მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას?!

vc

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი 20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უნდა განიხილონ. მანამდე კი ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ნეგატიურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების ვერმიღება საქართველოსთვის მომავალში კარგ შანსებს ტოვებს და ეს შანსები რეალურია.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ემილი ჰაბერმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საჭიროა, რომ ე. წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებას დაველოდოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ ზომების მიღებას, თუ უვიზო რეჟიმის წესები ხშირად დაირღვევა.

 

თამაზ იმნაიშვილი _ ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში:

_ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გუშინ ყველაფერი გაირკვა, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რომელიც ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა შექმნეს, რადგან მათ ძალიან სერიოზული მსგავსი პრობლემა აქვთ _ უახლოეს ერთ წელიწადში არჩევნებია და ორივეს რეიტინგი ძალიან დაბალია. რეიტინგის სიდაბლე გამოწვეულია იმ მიგრაციული პროცესებით, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში სირიიდან და ერაყიდან შეიქმნა. ეკონომიკური სტაგნაცია 2%-ზე დაბალი აქვს გერმანიასაც და საფრანგეთსაც, მიგრაციული პროცესების გამო ორივე ქვეყანაში სერიოზულად გაიზარდა ნაციონალისტური მიდრეკილებები. მომავალ არჩევნებში ორივეს სჭირდება ხმები, ისინი კი იმის მიღწევას ცდილობენ, რომ სწორედ ნაციონალისტურად განწყობილი ადამიანების ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღონ. თუმცა ცალსახად აშკარაა, რომ ამ პროგრამის განხორციელებისთვის საქართველოსთან იმდენად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ უკრაინასთან, კოსოვოსთან და თურქეთთან მიმართებით, რომ საკუთარ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ. როდესაც ბუნდესტაგმა განაცხადა, რომ ქართული კრიმინალი გერმანიისთვის, თურმე, თავის ტკივილია, მესამე დღეს გერმანიის შს სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც აღმოჩნდა, რომ ბოლოს წინა ადგილზე ვართ. რამდენიმე დღის წინ 25 ქვეყნის შს მინისტრი შეიკრიბა, სადაც იმ ქვეყნების საკითხი უნდა განეხილათ, ვისთვისაც ვიზალიბერალიზაცია უნდა მიეცათ. წარმოადგინეს ამ ქვეყნების კრიმინალური დონე და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ლამის ბოლო ადგილზე ვართ. თვითონვე დაიბნენ, საკუთარსავე ტყუილში ჩავარდნენ და ახლა გამოსავალი აღარ აქვთ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი, რასაც ისინი ამბობენ, სინამდვილეში, ეს არ არის ის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ამ სიტუაციაში კრიმინალურ ვითარებას შეამცირებს. იყო თუ არა ვიზალიბერალიზაცია, კრიმინალები ყოველთვის ახერხებდნენ გასვლას და კიდევაც მოახერხებენ. ვიზალიბერალიზაცია არის არაკრიმინალური საზოგადოებისთვის. კრიმინალი ყოველთვის აკეთებს თავის საქმეს და ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის.

_ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ?

_ როგორც იქნა, მიაღწიეს იმას, რომ სწრაფი შეჩერების მექანიზმი მიიღონ. ეს ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ამის მერე საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიენიჭოს. ძალიან მეეჭვება და, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ თურქეთს არ მიანიჭებენ. საქართველოსგან განსხვავებით თურქეთსა და უკრაინას ორი დიდი „პრობლემა“ აქვს, ეს არის მათი რიცხოვნობა. თურქეთი არის, დაახლოებით, 75 მილიონი, უკრაინა _ 45 მილიონი; ჯამში, 120 მილიონი ადამიანია და 500-მილიონიანი ევროპის სივრცეში 120 მილიონი, მეტ-ნაკლებად, სხვა კულტურისა და მენტალიტეტის მატარებელი ადამიანის შესვლა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. თავიდანვე არასწორი იყო, როდესაც ერთ სიბრტყეში და სივრცეში იყო განხილული საქართველოც, კოსოვოც, უკრაინაც და თურქეთიც, ეს ცალ-ცალკე საკითხი უნდა ყოფილიყო. გუშინ დავით უსუფაშვილმა განცხადება გააკეთა, განმარტება არ გაუკეთებია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრებით ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. სწორედ მათმა დაბნეულობამ გამოიწვია, რომ საკუთარ ტყუილში გაიხლართა ევროპის წამყვანი ქვეყნები, უფრო მეტი ბერკეტი და მოთხოვნილება გაჩნდა იმაზე, რომ საკუთარი ტყუილი გამოასწორონ და ვიზალიბერალიზაცია მოგვცენ, თუმცა ეს დროში გაიწელება. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ითქმება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული მომენტიდან მიიღებსო, მაგრამ უფრო მოგვიანებით. როგორც დავაკვირდი, ეს არ იქნება არჩევნების შემდგომ. თუ ეს ასე გაკეთდება, ცალსახად და ღიად გამოჩნდება, რომ დასავლეთი დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს. აი, ამ პროცესში, თითქოსდა, არ ჩანდა „ნაციონალური მოძრაობის“ როლი, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოდგა აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის განცხადება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უხსენებია, მაგრამ პირდაპირ მიანიშნა, რომ ე. წ. პროდასავლური და სახელმწიფოსთვის თითქოს მოღვაწე პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია არ მიიღოსო. ეს არის სირცხვილი და სამშობლოს ღალატი! პრაქტიკულად, იქ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იყო ლაპარაკი. „ნაცმოძრაობა“ სახალხო პარტიის ფრაქციების საშუალებით ახერხებდა ამის გაკეთებას, მაგრამ გერმანელები და ფრანგები ახლა საკუთარ ტყუილებში გაიხლართნენ და იძულებულები არიან, ის ნაბიჯები გადადგან, რომელიც აქამდე უნდა გადაედგათ. ეს სირცხვილი და ტყუილი მათ არ ჩამოერეცხებათ და არც უნდა ჩამოვარეცხინოთ, სულ უნდა შევახსენოთ. გლობალური პოლიტიკა ძალიან დაწვრილმანდა, _ 15, 20 და, მით უმეტეს, 25 წლის წინათ ასეთი გლობალური მასშტაბის პოლიტიკოსები ყველის ვაჭრის დონეზე აგებულ ტყუილებს, ელემენტარულად, არ იკადრებდნენ. ცალსახად მიმანიშნებელია კიდევ ერთი რეალობა, რომ არც ოლანდსა და არც მერკელს არანაირი შანსი მომავალ არჩევნებში არ გააჩნიათ. ევროპული დემოკრატია ძალიან განვითარებულია და ასეთ რამეებს საკუთარი საზოგადოება არ პატიობს ხოლმე. მით უმეტეს, არ პატიობენ ასეთი დაბალი დონის ტყუილებს. ამიტომ, ეს მცდელობები, მოეპოვებინათ ნაციონალისტურად განწყობილი ხმების რაოდენობა, პრაქტიკულად, წყალში ჩაეყარათ.

_ ამბობთ, რომ ეს ტყუილი ევროპელ პოლიტიკოსებს ყოველთვის უნდა შევახსენოთ. საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის რა უნდა გააკეთოს?

_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პრაქტიკულად, პუტინის დირექტივების შესრულება დაიწყო. ასე შეიძლება ამას დავარქვათ. რა თქმა უნდა, არანაირ კავშირზე და პირდაპირ დირექტივებზე არ არის საუბარი, მაგრამ ის, რაც პუტინს ესიზმრება, ელანდება და უნდა, ახლა ესენი ზუსტად იმას აკეთებენ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ძალიან დიდი მინუსია: პირველი, _ პიარის სისუსტე და მეორე, _ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ასევე ძალიან სისუსტე. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დიდი ხანია, იქ არიან და უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, პირადი კონტაქტებიც აქვთ და საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. როდესაც ევროპარლამენტში დებატები იქნება, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, პირდაპირ და ღიად უნდა ითქვას, არ უნდა მოერიდოთ ქართველ პარლამენტარებს იმაზე ლაპარაკი, რომ ძალიან დაბალი დონის პოლიტიკური თამაშები, უბრალოდ, დიდი სირცხვილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის გერმანია და საფრანგეთი. ახლა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საშუალება აქვს, რომ ამ პოლიტიკოსებს სახეში სილა გააწნას. თვითონვე დაიბნენ, თვითონვე გაიხლართნენ და თვითონვე აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ. ხომ არიან ექსპერტები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, მათ უნდა განმარტონ, სინამდვილეში რა მოხდა. რაც შეეხება ბენილუქსის ქვეყნებს (ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი) ყოველთვის ასე იყო და იქნება, რომ მათ ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ, ყველაზე დაცულები არიან რუსული აგრესიისგან, ყველაზე ბოლოს შეეხებათ რუსული სამხედრო-პოლიტიკური პრობლემა და ამიტომ არ სჭირდებათ თავის ტკივილი. რუსეთთან ეკონომიკური კავშირები უნდათ და რუსეთში ივანე მრისხანე იქნება, სტალინი თუ პუტინი მათთვის სულერთია. ამიტომ მათ ყოველთვის ექნებათ პრეტენზიები საქართველოსთან და მისნაირ ქვეყანასთან. ჯერ კიდევ შარშანწინ ითქვა, შარშანაც, წელსაც, მიუნხენის კონფერენციაზე ამაზე დებატები მიდიოდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურები ცუდად არის აწყობილი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნილებების შედეგად გადაწყვეტილებების მიღებას. ამ ტიპის ქვეყნები აბსოლუტურად ყველაფერ დადებით სარგებელს იღებენ, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებშია და, პრაქტიკულად, არაფრის გაცემა არ უნდათ. მათ ეს საკუთარი კანონმდებლობის საშუალებით ეძლევათ. ყველაფერი მინდა, მაგრამ მე არაფერს მოგცემ _ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დიდ და გადამწყვეტი ხმის მქონე ქვეყნებთან კარგი დამოკიდებულება გვქონდეს და ისინი პატარებს ყოველთვის აიძულებენ ხოლმე, რომ ეს ნაბიჯი გადადგან.

 

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი