ბესო შენგელია: ,,დავების საბჭო და თბილისის მერია ტენდერებით ფულს ათეთრებს!“

be2

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი _ ბესო შენგელია, „ქრონიკა+“-ს თბილისის მერიის იმ ტენდერებზე ესაუბრა, რომელიც დავის საგნად იქცა და ამის გამო დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომჩივნები ჰყავს.

 

ბესო შენგელია _ „აპრიორის“ ხელმძღვანელი:

_ საქმე ეხება ტენდერებს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებულ დავების საბჭოს, რომელსაც სპეციალური საიტიც აქვს და რასაც ახლა ვიტყვი, ყველაფრის ნახვა და გადამოწმება თავისუფლად შეიძლება. ამჯერად მოგიყვებით იმ დავებზე, რომელიც ამ საბჭოში თბილისის მერიის შესყიდვებზე იმართება. სწორედ ამ საბჭოში შეაქვთ საჩივრები ტენდერებთან დაკავშირებით და ის კომპანიები ჩივიან, რომელთაც დისკვალიფიკაცია მისცეს და ტენდერებიდან გააგდეს. საბჭომ შესული საჩივრები უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს ისინი. როგორც აღმოჩნდა, ამ წელს საბჭოში შესულ უამრავ ტენდერზეა დაწყებულია დავა საჩივრის გამო. ყველა უწყების სატენდერო დავებზე ქრონოლოგიურად მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა ამჯერად მხოლოდ თბილისის მერიას შევეხები და ვიტყვი, რომ 2016 წელს 32 ტენდერზე გაიმართა დავა ამ მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ. ზოგიერთ დავაში კი ხშირად რამდენიმე კომპანია მონაწილეობს.

_ სჯობს, კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ…

_ მერიამ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც ის ლენტიან კარტრიჯებს ითხოვს. საქართველოში ლენტიანი კარტრიჯები ერთადერთ ფირმას შემოაქვს. ის კომპანიები, რომლებიც ამ ტენდერში მონაწილეობდნენ, საჩივარში მერიას უწერენ: „თქვენ ხართ უნამუსოები, რადგან ჩვენს კარტრიჯებს არ აქვს ლენტა, ამიტომ არ გვაღებინებთ მონაწილეობას ტენდერში და მხოლოდ ერთ კომპანიას მიეცით საშულება, მონაწილეობა მიეღო!“ კითხვასაც უსვამენ, _ კარტრიჯს თუ ლენტა არ აქვს შემოკრული, ისე ვერ დაბეჭდავს? ჩვენ გაცილებით იაფად შეგვეძლო კარტრიჯების გაყიდვაო.

იცით, ეს როგორი საკითხია? ვთქვათ, თქვენ გვჭირდებათ მობილური ტელეფონით დარეკვა და ამისათვის მხოლოდ „აიფონ-6“-ს მოითხოვთ. არადა, სხვა ტელეფონითაც ხომ იგივენაირად შეიძლება საუბარი? კარტრიჯის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ დაბეჭდოს და თუ ის არ იქნება სპეციალურ შეფუთვაში და ლენტებშემოხვეული, ამით, ცხადია, არაფერი დაშავდება. ე. ი. თბილისის მერიას ახირება აქვს და მხოლოდ ამ შეფუთვაში იხდის გაცილებით მეტს? საქმე ის არის, რომ ეს ტენდერი მხოლოდ ამ ფირმისთვის გამოაცხადეს და ამას ყველა მიხვდა. აღნიშნული ფირმის უკან კი, ალბათ, „ვინმე“ დგას და ამის ამოცნობაც რთული არ არის.

დავების საბჭოში მერიის საწინაამდეგოდ დაწერილი 32 საჩივრიდან  დაკმაყოფილებულია მხოლოდ 4 საჩივარი. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია ასაჩივრებს, რომ კონკრეტულ ტენდერში არ არის გამოცხადებული სამწლიანი გამოცდილება. წერს, ჩვენ ორი წელი და 11 თვე გვაქვს და რატომ არ გვაძლევთ საშუალებას, ეს საქმე გავაკეთოთო? ერთ-ერთ ტენდერში მონაწილეობისთვის კი ითხოვდნენ, რომ ფირმას 200 ათასის სამუშაო უნდა ჰქონოდა განხორციელებული. ჩვენ ამ თანხის სამუშაო არ გვაქვს შესრულებული, 180 ათასი ლარის შევასრულეთ და 20 ათასი ლარის გამო მონაწილეობა რატომ არ უნდა მიგვეღოო? დავების საბჭომ, ძირითადად, მარტივი საჩივრები დააკმაყოფილა.

