იოსებ ნატროშვილი: „ხელისუფლებას კრიმინალები აკონტროლებენ!“

xa

წინა ხელისუფლების პერიოდში დაზარალებულმა ბიზნესმენმა იოსებ ნატროშვილმა სამართალი დღემდე ვერ იპოვა. ის „ქრონიკა+“-თან სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იმ სქემებსა და გავლენებზე საუბრობს, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

 

„ქრონიკა+“-ს იოსებ ნატროშვილი ესაუბრება:

_ წინა ხელისუფლების რეჟიმში, როდესაც სპირტისა და ღვინის ქარხნების დამფუძნებელი და დირექტორი ტერიტორიაზეც აღარ შემიშვეს, 2006 წელს სააკაშვილთან დაახლოებულ ევგენიძეების ოჯახთან ერთად შპს „სადა“ დავაფუძნე. სააკაშვილის 50%-იანი წილი ალექსანდრე ასირიანზე გაფორმდა და მართვის უფლებით ნოტარიულად გადაეცა 30%-იანი წილის მფლობელ დინარა ევგენიძეს. მე, პროექტების შემდგენელსა და დამფინანსებელს დამრჩა 20%. დირექტორი ნუგზარ ევგენიძე გახდა, ფინანსური დირექტორი კი _ ავთანდილ წერეთელი. ესპანურ ფირმას ჩემი პროექტები მოეწონა და საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მოწოდებაზე შევთანხმდით. ბიზნესისთვის აღებული კრედიტის საგარანტიო 500 000 აშშ დოლარის ქონება „პარტნიორების“ თაღლითობით დავკარგე.

_ რა მოხდა, რა თაღლითობაზე საუბრობთ?

_ როგორც დინარა ევგენიძემ განაცხადა, ესპანელებმა მოითხოვეს, რომ ფულის გადარიცხვები მომხდარიყო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული ფირმების საშუალებით. ამისთვის ევროპაში სამჯერ მყოფმა ავთანდილ წერეთელმა ოფშორული ფირმები დააფუძნა და გამოძიებაშიც დაადასტურა, რომ ეს მთლიანად ჩემი დაფინანსებით მოხდა. ესპანელებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი მხარე გაუგებარ სვლებს აკეთებდა, ასევე ერთ-ერთ ოფშორულ ფირმაზე 20 მილიონი დოლარი იყო დარიცხული. მოლაპარაკებები დაფინანსების თაობაზე იყო, მაგრამ ამ 20 მილიონზე არავითარი ხელშეკრულება არ არსებობდა. ჩემგან მიღებული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ წერეთელმა შპს „სადაში“ ქსეროასლები ჩააბარა, ხოლო დედნები შპს „ლიბოს“ ბუღალტერიაში მიიტანა და თანხები იქიდანაც მიიღო. ევროპაში პროექტებიც შპს „ლიბოს“ სახელით წაუღია. გამოძიებაში ეს წერეთელმა და შპს „ლიბოს“ დირექტორმა მამუკა აბესაძემ დაადასტურეს. შპს „სადას“ ბუღალტერიას ევგენიძეები მხოლოდ ჩემ მოსაჩვენებლად აწარმოებდნენ, ჩემი ფინანსებით და პროექტებით ბიზნესების განხორციელება კი ჯერ შპს „ლიბოს“ და შემდეგ შპს „ლაზარო ჯორჯიას“ საშუალებით დაიწყეს. იქ 50% დინარა ევგენიძეს, 40% კი ნიკოლას ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას შვილს და დათო ევგენიძის სიძეს ეკუთვნის. ყველაფერს მივხვდი, მაგრამ მითხრეს, რომ თუ ჩემივე დაფინანსებული ოფშორული ფირმების საშუალებით ფულის გათეთრების სქემებში არ ჩავერთვებოდი, ჩადებულ ფულს დავკარგავდი. დაუყოვნებლივ მოვითხოვე ოფშორული ფირმებიდან ჩემი სახელის ამოღება, მაგრამ წერეთელმა დოკუმენტები კი არა, ჩემს სახელზე შევსებული აქციებიც არ მომცა. ოფშორული ფირმები ჩემი დაფინანსებული იყო და არავინ დამიჯერებდა, რომ 20 მილიონის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამიტომ 2008 წელს გენერალურ პროკურორ ეკატერინე ტყეშელაშვილსა და სოდ-ის განყოფილებას მოთხოვნით მივმართე, რომ ამ ფირმებიდან ჩემი სახელი ამოეღოთ. პასუხად დაუფარავი მუქარა  მივიღე. რეჟიმის დროს სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ჭიდაობა აბსურდი იყო.

_ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა მოხდა?

_ საგადასახადოში საერთოდ არაფერი იყო რეგისტრირებული და ბიზნესისთვის ჩემგან ფულის მიღების ისეთი მტკიცებულებები იდო, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით შეშინებული ევგენიძეები ფულის დაბრუნებას დამპირდნენ, თუკი მათ ყველა დოკუმენტს გადავცემდი. 2012 წლის 29 ოქტომბერს, 14 საათზე, ევგენიძეების მიწვევით მათ ბინაში დოკუმენტებით მივედი. 10 წუთში მთელი დოკუმენტები სხვა ოთახში გაიტანეს და სახლიდან გაიპარნენ. მათ სახლში დავრჩით მხოლოდ მე და მათი მოსამსახურე. საქმის მასალებში დადასტურებულია, რომ მათი ბინიდან დავიწყე ურთიერთობა მესიჯებით და დოკუმენტების დაბრუნებას ვითხოვდი. ჩემ მიერ გამოძახებული შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიციელები 21 საათზე ევგენიძეებთან ერთად მოვიდნენ და უტიფრად დაიწყეს ევგენიძეების დაცვა. გაბრაზებულმა ნუგზარ ევგენიძემ ქაღალდები აყარა და მიმოფანტა. თითქოს ღვთის ნება იყო, პოლიციელის წინ მაგიდაზე სწორედ ის დოკუმენტი დაეცა, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ევგენიძეებმა ბიზნესისათვის მიღებული ჩემი თანხებიდან პირადად მოიხმარეს 39 530 დოლარი. პოლიციელებს დანაშაულის მტკიცებულებები ხელთ ეჭირათ, მაგრამ არ დააფიქსირეს. მოგვიანებით, ბანკის გადარიცხვებითა და სხვა მტკიცებულებებით დანაშაულის ნაწილი მაინც ვაღიარებინე. გამოძიების მიერ დამნაშავეთა მფარველობა ცხადი გახდა და უარი ვთქვი უფრო დიდი თანხების გამოძიებაზე. მოვითხოვდი, რომ მხოლოდ დამნაშავეთა მიერ უკვე აღიარებული და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ფარგლებში ეწარმოებინათ ძიება. შპს „სადას“ დირექტორი ნუგზარ ევგენიძე ჯერ ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ დიდი თანხებიდან თავი რომ დაეძვრინა, 2012 წელს თვითონვე შეიტანა პოლიციაში განცხადება, სადაც აღიარა, რომ ნატროშვილისგან ბიზნესისათვის 33 400 დოლარი მიიღო, ბიზნესში დახარჯა, ბუღალტერია არ უწარმოებია და ნატროშვილს თავის ფულს დაუბრუნებს. თან მითვისებული თანხების ნუსხა დაურთო 33 400 დოლარზე ჩემთვის გადმოსაცემად. დათო ევგენიძემ მოსკოვში ბიზნესისათვის გადარიცხული ჩემი 25 000 დოლარი გაფლანგა; ავთანდილ წერეთელმა გამოძიებაში აღიარა, რომ ოფშორული ფირმების რეგისტრაციის, მივლინებებისა და ყველა ხარჯი, 16 000 დოლარი, სულ ჩემგან მიიღო, მაგრამ ეს ხარჯები შპს „ლიბოს“ ბუღალტერიაში გაატარა. აღიარა, რომ ევროპაშიც მხოლოდ შპს „ლიბოს“ სახელით წაიღო პროექტები. ადმინისტრაციის უფროსმა გაიოზ ყუბანეიშვილმა გამოძიებაში მიიტანა 5 200 000 რუბლის (200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ბანკის შჭIFთ-ი და აღიარა, რომ ავთანდილ წერეთლის ხელით და მამუკა აბესაძის განკარგულებით მისთვის სრულიად უცნობ ვასილ გალკინისთვის, თაღლითური სქემით, მოსკოვში გადარიცხული ეს თანხა უკვალოდ გაქრა; დაადასტურეს თაღლითურად გადმორიცხული 20 200 000 დოლარის შჭIFთ-ი. პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ გასაგებად ამიხსნა, რომ თუ მხოლოდ ღარიბაშვილის ხელისუფლებას დავადანაშაულებდი, რაღაცას მივაღწევდი. ეს მაშინვე ვაცნობე ღარიბაშვილს. 2007 წლიდან, ხუთი წელი, ყველა უწყებას ვთხოვდი, რომ წერეთელს ოფშორული ფირმების დოკუმენტები და ჩემი აქციები გადმოეცა, მაგრამ ერთხელაც არ დაუკითხავთ. გამოძიების უმოქმედობით იძულებულმა, 2013 წელს წერეთელს ხელი მოვუწერე ყველაფრის პატიებაზე ოფშორულ ზონაში ჩემს სახელზე რეგისტრირებული ფირმების დოკუმენტებისა და ჩემს სახელზე რეგისტრირებული აქციების გადმოცემის სანაცვლოდ. აქაც ითაღლითეს. პატიებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის საელჩოს ვიდეოკამერების წინ გადმოცემული დოკუმენტები და აქციები პოლიციელებმა სადარბაზოში წამართვეს, როცა ელექტროშოკით გამთიშეს. მივხვდი, ვინც წამართვა. წართმეული დოკუმენტები და აქციები ისევ წერეთელს მიატანინეს პოლიციაში. ახლა ისინი საქმის მასალებშია და დღემდე ჩემი აქციების ასლის გადაღების უფლებასაც არ მაძლევენ. არავინ კითხულობს, შვიდი წელი რატომ არ მაძლევდნენ ოფშორული ფირმები ჩემს სახელზე შევსებულ აქციებს?

