ტარიელ მურმანიშვილი: „მივმართავ პარლამენტარებს _ ვოლსკის და ჭკუასელს: ნუ ლობირებთ დამნაშავეს, თორემ ცუდად შემოგიბრუნდებათ!“

t11

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი, რომელიც 2011 წელს ციხეში აღმოჩნდა და 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა, მის უკანონოდ დაჭერაში ანა ბალამწარაშვილს ადანაშაულებს, რომლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვდება. ამის თაობაზე მურმანიშვილმა „ქრონიკა+“-ის მკითხველს ინფორმაცია წინა ნომერში მიაწოდა. დაპირებისამებრ, ამჯერად ადვოკატი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკითხველს უყვება, თუ როგორ მიაღწია წარმატებას ანა ბალამწარაშვილმა და როგორ მოიპოვა ქონება.

 

ტარიელ მურმანიშვილი:

_ „ქრონიკა+“-ის მკითხველებს შევპირდი, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას მივაწვდიდი, ამიტომ ვასრულებ პირობას და გაგაცნობთ ჩემს ხელთ არსებულ, დოკუმენტურად დასაბუთებულ ინფორმაციას.

წინა ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ანა ბალამწარაშვილი ბელგიელი ბიზნესმენის, ემილ რენიერს ლუის ლეოპოლდის წარმომადგენელი გახლდათ, რომელსაც საქართველოში გარკვეული საქმეები უნდა ეწარმოებინა. როგორც გითხარით, როდესაც რენიერსს საადვოკატო მომსახურება გავუწიე, შედეგად მას ის მილიონ ნახევარი ლარი სრულად აუნაზღაურდა, რაც ბიუჯეტში ლიცენზიების მოსაპოვებლად გადაიხადა, ოღონდ დავა არ მიმდინარეობდა სახელმწიფოთან, ვედავებოდით კერძო პირს, რომელმაც ხელშეკრულება არ შეასრულა. იმ პიროვნებამ ზიანი ფულის სახით არ აანაზღაურა, არამედ _ უძრავი ქონებით. კერძოდ, მათ ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის #6-ში, 18 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უძრავი ქონება ჰქონდათ, რომელზედაც 7000 კვ.მ.-ის ფართზე რამდენიმე შენობა-ნაგებობა იყო განთავსებული. გავაკეთეთ ისე, რომ ეს უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რენიერსის სახელზე დარეგისტრირდა. რენიერსს მხოლოდ ეს შენობები კი არ დავუბრუნეთ, არამედ მას გადაეცა ხე-ტყის ბიზნესის წარმოებისთვის შეძენილი მანქანები, ტრაქტორები, ასევე ტრანსპორტის სახეობა „ტ100“ და სახერხი საამქრო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. ეს მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების იყო. როგორც ადრე გითხარით, შემდეგ ანა ბალამწარაშვილმა ბრალი დამდო და დამაპატიმრეს. როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ბალამწარაშვილს შეეშინდა, რომ მას გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებოდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მფარველად აღარ ჰყავდა. 2011 წლის 27 ოქტომბერს ბალამწარაშვილმა რენიერსს ბელგიაში გამოართვა ნოტარიუსით და აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა, რომ ის მისი წარმომადგენელი იყო და საქართველოში მის სახელზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის უფლება ჰქონდა, ოღონდ რენიერსთან შეთანხმებით. როგორც გითხარით, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბალამწარაშვილს მფარველები აღარ ჰყავდა და „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში, ჰაერში რომ არ დარჩენილიყო, მოძრაობა დაიწყო, რომ რენიერსის ქონება მიეთვისებინა და თავის სახელზე დაერეგისტრირებინა. მართლაც ასე მოიქცა. 2012 წლის 22 ოქტომბერს და შემდეგ 23 ნოემბერს ისარგებლა რენიერსის მიერ გაცემული მინდობილობით და ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთარ სახელზე მთლიანად გადაიფორმა ახვლედიანის ჩიხში არსებული ეს 18 000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და 7000 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. გადაფორმებას რამდენიმე ეტაპი დასჭირდა, აგრეთვე დაეპატრონა აწყურის მანქანა-ტრაქტორებს და საამქროს. ვიდრე გადაიფორმებდა, ასეთი სიტუაცია განვითარდა: როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, 2012 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ყოფნისას ბალამწარაშვილს რენიერსმა უთხრა, რომ მას გაუქმებული ჰქონდა 2011 წელს ბელგიაში გაცემული მინდობილობაც და, საერთოდ, ყველა მინდობილობა, რომელიც საქართველოში და ბელგიაში გაიცა, ამიტომ ბალამწარაშვილს არ შეეძლო, რაიმე უფლებები განეკარგა. ბალამწარაშვილმა მაშინ, როდესაც იცოდა, რომ ეს მინდობილობები გაუქმებული იყო, ქონებები საკუთარ სახელზე გადმოიფორმა. ეს ქალბატონი ამასაც არ დასჯერდა, შეეხმიანა რენიერსს და უთხრა, _ საქართველოში შენს საქმეზე პრობლემები შემექმნა (ეს გადმოცემით ვიცი რენიერსის ბელგიელი წარმომადგენლისგან), მფარველები აღარ მყავს, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, პროკურატურა შენ გამო მიჭერს, 50 000 ევრო უნდა გადმომიგზავნო, რომ თავი დავიცვა და ამ სიტუაციიდან გამოვიდეო.

_ ნამდვილად დევნიდნენ?

_ აგიხსნით: რენიერსი შეშინდა, საქმის ვითარებით დაინტერესდა და საქართველოში ჩამოვიდა. აიყვანა ადვოკატი, მივიდა საჯარო რეესტრში და თავისი ქონებების ამონაწერი გააკეთა. აღმოჩნდა, რომ ანა ბალამწარაშვილს ეს ქონებები რამდენიმე ნაწილად ჰქონდა გამიჯნული, აქედან 10 000 კვ.მ., ე. ი. 1 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 3500 კვ.მ. შენობა-ნაგებობები თავის სახელზე ჰქონდა გაფორმებული ფიქტიურად, თითქოს იმის მიხედვით, რომ რენიერსისგან გაუქმებული მინდობილობით იყიდა. ამავე მინდობილობით რამდენიმე ეტაპად გაასხვისა ქონებები ვინმე ზურაბ ღოღობერიძეზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს. დღევანდელი მონაცემებით, საჯარო რეესტრში ასეა დაფიქსირებული. რენიერსი სახტად დარჩა, ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დავა დაიწყო ბალამწარაშვილის წინააღმდეგ. რამდენიმე სამართლებრივი დავა აწარმოა. პირველად განცხადებით მიმართეს პროკურატურას, რომ ეს ქალი თაღლითია, გაუქმებული მინდობილობით მიითვისა ჩემი ქონებები, მომატყუა და გთხოვთ, მის მიმართ გამოძიება დაიწყოთო; მეორე: სამოქალაქო სარჩელი წარადგინეს სასამართლოში ფიქტიურ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე და მისი გაუქმება მოითხოვეს; მესამე: საჯარო რეესტრში განცხადება დაწერა, რომ ყველა მინდობილობა, მათ შორის, 2011 წლის ოქტომბრის, რომელიც ბალამწარაშვილზეა გაცემული, როგორც ბელგიაში, ასევე საქართველოში, გაუქმებულია და თუ განცხადებას მოიტანს, რომლის საფუძველზეც ჩემი სახელით რამის განხორციელებას მოითხოვს, არ შეასრულოთო. მთელი მონაცემების თაიგულია შეკრული. მართლაც დაიწყო დავა სასამართლოში, რენიერსმა ეს პროცესი ნაწილობრივ მოიგო. მე მაქვს თბილისის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ დავებს იხილავდა.

_ რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

_ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვიგებთ, რომ ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რენიერსის სარჩელი. კერძოდ, გააუქმა ნასყიდობის ხელშეკრულება ბალამწარაშვილისა და რენიერსის სახელზე 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და 3500 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ეს მოხდა ფიქტიურად, თანხა გადახდილი არ არის და ქონება რეგისტრირებული იყო ბალამწარაშვილის სახელზე. იმიტომ გააუქმა სასამართლომ ეს ხელშეკრულება, რომ ქონება ბალამწარაშვილის სახელზე იყო, მაგრამ დანარჩენი ორი ქონება, ვინაიდან უკვე ღოღობერიძეზე ჰქონდა გადაყიდული, კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ ნაწილში სასამართლომ ვერ შეძლო გაეუქმებინა ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ბალამწარაშვილსა და ღოღობერიძეს შორისაა დადებული და რენიერსმა ვეღარ აინაზღაურა სრულად მისი ქონება. ამ სასამართლო გადაწყვეტილებით ვიგებთ, რომ რენიერსი ბალამწარაშვილს ასევე ედავება 124 400 ევროს და მიუთითებს, რომ 2011-2012 წლებში, სხვადასხვა დროს, ბალამწარაშვილს საქართველოში ჩემი ინტერესების დაცვისათვის და მომსახურებისთვის გავუგზავნე ეს თანხა, რომელიც მან შემიჭამა, ბოროტად გამოიყენა და საქმე არ გამიკეთაო. ესეც კი დააკისრა სასამართლომ ბალამწარაშვილს ასანაზღაურებლად. სასამართლო დავები დაიწყო 2012 წლიდან და დასრულდა 2014 წელს. 124 400 ევროზე კიდევ მიმდინარეობს დავა, მაგრამ არ ვიცი, რა გზებით, ბალამწარაშვილმა სააპელაციო სასამართლოში კიდევ მიიტანა მინდობილობა, რომ თითქოს ის დღესაც რენიერსის წარმომადეგნელია და იმ დავაში, სადაც რენიერსს ბალამწარაშვილი მოწინააღმდეგე მხარედ ჰყავს მითითებული და ედავება, რომ ჩემი ვალი გაქვს და გამისტუმრეო, სააპელაციო სასამართლოში რენიერსის წარმომადგენლად აღმოჩნდა. დღეს ეს დავა რა მდგომარეობაშია, არ ვიცი, სავარაუდოდ, რენიერსი დაუთმობდა. გარდა ამისა, რენიერსის ბელგიელი წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის ცნობილია, რომ ბალამწარაშვილს ის ბელგიის პროკურატურასა და სასამართლოშიც ედავებოდა გარკვეულ თანხებს და მილიონ ევრომდე ზიანს დაობდა. ამაზე სიტყვიერი ინფორმაცია მაქვს, დოკუმენტი არ გამაჩნია და წყაროსაც ვუთითებ. ასეთი გზით შეიძინა მან ეს ქონებები. ბალამწარაშვილი ამის შემდეგ კიდევ ბედავს, რომ თქვას, არანაირი დანაშაულებრივი ქმედებები არ მაქვს ჩადენილიო. საქმიდან ნათლად ჩანს, რომ წარმომადგენელმა, რომელსაც რენიერსმა მისი ქონების საქართველოში მართვა დაავალა, მოატყუა და მისი ქონება მიითვისა. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის წევრებს _  გია ვოლსკის და თემურ ჭკუასელს: ასეთი პიროვნებაა ანა ბალამწარაშვილი! რასაც გაზეთში ვწერ, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს გახლავთ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. მან სწორედ ასეთი მაქინაციებით შეძლო ქონებისა და ფულის შოვნა, ამ გზებით მიაღწია წარმატებებს. ბატონებო, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი! თქვენ რომ ამის შესახებ გცოდნოდათ, არ დააჯილდოვებდით, როგორც უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ქალს, რადგან ადამიანი, რომელიც სხვების მოტყუებით ცდილობს ქონების მოპოვებას, ის წარმატებულად არ მიიჩნევა, რაც არ უნდა დიდი ფულის მქონე იყოს. ბატონებო, ნუ ლობირებთ ამ ადამიანს, შეცდომაში არ შეიყვანოთ ქართველი ამომრჩეველი, რომ ეს პიროვნება საქართველოს პარლამენტში არ მოხვდეს. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ თქვენ მას პროკურატურაში ლობირებთ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი პროკურატურაში, იქ მეგობრები მყავს და ინფორმაციის მოპოვება არ მიჭირს. თავი დაანებეთ ანა ბალამწარაშვილის გულშემატკივრობას, თორემ ცუდად შემოგიბრუნდებათ! აგრეთვე მინდა მათ ვაცნობო, რომ ბალამწარაშვილი სულით ხორცამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე იყო, ამის მოწმე პირადად ვარ, მას ლობირებდა და მფარველობდა რომანოზ ბჟალავა, სულ ერთად იყვნენ და მისი მეშვეობით მფარველობდნენ მურთაზ ზოდელავა, ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი. არ შეიძლება, ასეთი პიროვნება პარლამენტში მოხვდეს, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა. საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა იყოს მაღალი ღირსების ადამიანი, სუფთა წარსულის მქონე და განათლებული პიროვნება, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა შეძლოს. თუ პარლამენტში ასეთი ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც თავის მარწმუნებლებს ატყუებენ, საკანონმდებლო ორგანო სწორად ვერ წარმართავს ქვეყნის საგარეო და საშინაო საქმეებს. აგრეთვე მინდა გავაჟღერო ასეთი ინფორმაციაც: ტელევიზიით გავიგე, ბალამწარაშვილი ამბობს, ბელგიაში „სახალხო პარტიის“ წევრი და თვალსაჩინო წარმომადგენელი ვარო, ეს მხოლოდ მისი სიტყვებია და არაფრით დასტურდება. ერთ გარემოებაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო: ვინც ბალამწარაშვილთან ერთად მუშაობდა: ადვოკატად, წარმომადგენლად, ან დაცვაში, ყველას, რატომღაც, ცუდი რამ გადახდა თავს.

