დესპანი ზუგდიდან შუშის სასახლეში და დატუქსული კახი კალაძე

vf4

„ქართული ოცნების“ ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა კორცხელში მომხდარი ცემა-ტყეპისა და იქ გამართული არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ზუგდიდსა და, ზოგადად, სამეგრელოში, მხოლოდ ისინი და მათი ოჯახის წევრები თუ უჭერენ მხარს, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ დაასაქმა და, ნოყიერ ხელფასთან ერთად, ნოყიერი პრემიები, თუ სახელფასო დანამატები ჩაახუტა.

სამეგრელოს მოსახლეობა განსაკუთრებით სენსიტიურია რეგიონში დედაქალაქიდან ჩაყვანილთა „ინტერვენციის“ დროს და ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, პროტესტის გრძნობა ჩნდება იმის მიუხედავადაც კი, ვის ურტყამენ ინტერვენტები.

ამის მიზეზი, ალბათ, არცთუ შორეულ წარსულში გადატანილ ეგზეკუციებში უნდა ვეძიოთ, როცა „სამთავრობო ძალების“ მანტიით სამეგრელოს ათასი ჯურის ბანდიტი, მაროდიორი და მძარცველი შეესია. მართალია, მათი უმრავლესობა ადგილობრივების მიერ მიწოდებული სიებით, ე. წ. „ნაკოლებით“ მიდიოდა ამა თუ იმ მოსახლესთან, მაგრამ ყველაფერი მაინც „ჩამოყვანილ ბანდიტებს“ დაბრალდათ. სამეგრელოში დღესაც სჯერათ, რომ მაშინ ედუარდ შევარდნაძეს შეეძლო, მაგრამ ბანდიტები არ ალაგმა და არ შეაჩერა, რადგან „სამეგრელოს ჯინი სჭირდა“.

ასეთი „ნაკოლის“ მიმცემი, ვინც, საჭიროების შემთხვევაში, მეგრულადაც დაგელაპარაკებოდათ, თქვენ წარმოიდგინეთ, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს შორისაც იყო. უფრო სწორად, წარმოშობით რომ დაბა ჯვარიდან გახლდათ, ერთ-ერთ დაკუნთულ სპორტსმენს ლეგენდის შესაქმნელად გამოადგა: თითქოს მისი დაბადების დღე იყო, თბილისიდან მეგობრები ჩამოუვიდნენ და მასთან სახლში რჩებოდნენ, კორცხელში კი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ გაიგეს, არჩევნები ტარდებაო.

მოკლედ, ეს წარმოშობით დაბა ჯვარელი (წალენჯიხის რაიონი) დაკუნთული, დანარჩენი დაკუნთულების ფარად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მათ თავზე აღმართული მახვილი კი აღმოჩნდა: ადგილობრივებმა ის სწორედ „ნაკოლის“ მიმცემად აღიქვეს.

სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ „ქრონიკა+“-ის კულუარული ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ცემა-ტყეპას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა „პარტიული“ უკმაყოფილებაც კი მოჰყოლია. ასე განსაჯეთ, ჩვენი წყაროს ცნობით, მუდამ თვინიერ ედიშერ თოლორაიასაც კი ხმა აუმაღლებია თბილისში ჩასულს და კალაძისთვის ერთი-ორი ხმამაღალი სიტყვაც კი უთქვამს, _ ასეთი რამ როგორ გააკეთეო? ამავე პოზიციაზე ყოფილა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც, თუმცა მასზე მეტად ხმის ამოღების ზურგი თოლორაიას აქვს _ ის ივანიშვილის რჩეულია და ეს ამბავი კარგადაც გამოუყენებია.

ადგილობრივ ხელისუფალთა ლოგიკა ასეთი ყოფილა: როდის იყო, „ნაციონალების“ „მიჯირყვნა“ მოგვინდომებია და ვერ მოგვიხერხებია, თუ საცემები იყვნენ, ჩვენ თვითონ მოვახდენდით ხალხის მობილიზაციას და ვცემდით, ამხელა „შანტრაბის“ თბილისიდან ჩამოყვანა რა საჭირო იყოო? თოლორაიას პრაიმერის ამბებიც გაუხსენებია.

მაშინ თეატრში მისულ დავით ბაქრაძეს და სხვა „ნაციონალებს“ სპეციალურად მობილიზებულმა ჯგუფებმა ქვები დაუშინეს და თოლორაიას ლოგიკურად აუხსნია, რომ მაშინ ამ „აქციაში“ მონაწილეობისთვის ზუგდიდლები ვერ დაითანხმეს და სხვადასხვა სოფლიდან ჩაიყვანეს აქტივისტები, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ დაპირისპირებაში ადგილობრივები მონაწილეობდნენ, თავად პროტესტის ფორმას უკურეაქცია გამოუწვევია, რადგან შეხვედრის შემდეგ უბრალო მოქალაქეები „ნაციონალებთან“ მიდიოდნენ და ბოდიშს უხდიდნენ, _ რაც მოხდა, ზუგდიდის სახე და ბრალი არ არისო…

თოლორაიას მტკიცებით, ახლანდელმა კორცხელის ინციდენტმა პირიქით, „ნაციონალების“ წისქვილზე დაასხა წყალი და იქ წაგებაც სწორედ ამ ფაქტისთვის, ზოგადად, კალაძისთვის დაუბრალებია, რასაც კალაძის პროტესტი მოჰყოლია, თოლორაიას კი დაუქადნია, _ ამ ყველაფერს ბიძინასთანაც ვიტყვი და მერე ვნახოთ, თავზე ხელს ვის გადაუსვამსო. ედიშერ თოლორაიას, სხვა ბევრისგან განსხვავებით, მართლაც პირდაპირი კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან და შუშის სასახლეში მართლაც მისულა.

ბიძინას ედიშერისთვის გულდასმით მოუსმენია, კალაძე დაუბარებია და დაუტუქსავს კიდეც, ნამეტანი მოგდისო… ბუნებრივია, ამის შემდეგ კალაძე კიდევ უფრო დაიბოღმება ზუგდიდის რაიონის გამგებელზე და, ზოგადად, სამეგრელოზე, სადაც მას დიდად ისედაც არ სწყალობდნენ და კორცხელის შემდეგ, მით უმეტეს…

სამეგრელოს განწყობის დემონსტრაცია 26 მაისი იყო. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ამ დღეს დაკრძალეს ზუგდიდში ხურჩაში სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორია. მისი ცხედარი დადიანების კარის ეკლესიაში იყო დასვენებული და იქ ყველა ჯურის პოლიტიკოსმა თუ ხელისუფალმა მოიყარა თავი. რასაკვირველია, ხალხიც მრავლად იყო და შეკრებილთა რეაგირება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა გამოჩენაზე ბევრისმთქმელი იყო.

ეკლესიის შესასვლელთან, მარჯვნივ და მარცხნივ, ორი დიდი გვირგვინი იყო დადებული: პრეზიდენტისგან და პრემიერ-მინისტრისგან. სამძიმარზე პაატა ზაქარეიშვილიც მივიდა და თავიდან ოჯახის წევრები თითქოს მისი მისვლის წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ბოლოს მაინც მასპინძლის ამპლუამ სძლია წყენას.

თუმცა ეკლესიიდან გამოსულ პაატა ზაქარეიშვილს მოსახლეობა დიდი კეთილგანწყობით არ დახვედრია: ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ მართალია, შედარებით არახალხმრავალი ადგილი იპოვა და ხის ძირას დადგა, მაგრამ რამდენიმე ქალმა მაინც ჩაურა გვერდით და „მოღალატეო“, მიაძახა, რაზედაც თავად მინისტრს ყურადღება არ მიუქცევია…

დაახლოებით ასეთივე რეაქცია იყო ირაკლი ალასანიას გამოჩენაზეც: იქაურებს ამ დრომდე ვერ უპატიებიათ მისთვის, რომ სამეგრელოს 2012 წელს სათავისოდ იყენებდა, უფრო ხშირად კი მის განცხადებებს იხსენებენ იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში, თითქოსდა შეიარაღებული დაჯგუფებები არსებობდა. ალასანია ეკლესიასთან დიდხანს არ გაჩერებულა და თანაც, ერთი უხერხული დეტალიც იყო:

„თავდემებზე“ ადრე მისული „ნაციონალები“, უკვე ეკლესიიდან გამოსული, ჟურნალისტებს აძლევდნენ ინტერვიუს, როცა ალასანია და მისი თანაგუნდელები გამოჩნდნენ და რადგან პირდაპირ ტაძრის კართან მისასვლელი ბლოკირებული იყო, ალასანიასა და მის მიმყოლებს წრის დარტყმა მოუწიათ, კართან დალაგებულ გვირგვინებსა და თაიგულებს შორის გაძვრნენ და ისე შევიდნენ სამძიმარზე…

დაბოლოს, კორცხელის ინციდენტის კიდევ ერთი დეტალი: ქალები ენმ-დან. როგორც წინა წერილებში ვწერდით, ზუგდიდში, მაინცდამაინც, დიდი აღტაცებით არ შეხვედრიან სიაში ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის ჩასმას და ამბობდნენ, რომ გამსვლელ სიაში ყოფნას ის არ იმსახურებდა, მაგრამ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბევრს შეეცვალა წარმოდგენა: ქებურია თითქმის ყველა კადრში ჩანს, ყველგან გამყინავი ხმით დაჰყვირის ჩამოყვანილ სპორტსმენებს და არც მუჯლუგუნებს აკლებს მათ. ასევე იქცევა ეკა ხერხეულიძეც, რომელსაც სხვა დროსაც არაერთხელ დაუდასტურებია თავისი შეუპოვრობა.

რაც უფრო მეტი დრო გადის კორცხელის ინციდენტიდან, მით უფრო ნათლად იკვეთება, რომ ეს „სადამსჯელო ეგზეკუცია“, რომელსაც ადგილზე ყველა კახა კალაძის ორგანიზებულად მიიჩნევს, საბოლოო ჯამში, დიდი დანაკლისია „ქართული ოცნებისთვის“ და დიდი პლუსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ლოკალურად ეს გამოჩნდა კიდეც კორცხელის ბიულეტენების ოთხჯერ გადათვლის დროს, ხოლო შემოდგომაზე, გლობალურად, შესაძლოა, ისეთი შედეგი დაიდოს, რომ „ოცნებამ“ არც თვალებს დაუჯეროს და არც ათჯერ ბიულეტენების გადათვლამ უშველოს…

 

                                                                                                                    ლაშა ბერულავა