_ ამით რისი თქმა გინდათ, დავების საბჭო მიკერძოებულია?

_ მხოლოდ დავების საბჭოს ვერ დავადანაშაულებ, რადგან შეიძლება მას მერიამ უთხრას: არ მაინტერესებს არაფერი, ამ და ამ სატენდერო მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებსო. ეს მოთხოვნა კი ხშირად აბსურდულია. სიტყვაზე, ესა და ეს ფირმა აუცილებლად უნდა იცნობდეს ბესოს და ნელის, ან სხვა მსგავსი მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი, მათთვის სასურველი ფირმა თუ დააკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში დავების საბჭო ვერაფერს აკეთებს.

_ დავების საბჭოს არ აქვს რაიმე ბერკეტები, რომ როცა მართლაც ხედავს ტენდერში უკანონობას, გამოასწოროს და სამართლიანობა თავადვე აღადგინოს?

_ ისინი მხოლოდ მარტივ დავებს აკმაყოფილებენ, თანაც ისეთ ტენდერებზე, რომელშიც მერიას დიდი ინტერესი არ გააჩნია. ამით დავების საბჭო აჩვენებს, რომ თითქოს საქმეს აკეთებს, მაგრამ რომელ ტენდერშიც არის შემსყიდველის, ამ შემთხვევაში, თბილისის მერიის დიდი ინტერესი, იმ დავებს არ აკმაყოფილებს. ერთ-ერთი ელექტრონული ტენდერი 25 აპრილს დასრულდა, მაგრამ გამარჯვებულმა კომპანიამ საჩივარი დაწერა: იმ ტელეფონის ნომრით, რომელიც მითითებული გაქვთ, ვერ გიკავშირდებით და როგორ გავაფორმოთ ხელშეკრულებაო? პასუხი მიწერილი არ არის და როცა ამ ტენდერზე შევდივარ, არც ხელშეკრულებაა გაფორმებული. არადა, უკვე 2 თვეა გასული.

_ ეს რას ნიშნავს?

_ უფრო დეტალურად აგიხსნით: კომპანია „ლუმა დეველოპმენტმა“ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ქუჩაში სცენების მოწყობას და მსგავსი სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. თანხა საკმაოდ სოლიდურია _ 333 332 ლარი. ამ კომპანიამ მხოლოდ ერთი ლარით მოუგო „ლენ კომპანის“. ეს გასაოცარი არ არის, რადგან შეიძლება, რომ ტენდერი 50 თეთრის განსხვავებითაც მოიგო, მაგრამ ცხადია, კითხვა გაგვიჩნდა, _ რატომ არ უფორმებენ ხელშეკრულებას გამარჯვებულ კომპანიას აპრილის მერე?! მისი ყველა ინფორმაცია საიტზე დევს და მერიას მასთან პრობლემა არ გააჩნია, ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება და ა. შ. როცა „ლუმა დეველოპმენტზე“ ინფორმაცია მოვიძეთ, აღმოჩნდა, რომ მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ტენდერიდან ორი თვე გავიდა და არავინ იცის, რატომ არ აქვთ მასთან ხელშეკრულება გაფორმებული? აი, რას წერს „ლუნა დეველოპმენტის“ წარმომადგენელი, ოთარ თედორაძე:

„გაცნობებთ, რომ ჩვენ დაგიკავშიდით თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე: 2 37-85-68. თქვენი მხრიდან ვერ ხერხდება ხელშეკრულების ფაფორმება და გვაინტერესებს, საიტზე ატვირთული საბანკო გარანტია ხომ არ საჭიროებს კორექტირებას, ან ცვლილებას? გთხოვთ, ელექტრონულად დაგვიდასტუროთ, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადამდე დარჩენილია 1 სამუშაო დღე და თუ ეს საბანკო გარანტია საჭიროებს ცვლილებას, გთხოვთ, დროულად შეგვატყობინოთ~. მაგრამ აქ უკვე აღარ ჩანს, რა შეატყობინეს კომპანიას და რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება? ეს ხელშეკრულება რომ არსებობოდეს, საიტზე უნდა ჩანდეს, თუმცა აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იკვეთება: არსებობს კომპანია „შოუ სერვისი“, რომლის წარმომადგენელი დავით კოხრეიძე ამ ელექტრონული ტენდერის ირგვლივ საიტზე წერს: „გამარჯობა, ამ ტენდერში გამოცდილების მოთხოვნა ნიშნავს „ლენ კომპანის“ უალტერნატივო გამარჯვებას. რას წვალობთ, ან სხვას რას აწვალებთ? ბარემ, პირდაპირ ჩაწერეთ და ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. აღარ გვექნება ილუზიები კარგ ცხოვრებაზე“.

