სკანდალი ფრანგული სკოლის ირგვლივ – „ივანიშვილმა იცოდეს, რომ საქართველო მისი ბოსტანი არ არის“

b6

მოქალაქე ლაშა ბრეგვაძის განცხადებით, 2007 წლის დეკემბერში მას ზეწოლის ქვეშ ბიძინა ივანიშვილისთვის (ფრაგული სკოლის ასაშენებლად) კერძო ტერიტორიის გადაცემა აიძულეს. მისივე თქმით, მაშინ შუამავლები ეუბნებოდნენ, რომ ივანიშვილი სკოლას ააშენებდა და სახელმწიფოს გადასცემდა, თუმცა დღეს ობიექტი „საქველმოქმედო ასოციაცია ატუს“ კუთვნილებაშია. მოგვიანებით, ბრეგვაძეს მის კუთვნილებაში დარჩენილი მიწაც მოსთხოვეს, რაზედაც უკვე კატეგორიული უარი განაცხადა. „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი საბავშვო-გასართობი ცენტრის მოსაწყობად მთავრობას სთხოვს, რომ მის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა მისცეს, რაზედაც დღემდე უარს ეუბნებიან: „მიზანშეწონილად არ მივიჩნევთო“.

„ქრონიკა+“ ლაშა ბრეგვაძეს ესაუბრება:

_ 2007 წლის აპრილში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მქონდა. სურდათ, რომ ფრანგული სკოლის ასაშენებლად ჩემგან 2 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეეძინათ. ეს ხდება ჭავჭავაძის პროსპექტზე, „ლოკომოტივის“ სტადიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. იმ დროს ბანკიდან სესხი მქონდა გამოტანილი და ეს ტერიტორია მის უზრუნველყოფაში იყო ჩადებული. თანხა მჭირდებოდა და, შესაბამისად, ჩვენ შორის ეს შეთანხმება შედგა. თუმცა მას ორი ისეთი ნიუანსი ახლდა, რომელმაც ჩვენს შემდგომ ურთიერთობაზე განმსაზღვრელი მნიშვნელობა იქონია. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიტყვი, რომ შეთანხმებით 2000 კვ.მ. მათ საკუთრების უფლებით გადავეცი.

_ ადგილზე სულ რამხელა ტერიტორიას ფლობდით?

_ დაახლოებით, 11 ათას 990 კვ.მ.-ს. აქედან 5760 კვ.მ. მაშინდელი პრეზიდენტის თხოვნით „ლოკომოტივის“ სტადიონს იმისთვის გადავეცი, რომ სათადარიგო მოედანი მოეწყოთ. ამას „უეფას“ სტანდარტები ითხოვდა.

_ როდის მოხდა ეს ამბავი და გადაცემა ვინ გთხოვათ?

_ ედუარდ შევარდნაძემ მთხოვა და ეს 2001 წლის 24 სექტემბერს მოხდა. მოკლედ, 2007 წლის აპრილში ირაკლი ღარიბაშვილთან შედგა შეთანხმება და ამით ჩვენ დავშორდით. ამის შემდეგ ჩემთან, მეგობრების მეშვეობით, ინფორმაცია მოდიოდა, რომ კვლავ არიან დაინტერესებული და ისევ ჩემთან შეხვედრა უნდათ, რაზედაც მე კატეგორიულ უარს ვეუბნებოდი.

_ რატომ?

_ ღარიბაშვილთან საუბარი კატეგორიულად აღარ მსურდა, რადგან მან შეთანხმებისას ძალიან მნიშვნელოვანი პირობა დამირღვია: თავიდან ითხოვდა, რომ ის ტერიტორია, 2 ათასი კვადრატული მეტრი, მთის მხარეს უნდა ყოფილიყო, ხოლო შემდეგ, როცა მოლაპარაკება გაგრძელდა, ულტიმატუმი წამომიყენა, რომ ეს ტერიტორია უკვე ჭავჭავაძის პროსპექტის მხარეს იყოსო. ანუ დააფიქსირა, რომ მე ბანკიდან კრედიტი მქონდა აღებული და უკვე ასეთი ტიპის საუბარი დაიწყო. ჩვენ იმ პერიოდში მაინც შევთანხმდით, მაგრამ ჩვენ შორის ეს ერთი ნიუანსი დარჩა, როდესაც მან თავისი სიტყვა გატეხა. შესაბამისად, მათთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი აღარ მქონდა. მაგრამ აქ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია: საუბარი იყო, რომ ჩემთვის გადახდილი თანხიდან ნაწილი უნდა მიმეცა, მათთვის უკან დამებრუნებინა. ყველაფერი გამიგია, მათ შორის, სახელმწიფოს როგორ პარავენ ფულს, მაგრამ კერძო პიროვნებას როგორ პარავენ თანხას, ეს ჩემს აღქმაში საერთოდ არ ჯდებოდა, მაგრამ მაინც წავედი აღნიშნულ პირობაზე.

როგორც გითხარით, კრედიტი მქონდა აღებული და იძულებული ვიყავი, რომ ეს ტერიტორია გამესხვისებინა, რათა უფრო მეტი ზარალი არ მომსვლოდა. სანამ ღარიბაშვილთან საბოლოო შეხვედრაზე შევიდოდი, ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: ლაშა, აი, ეს პირობა იქნება, თუ არ გაწყობს, მაშინ იმ ოთახში არ შეხვიდეო. ან ამაზე დათანხმდი და შეასრულე, ან უკან წავიდეთო. ეს ორი პირობა იყო _ როდესაც ნაკვეთის ადგილმდებარეობა მოლაპარაკებისას შემიცვალეს და ამას პლუს, როდესაც გარკვეული თანხის ჩემგან უკან დაბრუნება მოითხოვეს.

_ პროცესი როგორ გაგრძელდა?

_ დაახლოებით სექტემბერში ბატონი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში სანადიროდ ბრძანდებოდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ჩემს მეგობარს უთხრა, რომ ჩვენ ამ ტერიტორიის შეძენით კიდევ დაინტერესებული ვართო. მეგობარმა მითხრა, _ ლაშა, თუ დაინტერესებული ხარ, შეგვიძლია, შევხვდეთო. მე კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან „ქართუ ჯგუფთან“ ურთიერთობის გაგრძელების არანაირი სურვილი არ გამაჩნდა, იმ მიზეზების გამო, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ. მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა, რომ დედაქალაქის მაშინდელმა ვიცე-მერმა, მამუკა ახვლედიანმა დამიბარა.

_ როდის?

_ 2007 წლის 14 დეკემბერი იყო. ის პერიოდია, როცა საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმაცია ძალიან დაბალი იყო. 7 ნოემბერი ახალი მომხდარია და ლეგიტიმური შესაძლებლობების გამოყენება ძალიან შემცირებულია. მამუკამ სწორედ ამ პერიოდში დამიბარა. არც კი ვიცოდი, ამას რატომ აკეთებდა. მივედი და ოთახში ჯონი თაყნიაშვილი დამხვდა. ისიც არ ვიცოდი, ჯონი სად მუშაობდა. არც მისი სახელი მახსოვდა, არც გვარი. უბრალოდ, სახეზე ვიცნობდი, ეროვნული მოძრაობის მიტინგების დროს შევხვედრილვართ და სახეზე მახსოვდა.

_ რა სტატუსი ჰქონდა?

_ მამუკა ახვლედიანმა წარმომიდგინა, რომ „ქართუ ჯგუფის“ წევრია და შენთან შეხვედრა, შეთანხმება უნდაო. გამოვეცნაურეთ და ვუთხარი, _ ჯონი, ამაზე არავითარ საუბარს აზრი არ აქვს, ჩვენ შორის არანაირი შეთანხმება არ შედგება, რად გინდოდათ, მამუკასთან რატომ მომიყვანეთ-მეთქი? ჩემი ტელეფონიც იცით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს, ასევე მისამართი იცით და აქ რა მიზეზით მომიყვანეთ-მეთქი? ჯონიმ, _ დავსხდეთ და ვისაუბროთო. ახლა ზუსტად აღვწერ იმას, რაც ჯონი თაყნიაშვილმა მითხრა:_ აი, ახლა, მე შენთვის მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ვარ. ორივეს პირით გელაპარაკები. დღეს მიშა სააკაშვილმა უნდა დაურეკოს ბიძინა ივანიშვილს და ეს სატელეფონო საუბარი ათ საათზეა დანიშნული. მიშა შეეკითხება ბიძინას, _ ფრანგულ სკოლას გვიშენებ თუ არაო? ბიძინამ რა უთხრას? შენ გვაძლევ თუ არა მაგ მიწას? რა უთხრას, რომ შენ არ გვაძლევ, თუ უთხრას, რომ გვაძლევო? ამაზე ვუთხარი, _ ჯონი, ასეთ სიტუაციაში რატომ მაყენებ?! ეს რა ლაპარაკია, რა ზეწოლაა?! მიშა სააკაშვილის, პრეზიდენტის სახელით მემუქრები-მეთქი?! თუ ბიძინას სახელით მემუქრები, რა ხდება, ეს რა არის-მეთქი?!

_ აგერ გეუბნები მე შენ, თუ ამ მიწას არ მოგვცემ, ჩვენ მას მაინც მივიღებთ, სიტყვა ვთქვი და ლაშა, ნუ გაგვიძალიანდები. მე ვარ შენთან მესენჯერი, შენკენ ვარ და თუ შენ ამ მიწას არ მოგვცემ, მაინც წავიღებთ და იმ ორ კაპიკსაც დაკარგავ, რაზეც გპირდებით, რომ ამაში მოგცემთო! ახლა მისთვის რა უნდა ამეხსნა, რა უნდა მეთქვა?! ვუთხარი, _ ჯონი, კატეგორიულად არ მინდა და არც ვაპირებ ამ მიწის გაყიდვას-მეთქი! თუ გავასხვისებ, შენ იცი ამ მიწის ფასი, ძალიან ძვირი ღირს და კონკრეტულად დავასახელე კიდეც, რაც ამაში უნდა გადაეხადათ._ ლაშა, ეგ ზღაპარია, ამას არ გადავიხდითო. როგორ, მიშა სააკაშვილმა უნდა დაურეკოს და ბიძინამ პასუხი უნდა უთხრას, ამიტომ უნდა მოგვცეო. ლაშა, თუ არ მოგვცემ, თუკი რამე გაქვს, აბსოლუტურად ყველაფერს დაკარგავო. ამაზე თანხა უკვე გამოყოფილიაო. კატეგორიულად ვუთხარი, _ არა-მეთქი! მაშინ თუ ასეთი მომენტია, სკოლა ხომ უნდა ააშენოთ, კი ბატონო, მომეცით ეს თანხა და სკოლაში წამოგყვებით, წილობრივ მონაწილეობას მივიღებ-მეთქი. ანუ იმ დარჩენილი თანხით, რომელსაც ვითხოვ-მეთქი. _ ეგ გამორიცხულიაო. _ რატომ არის გამორიცხული-მეთქი? _ იმიტომ, რომ ეს სკოლა მიშა სააკაშვილის მოთხოვნით შენდება და როგორც კი აშენდება, სახელმწიფოს უნდა გადასცესო.

_ ჯონი, ამ სკოლების განკერძოება ლამის თვითონ სახელმწიფომ დაიწყოს-მეთქი და… გამაკვირვა მისმა ნათქვამმა. _ აქ ივანიშვილი ბიზნესს არ აწარმოებს, ეს შენ ხომ კარგად იცი. სკოლა უნდა ააშენოს და სახელმწიფოს უნდა გადასცესო. მე ვკითხე, _ ჯონი, მაშინ გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი კი არ არის, არამედ ალ კაპონეა-მეთქი. ალ კაპონეც აშენებდა საავადმყოფოებს, პოლიკლინიკებს, გზებს აგებდა, სკოლებს აშენებდა და მოკლედ, ჩემს ხარჯზეა ბიძინა ქველმოქმედი-მეთქი?_ არა, რატომ, ორ კაპიკს ხომ მოგცემთო? კატეგორიული უარი ვუთხარი და დავშორდი. ამის შემდეგ მეგობრებთან დავჯექი და ვიკითხე, _ აქ რა შანსები მაქვს-მეთქი? მითხრეს, _ შეიძლება, საჯარო რეესტრში ამონაწერი საერთოდ შეცვალონ და ისე გაიფორმონ, რომ შენ არაფერი შეგეკითხონ, საერთოდ ვეღარც ხმას ამოიღებო, ამიტომ აზრი არ აქვს, სჯობს, სასწრაფოდ მოილაპარაკო, სანამ რაღაც შარში არ გახვეულხარო.

აი, ასეთი მეთოდით (გამოძალვით) ბიძინამ და ჯონიმ, პრეზიდენტის სახელის გამოყენებით, მაიძულეს, ამაზე წავსულიყავი. ამასთან, არ ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო. ეს უფრო შემდგომ გავარკვიე. როდესაც ბიძინამ პირველ ნოემბერს ცნობილი პრესკონფერენცია ჩაატარა, მაშინ ასეთი რამ თქვა, _ 7 ნოემბრის შემდეგ მე სააკაშვილთან კავშირი არ მქონიაო. ივანიშვილს მაშინვე წერილი მივწერე, _ თუ ურთიერთობა არ გქონია, მაშინ ჯონი ვისი სახელით მოქმედებდა-მეთქი? მთელი პროცედურები, დავები გვქონდა ამასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მერე თვითონვე თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განუსაზღვრელი ზეგავლენა მქონდაო. ეს აღიარა, როცა ბოტანიკურ  ბაღთან დაკავშირებით საუბრობდა.

_ მათთვის სასურველი ხელშეკრულება როდის გააფორმეთ?

_ ეს 2007 წლის 20 დეკემბერს მოხდა. ხელშეკრულება „ლიზინგი 21-თთან“ გავაფორმეთ, „ქართუ ჯგუფის“ ერთ-ერთი წევრია. ის ადამიანი, თუ არ ვცდები, იური მილაშვილი იყო, ვისთანაც ეს ხელშეკრულება გავაფრომეთ. ჯონიმ დამირეკა, _ უნდა მივიდეთ, ერთ კაცს შევხვდეთო. აბრეშუმის ფაბრიკასთან შევხვდი. ეს ადამიანი საერთოდ არც დამლაპარაკებია. ვკითხე, _ ჯონი, ასე რატომ გააკეთეთ, გეშინიათ, რომ შემდგომში სარჩელი არ შევიტანო-მეთქი? რომ რეალურად გამომძალეთ და ახლა „ლიზინგი 21“ რატომ ყიდულობს-მეთქი? _ ბიძინამ თქვა, რომ სწორედ მან უნდა იყიდოსო. _ იმ მიზნით, რომ „ლიზინგი 21“ იყიდის და მერე „ქართუს“ გადასცემს, რათა „ქართუ“ კეთილსინდისიერი შემძენი იყოს-მეთქი? _ ვერაფერს გეტყვი, ბიძინამ თქვა და ასე უნდა გავაკეთოთო, _ ამას თაყნიაშვილი მეუბნება, რომელიც პირდაპირ მითითებებს ღებულობდა. შედეგად, 2 ათას 387 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამომძალეს და 1501 კვ.მ. მეტრი დამიტოვეს; ხოლო ამ ტერიტორიაზე 188 კვ.მ. სერვიტუტით დამიტვირთეს, რომ გზა უნდა გამეკეთებინა. აღნიშნულ სკოლაში მისასვლელი გზა მათ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მომატყუეს. ეს გზა არ გააკეთეს და სადღეისოდ ყველაფერი დაფიქსირებულია. ვეუბნები, _ გზა გააკეთეთ, რაც დამპირდით და რისი გულისთვისაც ეს ტერიტორია სერვიტუტით დამიტვირთეთ-მეთქი. არ აკეთებენ.

_ ამ შემთხვევაში, სერვიტუტით დატვირთვა რას ითვალისწინებს?

_ ეს ტერიტორია კი არის ჩემი საკუთრება, მაგრამ აქ ვერაფერს გავაკეთებ. და თუ რამის მოწყობას დავაპირებ, თანხმობა და ნებართვა მათგან უნდა ავიღო, ანუ ყველანაირად შემზღუდეს და მარწუხებში მომაქციეს. იძულებული ვიყავი, ეს მიწის ნაკვეთი გადამეცა, ჩემი ტერიტორია, რომელთანაც მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. ტერიტორია, რომელსაც მთელ სიგრძეზე ვაკის პარკთან შეხება აქვს, სერვიტუტით დამიტვირთეს.

_ თქვით, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და შეიძლება მაშინდელ ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდათ. ამის საფუძველს რა გაძლევთ?

_ უბრალოდ, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, როდესაც 2001 წლის პირველ ნოემბერს ბიძინამ განცხადება გააკეთა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირი აღარ მქონდაო. ჰოდა, ჩემთან ჯონი თაყნიაშვილი 2007 წლის 14 დეკემბერს მოვიდა.

_ მაშინ მოტივაცია რა იყო?

_ როგორც გავიგე, ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს აქვს აღებული, როდესაც ეს სკოლა ააშენა. ანუ ფრანგული სკოლის აშენება იმისთვის დასჭირდა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო. მე ასე ვფიქრობ. როგორც აღმოჩნდა, ბატონი ივანიშვილი ტიპური ქველმოქმედი არ არის. ესაა ანგარებიანი, ანგარიშიანი ქველმოქმედი, მისი ნებისმიერი ე. წ. ქველმოქმედება გარკვეულ მიზანთან და საზღაურის მიღებასთან არის დაკავშირებული.

_ დღეს რა სტატუსი აქვს აღნიშნულ სკოლას, შეასრულეს სიტყვა და სახელმწიფოს გადასცეს?

_ არავითარ შემთხვევაში! კავკასიის ფრანგული სკოლის დღევანდელი მესაკუთრე არის „საქველმოქმედო ასოციაცია ატუ“. ეს არის „უტას“ შებრუნებული ვარიანტი _ ბიძინა ივანიშვილის, უტა ივანიშვილის პატივსაცემად ჰქვია. ფაქტია, რომ საქველმოქმედო ასოციაცია ამ სკოლის მესაკუთრეა და სახელმწიფოსთვის, ქალაქ თბილისის მერიისთვის მათ არ გადაუციათ. ჩემს შვილებს წაართვა და თავის შვილს მისცა. ამას რა ჰქვია?! რეალურად, ეს ხომ მისი ოჯახის ბიზნესია?!

_ ამის შემდეგ პროცესი უკვე უახლოეს პერიოდში როგორ გაგრძელდა?

_ როდესაც სკოლის მშენებლობა  მიმდინარეობდა, შემომთავაზეს, რომ ამ დარჩენილ ტერიტორიასაც ვიქირავებთო, სამშენებლო მასალებს დავაწყობთო. კატეგორიული ური ვუთხარი. ხომ გესმით, სულ სხვა ტიპის ადამიანები არიან. აღარ მსურდა მათთან ურთიერთობა და მოვთხოვე, რომ ჩემს ტერიტორიაზე სამშენებლო მასალა არ დაეყარათ. სერიოზული ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ იძულებული გახდნენ, რომ ტერიტორიიდან გაეტანათ. უკვე 2010 წელია, როდესაც იქ დაყრილი მასალა გავატანინე. ვფიქრობ, რომ ისინი კვლავ აპირებდენ ჩემთან მოსვლას, მაგრამ აღნიშნული ჩხუბის შემდეგ ვეღარ გაბედეს. ალბათ, იფიქრეს, რომ ამას შეიძლებოდა სულ სხვანაირი გართულებები მოჰყოლოდა. მაგრამ დღეს რა ხდება, _ თბილისის საკრებულოს 2009 წლის მარტის დადგენილებაა, რომ ნაკვეთი, რომელზედაც შეიძლება რამე სიკეთე გაკეთდეს, მას საავტომობილო მისასვლელი გზა უნდა ჰქონდეს. ჩემს მიწის ნაკვეთს მისასავლელი გზა „ლოკომოტივის“ სტადიონიდან აქვს, ჭავჭავაძის პროსპექტიდან უნდა ჩავიდე, იმისთვის, რომ სტადიონთან მივიდე, ამისთვის ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა მჭირდება. ამაზე ეკონომიკის სამინისტროში ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს მივმართე.

_ როდის მიმართეთ?

_ 2013 წელს. ქუმსიშვილი მაშინ სამინიტროში ქონების მართვის სააგენტოს უფროსი იყო. უარი მითხრეს.

_ რით დაასაბუთეს აღნიშნული უარი?

_ გზის მოცემა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ამ დროს გვერდით ფრანგული სკოლა ფუნქციონირებს და ოფიციალურად მისასვლელი გზა არც მას აქვს. ანუ ჩემთვის რაც არ შეიძლება, ფრანგული სკოლისთვის დაშვებულია. ასევე როდესაც ამ ტერიტორიის დაკვალვა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ 100 კვ.მ. „ლოკომოტივის“ სტადიონს აქვს მიტაცებული. 13 კვ.მ. საჯარო რეესტრმა მომპარა. წერილები ერთსაც მივწერე, მეორესაც, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია. არანაირ პასუხს არ მაძლევენ და არ აკმაყოფილებენ, როცა თეთრზე შავით ფიქსირდება, რომ საჯარო რეესტრმა 13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მომპარა. ტექნიკური შეცდომაა, ხოლო საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 28-ე თუ 29-მუხლი პირდაპირ ავალდებულებს, რომ მსგავსი შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში, საჯარო რეესტრი ვალდებულია, გამოასწოროს. მიმართვაზე რეესტრმა მითხრა, რომ რეგისატრაცია სწორად არის გაკეთებულიო. ეს უკვე ახლა მოხდა. ამავე დროს აღმოვაჩინე, რომ 100 კვ.მ. სტადიონს აქვს მიტაცებული.

_ რანაირად?

_ როდესაც მათ სტადიონის მშენებლობა დაიწყეს, ჩემს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. მე რაც მივეცი, 5 ათას 760 კვ.მ. არ იმყოფინეს. ამასთან დაკავშირებით უკვე მეექვსე თვეა, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ სამჯერ დანიშნა პროცესი და სხვადასხვა მანიპულაციით ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი არც ერთხელ არ მოვიდა. ხან ცეცხლი წაეკიდათ კაბინეტში, ხან ავად იყო, ხანაც ერთკვირიან შვებულებაში იმყოფებოდა. მოპასუხე ქონების მართვის სააგენტოა, რადგან მან გადასცა ფეხბურთის ფედრაციას. ეს საქმეც გააჩერეს.

გზასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ ყუადღება ნულია. ბოლოს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზას მივმართე. კითხვა დავუსი, რომ ამ მიწის ნაკვეთებთან კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი გზა, საჯარო გზასთან კავშირი განესაზღვრათ. სპეციალისტები მოვიდნენ, ნახეს და, შესაბამისად, დასკვნა მომწერეს. მასში მითითებულია ის გზა და მარშრუტი, რომელიც ერთადერთია ჩემს მიწის ნაკვეთსა და საჯარო გზას შორის კავშირის უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკის სამინისტროს მივმართე და ექსპერტიზის დასკვნა თან დავურთე, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ 180-ე, 170-ე, 115-ე მუხლების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსი) ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულია, აუცილებელი მისასვლელი გზა დამიდგინოს. პასუხად ისევ მივიღე, რომ ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნით. ანუ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ კანონის შესრულება! არ მესმის, როგორ შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს?!

_ ამ გზის დაკანონება რისთვის გინდათ?

_ ეს ტერიტორია იმდენად ძვირფასია, რომ შეიძლება მხოლოდ საბავშვო გასართობი ცენტრის მოსაწყობად გამოვიყენოთ, ბაღებიდან, ასევე სკოლებიდან მოზარდი თაობის წარმომადგენლები რომ ჩავაბათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება ბავშვები ჩამოვიყვანოთ, რადგან ვაკის პარკი, ეს ტერიტორია, სერიოზული სარეკრეაციო ზონაა. პარკში გაისეირნებენ და ამის შემდეგ შემოვიდოდნენ, ატრაქციონებზე ითამაშებდნენ. ამ პერიოდში აქვე, ადგილზე იქნებოდა მინითეატრი, სადაც წარმოდგენები დაიდგმებოდა. ასევე შიგნითვე შეიძლება საბავშვო კვებითი ობიექტის მოწყობა, სადაც ბავშვები დაისვენებდნენ. ამავე დროს, უნარშეზღუდული ბავშვებისთვის აქციების გაკეთება შეიძლება და ა. შ. ანუ დატვირთვა ისეთი იქნებოდა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. აი, ამ ელემენტარული მიზეზის, გზის უქონლობის გამო, ამას ვერ ვახორციელებ. თავიდავე, გამოძალვისას, ასე მითხრეს, _ შენ რა, ბიძინასგან ფულის შოვნა გინდაო?

_ ამას ვინ გეუბნებოდათ?

_ ეს ჯონი თაყნიაშვილმა მითხრა. მოკლედ, ბიძინას უთქვამს, _ მაგას ჩემზე ფულის შოვნა ხომ არ უნდაო? მანდ არაფერს ავაშენებინებ, აგურს აგურზე არ დავადებინებო.

_ დღეს გამოსავალი რა არის?

_ პირველ რიგში, ეს საკითხი საჯარო უნდა გახდეს და ივანიშვილმა იცოდეს, რომ საქართველო მისი ბოსტანი არ არის, ყველაფერი ფულზე არ იყიდება. არ შეიძლება, რომ მხოლოდ მას და მის შვილებს ჰქონდეთ სიკეთე ამ ქვეყანაში. ეს სიკეთე ჩემს შვილებსაც უნდა ჰქონდეთ. უბრალოდ, ერთს დავამატებდი: როდესაც ის პირველი მიწის ნაკვეთი გავასხვისე, 2 ათასი კვ.მ. (ძალიან იაფად მივეცი), ჩემი გათვლა ის იყო, რომ კაცს ვერ ნახავდით, ვინც ბიძინაზე რამე ცუდს იტყოდა. მერე მისმა გუნდმა რაც გამიკეთა, მაშინ არ მჯეროდა, რომ ეს ბიძინასთან შეთანხმებული იქნებოდა, ამას ვერ დავუშვებდი, იმდენად დადებით ადამიანად მყავდა წარმოდგენილი. დღეს უკვე ბიძინა ის აღარ არის! ჩემთვის ახლა ნათელი გახდა, რა ტიპის პიროვნებათან გვაქვს საქმე.

მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით რაც მეკუთვნის, ის უნდა მივიღო, _ აუცილებელი გზა ჩემივე მიწის ნაკვეთებთან. ეს გზა არსებობს, მოასფალტებული სტადიონიდან შემოდის და ჩემს ნაკვეთამდე მოდის. ერთგან გვერდზე გაივლის და მეორეგან ჩემთან მოდის. ამით ჩვეულებრივად ვსარგებლობ. უბრალოდ, მათი ოფიციალური თანხმობა მჭიდება, რომ ამ გზით ვისარგებლო. დღემდე არ მაძლევენ, რითაც კანონს პირდაპირ უგულებელყოფენ და იგნორირებენ. მე მხოლოდ გზა მჭირდება.

 

 

                                                                                                      გელა მამულაშვილი