ბიძინა, ტელევიზორები, მაცივრები და მერაბიშვილი…

vr

გასულ კვირას (14 ივნისი) ექსპრემიერი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის, ონლაინგამოცემებისა და რადიოს 60-მდე წარმომადგენლის კითხვებს, შეძლებისდაგვარად, უპასუხა. ტექნოპარკში გამართული ღონისძიების კულმინაცია იყო „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის _ ელისო კილაძისა და ყველაზე გავლენიანი ქართველის უშუალო კომუნიკაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში. შესაბამისად, ამ მასალაში, სხვა თემებთან ერთად, სწორედაც რომ ელისო კილაძის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის პასუხზე გავამახვილებთ ყურადღებას ტელევიზორებთან და მაცივრებთან დაკავშირებით…

სტატიის დასაწყისშივე ვდებ პირობას, რომ კორპორაციულ ინტერესებზე მაღლა ობიექტურობას დავაყენებ, რომელიც მოითხოვს ითქვას, რომ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები ამ შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. იქამდე, რამდენიმე დღით ადრე კი, სოციალურ ქსელებში ერთგვარი პროგნოზებიც კეთდებოდა; საზოგადოებას აინტერესებდა, ვინ გაიმარჯვებდა, _ ჟურნალისტი, თუ ჟურნალისტებთან კინკლაობით ცნობილი მილიარდერი? ვინაიდან მე „ქრონიკა+“-ის გუნდს წარმოვადგენ, რასაკვირველია, თავს შევიკავებ ჩემი კოლეგისა და ხელმძღვანელის მისამართით გაკეთებული კომპლიმენტებისგან და ივანიშვილის ენითვე რომ ვთქვათ (ერთ წინადადებაში), საზოგადოებას მივანდობ იმის განსჯას, თუ ვინ მიიჭირხვნა ზემოთ ხსენებულ ორ სუბიექტს შორის. ამ წინასაარჩევნოდ აგონიაში მყოფი ხელისუფლების არაფორმალური მმართველი მედიასთან რომ გააქტიურდა, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ პირველი არხის სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუს მსვლელობისას (2016 წლის 2 ივნისი) რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტს, სალომე ასათიანს, ივანიშვილმა პროფესიონალიზმი დაუწუნა, შენიშვნები მისცა და გააფრთხილა, _ არაფერი ამოჭრათო. გადაცემა „ინტერვიუ“ (რომელიც რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია) ხელისუფლების მომხრეებში დიდი ჟრიამულის მიზეზი გახდა. სალომე ასათიანზე „გამარჯვება“ „მეოცნებეებმა“ მთავრობის სისუსტეების გადასაფარავად ერთობ სარფიანად გამოიყენეს. ზოგადი პათოსი _ მოუმზადებელი ჟურნალისტი _ მართალი ბიძინას პირისპირ უსუსურად გამოიყურება, ამავე რიხით გაგრძელდა ტელემედიის წარმომადგენლებთან გამართული მასშტაბური შეხვედრის შემდეგაც. პედაგოგიურ-აღმზრდელობით ტონალობაში საუბარი (შოუს ელემენტებით) პურს მოკლებული პუბლიკისთვის ნამდვილ სანახაობად იქცა. სამწუხაროდ, არსებულ პრობლემებზე პასუხების მოსმენის ნაცვლად ივანიშვილის მედიასთან შეხვედრა იმავე ჟურნალისტებთან პაექრობით სრულდებოდა, საიდანაც ოლიგარქი მუდამ თავდაჯერებული გამოდიოდა, თუმცა ნათქვამია, _ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანსო. ჰოდა, უკვე მესამე რაუნდში ელისო კილაძის პირისპირ მდგარმა მილიარდერმა პიროვნული სისუსტე გამოავლინა და მოიქცა ისე, როგორც ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა რადიკალი აქტივისტები იქცევიან, _ უტაქტო პასაჟებით მან ელისო კილაძე მომგებიან პოზიციაში ჩააყენა, უარგუმენტოდ დარჩენილ ნომერ პირველ „მეოცნებეს“ არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ აგრესიაზე გადასულიყო. რატომ გაღიზიანდა ღონისძიების მთავარი გმირი? მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს საქართველოში ნამდვილად არ ვუჩივით. დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში ხომ ივანიშვილს ყველა ჭუჭრუტანიდან, ყველა არხიდან, ყველა მედიასაშუალებიდან დაუფარავად აკრიტიკებენ?!

მთავარ „მეოცნებეზე“ და მის გუნდზე ინტერნეტ-ქსელებში, ძირითადად, ნეგატიურ ინფორმაციებს შეხვდებით; მთავრობის უნიათობაზე საუბრობენ დედაქალაქის ქუჩებში, სოფლად, მთასა და ბარში; მისდამი უკმაყოფილებას გამოთქვამენ წამყვან არხებზეც და შედარებით მცირე მასშტაბის მედიასაშუალებებში, _ „ობიექტივიდან“ დაწყებული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით დამთავრებული. მოქმედ ხელისუფლებას კოჰაბიტაციის გამო საყვედურობენ ვლადიმერ ბედუკაძის საგენტო „თბილისი 24“-ის გვერდებიდანაც კი, შესაბამისად, რთული დასაჯერებელია, რომ დიადს ნაწილობრივ მაინც არ ჰქონდეს წარმოდგენა რეალობასთან მიახლოებულ სურათზე, როგორ დაფილტრულადაც არ უნდა მიაწოდონ ინფორმაციები ზოგადი განწყობებიდან გამომდინარე. მაშ, რატომ გამოჰყო „ქრონიკა+“? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პასუხი საკმაოდ მარტივია, _ ივანიშვილს ძალიან აწუხებს ის პუბლიკაციები, რომელიც ჩვენთან იბეჭდება. ყველაზე გავლენიანი ქართველი კომფორტის ზონიდან სწორედაც რომ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს გამოჰყავს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტებთან მუდამ ოპონირების რეჟიმში მყოფ პერსონას, რომელიც საჯაროდ გამოგვიტყდა, რომ უხეშ პროპაგანდისტულ ძალად მოგვიაზრებს, „ქრონიკა+“-ის რედაქტორის მიერ დასმულ კითხვაზე მის მიერვე გაცემული პასუხის პასუხს ვაძლევ: „მეოცნებეებისთვის“ ერთობ სადავო კითხვაზე ელისო კილაძე თავად მოახდენს რეაგირებას, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ამ მასალაში უკვე გაცემული პასუხის ანალიზს გთავაზობთ. მავანს, მორიგ ჯერზე, უსაფუძვლო პრეტენზიებისა და ინსინუაციების საფუძველი რომ არ მივცეთ, მოვლენებს სტენოგრაფიული სიზუსტით მივყვეთ. მხოლოდ მშრალი ფაქტები შეფასებების მიღმა და თუ, მაინცდამაინც, ჩემი პირადი მოსაზრების გაჟღერებას საჭიროდ მივიჩნევ, ამასაც ხაზს გავუსვამ და პირად პოზიციებს ფაქტებისგან შეულამაზებლად გავმიჯნავ. მაშ, ასე! _ დავიწყოთ: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ივანიშვილის პირისპირ კითხვა დასვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის _ ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გადაწყვეტილება ახალი გამოქვეყნებული გახლდათ, რის გამოც ინფორმაცია შესაბამისად დამუშავებული და გაშლილი არ იყო. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების შეფასებები ამ საკითხზე საზოგადოებას ჯერ კიდევ არ მოესმინა, მაგრამ ტექნოპარკის მთავარ დარბაზში მჯდომ მასპინძელს უკვე შენიშვნები ჰქონდა. შესაბამისად, ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე გთავაზობთ ამონარიდებს სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ტექსტიდან: „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან განთავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების, ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული~.

ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე (ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავეთანხმოთ, ან სულაც გავაკრიტიკოთ, შეგვიძლია ივანე მერაბიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზეც უსასრულოდ ვისაუბროთ; მე პირადად აქციებზე არაერთხელ გამიპროტესტებია ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობის უარყოფითი მხარეები) შეგვიძლია, იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაპატიმრებული ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი, იულია ტიმოშენკოც (რომელიც დღეს ისევ აქტიურ პოლიტიაკშია) არ მივიჩნიოთ პოლიტპატიმრად და ამავე ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლუცენკოს წარსულიც დავაყენოთ ეჭვქვეშ, მაგრამ ორი რამ ფაქტად რჩება: თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ჟურნალისტ ელისო კილაძეს პირადადაც გაუკრიტიკებია ნომერ პირველი ძალოვანი, თან ეს იმ დროს, როცა მას ქვეყნის ხერხემლად მოიაზრებდნენ მოქმედ თანამდებობაზე მოღვაწეობისას. მერაბიშვილის საქმიანობის უარყოფით მხარეებზე არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნებულა „ქრონიკა+“-ის საშუალებითაც, რითაც კიდევ ერთხელ გვიმხელია იგი. მეორე და მთავარი მოცემულობა გახლავთ თავად ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავისი ნიუანსებით აშკარა პოლიტიკური საქმის კვალიფიკაციას იძენს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მართალია, ენმ-ს ლიდერები საერთაშორისო საზოგადოების გავლენიან ჯგუფებთან კარგად მუშაობენ, თუმცა ამ დონის ინსტიტუციის გადაწყვეტილებებზე „ნაცები“ ზეწოლას ვერ მოახდენენ და ვერც ვერავის მოისყიდიან…

ახლა კი სტრასბურგიდან თბილისში გადმოვინაცვლოთ: 14 ივნისი, ტექნოპარკი, დაახლოებით დღის პირველი საათი. რეპლიკების, საყვედურებისა და უმოტივაციო პარალელების გავლების შემდეგ უცვლელად გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის პასუხის ერთ ძირითად ნაწილს (სტილი დაცულია, _ რედ.): „ჩვენ ერთი რამ ნუ დაგვავიწყდება ახლა მერაბიშვილთან დაკავშირებით, რაღაც კითხვა აღიძვრის, მოსახლეობას მაინც განმარტება მივცეთ; სტრასბურგის სასამართლოს უდიდესი პატივისცემით, რა თქმა უნდა, მეც და ხელისუფლებაც, ყურადღებით მოეკიდება, ყველა მინიშნებას, მაგრამ ჩვენ საქართველოში ხომ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა და ყველაზე კარგად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენ, ვინ იყო მერაბიშვილი და რა იყო, ყველაზე კარგად და ახლა იქიდან როგორც არ უნდა მიგვითითონ, რომ ის პოლიტპატიმარია, ძალიან უცნაური იქნება და ცუდ დღეში ჩაიგდებენ თავს თუ იქ „ნაციონალებმა“ მოახერხეს სიცრუის ტირაჟირება და შეცდომაში შეიყვანეს, მაგას პასუხი გაეცემა, ვთქვათ, შესატყვისი. კიდევ შეგახსენებთ, ერთ-ერთი განცხადებები მაგის მსგავსი, არა სასამართლო, არ მინდა, ამათ გავუტოლო, მაგრამ მახსოვს, ახალი მოსული ვიყავი პოლიტიკაში, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, ამერიკის საელჩოში იყო დღესასწაული და იქ დამიჭირეს ჟურნალისტებმა, მარტესი იყო ასეთი სახალხო პარტიის ლიდერი, მარტისმა თქვაო, ივანიშვილიო ტელევიზორებს და მაცივრებს ურიგებს მოსახლეობასო. მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, ჩვენი ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, თანაც. იქნებ, ერთი შემთხვევა მაჩვენოთ, რომელ ტელევიზორზე, რომელ მაცივარზეა საუბარი-მეთქი?“ თუ დაიბენით, ერთად გავაგრძელოთ გაშიფვრა ტექსტისა, რომელიც ივანიშვილის გონებში მომწიფდა. საერთოდაც, ივანიშვილი და აზრის გადმოცემა ეს მისი საჯარო გამოსვლების ცალკე ჟანრია, რაზედაც დღეს აქცენტს არ გავაკეთებთ და მხოლოდ შინაარსის კვლევაზე გადავალთ, _ რა სამკუთხედი შეკრა ოლიგარქმა სახალხო პარტიის ლიდერის, მაცივრებისა და მერაბიშვილის ხსენებით? ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2012 წლის 6 ივნისს კონტროლის პალატამ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს ბუკლეტებს ურიგებდა, სადაც თავიანთი სურვილების დაფიქსირებას სთხოვდა და შემდგომში მათ „მატერიალიზებას“. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევდა, რომ იკვეთებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც, მათი აზრით, გამოიხატებოდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების, ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში. სანამ ნათია მოგელაძის უწყება გენერალურ პროკურატურას მიმართავდა (სხვათა შორის, მოგელაძე, რომლისგანაც ოპოზიციაში მყოფმა კოალიციამ მტრის ხატი შექმნა, დღემდე სასათბურე პირობებში ჰყავთ), წინა დღით (2012 წლის 5 ივნისი) „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის წევრები დედაქალაქიდან ქუთაისში ჩავიდნენ და, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, სრულიად მშვიდ გარემოში დაიწყეს ბუკლეტების დარიგება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათი აქტივობა ცენტრალური არხების ობიექტივში მოხვდა: „ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი ოცნება, ისინი ჩაწერენ ამ ოცნებას. ადამიანმა რომ დაწეროს, ახლა, „ლამბორჯინი“ მინდა, ან ვილაო, ამას ჩვენ ვერ დავუკმაყოფილებთ, მაგრამ თუ უჭირს ვიღაცას და სარეცხი მანქანა უნდა, არანაირი პრობლემა არაა _ არჩევნებამდე მოხდება აუცილებლად“, _ განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გაკეთებულ კომენტარში აქტივისტმა მიშა მესხმა. „თუ ვინმეს უჭირს, ტექნიკით არის, რა, ოღონდაც რეალური რაც არის ის“, _ თქვა იმავე ტელეკომპანიასთან საუბრისას გაგა ამბროლაძემ. „ათ რიცხვში ვინც მოვა, ეს მოიხევა, აქ ჩაიწერება სახელი, გვარი, ის სურვილი და ოცნება, რა ოცნებაც ადამიანს აქვს, მერე გადახარისხდება და ვისაც ესაჭიროება, იმას დაეხმარებიან“, _ დაამატა მიხეილ ამაშუკელმა. სამივე რესპონდენტი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა, აქედან ორ მათგანს _ მესხსა და ამაშუკელს ოპოზიციურ წრეებში ძალიან კარგად იცნობდნენ და ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაშიც. რეპორტაჟს ქუთაისიდან დენთის კასრის გახეთქვის ტოლფასი მოვლენები მოჰყვა. მიუკერძოებლად რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენით დამფრთხალი მაშინდელი ხელისუფლება, იმ პერიოდში, საკანონმდებლო ბერკეტებს მკაცრად ამოქმედებდა _ ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების მისამართით დევნა იყო, ზოგჯერ კანონის, ზოგჯერ ე. წ. ზონდერების ხელით, რასაც „მეოცნებეთა“ ჯგუფებში სათავისოდ იყენებდნენ, წარმოაჩენდნენ რა საკუთარი გუნდის წევრებს, როგორც რეპრესირებულებს. პრინციპში, ამის მიზეზს სააკაშვილის ხელისუფლება მათ მუდმივად აძლევდა, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა სერიოზული განგაშის მიზეზი შემდეგ გარემოებათა გამო გახდა: ამა თუ იმ გუნდში თანაპარტიელის მიერ დაშვებულ მცირე შეცდომას თუ გადაცდომას, როგორც წესი, გვერდზე მდგომები არბილებენ და უფრო მეტად წარმოაჩენენ ოპონენტის ნაკლოვანებებს, აღნიშნულ შემთხვევას კი სახელისუფლებო მედიასაშუალებებისგან იმ დონის მასშტაბები მიეცა, ეს ფაქტი „მეოცნებეებისთვის“ ჩიხში შესვლის ტოლფასი იყო. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ყველაზე მდიდარი ქართველის კარზე, კოალიციის ბომონდი შეკრებილა და სიტუაციიდან გამოსვლის გეგმაზე დაუწყია მსჯელობა. შუშის სასახლიდან გამოჟონილი ინფორმაციების მიხედვით, აღნიშნულ საკითხზე ივანიშვილი, თურმე, ძალიან გაცხარებულა და მის მიერ ნაქირავებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, დროის მოკლე მონაკვეთში, ერთხმად მიუღიათ გადაწყვეტილება მიშა მესხისა და მისი თანმხლები პირების თხასავით გაყიდვასთან დაკავშირებით: „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, პარტიის რიგებიდან იმავე დღეს გარიცხეს. წინა დღით მაია ფანჯიკიძისა და თინა ხიდაშელის მიერ სპეციალურად ამ საკითხზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ეს ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ წევრები არ იყვნენ და ეს იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „კუდის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს პირები კი იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ისინი პარტიის რიგებიდან უკვე გაურიცხავთ. ასეთი რამ, ალბათ, სპეციალიზებულ უნივერსიტეტებსა და პოლიტიკურ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, როგორც უპრეცედენტო შემთხვევა. ვინაიდან „მეოცნებეებში“ ამ საკითხზე აზრები ძალიან გაიყო, ერთი ნაწილი ამბობდა, რომ მესხი და კამპანია მათი გუნდის წევრი იყო, მეორე ნაწილი (ხიდაშელი-ფანჯიკიძე) კი „კუდის“ ინფორმატორებად მოიხსენიებდნენ უკვე დაკავების პირას მყოფ თავიანთ აქტივისტებს _ ეს შემთხვევა, რასაკვირველია, კარგად გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ და 24-საათიან რეჟიმში აფრიალებდნენ ფოტო თუ ვიდეომასალას იმის დასამტკიცებლად, რომ მესხი, ამბროლაძე და ამაშუკელი ნამდვილად იყვნენ „ოცნების“ წევრები. აქვე დავაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციასაც აქტივისტ მიშა მესხთან დაკავშირებით: მე მასთან მეგობრობის არაერთი წელი მაკავშირებს და დადასტურებით შემიძლია იმის თქმა, რომ ის ოპოზიციური საქმიანობის პარალელურად არანაირ უწყებებთან არ თანამშრომლობდა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე არ ვიმყოფებოდი (იმ დროისთვის 30-დღიან სასჯელს ვიხდიდი ახალციხის დროებითი მიმაგრების იზოლატორში, დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერი აქციის დროს, ქუჩის სავალ ნაწილზე პლაკატით ხელში გადაადგილებისთვის), შემიძლია პირადი მოსაზრების დონეზე განვაცხადო, _ მიშა მესხს პროვოკაციის მოწყობა ჩაფიქრებული არ ექნებოდა, ვინაიდან ის კოალიციის მართლაც რომ გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. მესხს თვითნებურად რომც ემოქმედა კამპანიის ფარგლებში, ამის შესახებ გვერდზე მდგომი ადამიანები აუცილებლად შეატყობინებდნენ პარტიის ზედა ეშელონებს, ამიტომ თავიდანვე გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ბუკლეტები რამდენიმე ადამიანმა თავისი ხარჯით დაბეჭდა და დაარიგა. აქვე ჩემს შეფასებებზე მეტად საინტერესოა ისიც, რომ გაწირულ აქტივისტებს, პოლიტიკოსების რეაქციებიდან გამომდინარე, არც თანატოლები დაუდგნენ გვერდით. მაგალითისთვის გავიხსენოთ მიშა მესხის ბავშვობის დროინდელი მეგობრის, ცოტნე ზურაბიანის ვიზიტი „პალიტრის“ ეთერში: „(2012 წლის 20 ივნისი, გადაცემა „პროვოკატორი“) თქვენმა წევრებმა ჩემთვის გაუგებარი განცხადებები გააკეთეს, რის გამოც ისინი არიან დაკავებულები, თუმცა როგორი იყო „ქართული ოცნების“ რეაქცია? ისინი გარიცხეთ ხომ, მგონი? აქვე: ეს არის თქვენი გვერდში დგომაო? _ წერენ კომენტარებში“. ჟურნალისტის გვერდით, ლურჯ მაისურში მჯდომმა რესპონდენტმა საპასუხოდ ასეთი რამ თქვა: „ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მათი განცხადებები აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ გახლდათ „ქართულ ოცნებასთან“. ეს იყო ძალიან არაკომპეტენტური და უსაფუძვლო განცხადებები. არ ვიცი, ეს მათ თავიანთი ინიციატივით მოუვიდათ? ის, რაც მათ გააკეთეს, ეს იყო უპასუხისმგებლობა. არც ერთი სიტყვა უკანონო პატიმრობაზე, არც ერთი წინადადება არ თქმულა რეპრესიებზე, დაკავებული მეგობრისა და თანაპარტიელის დაგმობა! _ ეს ზურაბიანია. გავაგრძელოთ: მიშა მესხთან ასევე ახლო მეგობრულ კავშირში მყოფმა დავით ფაცაციამ, რომელიც ზურაბიანთან გააფთრებულ შიდაომებს აწარმოებდა, საერთოდ დუმილის უფლება გამოიყენა და „საოცნებო“ ბუკლეტების დარიგების გამო ციხის გზას გაყენებული ახალგაზრდები არ დაიცვა არც პარტიის შიგნით და არც საჯაროდ. ფაცაციას მხრიდან გამოხატული სოლიდარობა სასამართლო პროცესებზე დასწრებით გამოიხატა, არადა, მას გუნდში ლიდერობა სურდა. მოგვიანებით, ბრძოლამ შედეგი გამოიღო და იგი გუნდის მმართველი გახდა კიდეც, მაგრამ ფაცაციაზე წინა ნომერში ვისაუბრეთ, ამიტომ მასზე საუბრით მეტად აღარ დაგღლით, ახლა კი გავაგრძელოთ ანალიზი იმისა, თუ რატომ შევიდა „ქართული ოცნება“ ჩიხში ამ საქმესთან მიმართებით? არაერთი გარემოებიდან ძირითად ფაქტორებზე გავამახვილოთ ყურადღება: 1. ივანიშვილის დაქირავებულ პოლიტიკოსებს მამა-მარჩენლისგან რისხვა არ ასცდებოდათ იმ შემთხვევაში, თუ მისი გეგმები ჩაიფუშებოდა და ამის გამო მილიარდერს თითს დაუქნევდნენ;

2. თუ „მეოცნებეები“ საჯაროდ არ დაგმობდნენ თავიანთ აქტივისტებს და საერთაშორისო საზოგადოება თავად ოლიგარქს დაადანაშაულებდა ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაში მხილებული თანაგუნდელების დაცვით; 3. აქტივისტებიდან სრულად გამიჯვნა ვერ ხდებოდა, რადგანაც მათ ბუკლეტების დარიგების პროცესში „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ, კადრებში ნათლად ჩანდა ფონზე მდგარი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ავტომობილი და ახლო ხედზე დაფიქსირებული „სოციალური ბუკლეტები“, რომელსაც პარტიული სიმბოლიკა ამშვენებდა. აღნიშნული პირები არ მოქმედებდნენ ინდივიდუალურად, ისინი ნამდვილად იყვნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის წევრები; 4. გამიჯვნა რომც ეცადათ, აქ იყო მთავარი საფრთხე, _ სააკაშვილის რეპრესიებით დაშინებული ახალგაზრდები, რომლებიც ივანიშვილის გაჩაღებულ კამპანიაში მასებად ჩაერთვნენ, შეიძლებოდა დამფრთხალიყვნენ, ვინაიდან ერთი შემთხვევის მაგალითზე ისინი ვერ დაინახავდნენ მხარდაჭერას იმ გუნდიდან, რომლის რიგებშიც იბრძოდნენ; 5. თუ პარტიიდან სრულად გაემიჯნებოდნენ მესხს, ამბროლაძეს, ამაშუკელს და მათ მკაცრად დასჯას შეთანხმებულად მოითხოვდნენ, ამ შემთხვევაში ცუდსა და უარესს შორის არჩევანს უარესის სასარგებლოდ გააკეთებდნენ, ვინაიდან ასეთი ფლაერები სხვა ადგილებშიც იყო დარიგებული საჯაროდ. ამ ტიპის აღიარებითი ჩვენებით, ფაქტობრივად, ათობით მომხრეს თავად აჭერინებდნენ სააკაშვილის კონტროლირებად უწყებებს. ვითარებამ პოლიტიკური, იურიდიული და ადამიანური თვალსაზრისით რთულზე რთული განვითარება მიიღო. ნერვული დაძაბულობის, დაბნეულობისა და სხვადასხვა გათვლის შედეგად, დროის მოკლე მონაკვეთში, ვერ მოხერხდა შეთანხმებული განცხადებების გაკეთება და ყველაფერი ერთად დატრიალდა _ უარყოფაც, თანაგუნდელების დაგმობაც, „მეოცნებეების“ ნაწილის მხრიდან სოლიდარობის გამოცხადებაც (ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, თეო წულუკიანი, _ ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი), კრიტიკაც და საყვედურებიც დაპატიმრებულების მიმართ. ჟურნალისტის კითხვაზე: დაიცავენ თუ არა ივანიშვილის ადვოკატები კოალიციის დაკავებული აქტივისტების ინტერესებს? მაშინდელმა პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ვიქტორ დოლიძის კომენტარიდან გამომდინარე შევიტყვეთ, სანამ სიტუაციაში უკეთ გაერკვეოდნენ, არ იყო ცნობილი, ეს პირები იყვნენ თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები. მოგვიანებით, ყველაფერი გაირკვა და აღმოჩნდა, რომ ეს სამი ახალგაზრდა პარტიის წევრი იყო და ისინი პარტიიდან გარიცხეს.

პარადოქსია, თუმცა ფაქტია, _ იმ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულმა მედიასაშუალებების ნაწილმა ერთ მომენტში მიხეილ მესხის მხარეც კი დაიკავეს (მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღით ადრე მას და მის მეგობრებს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებაში ამხელდნენ პროკურატურის ტონალობაში), შექმნეს რა ურჩხული თინა ხიდაშელის სახით. ენმ-ს ლიდერებმა „საოცნებო ბუკლეტების“ ისტორია სათავისოდ გაამუქეს და საერთაშორისო ტრიბუნიდან იმაზე საუბარი დაიწყეს, რომ ივანიშვილი ამომრჩევლებს მაცივრებსა და ტელევიზორებს ჰპირდებაო, თუმცა ეს საქმე კონტროლის პალატის, „რუსთავი 2“-ისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი მუშაობით გახმაურდა, მაგრამ ვერაფრით შევკარი ბერმუდის სამკუთხედი წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ ივანე მერაბიშვილს, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ვილფრედ მარტესსა და მაცივრებს შორის. მერაბიშვილი ამჟამად სასჯელს იხდის: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხის გაფლანგვის, 2011 წლის 26 მაისს მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. თუ ივანიშვილს მის დანაშაულებებზე ადეკვატურად საუბრის სურვილი ჰქონდა, პირველ რიგში, 26 მაისი და სანდრო გირგვლიანი უნდა გაეხსენებინა იქამდე, სანამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაირსახეობებს ჩამოთვლიდა. ალბათ, მხოლოდ მას შეუძლია გაიხსენოს ტელევიზორი და არ გაიხსენოს მისსავე გუნდისგან გაწირული სამი ახალგაზრდა, რომლებმაც 2012 წლის 5 ოქტომბერს დატოვეს საკანი. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში ენმ დარჩებოდა, მათ არაერთი წლის გატარება მოუწევდათ საპყრობილეში. ალბათ, მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია გაიხსენოს ტელეკომპანია „რეალტივი“ კილაძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც იქამდე დაიხურა, სანამ „ქრონიკა+“ იარსებებდა. მხოლოდ მას შეუძლია უაპელაციოდ დააკავშიროს წარსულში არსებული ტელეკომპანია ელისო კილაძესთან, რომელსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია ამ არხის სულისჩამდგმელი და იდეოლოგი გურამ დონაძე. ალბათ, ყველაზე გავლენიანი ქართველისთვის ძალიან ადვილია გაიხსენოს ბევრი რამ, ისე რომ არ ისაუბროს საკუთარ ჩავარდნებზე. ბატონო ბიძინა, გაიხსენეთ მერაბიშვილი! გაიხსენეთ მისი დანაშაულებრივი ქმედებები! ეს კარგია, მაგრამ ასევე გაიხსენეთ ისიც, თუ როგორ დაუდგნენ გვერდით მას თანაგუნდელები და, თქვენგან განსხვავებით, მაცივრებისა თუ ტელევიზორების დაპირების გამო დაკავებული ახალგაზრდების მსგავსად, ზურგი არ უქცევიათ ბევრად მძიმე დანაშაულებებში მხილებული ხერხემლისთვის.

 

                                                                                                              ზაზა სვანაძე