„შოუ სერვისის“ წარმომადგენელი იმ კომპანიაზე წერს, რომელსაც „ლუმა დეველოპმენტმა“ ერთი ლარით მოუგო. ამ კომენტარს გავყევით და აღმოჩნდა, რომ „ლენ კომპანის“, რომელმაც ერთი ლარით წააგო ტენდერი, სხვა სამუშაოც აქვს უკვე შესრულებული მერიასთან. ყველა ზემოთ ხსენებული ფაქტიდან გამომდინარე გაგვიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ მერიას თავიდანვე უნდოდა, „ლენ კომპანისთვის“ მიეცა ეს ტენდერი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ტენდერის დასრულების დროს თანხა ერთი ლარით შეცვალა და წააგო. მერიას სხვა გზა არ აქვს, ახლა „ლუმა დეველოპმენტს“ უნდა გაუფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ თან არ უფორმებს და აწვალებს, რადგან ეს კომპანია მათთვის არასასურველია.

ამ ორი წერილიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მერიას უნდოდა „ლენ კომპანის“ გამარჯვება და არა „ლუმა დეველოპმენტის“.

კონკრეტულ ფაქტებზე საუბარს გავაგრძელებ: დავების საბჭომ 6 საჩივარი არ მიიღო და დაუშვებლად ცნო. ერთი საჩივარი კი თავად შემტანმა გააუქმა. შემტანი საჩივარს აუქმებს ორი რამის გამო: მან დაასკვნა, რომ არასწორად ითხოვს რამეს, ან მას ვიღაცამ მოსთხოვა საჩივრის გატანა. საბჭომ 17 საჩივარი არ დააკმაყოფილა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ამ ფირმებს სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და აქვთ, ვთქვათ, 2 წელი 10 თვეო. ზუსტად 3, თუ 4-წლიანი გამოცდილება არაფერს ნიშნავს, რადგან ტენდერში მთავარია საქმის კეთება. ეს არის საბაბი და სხვა არაფერი.

ასევე მერიამ ტენდერი გამოაცხადა კოდით: 184 00000. დაკვეთის მიმღებს სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები უნდა შეეკერა დაცვის უსაფრთხოების სამსახურისთვის. პირველ შეთავაზებაში მონაწილეობდა 3 კომპანია: შპს „ნიმა“, „ტექსტილი+“ და შპს „სესე“. სამივე კომპანიამ ყველა რაუნდში ივაჭრა და ტენდერის ფასმაც, ცხადია, დაიკლო, თუმცა მოხდა ასეთი რამ: შპს „სესემ“ ყველაზე ნაკლები ფასი წამოაყენა ამ მომსახურებისთვის. მისი თქმით, სპეციალურ ტანსაცმელს მერიას 22 550 ლარად შეუკერავდა. შპს „ნიმა“ _ 22600 ლარად და „ტექსტილი+“ _ 24 840 ლარად, ანუ 2500 ლარით მეტად. კომპანია „სესე“, რომელმაც ტენდერი მოიგო, დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტების გამო. ანუ კომპანიას, რომელმაც მინიმალური ფასი შესთავაზა, დისკვალიფიკაცია მისცეს. თუ „სესემ“ ის მიზეზები ვერ მოაგვარა, რომლის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო, გამარჯვებული ხდება მეორე კომპანია, რომელმაც „სესეზე“ მეტი და „ტექსტილ+“-ზე ნაკლები შესთავაზა. ასეთი აღმოჩნდა შპს „ნიმა“, მაგრამ მასაც მისცეს დისკვალიფიკაცია და, საბოლოოდ, ტენდერი მოაგებინეს კომპანიას, რომელმაც 2500 ლარით მეტი მოითხოვა აღნიშნული მომსახურების მიწოდებაში.

_ ამ ყველაფრში ვის მიუძღვის ბრალი, _ მერიას თუ შესყიდვების სააგენტოს?

_ რა თქმა უნდა, მერიის სამსახურს, რომელიც ტენდერებს განიხილავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტენდერებს განაგებს, მაგრამ მერია წყვეტს, ვის უნდა მისცეს ტენდერი, ის აფორმებს ხელშეკრულებებს და საბუთებს ითხოვს. მერიას უნდა ჩააბარონ დოკუმენტები, მასთან უნდა მოილაპარაკონ და ა. შ. დიახ, მერიის შესყიდვების კომისია განიხილავს ამ ყველაფერს. ტენდერს კი ატარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაგრამ ეს ყველაფერი ამის მერე ხდება მერიის მხრიდან. უფრო მარტივად რომ გითხრათ, საერთო და ღია თამაშების შემდეგ მიმდინარეობს შიდა თამაშები, რომელსაც კონკრეტული შემსყიდველი კომპანიები ახორციელებენ. როცა მოვიძიეთ აღმოჩნდა, რომ შპს „ტექსტილი+“-მა მერიასთან უკვე რამდენიმე ტენდერი მოიგო და განახორციელა. თუ ეს კომპანია ვინმესი არ არის, მის მიმართ რატომ განიცდის სიმპათიას მერია და რატომ მიიჩნევა ის მის ფრთებქვეშ შეფარებულ კომპანიად? მერიაში განხორციელებული მოვლენების გამო ჩვენ ეჭვი სხვა რამეზეც გვაქვს.

_ რაზე?

_ ეჭვი გვაქვს, რომ ამ თანხიდან მერიაში დასაქმებული ვიღაც პირებიც ნახულობენ სარგებელს, ან გარკვეულ მონოპოლიას ქმნიას და ვიღაცას აწყობს, რომ ამ კომპანიამ უფრო მეტი მიიღოს ტენდერით და ბაზარზე სხვა ვეღარ შევიდეს.

„პრომო ჯგუფმა“ მერიიდან 700 000-ლარიანი შესყიდვა გააკეთა. ამ თანხას აღნიშნულ ფირმას მერია სასტუმროს მომსახურებაში ჩაურიცხავს. ეს გახლავთ სასტუმროს მომსახურება უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, რაც თავისთავად ცუდი საქმე არ არის. ამ ბავშვებს მერია ბაკურიანში დაასვენებს. ამჯერადაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ტენდერის თანხის მიმართ დაინტერესება იყო, რადგან მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა. საქართველოში უამრავი სასტუმროა და დავიჯერო, მერიის მოთხოვნას ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებდა, რომ ვიღაცას კიდევ  ევაჭრა? 700 000 ლარი ხომ მცირე თანხა არ არის, მისი ტენდერით მოპოვების სურვილი რომ არავის გასჩენოდა?

კიდევ ერთ თემაზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც თბილისის მერიის „კეთილ საქმეებს“ ემსახურება: ალბათ, ყველას ახსოვს, საქართველოს მთავრობას რა დამოკიდებულება ჰქონდა პატრიოტული ბანაკების მიმართ, რომელშიც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ წევრების შვილები არ დადიოდნენ და ნებისმიერი ადამიანი ისვენებდა, ვისაც კი ამისი სურვილი ჰქონდა, უბრალოდ, ასაკი უნდა ჰქონოდა შესაბამისი. ეს ბანაკები გააუქმეს, მაგრამ პატრიოტული ბანაკის ბაზაზე გააკეთეს ბანაკი შაორზე, რომელიც მერიას დაუქვემდებარეს და დაარქვეს „მომავლის ბანაკი“. შაორის წყალსაცავზე კოტეჯებია ჩადგმული და იქ ახალგაზრდები მიჰყავთ. ზაფხული მოვიდა და ამ ბანაკისთვის შეყიდვების გაკეთება დაიწყეს. 54 883-ლარიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ამ თანხით უნდა შეიძინონ მხოლოდ 1450 კაცისთვის მოკლესახელოიანი, გრძელსახელოიანი მაისურები და კეპები, საწვიმარები და მოსასხამები, ასევე დასაჯილდოებელი თასები, რომელზედაც მერია ითხოვს, რომ გააკეთონ მათი ლოგო. კიდევ 300 კაცისთვის უბრალო მედალი. გარდა ამისა, 7250 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი _ ბურთები, ჩოგანი და ა. შ. ამას ითხოვენ მერიის ის მესვეურები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ყოფილი მთავრობა პატრიოტულ ბანაკებში უმიზეზოდ ხარჯავდა თანხებს. რაც ჩამოგითვალეთ, ეს არის ყველაზე მიზერული თანხა, რაც ამ ბანაკს ექნება, რადგან ასევე დიდი თანხა მიაქვს კვებას, რომელიც არის სამჯერადი და ერთ სეზონზე 1000 ბავშვამდე თუ დაასვენონ. ორი თვე მაინც ხომ იქნება ეს ბანაკი და წარმოიდგინეთ, რა ხარჯზე ავლენ. რასაც ებრძოდნენ, ახლა თავადვე აკეთებენ, რადგან აქ ფულის კეთება შეიძლება.

