რატომ ხდება პაციენტების გადინება საზღავარგარეთ და ყავს თუ არა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი საქართველოს?!

z1

ჯანდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, განსახილველად აიღოს იმ ე. წ. შუამავალი კლინილების საქმე, რომლებიც კურირებას უწევენ საქართველოდან პაციენტების უცხოეთში გადინებას როგორც სადიაგნოსტიკოდ, ისე სამკურნალოდ და საოპერაციოდ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა უფლებების დაცვის“ მიერ შეჯერებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართველი პაციენტების მიმართვიანობა (2014-2015 წლების; ხოლო 2016 წლის მონაცემები ჯერ არ არის შეჯერებული) თურქეთში გაზრდილია 2,3%-ით, გერმანიაში _ 1.1%-ით, საფრანგეთში სტაბილურად იგივე რჩება და ისრაელში შემცირებულია 19%-ით.

პარალელურად, საქართველოს პროკურატურაში შესულია რამდენიმე საჩივარი უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების (ან მათი პატრონების) ხელმოწერით, რომლებიც, როგორც იქ გაწეული სამედიცინო ხარისხით, ისე ფინანსური მაქინაციებით არიან დაზარალებულები. ამ თემას „ქრონიკა+“ მომავალ ნომრებში შეეხება, ახლა კი იმ ვითარებაზე, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაშია.

 

„ქრონიკა+“ ესაუბრება „პაციენტთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარეს, ნანა სანაიას:

_ რამდენად დიდია საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რაოდენობა?

_ უცხოეთში მიმავალი პაციენტების რაოდენობა სისტემატურად იზრდება. თქვენ რა გონიათ, მასშტაბური ოპერაციებისთვის მიმართავენ?! არა, ძირითადად, მიმართვიანობის მიზეზი არის კონსულტაცია, მარტივი კვლევები თუ პროცედურები. ე. ი. თავად ეს მოვლენა სულ უფრო მასობრივი ხდება. მიიჩნევენ, რომ უცხოური მაღალი ხარისხი ქართულ სამედიცინო მომსახურებაზე მეტია.

_ საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა დიდ ხარჯებს უკავშირდება და თან სადაზღვევო პაკეტები ამ ხარჯების ანაზღაურებას არ მოიცავს…

_ მარტო განვითარებული და სრულად აღჭურვილი საავადმყოფოები ვერ შეამცირებს პაციენტების გადინებას ქვეყნიდან. ხშირად, შესაძლებელია, საკმაოდ კონკურენტულ ფასად უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება ქართულ კლინიკებში. პირველ რიგში, ლოკალური მედიცინის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს.

_ ქართველი პაციენტები სამკურნალოდ, ძირითადად, რომელ ქვეყნებში მიემგზავრებიან?

_ ამ ეტაპზე თურქეთი პირველია, სადაც პაციენტების უმრავლესობა მიდის, თუმცა ეს ბაზარი სწრაფად იცვლება. ხვალ რა იქნება, არ ვიცით. ადრე ისრაელი იყო, მაგრამ ისრაელმა პოზიციები დაკარგა. საფრანგეთი და გერმანია სტაბილურად მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

_ წეღან ახსენეთ, ნდობის აღდგენაო! ანუ ქართველმა პაციენტებმა ქართველი ექიმის მიმართ ნდობა დაკარგეს?

_ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჯანდაცვაში ისეთი მენეჯმენტი მოვა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, აზერბაიჯანი ინვესტიციებს აქტიურად დებს საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, აზერბაიჯანელი პაციენტები, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში ჩამოდიან, აქ აღარ ჩამოვლენ.

 

„ქრონიკა+“-მა ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მოიპოვა, სადაც ყველაზე დიდი მიმართვიანობა (ონკოდაავადებების სეგმენტში) კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს აქვს. ამ საკითხის გასარკვევად ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ გია ნემსაძეს მივმართეთ:

_ ბატონო გია, ხსენებული საკითხი, ერთი შეხედვით, თითქოს, პრობლემური არ არის, მაგრამ, ამავე დროს, წლიდან წლამდე იზრდება პაციენტების უცხოეთში გადინება. რა არის მიზეზი?

_ ამის მიზეზი შესაძლოა, ფართო მასების არასწორი ინფორმირებაა.

_ იმდენ ინფორმაციას მაინც ფლობენ, რომ ხარჯები კარგად გათვალონ, რომლის გადახდაც უწევთ და რომელიც საქართველოში არსებულ ფასებს, მინიმუმ, 8-ჯერ მაინც აღემატება. თანაც, საზღვარგარეთ წასულ პაციენტებზე ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება არ ვრცელდება…

_ პასუხი იგივე რჩება: დღეს საქართველოში სადიაგნოსტიკოდ იმდენი საშუალებაა, რომ საკმარისზე მეტია. შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. არავითარი უპირატესობა, არავითარი უკეთესი აღჭურვილობა, არავითარი მეტი გონებრივი პოტენციალი იგივე თურქეთში არ დევს. არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ ჩვენზე უკეთესი და არც ექიმები ჰყავთ ჩვენზე გამორჩეული. რაც არის იქ, ის არის აქაც.

_ მაშინ განსხვავება რა არის?

_ განსხვავება არის მატრაკვეცობა. საერთოდ, რაც უფრო ნაკლები გაქვს ტვინი, მით უფრო მეტ ფულს იხდი.

_ იქნებ, მიზეზი ის არის, რომ საქართველოში, როგორც ამბობენ, ონკოლოგიაში დაავადებასთან საბრძოლველად ავადმყოფების უმეტესობას ოპერირებას ურჩევენ?

_ მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარკებ და ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, ჩვენს ინსტიტუტში, წლის განმავლობაში, 40 000-მდე პაციენტი რეგისტრირდება. აქედან ოპერაცია უკეთდება, დაახლოებით, ორი ათასამდე ადამიანს, დანარჩენი არის ობსერვატიული მკურნალობა, ან საერთოდ არ სჭირდება მკურნალობა.

_ ასევე, ქირურგიული ჩარევის დროს, საზღვარგარეთ, ძირითადად, ლაპარაკოსკოპია გამოიყენება, რასაც ქართველი პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ. ჩვენთან ყველას დანის ქვეშ აწვენენ…

_ ვერ დაგეთანხმებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ონკოლოგიაში ოპერაციები მხოლოდ ღია წესით უნდა ჩატარდეს. ონკოქირურგიაში ლაპარასკოპიის, ან სხვა ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენება არის ელემენტარული უპასუხისმგებლობა და საქმისადმი დაუდევარი მიდგომა. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის დროს ლაპარასკოპია ეფექტიანი იყოს, მაგრამ სიმსივნეების დროს ქირურგის ხელებს არ უნდა დაუკარგო ფუნქცია. დღესაც მიღებულია ყველა სფეროში „ჰანდ მადე“, ჩვენ კი, რატომღაც, ვცდილობთ, ეს ნაწილი ქირურგიიდან განვდევნოთ.

 

„ქრონიკა+“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეს, თამარ ჩიბურდანიძეს ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?! ერთი მხრივ, ჯანდაცვის პროგრამებში მილიონები იყრება, ახალ-ახალი კლინიკები იხსნება და, პარალელურად, პაციენტების გადინება საზღვარგარეთის კლინიკებში იზრდება…

_ ძალიან რთული თემაა. ერთი მხრივ, სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული პაციენტები, რომლებიც სახლებს ყიდიან, რომ თავიანთი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ დახმარება აღმოუჩინონ, მეორე მხრივ კი საქართველოს ჯანდაცვა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაზარდოს. მიმაჩნია, რომ პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტაა საჭირო. პირველ რიგში, ოფიციალური სტატისტიკა უნდა ამოვიღოთ, თუ არსებობს ასეთი…

_ არ არსებობს, ჩვენ მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ გაგვაჩნია…

_ ვეცდები, მაქსიმალურად ამოვწიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო გახდება, საკომიტეტო განხილვაზეც გავიტანოთ.

 

 

                                                                             თამარ როსტიაშვილი