_ დააკონკრეტეთ…

_ მისი ადოკატი იყო ბონდო ვათიაშვილი, ჩემამდე იცავდა, ეს ადამიანი დაიჭირეს, თუმცა დაჭერის მიზეზი არ ვიცი. მე, როგორც მისი ადვოკატი და კახაძე, ჩემი მეგობარი, რომელმაც ბალამწარაშვილი გამაცნო, მისი ცრუ ბრალდებებით ორივე ციხეში აღმოვჩნდით. როდესაც ციხიდან გამოვედით, ერთხელ მომიწია მასთან შეხვედრა, ორხევის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით იყო დავა და ისევ აცხადებდა, რომ რენიერსის წარმომადგენელი იყო. იქ ბალამწარაშვილი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მოვიდა და ხელშეკრულება მოიტანა, რომ მისი დაცვის წევრები იყვნენ. ერთი გახლდათ ვაჟა ციცილოშვილი, შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და მეორე მსოფლიო ჩემპიონი ბრძოლაში წესების გარეშე გურამ გუგენიშვილი. აქედან ვაჟა ციცილოშვილი დღეს პატიმარია, გურამ გუგენიშვილი კიდევ ავარიით გარდაიცვალა(!!!). ეს ინფორმაცია, რატომღაც, ცუდად მენიშნა და ამიტომ აღვნიშნე, თორემ მე ეს არაფერს მაძლევს. ერთი ის ვიცი, რომ მე და კახაძე უდანაშაულოდ გაგვიმეტა ციხისთვის. ალბათ, იმის დროც დადგება, მიიღებენ კანონს, როცა შევძლებ, რომ სასამართლომ ჩემს საქმეს გადახედოს, როგორც პოლიტპატიმრისას. იქ ნათელი მოეფინება, რომ ანა ბალამწარაშვილმა ცრუ ჩვენებები მისცა ჩემ წინააღმდეგ და გამოძიება შეცდომაში შეიყვანა. რაც შეეხება ბალამწარაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს, მურმანიშვილმა დოკუმენტები დადოს, როგორ გამოსძალა რენიერსს ქონება და მის წინააღმდეგ დაობს, როგორც თაღლითიო. გაზეთის მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ როდესაც ციხიდან გავთავისუფლდი, როგორც პოლიტპატიმარი, რენიერსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დავიწყე. მას თავისი ადვოკატები ჰყავდა. სასამართლოში რენიერსი მომირიგდა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია. რენიერსი აღიარებდა, რომ ის მინაზღაურებდა ჩემ მიერ განხორციელებული ქმედების გამო მატერიალურ და მორალურ ზიანს _ მან ორხევში 1 ჰა მიწის ნაკვეთი და 3500 კვ.მ. შენობა-ნაგებობების 70% გადმომცა, რომელიც ჩემს სახელზეა დარეგისტრირებული. ეს არის დადასტურებული სასამართლო გადაწყვეტილებით და დადგენილი ფაქტია. ამას რენიერსი კი არ მედავებოდა, ზემოთ როგორც აღვნიშნე, ბალამწარაშვილმა, გაურკვეველია, როგორ მოიპოვა მინდობილობა და დავა დაიწყო, თითქოს მე, არაუფლებამოსილმა პირმა გადამიფორმა ქონება და არ მეკუთვნოდა, მაგრამ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ ბალამწარაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო, შემდეგ აღარ საჩივრდებოდა და დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული. ასე რომ, ბალამწარაშვილი ამ შემთხვევაშიც ცრუობს. იმასაც აცხადებს, _ როგორი პოლიტპატიმარია, რომელ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდაო? ამაზე, უბრალოდ, მეცინება. თუ წაიკითხავს, მიხვდება, რატომ ვარ პოლიტპატიმარი და რის საფუძველზე მომენიჭა ეს სტატუსი. ეს არ არის ერთი საქმე, კიდევ მაქვს სხვა ფაქტები.

საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებში ბალამწარაშვილის წინააღმდეგ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ამაზე ინფორმაციას „ქრონიკა+“-ის მკითხველს შემდეგ მივაწვდი.

 

                                                                                                                  თამარ ბატიაშვილი