_ ფულის კეთება როგორ შეიძლება?

_ თავად ვარ პატრიოტულ ბანაკში ნამუშევარი და ვიცი, რომ ერთ ბანაკს ამ ღირებულებისა და რაოდენობის თასები და მედლები არ სჭირდება. ამჯერად ხარჯები გაბერილია. წინათ პატრიოტული ბანაკები 4 თვე არსებობდა და ახლა ბევრად ნაკლები დროა. ამ ხარჯებს ასევე ემატება მომსახურე პერსონალის ხელფასები. ყველას კარგად გვახსოვს ისიც, რომ ასეთ საქმეებს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური კურირებს, რომლის ხელმძღვანელიც გასულ წელს იყო კახი კალაძის ცოლისძმა. წინა სეზონზეც ასეთივე კოლოსალური თანხები დაახარჯეს ამ ბანაკს, არადა, ეს ხალხი, თავის დროზე, საუბრობდა, რომ ეს ყველაფერი ცუდია და უნდა აღმოვფხვრათო. მაშინ პატრიოტთა ბანაკებში რეალურად ის ფული იხარჯებოდა, რაც გამოიყოფოდა და ახლა კი თანხები გაბერილია.

_ ფიქრობთ, რომ მერიის შესყიდვების სამსახური და დავების საბჭო ერთი ორგანიზმია?

_ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმისთვისაა შექმნილი, რომ ეს ყველაფერი ელექტრონულად განეხორციელებინა. ამ საქმეში დანაშაული მიუძღვის მერიას, რადგან იქ ყველაფერი ნეპოტიზმზეა აწყობილი _ დასაქმებული ჰყავთ ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და მათი საშუალებით საბიუჯეტო თანხებს ითვისებენ. ცხადია, მხოლოდ ეს დავები არ არის ამ საბჭოში და პერიოდულად ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

 

,,ქრონიკა+” ინფორმაციის გადამოწმებისთვის, შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა:

ეკა გაბადაძე _ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი:

_ საბჭო ყველა საჩივარს წყვეტს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და თუ მომჩივანს მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს, შეუძლია, სასამართლოშიც გაასაჩივროს. სასამართლომ ყველა ასეთი საჩივარი ძალაში დატოვა. საბჭოს ობიექტურობის გამოც შესყიდვების სააგენტოს მიმართ ნდობა გაიზარდა. ასევე მარტივად ხდება გასაჩივრება და წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი საჩივარია შემოტანილი.

ყველა პროცესი ღიაა. საბჭოში შედის 6 წევრი, აქედან 3 არის არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საბჭოს სხდომაზე მიდიან მხარეებიც. ამის შესახებ ცხადდება ინტერნეტით. ვინც შეიტყობს და მოვა, დასწრების უფლება ყველას აქვს, მათ შორის, თქვენც. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისა, რის გამო მოხდა ეს, კონკრეტული დოკუმენტები სპეციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება და ყველას შეუძლია მისი შეფასება, რამდენად არის სამართლებრივად სწორი ან არასწორი.

ნონა ყანდიაშვილი _ მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი:

_ რესპონდენტს საუბარი აქვს თბილისის მერიის ერთ-ერთ ტენდერზე, რომლითაც ლენტიანი კარტრიჯები შეისყიდეს. ლენტიანი კარტრიჯი შემოაქვს ერთადერთ კომპანიას, დანარჩენს _ ჩვეულებრივი კარტრიჯები. ცხადია, ფასში სხვაობაა და ლენტიანი ძვირი ღირს.

_ რატომ მოითხოვა მერიამ, მაინცდამაინც, ლენტიანი და ძვირი კარტრიჯის შეძენა? რატომ არ უფორმებს ხელშეკრულებას უკვე 2 თვეა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ლუმა დეველოპმენტს“? ტენდერში (18400000) გამარჯვებულ კომპანიებს „ნიმას“ და „სესეს“ რატომ მიეცათ დისკვალიფიკაცია და ბოლოს რატომ გახდა გამარჯვებული „ტექსტილი+“, რომელიც 2500 ლარით მეტ მომსახურებას გთავაზობთ?

_ 1) SPA160010513 _ ქალაქ თბილისში, ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სცენებით, ტრიბუნებით, პოდიუმებით, საგრიმიოროებით და ბექგრაუნდის კონსტრუქციებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში SPA160010513, რომელიც გამოცხადდა 01.04.2016 წელს. ამა წლის 22 აპრილს სახელმწიფო შესყიდვებთნ დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში დაფიქსირდა შპს „შოუ სერვისის“ (#DIS 160010513_01) საჩივარი, დავების საბჭოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა 11 მაისს, რომლის მიხედვითაც შპს „შოუ სერვისის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდგომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ გააგრძელა ტენდერის პროცედურები და 13 მაისს შპს „ლუმა დეველოპმენტ LTD LUMA DEVELOPMENT “-ს მიმართა დაზუსტების მოთხოვნით და აღნიშნულისთვის განუსაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღე.  პრეტენდენტებმა კომისიის სხდომის ოქმით გათვალისწინებულ ვადაში წარმოადგინეს დაზუსტებული დოკუმენტები. განხილვისას აღმოჩნდა, რომ დაზუსტებული დოკუმენტები შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და პრეტენდენტს განესაზღვრა არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე ხელშეკრულების გასაფორმებლად და საბანკო გარანტიის წარმოსადგენად 2016 წლის 19 მაისის სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით. თუმცა ა. წ. 24 მაისს სახელმწიფო შესყიდვებთნ დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში დაფიქსირდა შპს „ლენ & კომპანის“ საჩივარი (#DIS160010513_02), რამაც კიდევ ერთხელ შეაჩერა ტენდერის პროცედურები. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა 2016 წლის 09 ივნისს, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა ზემოხსენებული საჩივარი. აღნიშნულის შემდგომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ გააგრძელა ტენდერის პროცედურები, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 14 ივნისს კიდევ ერთხელ მიმართა პრეტენდენს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით ხელშეკრულების გასაფორმებლად და საბანკო გარანტიის წარმოსადგენად და განუსაზღვრა არანაკლებ 4 (ოთხი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ამა წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ლუმა დეველოპმენტ LTD LUMA DEVELOPMENT-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულ პროცედურებს აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები, რომელთა გათვალისწინებითაც განხორციელდა აღნიშნული ტენდერის პროცედურები;

2) SPA 160013841 _ სპეციალური ტანსაცმლის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი: აღნიშნულ ტენდერში წინადადების მიღება დასრულდა 2016 წლის 17 მაისს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3-მა (სამი) პრეტენდენტმა. სატენდერო კომისიამ სხდომის ოქმი #2-ით მიმართა დაბალფასიან პრეტენდენტს, შპს „სესეს“ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად 5 (ხუთი) სამუშაო დღეში წარმოედგინა შესყიდვის ობიექტის შესაბამისი ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნა. შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში 5 (ხუთი) სამუშაო დღეში პრეტენდენტმა არ წარმოადგინა შესყიდვის ობიექტის ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც სხდომის ოქმი #3-ის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა შპს „სესეს“ დისკვალიფიკაცია და მომდევნო დაბალფასიან პრეტენდენტ შპს ,,ნიმას“ განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად. პრეტენდენტმა შემსყიდველის მიერ მიცემული ვადის შესაბამისად არ წარმოადგინა ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნა. 2016 წლის 06 ივნისის სხდომის ოქმი #4-ით მოხდა შპს ,,ნიმას“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე ოქმით მომდევნო პრეტენდენტს, შპს „ტექსტილი+“-ს მოეთხოვა ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. პრეტენდენტიმა აღნიშნულ ვადაში წარმოადგინა შესყიდვის ობიექტის ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. აღნიშნულის შემდგომ სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს 2016 წლის 16 ივნისს მიმართა დაზუსტების მოთხოვნით და მიმდინარე ეტაპისთვის შემსყიდველი პრეტენდენტისგან ელოდება დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენას. ყოველივე ზემოაღნიშნულ პროცედურებს კანონმდებლობით დაწესებული ვადები აქვს, რომელთა გათვალისწინებითაც განხორციელდა აღნიშნული ტენდერის პროცედურები;

3) რიბონების (ლენტიანი კარტრიჯი) შესყიდვა განხორციელდა მერიის ბალანსზე არსებული პლასტიკური ბარათების საბეჭდი მოწყობილობა Datacart SR300-ისთვის. აღნიშნული მოწყობილობის მუშაობისთვის აუცილებელია მხოლოდ ლენტიანი კარტრიჯები.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი