საკუთარი ბიზნესიდან თაღლითურად მიმთვისებელი შვილი ხელით ფიზიკურად შეგეხება და ბიზნესიდან გამოგაგდებს, ჯანმრთელობას დედას უკვე ნუღარ მოვთხოვთ… ეს გრძელდება 15 წელი.

რამაზ გაგნიძე და მისი ამფსონები ამაზე არ გაჩერებულან, პირიქით, მეტი მონაწილეობა მიიღეს, მეტი დარტყმა მიაყენეს ჩემს ოჯახს… უფალი ზევიდან იყურება, ამას კარგად ხედავს ყველა, როგორ უბრუნდება ადამიანებს ბოროტება, მაგრამ დედაჩემს ვარიდებ, რასაც მე ვხედავ, მის ინტერვიუებში ვუყურებ მის ქმედებებს _ სუს-ის დავალებებით ქუჩაში ვითომ ვაჟკაცურ აქტივობებს, ყველანაირ თემებს ვარიდებ, მაგრამ მაინც იგებს. ტელევიზორი ყველასთვის საერთოა და ყველა ინფორმაციას ვერ დავუმალავ. ბოლოს თქვენთან დაკავშირებული ინტერვიუ თავად წავუკითხე. მე თვითონ ვეღარ შევიკავე ემოცია. მართლაც სასწაულად განიცადა, _ ღმერთმა ხომ იცის, შვილო, რომ მე ეგეთი უღირსი იქამდე არ მომიყვანია, სანამ თვითონ არ დაინგრია თავისი პირადული და სანამ თაღლითების რელსებზე არ გადაეწყოო… ეს ხომ უფალმაც იცის, რომ მე მისთვის არაფერი დავზოგე, ყველაზე მეტი შრომა ჯაფა, სწავლის მხრივ თუ რაც იყო არ დამიშურებიაო…

მითხრა, ქალბატონ ელისოს ჩემგან სოლიდარობა გადაეციო. მინდა იცოდეს, რომ მე მის ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორსაც დღეს საზოგადოება ხედავს, მონაწილეობა არ მიმიღიაო…

როდესაც ვუთხარი, _ დედა, ვალდებული ვარ, წავიდე და ამ ადამიანს უბრალო სოლიდარობა გამოვუცხადო, განა ვინმეს და რამის სახელით, მხოლოდ და მხოლოდ, რამაზ გაგნიძის ასპექტში… ადამიანმა საკუთარ ოჯახს ასეთი რამ დამართა, წარმომიდგენია, ქალბატონ ელისო კილაძეს რას უმზადებენ და რას უმზადებს-მეთქი… ზუსტად, სიტყვა-სიტყვით მითხრა, _ შვილო, სწორი  გადაწყვეტილებაა, შენი ნაბიჯი გამართლებულია, თუ რამეს ვუშველითო. და კიდევ ერთი, რაც დაამატა, _ შვილო, თუ ქალბატონი ელისო ამბობს, რომ სუს-ის კაცია, ამის კაცია, იმის კაცია, იქნებ, ამათაც აღარ გამოადგეთ ამდენი ხმაურით და თავის თავსაც უშველოსო. ეს არის მთავარი ხაზგასასმელი არგუმენტი, რომ დედა, მიუხედავად გამწარებისა, მაინც  გამოსავალს ეძებს და სოლიდარობა ამითაც გამოხატა… _ იქნებ, მეტმა თქვას, რომ ეს კაცი გზიდან გადასცდა და რეალობას მოსწყდა, ამით მაინც ვუშველოთო. მხოლოდ ამიტომ, იქნებ, წახვიდე და ქალბატონ ელისოს მოუყვე, რომ არ აჰყვეს პროვოკაციას, რადგან რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა, დედაჩემმა ზუსტად იცის, მისი შვილი, რამაზ გაგნიძე, რა ქმედებებს განახორციელებს თქვენ მიმართ და უარესსაც… აი, ამიტომ ვარ დღეს თქვენთან მოსული და ამიტომაც ვიძლევი ამ ინტერვიუს. ხაზს ვუსვამ: ინტერვიუები არ მაკლია, სხვა აქტივობებს ვიწყებ. ყველას მინდა მოვუწოდო: რამაზ გაგნიძისნაირი „აზროვნების“, „ინტელექტის“, „ცოდნის“ და „კაცობის“ „პიროვნებით“ ვინმეზე აპელირება, სულ მცირე, ძალზე სამარცხვინოა, სხვა კატეგორიის შეფასებებში რომ აღარ გადავიდეთ.

თუ ეს ხალხი არ გაჩერდება, ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება, როგორც პრესით, ასევე ტელევიზიით და ბრიფინგებით… მინდა, ყველამ იცოდეს, რომ თაღლითების ჯგუფის მეშვეობით, რომლებსაც სუს-ი ბინძური დავალებების შესასრულებლად იყენებს არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ, მე _ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის მოქალაქეს _ დღევანდელი სახელმწიფო საკუთრების უფლებას მართმევს!!! პროკურატურა და სასამართლო ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

 

                                                                                                              ელისო კილაძე