რა კავშირი აქვს მამუკა მდინარაძეს თემო „სუხუმსკისთან“?

cxce3

2015 წლის 15 მაისს რუხში კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად „კანონიერი ქურდობისა“ და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი „კანონიერი ქურდი“, თემურ გვასალია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, გვასალია საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა.

თემურ გვასალია ბოლო წლები ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობდა, იგი დამნაშავეთა სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს. გვასალიას ქურდული ნათლობა 2013 წლის დეკემბერში მოხდა „კანონიერი ქურდების“ ვალიკო ჯეჯიას, გიორგი უგულავასა და ირაკლი  ყალიჩავას ხელდასხმით.

ოკუპირებული აფხაზეთი წლების მანძილზე „კანონიერი ქურდების“ ნავსაყუდელია, თუმცა 1972 წელს დაბადებული „კანონიერი ქურდი“ გასულ წელს აფხაზეთშიც დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, თემურ გვასალია საქართველოს ტერიტორიაზე  სხვა სახელითა და გვარით შემოდიოდა, მას აფხაზურ პასპორტში თემურ სონგულია უწერია. აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს მისი კრიმინალური წარსულის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, მათთვის ის სამკურნალოდ გამოგზავნილი აფხაზი იყო, რომელსაც ენგურის ხიდზე სასწრაფო დახმარების მანქანაც კი დაახვედრეს. ინფორმაციას არც პაატა ზაქარეიშვილის უწყება ფლობდა. თემურ გვასალიას (სონგულია) საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასამგზავრებლად ყველა დოკუმენტი უწყებას მზად ჰქონდა.

გვასალიას დაკავება ორივე უწყებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აფხაზეთის მთავრობასა და ზაქარეიშვილის უწყებას კარგა ხანს მოუწიათ თავის მართლება, რომ დოკუმენტაცია არა „კანონიერ ქურდს“, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უცხოეთში სამკურნალოდ გასაგზავნ რიგით აფხაზს მოუმზადეს.

ის, რაც არ იცოდა შერიგების სამინისტრომ და აფხაზეთის მთავრობამ, „ქრონიკა+“-მა გაარკვია: თემო „სუხუმსკის“ საქართველოში ჩამოყვანის საკითხი ბევრად უფრო მაღალ ეშელონებში გადაწყდა _ „კანონიერი ქურდის“ თემის „გაიასნებაში“ პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ მეთაური, დათო შენგელია იყო ჩართული. რომან შამათავას დაკავების შემდეგ დათო შენგელიას სამეგრელოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ხელ-ფეხი გაეხსნა, მან მარტივად გამონახა საერთო ენა პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან, სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიასთან და მის ძმასთან. სწორედ ეს ჯგუფი აკონტროლებს დღეს საზღვრისპირა ტერიტორიას, თხილის, სიგარეტის, ჯართისა და ა. შ. კონტრაბანდას. არსებობს ინფორმაცია, რომ თამაზაშვილი რამდენჯერმე იყო გადასული გალში და რუსლან ქიშმარიასა და ტარბასთან ერთად თიკანზე იქეიფა.

რაც შეეხება თემურ გვასალიას საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის საკითხს, ამ თემაში დათო შენგელიასთან და სამეგრელოს გუბერნატორის ძმასთან ერთად ზუგდიდის „მაყურებელი“ ხვიჩა ცხაკაიაც ყოფილა ჩართული. ცხაკაიას კავშირი აქვს არა მხოლოდ ქურდულ სამყაროსთან, ასევე სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს. სწორედ მან შეათანხმა გვასალიას საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა სამეგრელოს გუბერნატორთან და ზუგდიდის პოლიციის უფროსთან. კონტრტერორისტულმა ცენტრმა გვასალიას დაკავების ოპერაცია ადგილობრივ სამართალდამცველ უწყებასთან შეთანხმების გარეშე ჩაატარა.

დაკავებული თემო „სუხუმსკი“ საპყრობილეში გადაიყვანეს, რასაც ქურდული სამყაროს პროტესტი მოყვა. „რამკიანებმა“ პირველი პასუხი დათო შენგელიას და სამეგრელოს გუბერნატორის ძმას მოსთხოვეს, რადგან გვასალიას გადმოყვანის თანხა ზემოხსენებული პირებისთვის ქურდული „ობშიაკიდან“ იყო გადახდილი. ხვიჩა ცხაკაიამ თავი იმართლა, _ ყველაფერი გარკვეული იყო, ფულიც დარიგებული, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, სპეცოპერაცია თბილისმა ჩაატარა და სასწრაფო დახმარების მანქანაში მძიმე მდგომარეობაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდესო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გვასალია იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ის ნარკოტიკს სამედიცინო დანიშნულებით მოიხმარდა.

სამეგრელოს გუბერნატორი და დათო შენგელია საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, საჭირო იყო საქმის სასწრაფოდ მოგვარება და ეს ადგილობრივ ძალებს ნამდვილად აღემატებოდა. საქმეს ვერც თამაზაშვილის ჩარევამ უშველა _ პროკურატურის გარეშე „კანონიერი ქურდის“ გაშვებას საკუთარ თავზე ვერც ერთი უწყება ვერ იღებდა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი „კანონიერი ქურდები“ ბულისკირია, ენერჯია და სხვები ადვოკატ მამუკა მდინარაძეს დაუკავშირდნენ, საქმეში ჩარევა და პროკურატურაში საქმის „გაიასნება“ სთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ გასამრჯელოს დაჰპირდნენ. რა დრო დასჭირდა „ქართული ოცნების“ ახალ სახეს, მამუკა მდინარაძეს, პროკურატურასთან კარტების დასალაგებლად, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ფაქტია, რომ „კანონიერი ქურდის“, თემურ გვასალიას სასამართლო პროცესზე მისულ ჟურნალისტებს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში პროცესი წინა დღით ჩატარებული დახვდათ და „კანონიერი ქურდიც“ _ თავისუფალი.

47 წლის „კანონიერი ქურდი“ თემო „სუხუმსკი“ ზუგდიდის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. „მოსამართლე შოთა ბიჭიამ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მან შემწყნარებლური გადაწყვეტილება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო“, _ იუწყება სააგენტო „Прайм Крайм“, თუმცა სულ სხვა რამეს ამბობს „ქრონიკა+“-ის წყარო. მისი ინფორმაციით, ქურდული „ობშიაკი“ გვარიანად გაიხარჯა, _ მოსამართლე, პროკურორი და ყველა სხვა პირი, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული, სოლიდურად დაასაჩუქრა, ხოლო ამავე წყაროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა „კანონიერმა ქურდებმა“ „ქართული ოცნების“ ახალ სახეს, მამუკა მდინარაძეს, გასამრჯელოდ 100 000 ამერიკული დოლარი გამოუგზავნეს.

იცის თუ არა მამუკა მდინარაძის წარსული მოქმედმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ „ქართული ოცნების“ ე. წ. ახალი სახე პოლიტიკაში მარცხით შემოვიდა, _ ჯერ კამერების თვალთახედვის არედან დათო კოღუაშვილი გაქრა, კორცხელის ინციდენტის მერე კი ტელეეკრანებს მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მდინარაძე ოთარ ფარცხალაძესთანაა პორტირებული და პროკურატურაში ნებისმიერი თემისა და საპროცესო გარიგების დალაგება შეუძლია. ეს არა მხოლოდ „კანონიერმა ქურდებმა“ და დამნაშავეთა სამყარომ, არამედ მსხვილმა ბიზნესმენებმაც კარგად იციან.

 

P.S.  თუ წერილში მოყვანილი ფაქტების გამო, რომელიმე მხარეს კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, `ქრონიკა+” მომდევნო ნომერში მათ ამის გაკეთების საშუალებას მისცემს.

 

                                                                                                               ელისო კილაძე