2007 წლიდან 2014 წლამდე პროკურატურის, შს სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის 26-მა გამომძიებელმა შეისწავლა ჩემი საქმე და უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, ყველამ ზუსტად ერთნაირი ტექსტით მიპასუხა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. საქმეს მტკიცებულებები არ დამატებია, მაგრამ 2014 წელს, ოფიციალურად, ყველა ძალიან რომ შევაწუხე და გავლენიან ადამიანებს ჩემი საქმე გავაცანი, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და დაზარალებულად მცნეს. საქმის მასალებს რომ გავეცანი, გამომძიებლების უტიფრობით გავოცდი. არც ფინანსური პოლიციისა და არც სხვა გამომძიებელი არ შეეკითხა თაღლითებს, თუ სად დახარჯეს ჩემგან ბიზნესისთვის მიღებული თანხები? რატომ დამალეს და არ აღრიცხეს ბუღალტრულად? რატომ არ ჩააბარეს შესაბამისი ხარჯვის დოკუმენტები საგადასახადოში? და რატომ არის ბიზნესის ყველა თანხა უგარანტიოდ გადარიცხული არა ფირმების ანგარიშებზე, არამედ ისეთ უცხო პირებზე, რომლებთან ნაცნობობასაც ორივე მხარე უარყოფს? ან რატომ გააფორმეს ხელშეკრულებები სხვა ფირმების სახელით, როდესაც ბიზნესპროექტებიც და დაფინანსებაც მთლიანად ჩემი იყო?

უტყუარი მტკიცებულებების გამო დამნაშავეების დაცვა მხოლოდ გამოძიების გაჭიანურებით შეიძლება და საქმე ჩააბარეს 27-ე გამომძიებელ თამარ სულავას. მან 2012 წელსაც „შეისწავლა“ ეს საქმე და დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. დღემდე საქმე არც გადაუშლია.

_ ზემოთ ახსენეთ, რომ გავლენიან ადამიანებს ხვდებოდით, დაზარალებულადაც ხართ ცნობილი. მათი პოზიცია როგორია, რას გეუბნებოდნენ?

_ არც სააკაშვილის მთავრობას და არც ახალ ხელისუფლებას, როცა ღარიბაშვილი ჯერ შს მინისტრი იყო, ხოლო შემდგომ პრემიერ-მინისტრი, არაფრის დანახვა არ უნდოდათ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაგვცინა და სამართლიანობის აღდგენის შეფერხება იმით ახსნა, რომ ბიუჯეტს დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხები არ გააჩნია. ქალბატონო თეა, თქვენ თაღლითობთ! თქვენც, არჩილ კბილაშვილსაც და ყველა უწყებას ოფიციალურ განცხადებებში გასაგებად აგიხსენით, რომ მე ბიუჯეტიდან არაფერი მეკუთვნის. პირიქით, თუ ჩემი საქმეების გამოძიება სამართლიანად დამთავრდება, თაღლითებისგან მეც უნდა მივიღო თანხა და ბიუჯეტმაც. ჩემთან დაკავშირებული ყველა ფირმის საქმე ბოლომდე რომ გამოიძიოთ, სადაც 8000 ფურცელზე დადასტურებული და აღიარებულია ყველა დანაშაული, მათ შორის, ზოგი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მაგრამ წლებია გაჩერებულია აღსრულებაში, ბიუჯეტი, სულ მცირე, 60 მილიონი ლარით შეივსება. დამალული შემოსავლები და გაფლანგული თანხები დამტკიცებულია და დამნაშავეთა მიერ უკვე აღიარებულია. იცით, რომ სხვა ბიზნესში თაღლითურად დახარჯული და საგადასახადოშიც აღურიცხავი ფული ბიუჯეტის გადასახდელი არ არის, მაგრამ წართმეული ქონება თქვენ და პროკურატურამ გადაინაწილეთ და თვალებს ამიტომაც იბრმავებთ! თეა წულუკიანმაც და პროკურორმაც კრიმინალებთან შეთანხმებით გადაინაწილეს წაგლეჯილი ფულები და ბიუჯეტში 60 მილიონი რომ შევიდეს, მათაც მოუწევთ მიღებულის უკან დაბრუნება, ამიტომაც ისინი არასოდეს გამოიძიებენ. ჩვენი სამართლის მედროშეები მხოლოდ კრიმინალების ადვოკატები არიან. ისინი კი არ აკონტროლებენ კრიმინალებს, პირიქით, კრიმინალები აკონტროლებენ ამათ! გამომძიებელმა რომ მოინდომოს, საქმეს მაინც არ გამოაძიებინებენ. ეს რომ დამემტკიცებინა 2006 წლის 30 მარტიდან დღემდე, ოფიციალური განცხადებებით, ხუთჯერ მივმართე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროს ავთანდილ გალდავას, სამჯერ _ ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურორ შოთა რიჟამაძეს და შევთავაზე, ოფიციალური ხელშეკრულებით, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, 1 000 000 დოლარის ღირებულების ნარკოტიკს, იარაღსა და სხვა ისეთ კონტრაბანდულ საქონელს შევიძენდი, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, არც საბაჟოზეა დაფიქსირებული და სამმართველოს შენობაში მივუტანდი. დღემდე დუმილია! მონაწილეობაზე  ადვოკატებმაც უარი განაცხადეს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმაც. ვაკე-საბურთალოზე, ქუჩაში, ყველაზე გამოთაყვანებული გამომეტყველების უცნობ ადამიანთან ერთ ბოთლ არაყს თუ დალევ, ერთი ნარკობარონის მისამართს ისიც მიგასწავლის. გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარით დაფინანსებული, საუკეთესო მანქანებით, სპეცმოწყობილობებით და მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფილი სამართალდამცველები კი „ვერაფერს ხედავენ“. თუ რომელიმე პატიოსანი პოლიციელი „შეცდა“ და დამნაშავე დააკავა, გმირივით გამოაშვებინებენ პარტიების დროშების ფრიალით. ამიტომაც ვაკის პოლიციელები აღიარებულ დამნაშავეებს მოწიწებით აცილებენ, მართალ ადამიანებს ცინიკურად ექცევიან, ხოლო ადვოკატებს _ ურტყამენ. ევგენიძეებმა, ვისაც კი ფული გამოსტყუეს, ყველა ციხეში მოხვდა. მეც მიჩივლეს, რომ 2012 წლამდე მათ მუქარით „გამოვძალე“ 18 800 დოლარი. სად ან როგორ, არავინ ეკითხება. რეჟიმის დროს სააკაშვილის ოჯახის წევრებისაგან შანტაჟით ფულის გამოძალვა რომ დააბრალო ვინმეს, აუცილებლად პროკურორთან შეთანხმებით უნდა „გააუპატიურო“ სისხლის სამართლის კოდექსი. 2015 წელს ევგენიძეებმა ეს „ქართული ოცნების“ გამოყენებით შეძლეს!

_ დედოფლისწყაროსთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი ხართ. ჯერ შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი ამავე კუთხიდან იყო. ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს მის გავლენებზე, კლანზე… თქვენ რატომ არ დაგეხმარათ სიმართლის პოვნაში?

_ საერთოდ, ყველა კლანის მიზანი ვინმეს ძარცვაა და არა სამართლიანობის აღდგენა. „კახური ხელისუფლების“ გავლენა კი თვითონ შეაფასეთ. ღარიბაშვილი პროკურატურის დანაშაულს ხედავდა, მაგრამ ვერ ეხებოდა. მისი პრემიერობის დროს გახდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ვიცით ირაკლის დახასიათება ხიდაშელზე და გასაგებია მისი გავლენაც და დამოუკიდებლობაც. ქიზიყიდან არიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, დედოფლისწყაროდან არის პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი, სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი და შს მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი შალვა ხუციშვილი. ვნახოთ, რა უნდათ და რა შეუძლიათ მათ: ხელშეკრულებით დაქირავებული დაცვის სამსახურის რვა შეიარაღებული პოლიციელისთვის ჩაბარებული ჩემი ობიექტიდან, სხვა ქონებასთან ერთად, დაიკარგა ჩემი ავტომანქანა სახ. #AAL _ 450, რეგ. მოწმობა AA#0023906. სს საქმე #33070511-ის აღძვრის შემდეგ ის ორჯერ მოხვდა საჯარიმო სადგომზე, მაგრამ ისევ დამნაშავეებს გაატანეს. ქურდმა 2007 წელსვე აღიარა პოლიციელ ურდულაშვილთან და გვრიტიშვილთან შეთანხმებით ქონების უკანონოდ გაყიდვა, მაგრამ შსს-ს კახეთის სამხარეო სამმართველოს გამომძიებელმა, გოჩა ათაბეგაშვილმა, 12.05.2014 წელს დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება. გატაცებული ავტომანქანის გადამოწმება ყველას შეუძლია ინტერნეტში და დღემდე ჩემს სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით უპრობლემოდ სეირნობენ კრიმინალები. „კახურ ხელისუფლებას“ ოფიციალურად ვუცხადებ, რომ ავტომანქანაზეც და მასთან ერთად გატაცებულ 100 000 ლარის ქონებაზეც უარს ვამბობ, თუ ისინი ამ მანქანას ამოიღებენ და ქიზიყის შესასვლელში მდგარი ისტორიული ტრაქტორის გვერდით დააყენებენ სამართლიანობის აღდგენის სიმბოლოდ! ამით გამოჩნდება „კახური ხელისუფლების“ მიზანიც და გავლენაც! გამოძიებას პროკურატურა კურირებს. ის მხოლოდ „არქიფოს“ ემორჩილება და მისი ფუნქცია დღესაც წილების გადანაწილებაა.

_ ვის გულისხმობთ?

_ ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება კულისებიდან იმართება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ლეთარგიულ ძილშია, ანალიზის უნარი დაკარგული აქვს და ქვეყნის მმართველი „არქიფო“ ზოგს ბიძინა ჰგონია, ზოგს _ ამერიკის ელჩი და ზოგს _ რუსეთი. „არქიფო“ ამერიკის ელჩი რომ იყოს, ამერიკულ 65%-იან რეიტინგს 10%-ზე არ ჩამოიყვანდა; რუსეთი რომ იყოს, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზები და „აბრამსები“ არ იქნებოდა; სააკაშვილი რომ იყოს, ასე ვერ გააგდებდნენ და ახლაც პრეზიდენტი იქნებოდა; ბიძინა რომ იყოს, ასე სასაცილოდ არ გაიხდიდა თავს; პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ იყოს, საარჩევნოდ სხვისი შემყურენი არ იქნებოდნენ. „არქიფოს“ არაქართული ფესვები აქვს, მაგრამ „დამოუკიდებელი“ საქართველოს მიწაზე მყარად მდგომი სრულად აკონტროლებს და ანადგურებს ქვეყნას. პარლამენტის დამტკიცებული „კრიმინალური კანონმდებლობით“ ისეთ პროექტებს თხზავს, რომ ბიუჯეტისა და მოსახლეობის მძარცველს მაინც „მამას და მარჩენალს“ ეძახიან. არ შეიძლება, პირდაპირ დაუსახელო „არქიფო“ მას, ვისაც ერთ ხელში სიმართლის მთქმელისთვის სასროლი ქვა უჭირავს, ხოლო მეორეში _ ვაზელინი. მე შემიძლია ისეთი მტკიცებულებები წარმოგიდგინოთ, რომ საზოგადოებამ ჩემ გარეშე დაასახელოს „არქიფოს“ სახელი, თუ თქვენ ამას გაბედავთ!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ევგენიძეების ოჯახს დაუკავშირდა:

 

ნუგზარ ევგენიძე:

_ მაგის თაობაზე ნატროშვილს ფულიც მივეცით და სასამართლოშიც ვიყავით. ჟურნალისტი კი ბრძანდებით, მაგრამ ყველაფერში უნდა გაერკვეთ და ისე დაელაპარაკოთ ჩემს ოჯახს. ეტყობა, ჩვენ არ გვიცნობთ. ჩემს მეუღლეს დაელაპარაკეთ.

 

დინარა ევგენიძე:

_ ჩემი ოჯახი არ წარმოადგენს იმას, რომ მასთან სიტყვა თაღლითური ახლოს იყოს. ამ ადამიანმა შეჭამა პროკურატურა, პოლიცია, თავი მოაბეზრა, შეფასებულია როგორც არაადეკვატური და მას ყველა გაურბის. გამომძიებელმა შეაფასა ასე, ვისთანაც ეს საქმე იყო. მერე მეორე გამომძიებელთან გადაიტანეს. მერწმუნეთ, რომ ეს ადამიანი დალაგებული არ არის. ბევრი მაგალითია იმისა, რომ ვიღაცებს იუსტიციის სამინისტროში უვარდება, დებოშებს ტეხავს და ა. შ. მე მის მიმართ სიძულვილი არ გამაჩნია, დამერწმუნეთ, პირიქით, მეცოდება, ისეთ მდგომარეობაშია. რადგან ვერაფერს მიაღწია და არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ჩვენი ოჯახი პოპულარულია და უნდა, ამით გამოგვიწვიოს. ჩვენს ადვოკატს დაელაპარაკეთ, ის ყველაფრის საქმის კურსშია და სიმართლეს გეტყვით. „ოცნება“ რა შუაშია, ხან იმას ამბობს, რომ მიშა სააკაშვილის ნათესავი ვარ, რადგან ჩემი შვილიშვილი არის თემურ ალასანიას რძალი. ვის საიდან შევეკარით, ჩვენ პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევით. ჩემი შვილიშვილი იმათი რძალია, მაგრამ არც იმათ ვემხრობოდი და არც _ ამათ. მინდა, ჩემს ქვეყანაში მშვიდობა იყოს, თუ რამე შეგვიძლია მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილს, ყოველთვის ქვეყნის საქმეს გავაკეთებთ. ეს ადამიანი ჯოჯოხეთივით გადაგვეკიდა, ჩემთან ერთად ბიზნესი უნდოდა. ნეტავ, განახათ მისი ჩვენებები, რა სისულელეებს წერს. შეცდომა არ დაუშვათ, იმიტომ კი არა, რომ რაღაც საშიშროება გვაქვს, ჟურნალისტი ხართ და ამას დიდი უსიამოვნება მოჰყვება, საპასუხო ყველაფერი იქნება და არ მინდა, ჭუჭყში გავერიო. ერთი პატარა ლაქა არ აცხია ჩემს ოჯახს და ამიტომ ვუფრთხილდები. მე ვფიქრობ, ჟურნალისტმა ის უფრო უნდა გააშუქოს, ჩვენ რა საქმეებსაც ვაკეთებთ, იმხელა კერძო ინვესტიცია უნდა შემოვიტანოთ საქართველოში.

 

დავით ევგენიძე:

_ არ გირჩევთ, ამ მასალას რომ წერთ. რაც შემეხება მე, მთელმა საქართველომ იცის, ორ ბინაგაყიდული, უმანქანო დათო ევგენიძე ვარ. დაუსაბუთებელ ამბავს წერთ, აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანია. მე რატომ არ მეკითხებით?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, აბა, რატომ დავრეკე თქვენს ოჯახში?

_ თქვენ დარეკეთ მამაჩემთან, რომელიც 80 წლისაა, ხანდაზმული ადამიანია. ეს კაცი ყველგან საჩივრებს წერს, 1937 წელი რომ იყოს, ვიღაცას დაახვრეტინებდა. დათო ევგენიძის საწინააღმდეგო სტატია თქვენთვის თუ რეიტინგულია, შეგიძლიათ დაწეროთ, მე არაფერს დამაკლებს.

_ როგორც მუსიკოსს პატივს გცემთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია. ნატროშვილმა წარმოადგინა უამრავი სახის დოკუმენტაცია…

_ ეგ დოკუმენტაცია იმ შემთხევვაშია დოკუმენტაცია, როდესაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ან სახალხო სასამართლოა ჩარეული. ეს არის ამ კაცის პირადი საბუთები, თავისი გაუგებარი ხელის მოწერებით.

_ პროკურატურის მიერ დაზარალებულად არის ცნობილი…

_ მოვალ თქვენთან და მოგიტანთ დაუსაბუთებელ დოკუმენტებს… კი ბატონო, დაწერეთ დათო ევგენიძეზე, დაწერეთ! რასაც ეს კაცი ამბობს, მაგის დამადასტურებელი რამე გაქვთ?

_ დოკუმენტების ასლები წინ მიდევს…

_ მაჩვენეთ, ერთი, საბუთები, როდის იყო ეს საქმე პროკურატურაში? საქმე არ არის აღძრული.

_ ვაკე-საბურთალოს პროკურატურის დადგენილებით დაზარალებულად არის ცნობილი მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე…

_ ვინ დაამტკიცა, ვინ მიიღო ეს დადგენილება? არ არსებობს ასეთი დოკუმენტი. თუ ასეა ლაპარაკი, მაშინ ჩვენს ოჯახს ჰყავს თავისი ადვოკატი და მის დონეზე გადაწყდეს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ულამაზოა თქვენი რეიტინგის გამო დათო ევგენიძეზე სტატიების წერა.

_ რეიტინგს ისედაც არ ვუჩივით. როდესაც ნატროშვილის ინტერვიუს ვწერდი, წინასწარ არ ვიცოდი, იქ ვისი გვარი გაჟღერდებოდა…

_ ოდესმე გაგიგიათ, რომ რამე ბიზნესში ვყოფილვარ, ან რომელიმე პარტიის მხარეს?

_ დედათქვენმა არ უარყო, რომ ნატროშვილთან ერთობლივი ბიზნესი გქონდათ…

_ დედაჩემი 15 წლის წინათ შეეცადა ბიზნესის წარმოებას და ჩაუვარდათ. მე რომ თქვენს ადგილზე ვიყო და საქმე დათო ევგენიძეს ეხებოდეს, ჯერ კარგად ჩავიხედავდი მაგ საქმეში და მერე დავწერდი სტატიას.

_ თქვენ თუ ცნობილი მუსიკოსი ბრძანდებით, ეს არ მაფერხებს, დაწერაზე თავი შევიკავო…

_ დაწერეთ, კი ბატონო, მაგრამ სასამართლოში დასაბუთების სურვილი გამიჩნდება. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ საქმეზე უნდა დაწეროთ და ჰაერში არ დარჩეს თქვენი სიტყვები, ეგ თქვენი ჟურნალისთვის იქნება ცუდი. გირჩევთ, საქმეში გაერკვეთ და მერე დაწეროთ. ისე კი დათო ევგენიძეს ჯერ არავინ შეხებია და ამით თქვენ ისტორიაში შესვლა თუ გინდათ, წარმატებებს გისურვებთ.

 

მაია ახალაძე _ ევგენიძეების ოჯახის ადვოკატი:

_ რასაც ნატროშვილი აცხადებს, ეს არის ყოვლად უსაფუძვლო. ევგენიძეებს მისი არანაირი თანხა არ მართებთ. თუკი ნატროშვილი მიიჩნევს რომ ვინმეს ვალი აქვს, მიმართოს სასამართლოს, რატომ არ მიმართავს? აშანტაჟებს რაღაც აბსურდული ბრალდებებით, ხან სად წერს, ხან _ სად და, უბრალოდ, ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს? ეს არის პატიოსნების განსახიერების ოჯახი და ისეთ რაღაცებს აფიქსირებს, შეუძლებელია, ასე იყოს. ვალთან მიმართებით საერთოდ ერევა სამართალდამცველი ორგანოები? მე, როგორც იურისტი, ვამბობ, რომ ევგენიძეებს არანაირი ვალი არ მართებთ.

_ ეს დოკუმენტები საიდან გაჩნდა, დაზარალებულად როგორ ცნო პროკურატურამ, თუ ეს კაცი თვითონ თხზავს დოკუმენტებს?

_ შეიძლება, ცნონ დაზარალებულად, მაგრამ დაზარალებულად ცნობის დადგენილება არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ საქმეზე განაჩენია დამდგარი.

_ მეუბნებით, რომ პროკურატურის გამოძიება არაფერს ნიშნავს?

_ მერე რა დაადგინა პროკურატურამ? ჩვენ არ გავცნობილვართ პროკურატურის დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამის შესახებ პირველად მესმის, რომ იოსებ ნატროშვილი დაზარალებულად არის ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, ნატროშვილი ცრუ ბრალდებებით შედის სამართალდამცველ ორგანოებში, არაერთი აბსურდული განცხადება აქვს დაფიქსირებული, ყველგან რაღაც ვალზე საუბრობს, ამისთვის არსებობს სამოქალაქო წარმოება და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ გააჩნია, ამიტომ არ შედის სასამართლოში და ინტრიგნულად იქცევა.

_ მე ასევე მაქვს ხელწერილი საქმიდან, სადაც ნუგზარ ევგენიძე სწორედ ამ ვალს აღიარებს. არც ეს ნიშნავს რამეს?

_ არა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც აღიარება, თუ ამის საფუძვლები ჰქონდა. ნატროშვილმა თქვენთან იმის შესახებ განაცხადა, ოჯახს როგორ აშანტაჟებდა და როგორ ცდილობს საკმაოდ ცნობად ოჯახს რამენაირად გამოსძალოს თანხები? ამის გამო მიმართავს ხოლმე ხან პოლიციას, ხან პროკურატურას.

_ პროკურატურისა და პოლიციის მეშვეობით როგორ სძალავს?

_ ხომ ხედავთ, დაზარალებულად უცნიათ, რაც ჩემთვის აქამდე ცნობილი არ იყო და თქვენგან გავიგე.

_ ზემოთ ცნობილ ოჯახზე გააკეთეთ აქცენტი, ევგენიძეებიც ამბობენ, რომ ამის გამო მათზე მასალა არ უნდა დაიწეროს. თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? უცნობი ადამიანი რომ იყოს, იმაზე უნდა დაიწეროს და ცნობილზე _ არა?

_ რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყონ, მაგრამ სხვა ისეთი ფაქტები არსებობს, სისხლის სამართლის საქმეები დაუწყიათ და ვერ დაუწყიათ. დაზარალებულად უნდა ცნონ ადამიანები, სადაც დანაშაულია ჩადენილი და სადაც ცრუ ბრალდებებს დებენ, რომელ დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანაზეა საერთოდ საუბარი? ე. ი. პროკურატურა მიკერძოებულია. ნატროშვილს თუ ვიღაც არ მფარველობს, გამორიცხულია, დაზარალებულად ეცნოთ.

 

„ქრონიკა+“ შს სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

 

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი