„ქართული ოცნების“ სადეპუტატო სიის კანდიდატი _ უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენი, თუ დამნაშავე, რომელმაც ქონება უკანონოდ მოიპოვა?!

qa1

 

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქტიურ ფაზაში ნელ-ნელა შედის. რამდენიმე პარტიამ საპარლამენტო კანდიდატები უკვე დაასახელა. „ქართული ოცნების“ სიის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი, თუმცა, კულუარულად, დეპუტატობის გარკვეული კანდიდატების ვინაობა სახელდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ სიაში ბელგიაში მოღვაწე ბიზნესმენი ქალი, ანა ბალამწარაშვილიც მოხვდება, რომელთანაც სამართალდამცველებს შეკითხვები ჰქონდათ. ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი, რომელიც პოლიტპატიმარია, აცხადებს, რომ მისი ეს სტატუსი სწორედ ბალამწარაშვილის „დამსახურებაა“. მურმანიშვილი „ქართული ოცნების“ მესვეურებს საჯაროდ უცხადებს, რომ ბალამწარაშვილმა რამდენიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, ქონება უკანონო გზებით მოიპოვა და ამის დამადასტურებელი ფაქტები აქვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბალამწარაშვილი „ქართული ოცნების“ სადეპუტატო სიაში მოხვდება, პარტიის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს, საკანონმდებლო ორგანოში კი აღმოჩნდება დეპუტატი, რომელმაც რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა.

 

„ქრონიკა+“-ს ტარიელ მურმანიშვილი ესაუბრება:

_ მინდა, მოგიყვეთ იმ საკითხზე, რატომ აღმოვჩნდი ციხეში და ვინ გამოიწვია ჩემი უკანონოდ დაპატიმრება: 2011 წლის ოქტომბერს ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ საქართველოში იყვნენ უცხოელი ინვესტორები, რომელთაც წლების წინათ ხე-ტყის ბიზნესში ფული ჩადეს. ათვისების ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული, შემდეგ გაუქმებული და ვერ აღადგინეს. ამასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ და ადვოკატის დახმარება სჭირდებოდათ. ამ ადამიანებს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ შევხვდი, სადაზც მოვიდა ქალბატონი, რომელიც ანა ბალამწარაშვილად გამეცნო. მან მითხრა, რომ ბელგიელი ინვესტორების წარმომადგენელი იყო საქართველოში. ბალამწარაშვილის ახლდა პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, რომანოზ ბჟალავა. მათ მითხრეს, რომ საქართველოში ბელგიელებს, კერძოდ, ემილ რენიერს ლუის ლეოპოლდს ლიცენზია ჰქონდა მოპოვებული ხე-ტყის ასათვისებლად 20 წლის ვადით სამცხე-ჯავახეთის ტყეებში, რომელიც წელიწადში ითვალისწინებდა 20-25 ათასი კბმ ხე-ტყის ათვისებას. ლიცენზიის მოსაპოვებლად მას გადახდილი ჰქონდა მილიონ ნახევარი ლარი, მილიონ ორასი ათასი ლარი გადასახდელი იყო და ამის გამო გახლდათ ლიცენზია გაუქმებული. ბჟალავამ განმიცხადა, _ ამ საქმეს მე ვლობირებ, მაგრამ მთავრობის დონეზე ვერ გავქაჩე, ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი ახსენა, მათ შევხვდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, სამართლებრივი დახმარება გვჭირდება და ამიტომ გვინდა ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, რომელიც ერთიანად გაგვიკეთებს მომსახურებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული წესითო. რა თქმა უნდა, ჰონორარი მოვითხოვე. მითხრეს, რომ ჰონორარს ვერ გადამიხდიდნენ, რადგან თანხა არ ჰქონდათ და უცხოელიც ამ საქმეში აღარაფერს დებდა. როდესაც მოვახერხებთ ლიცენზიის აღდგენას და ხე-ტყის მოპოვებას დავიწყებთ, ჩვენს ფირმაში იურისტის შტატში ჩაგსვამთ, ხელფასს დაგინიშნავთ და, ამავდროულად, თუ ქონებას ამოვიღებთ, იმის ნახევარს მოგცემთო. პრაქტიკულად, შემდგომი ანაზღაურების პერსპექტივით უნდა მემუშავა. ვუთხარი, რომ მხოლოდ სიტყვებზე ნდობა არ შემეძლო და ხელშეკრულების გაფორმება მოვითხოვე, რომ უცხოელის თანხმობა მქონოდა. ანა ბალამწარაშვილმა განმიცხადა, დეკემბერში ბელგიაში მივდივარ, უცხოელს შევხვდები, ჩამოვალ და პასუხს გეტყვი, მანამდე მომსახურება დაიწყეო. დავიწყე მუშაობა, გამაფორმეს შპს „თისელი+“-ში იურისტად და ყოველთვიურად, ხელფასის, სახით უნდა მოეცათ 750 ლარი, მაგრამ არაფერი მოუციათ, შრომითი ხელშეკრულება კი გავაფორმეთ. მართლაც, თბილისში შობის შემდეგ ჩამოვიდა ანა ბალამწარაშვილი და მითხრა, _ ხელშეკრულება მოვამზადე, რენიერსი თანახმაა, გავაფორმოთ საადვოკატო მომსახურება იმ პირობებზე, რომ ქონების ამოღების შემთხევვაში 50%-ს თქვენ გაძლევთო. 11 იანვარს ბალამწარაშვილთან სახლში მივედი, სადაც რომანოზ ბჟალავა დამხვდა, ასევე ჩემი მეგობარი, ვინც ამ ხალხთან დამაკავშირა. ბალამწარაშვილის სახლში მივიტანე ხელშეკრულება, წაიკითხა და ხელი მოვაწერეთ. დავიწყე იურიდიული მომსახურება. მოვიგე სამოქალაქო საქმე, სისხლის სამართლის კუთხითაც გავუწიე მომსახურება და არა მარტო მოვიგე, რენიერსს ანაზღაურება გავაკეთებინე, ვისთანაც ეს პროცესი მიდიოდა. 2011 წლის მაისში ეს პროცესი დამთავრდა და აგვისტოს შუა რიცხვებამდე ჩემს ანაზღაურებას არ მიხდიან. ბალამწარაშვილს შეხვედრა ვთხოვე, რომ გამეგო, რას აპირებდნენ, მაძლევდნენ თუ არა ჩემს ჰონორარს? ხელშეკრულების მიხედვით 750 000 ლარი მეკუთვნოდა. შეხვედრაზე უარი მითხრა. სექტემბრის დასაწყისი იყო, შემხვდა რომანოზ ბჟალავა, მან მითხრა, _ როგორც ბალამწარაშვილი ამბობს, აქედან შენ თანხას ვერ მიიღებ, გაჩერდი, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. ვკითხე, _ რა პრობლემები უნდა შემექმნას-მეთქი? _ მურთაზ ზოდელავას ვნახავ, 200 000 დოლარს გადავიხდით და დაგიჭერენო. სამართლებრივად ეს იმდენად ნონსენსი და დაუჯერებელი ამბავი იყო, რომ ვერაფრით წარმოვიდგინე საადვოკატო ხელშეკრულებაზე, რომელზედაც მხარეები თანახმანი არიან, გაწეული მომსახურების გამო ციხეში გაგიშვან. ვუთხარი, რომ მათთან დავას სამოქალაქო წესით გავაგრძელებდი და სასამართლოში სარჩელს შევიტანდი.

_ შემდეგ რა მოხდა?

_ რამდენიმე დღეში, 9 სექტემბერს დამიჭირეს, ჩემთან ერთად დაიჭირეს ის პიროვნება, რომელმაც მიმიყვანა და ეს ხალხი გამაცნო. დაგვიჭირეს როგორც თაღლითები, წამიყენეს ბრალდება, თითქოს უცხოელს 250 000 დოლარის ზიანი მივაყენე, ჩამოიყვანეს და ჩვენება მიაცემინეს. ამ დროს ერთი თეთრი არ მაქვს აღებული. მოკლედ, წამიყენეს თაღლითობის ბრალდება 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით. გამოძიებამ შეხედა, რომ არაფერი მსგავსი არ ჩამიდენია, ჩიხში შევიდა, საპროცესო გარიგების გაფორმებას მთხოვდნენ, ერთ წელზე  10 000 ლარი გადაიხადე და დანაშაული აღიარეო. უარი განვაცხადე. მითხრეს, _ მაშინ შენს მეგობარს, რომელიც შენთან ერთად არის დაპატიმრებული, იმას მივაცემინებთ ჩვენებასო. _ ვერ მისცემს-მეთქი ასეთ ჩვენებას. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბოლოს ჩემ წინააღმდეგ მისცა ეს ჩვენება, თითქოს ჩვენ ბალამწარაშვილი მოვატყუეთ. მოკლედ, ციხეში გამიშვეს თაღლითობის მცდელობის გამო და 7 წელი მომისაჯეს. ეს ვერ გადაიტანეს ჩემმა ხანდაზმულმა მშობლებმა და მამაჩემი გარდაიცვალა. ციხიდან ამნისტიის შედეგად გამოვედი. ამნისტიამ იმიტომ მომიწია, რომ ამ შემადგენლობაში მოვხვდი: 2012 წლის ოქტომბერში ევროპარლამენტმა ასეთი დოკუმენტი მიიღო _ „1900 რეზოლუცია“ ჰქვია, პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა და შემდეგ დაპატიმრება პირის მიმართ ითვლება პოლიტპატიმრობად. შესაბამისად, ამ საქმეში მონაწილეები იყვნენ საქართველოს პარლამენტიდან რომანოზ ბჟალავა და მაშინდელი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სტანდარტის დამკვიდრება უნდოდა, მოგებულ საქმეზე თუ დავიჭერთ ადვოკატს, შემდეგ ნებისმიერ ადვოკატს დავიმორჩილებთო. ასევე, როგორც ბჟალავამ თქვა, ამ საქმეში 200 000 დოლარი უნად აეღო მურთაზ ზოდელავას.

_ ახლა რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ საქმის შესახებ გესაუბრათ?

_ ანა ბალამწარაშვილი, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომანოზ ბჟალავასთან, მისი მეშვეობით მურთაზ ზოდელავასთან, ვანო მერაბიშვილსა და ამირან მესხელს ახსენებდნენ, რომ ურთიერთობა ჰქონდათ. დღეის მდგომარეობით აღმოჩნდა, რომ ისინი დაახლოებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. „ქართული ოცნების“ წევრებთან პარლამენტში ჩვეულებრივ შედიან და გამოდიან. ტელევიზიითაც შევიტყვე, რომ 2016 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხების კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელმა რუსთაველის თეატრში დააჯილდოვა ქართველი ბიზნესმენი ქალები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ და რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს. ჯილდოები პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ გადასცა. ამ დაჯილდოების ცერემონიალზე ჯილდო ასევე მიიღო ანა ბალამწარაშვილმა, როგორც ბიზნესმენმა, რომელიც ბელგიაში მოღვაწეობს. ე. ი. ეს ორი ადამიანი მხარს უჭერს ბალამწარაშვილს. რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ ბალამწარაშვილის შესახებ, არ ვიცი, მაგრამ როგორ მოიპოვა ეს ქონება და როგორ მიაღწია ამას, ამაზე მე საინტერესო ფაქტები მაქვს და საზოგადოებას ამ ინფორმაციას თქვენი გაზეთის შემდეგი ნომრებიდან მივაწვდი. უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, საპარლამენტო არჩევნებზე სიაში შეიყვანონ ბალამწარაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჭკუასელსა და ვოლსკის, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მათ არ იციან, ვინ არის ანა ბალამწარაშვილი და რა დანაშაულებრივ ქმედებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტარები _ ვოლსკი და ჭკუასელი შეცდომაში არიან შეყვანილები და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით საჯაროდ მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე, მან თაღლითობისა და მოტყუების გზით მოიპოვა ეს ქონებები! ამის შესახებ რამდენიმე ფაქტი მაქვს, მან ასევე ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, ამის ფაქტებიც მაქვს! ანა ბალამწარაშვილს აქვს ძალიან ცუდი ბეგქრაუნდი! ის, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვდეს, პარტიას რეიტინგსაც დაუწევს და უღირსი ადამიანიც იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში! ეს არის ჩემი გულის ტკივილი და მინდა, რომ ეს ინფორმაცია თქვენი გაზეთის მეშვეობით გაჟღერდეს!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ანა ბალამწარაშვილს დაუკავშირდა:

_ ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ თქვენი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სადეპუტატო კანდიდატად განიხილება და გქონიათ თუ არა შეთავაზება?

_ სიამოვნებით გიპასუხებდით, დარწმუნებული რომ ვიყო, ასეთი რამე მართლაც ხდება ჩემ გარშემო. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასეთი შემოთავაზება თუ მოხდება, აუცილებლად დავფიქრდები.

_ რაც შეეხება ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას?

_ სად მაქვს ცუდი ბეგქრაუნდი? ტარიელ მურმანიშვილმა, სასურველი იქნება, ის დოკუმენტი დადოს, როგორ წაართვა ბელგიელ ინვესტორს ქონება! შემდეგ ის დოკუმენტი დადოს, რომელი პოლიტიკური აქტივობის გამო დააკავეს იგი და როგორ გახდა ე. წ. პოლიტპატიმარი! რაც შეეხება ჩემს ჩადენილ დანაშაულებს, მეცინება, მაგრამ ვეთანხმები, რადგან ის ვითომ ადვოკატი და პიროვნება მე „შევქმენი“. ეს ყველაზე დიდი დანაშაულია ჩემი, ასე რომ, შეუძლია, „დაადასტუროს“. ტარიელ მურმანიშვილს არასოდეს ჰქონია ჭკუა და რაღა ახლა შეიძენდა? ცნობისთვის: ბელგიელი ინვესტორი მას უჩივის, რომ შანტაჟითა და თაღლითობით წაართვა ქონება, მაგრამ რასაც ის ჩემზე ამბობს, ეს, უბრალოდ, იაფფასიანი ტყულია, რომელსაც შიში ჰქვია, შიში და სხვა არაფერი!

 

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი