სოსო! ჩვენ ვართ, სოსოო!

sa2

რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს“ ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების“ არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.

ამერიკელმა პუბლიცისტმა, ვენს პაკარდმა, რეკლამას ასე უწოდა: „ხელოვნება _ დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“.

რეკლამა ეს არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობისა და ინტერესის გაღვივების მიზნით.

 

როგორც წესი, სარეკლამო საქმეს ეწევიან სპეციალური ფირმები და სააგენტოები, საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების, მსხვილი დაწესებულებების, გამომცემლობებისა და სხვ. სარეკლამო განყოფილებები. სარეკლამო შეზღუდვები: მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სპეციალური კომისია აკონტროლებს რეკლამის შინაარსსა და სისწორეს. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 12 საათს.

პირველი სატელევიზიო რეკლამა საქართველოში 1950-იანი წლების ბოლოს გავიდა. საბჭოთა კავშირში რეკლამა „ექსპლუატატორთა სოციალურ იარაღად“ მიაჩნდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო რეკლამის თავისებური სახე, რომელსაც საბჭოთა რეკლამას უწოდებენ. ის მოსახლეობას მოუწოდებდა, შემნახველ სალაროებში ფული შეენახა, საბჭოთა კავშირის საზღვრები დაეცვა, ჩაწერილიყვნენ მოხალისეებად და ა. შ.

 

***

ახლა კი რატომ მოვყევით ამდენი რეკლამაზე…

წინასაარჩევნო მარათონი დიდი ხანია, დაიწყო. ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გააქტიურდა. თუმცა აქტიურობა ერთია, საქმე კი მეორე.

ჩვენს სოსოს დიდი თავსატეხი გაუჩნდა. ჯერ არჩევნები არ ჩაუტარებია, ახლა კი გადაწყვიტა, რომ არჩევნების ჩატარების კვალიფიკაციაც უნდა აიმაღლოს და ამ საქმის სპეცად იქცეს.

დავალება #X

დავალება პირველი, რომელიც მან ბოლო პერიოდში გასცა, სარეკლამო ბანერების ე. წ. დათრევაა. სარეკლამო ბანერებს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველ თვე სოლიდური თანხა შემოაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი საქართველოში მომგებიანია.

განსაკუთრებით კარგი გეოგრაფიული მდებარეობით შერჩეული ბანერის შოვნა წინასაარჩევნოდ რთულია, ამიტომ პოლიტიკური პარტიები ამაზე ზრუნვას ყოველთვის რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. სოსომაც, ალბათ, ეს გათვალა და ამ თემაზე მუშაობა დაიწყო.

საკითხი ორგვარად დგა: არც ერთ სხვა პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“, გარე რეკლამა შესამჩნევ ადგილზე განთავსებული არ უნდა ჰქონდეს.

მეორე და საინტერესო: ბანერებს, რომელთაც, უბრალოდ, ვერ აიღებენ, მაშინ უნდა მოუარონ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სარეკლამო ბანერების გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასე რომ, ამ საკითხის გადაჭრა გოგაშვილისთვის მარტივი არ უნდა იყოს.

მაგრამ უნდა ბიჭს მოგვარება და რა ქნას?

შესაბამისად, ამ თემას ეძღვნებოდა ბოლო დახურული შეხვედრა მსხვილ ბიზნესმენთან. ბილბორდებს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები გრძელვადიანი ხელშეკრულებით აიღებენ.

გამქირავებელს უნდა ეგონოს, რომ ბილბორდი, მაგალითად,  წყალმომარაგების კომპანიას მიაქირავა, რომელსაც სუფთა წყლის რეკლამა აქვს გამოჭიმული. რეალურად, კომპანიის უკან „ქართული ოცნება“ დგას და დაქირავებულ ბილბორდს საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ გადასცემს. თუმცა როგორ აისახება ეს „ოცნების“ ბიუჯეტში, წარმოუდგენელია. ბიზენსმენებს, რომელთაც აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაევალათ, ამ არჩევნებისთვის ე. წ. პარტიისთვის შემოწირულობების გაკეთება აღარ მოუწევთ. მაგრამ აქ რჩება მეორე პრობლემაც, რომელსაც, როგოც ჩანს, გოგაშვილი ითვალისწინებს. ყველა ბილბორდის დათრევა წარმოუდგენელი გახდება, მაგრამ მათი დაზიანება უფრო მარტივი და თვალში საცემი უნდა იყოს…

დაზიანება არ უნდა ნიშნავდეს მარტო დახევას, ან შელახვას. ბილბორდები, სადაც გოგაშვილისთვის მიუღებელი კანდიდატები იქნებიან გამოკრულები, სხვადასხვა ფერის საღებავით შეიღებება: ზოგს ცისარტყელას ფერები ექნება, ზოგს კი რამე ტექსტი ან ნიშანი.  ჯგუფები, რომელთაც ამის გაკეთება დაევალებათ, მობილიზებისა და დამუშავების პროცესშია, იქ შემავალთა ასაკი 18 წელს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან თუ მათი დასჯა გახდა საჭირო და დავალება უკვალოდ ვერ ჩატარდა, არასრულწლოვანთათვის ხულიგნობაზე დაკავება, ან გირაოს მცირიე ნაწილის შეფარდება უფრო  მარტივი იქნება.

 

P. S. ასე რომ: ეს ყველაფერი უკვე ქვეყნის სირცხვილს ჰგავს. რა დემოკრატია, რის დემოკრატია?! აქეთ მოჭიდავეებს ამზადებ, იქით სასახლეს იშენებ… აქეთ ბიუჯეტიდან თანხას „აპრავებინებ“ წინასაარჩევნოდ, იქით ბიზნესმენებს დავალებებს აძლევ… ბიძინას ყურამდე გინდა, რომ მივიდეს, _ ნახეთ, სოსო რა მაგარია, ბილბორდების ბიზნესი კეზერაშვილს აურ-დაურიაო…

სირცხვილია, სოსო სირცხვილი! რაც არ უნდა მოხდეს, ყველგან გახსოვდეს, _ სოსო! ჩვენ ვართ, სოსოო!

სამწუხაროდ კი: „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს…“

 

                                                                                                              მაკა მოსიაშვილი