სოსო, რა შემოგითვალა ბიძინამ?

t55t

ჟურნალისტებს არ გააჩნიათ საბრძოლო გემები, ძლიერი ქვეითი ჯარი, არც ციხე-სიმაგრეები, მათი იარაღი არის სიტყვა!

და ჩემი ერთადერთი იარაღიც სიტყვაა!

ჩვენ არ ვიწყებთ ომს, ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ სიტყვას, სიტყვას ომსა და მშვიდობაზე…

და მათზე, რომელთაც ომის დაწყება სურთ!

ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის!..

ჩვენთვის გოგაშვილიც, თარგამაძეც, ღარიბაშვილიც, სააკაშვილიც და კიდევ სხვა ბევრი ქვეყნის მოხელეს ნიშნავს. ჩვენ ერთი ვალდებულება გვაქვს, _ ყველა მოხელეს თავისი სახელი დავარქვათ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ ჩვენსავე ეპოქაში…

ჩვენთვის მოხელეები მოდიან და მიდიან, ჩვენ კი მარადიულად ვრჩებით ჩვენი სიტყვის იმედად…

ჩვენ არ ვბატონობთ… ჩვენ იმ მოხელეებზე ვწერთ, რომლებიც ბატონობენ… ბატონობა კი დროებითია.

ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი ამბობდა: „ბუნებაზე რომ იბატონო, მას უნდა დაემორჩილო“.  ასევეა ხალხიც… ჩვენ ვცდილობთ, ყველა მოხელეს სწორი შეფასება მივცეთ…

და თუ ვინმეს ჩვენს სახელმწიფოში სურს, რომ იბატონოს, მაშინ ჩვენს ხალხს უნდა დაემორჩილოს!..

 

ახლა კი, სოსო, რა მინდოდა, მეთქვა:

„ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“.

სიტყვა „რისკი“ რას გეუბნება? გაგახსენდა? სანამდე მე მოვყვები, რა რისკზე ვსაუბრობთ, მანამდე სიტყვის მნიშვნელობას აგიხსნი:

სიტყვა „რისკი“ ესპანურ-პორტუგალიური წარმოშობისაა და „წყალქვეშა კლდეს“ ნიშნავს, ანუ საშიშროებას. რისკის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ „მოქმედება წარმატების იმედად, ბედნიერი დასასრულის იმედით“. ამ განმარტებიდან ნათელია _ რისკზე წასვლას გვაიძულებს გარემოებებში გაურკვევლობა: საჭიროა მოქმედება, მაგრამ როგორ _ უცნობია. არასაკმარისი გარკვეულობის პირობებში არჩევანის გაკეთების შედეგი ნაცნობია ყველა იმათთვის, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უწევს. ამასთან, რაც მეტია გაურკვევლობა, მით მეტია რისკიც.

რისკის არსიდან გამომდინარეობს, რომ: ჯერ ერთი, ის წარმოადგენს გაურკვეველ, უცნობ ვითარებაში მოქმედებებს; მეორე, რომ გარისკვა ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია წარმატების მიღწევა (იმედი); და მესამე: რისკის მოსალოდნელ დადებით შედეგს კანონზომიერი ხასიათი აქვს (ბედნიერი დასასრული). მაშ, ასე, _ რისკის მახასიათებლებია: გაურკვევლობა, წარმატების მოლოდინი და ბედნიერი დასასრულის იმედი.

 

***

შუშის სასახლიდან სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ ყოფილმა პრემიერმა შემოგითვალა:

_ სოსო, შენ ძალიან რისკავ, მე არ მიყვარს ისეთი რისკი, რომელიც მე მაზარალებს…

ასეთი რა გარისკე, ეს შენ იცი, მაგრამ ფაქტია, _ ჯერ ერთი ბატონის მსახური იყავი (ღარიბაშვილს ვგულისხმობ), ხოლო როცა დრომ და ვითარებამ რაღაცები შეცვალა, ამის მერე უკვე ბატონი შეიცვალე. ვიცი, რომ მეგობრებს უყვები კახისა და შენი ძმაკაცობის ამბებს, მაგრამ კახიც რომ აღარ იყოს, შენ მაინც გრჩება იმედი, რომ შენ უნდა იყო… იცი, ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილში რა უყვარდა? ერთგულება! ძირითადად, მას სწორედ ეს იზიდავდა. და როცა ბიძინა მიხვდა, რომ ირაკლი ბიძინაზე მეტად ოჯახის ერთგული აღმოჩნდა, უბრალოდ, ადგა და მოისროლა…

განსხვავება ერთია, ჩვენში ერთგულება სხვანაირად ესმით, იქ შუშის სასახლეში კი _ სხვანაირად. რატომ? ამისთვის ერთი მიზეზი არსებობს. ჩვენში ადამიანები ანგარების გარეშე არიან ერთგულნი, თქვენში კი _ ანგარებით… მაგრამ ჩვენ რასაც ტყვედ ყოფნას ვეძახით, იქ, შუშის სასახლეში ეს ერთგულების ტოლფასია. ამიტომ ღარიბაშვილს ერთი ცოდვა არ აპატიეს, ის ოჯახის ტყვედ დარჩა და ბიძინას ერთგულად…

შენთან რა ხდება, ხომ არ იცი? არა? მაშ, მე მოგიყვები…

ის გარემოცვა, სადაც შენ ტრიალებ, მეც და ბიძინასაც ერთნაირად გვიყვება რაღაცებს. ბოლო დროს ძალიან რისკავ.

რა არის იმ გაურკვევლობის მიზეზები, რომელიც რისკს წარმოშობს?

მიზეზი _ არცოდნაა, გარემომცველი სამყაროს შესახებ არასრული, არასაკმარისი ცოდნა.

ქვეყნის განვითარების ისტორიაა _ ეს, ყველაფერთან ერთად, გაურკვევლობასთან ბრძოლის ისტორიაცაა. არცოდნა კი საქმეში ჩაუხედაობა _ გაურკვევლობის ერთადერთი მიზეზი არ არის. დავუშვათ, შენ კარგად ინფორმირებული ხარ ამა თუ იმ მოვლენის შესახებ და ვითარება შენთვის ცნობილია. ხარ კი დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება? სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ ამინდი მოულოდნელად შეიცვალოს, პოლიტიკური მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდეს, შენს გეგმებში მზადაა, ჩაერიოს ვიღაც ძლიერი და მზაკვარი.

და ამ დროს შენ მიხვდები, რომ შემთხვევით მოხვდი მაგ პოსტზე, უბრალოდ, გაგეღვიძა და ქვეყნის მნიშვნელოვანი საჭე გეპყრა ხელთ. შენ სწორად არ იარე იმ გზაზე, რადგან არასდროს გქონია ქვეყნის საიდუმლო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. შენ გარისკე. გარისკე და რისკმა ვერ გაამართლა, რადგან ბედისწერის შემთხვევითობამ მოგახვედრა მანდ…

სუს-ის უფროსის მოადგილეობა გლახაკისა და ქილა ერბოს იგავს ჰგავს… „ოცნებამ“ ეს შეცვალა შენს ცხოვრებაში. ფრთხილად იყავი, სოსო! ვწუხვარ, რომ იმ გლეხისა არ იყოს, ეგ ქილა ერბო მდინარის პარას მისულმა მოიქნიე, გეგონა, „ქრონიკა+“-ს უქნევდი ჯოხს, ამასობაში კი ყველაზე მთავარი რაც გქონდა, ის გაგიტყდა…

ვერც ერთმა ქიზიყელმა ვერ გამიმართლეთ იმედი. ნებისმიერი ომისთვის საჭიროა სამართლიანი მიზეზი. როცა ელისო კილაძეს ფარული ომი გამოუცხადე, მთავარი იარაღი _ სიმართლე არ გეჭირა ხელში. როცა მავანმა ძალამ სცადა, ერთი გაუთლელი კაცი რედაქციაში ფარული კადრებით მოეგზავნა, ვერ მიხვდნენ, რომ იმ ოფისს ერთი ბატონი ჰყავს, მას სახელად სამართლიანი სინდისი ჰქვია…

არ ვიცი, რატომ შემოგითვალა საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, _ ძალიან ბევრი გარისკეო! მაგრამ ვიცი, რომ შენ ყველა რისკს წარუმატებლობა მოჰყვა.

ასე რომ, გაურკვევლობას, წარმატების მოლოდინს და ბედნიერი დასასრულის მხოლოდ იმედს თუ დავარქმევთ შენს მოღვაწეობას.

 

P. S. გჯეროდეს, პოლიტიკური ამინდი სრულიად შეიცვლება!

მას შემდეგ, რაც ჩემბერლენი გადადგა, კოალიციური მთავრობა შეიქმნა, რომელსაც უინსტონ ჩერჩილი ჩაუდგა სათავეში. ჩემბერლენისგან განსხვავებით ჩერჩილის მთავრობა გერმანიასთან გარიგებისთვის კი არა, ფაშიზმზე გამარჯვებისთვის იბრძოდა.

ჩერჩილმა პარლამენტის პირველსავე სხდომაზე განაცხადა: „უახლოეს წლებში მე თქვენ ვერაფერს შემოგთავაზებთ სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა. თქვენ მკითხავთ, როგორია თქვენი მიზანი? მე შემიძლია ერთი სიტყვით გიპასუხოთ: „გამარჯვება, გამარჯვება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გამარჯვება, მიუხედავად ყველაფრისა!“

 

                                                                                                                       მაკა მოსიაშვილი