ტურისტი მინისტრები – ვინ რამდენს ხარჯავს?

fv4

რა მოაქვს მაღალჩინოსნების მივლინებებს, უცხოეთში ვოიაჟებსა და ვიზიტებს ჩვენი ქვეყნისთვის? არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ლაგვილავამ, „ქრონიკა+“-თან სამინიტროების მიერ ამ კუთხით გაწეული ხარჯების შესახებ ისაუბრა და დასკვნაც გამოიტანა, _ ისინი საქმის საკეთებლად კი არა, ფაქტობრივად, ტურისტულ მოგზაურობებში დადიან!

ვლადიმერ ლაგვილავა:

_ ჩვენი ორგანიზაცია სამინისტროების მივლინებებით დაინტერესდა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რადგან საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ მივლინებების უმეტესი ნაწილი ამ უწყებების თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნების ტურისტულ მოგზაურობებს ემსახურება. ხალხი ლაპარაკობს, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე კი არ ზრუნავენ და იმიტომ კი არ დადიან მივლინებებში, არამედ იქ გასართობად და დასასვენებლად მიემგზავრებიან ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად. თუ ასეა, მათ მოგზაურობებს ქვეყნის ბიუჯეტი აფინანსებს, რაც უკანონოა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ უცხოეთში ვიზიტების  60-70%-ს თავად მომწვევი ორგანიზაციები აფინანსებენ. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ სამინისტროების მაღალჩინოსანთა და თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯები 2016 წლის სამი თვის განმავლობაში მაინც იმხელაა, უბრალოდ, სირცხვილია. ეს ქამრების შემოჭერის კი არა, გახსნის პოლიტიკაა.

_ სჯობია, დოკუმენტებით ვისაუბროთ და არა ხალხში გავრცელებულ ხმებზე დაყრდნობით.

_ დიახ. ხალხში გავრცელებული ასეთი აზრების გამო, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე ყველა სამინისტროს მივმართეთ. ჩვენი ამ მოთხოვნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ 2016 წლის პირველი კვარტლის ინფორმაცია მიგვეღო სამივლინებო ხარჯთაღიცხვის თაობაზე, ჩაშლილი სახით ანუ თითოეულ პერსონაზე. ასევე ვითხოვდით, ამ მივლინებების თაობაზე დაწერილ მოხსენებით ბარათებსაც. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ამჟამად შესწავლილი არც ერთი სამინისტროდან მივლინებაში მყოფ მაღალჩინოსნებს თუ სხვა თანამშრომლებს არ აქვთ დაწერილი მოხსენებითი ბარათები _ ვის შეხვდნენ, რა გააკეთეს და რა შედეგები უნდა მივიღოთ ამ მივლინებისა და სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ საქმეში დახარჯული ფულის შედეგად? უცხო ქვეყნებში სამინისტროებში გაწეულ სამივლინებო ხარჯებს დიდი ყურადღება ექცევა და ამ საკითხებით ხშირად ინტერესდებიან ანგარიშგასაწევი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მაგრამ ჩვენთან, ხშირ შემთხვევებში, ისიც კი არ ვიცით და არ გვეუბნებიან, რომელი სახელმწიფო მოხელე, ჩინოვნიკი წავიდა მივლინებაში და რატომ?

ამჟამად უნდა გესაუბროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტოს, იუსტიციის სამინისტროს, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 3 თვის განმავლობაში განხორციელებულ მივლინებებზე ქვეყნის შიგნით და გარეთ; ასევე მივლინების დროს თავად მინისტრების დანახარჯებზე. ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების მივლინებების ხარჯთაღრიცხვამ, ჯამში, 221 675 ლარი და 39 თეთრი შეადგინა.

_ მერე ეს ბევრია 5 სამინისტროსთვის?

_ საუბარია სამი თვის სამივლინებო ხარჯებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრია, რადგან წლის პირველი სამი თვე, ძირითადად, უმოქმედო თვეებად მიიჩნევა და სერიოზული შეხვედრები ამ პერიოდში იშვიათად იმართება ხოლმე.

დავიწყებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის მივლინებებით. ის 2-8 თებერვალს მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ვაშინგტონში და ეს ვიზიტი ქვეყანას 10 060 ლარი დაუჯდა. მისი მგზავრობის ხარჯმა 5326 ლარი შეადგინა, რაც იმას გულისხმობს, რომ თვითმფრინავის ბიზნესკლასით იმგზავრა. არადა, ეს ის ხალხია, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ბიზნესკლასებით კი არა, ეკონომკლასებით ვივლითო. პაატა ზაქარეიშვილს ამ ვიზიტის დროს დღიურ ნორმად 1334 ლარი და 83 თეთრი დაუდგინეს, სასტუმროს ხარჯად _ 3 134 ლარი, წარმომადგენლობით ხარჯად _ 121 ლარი და 21 თეთრი და კავშირგაბმულობის ხარჯად 7 დღეში 224 ლარი და 61 თეთრი ჩაერიცხა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზაქარეიშვილის ერთკვირიანი ვიზიტი საქართველოს ბიუჯეტს 10 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.

_ ახალ ხელისუფლებას როდესაც ასეთ საკითხებში აკრიტიკებენ, ისინი ყოველთვის სააკაშვილის დროს იხსენებენ და ამბობენ, მაშინ უარესი ხდებოდაო. იქნებ, მართლაც შევადაროთ, მანამდე რა ხდებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომკლასებით დაფრინავდნენ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში?

_ წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა გაბერილი მივლინებების ხარჯები, მაგრამ ჩვენ ისინი სწორედ ასეთი ქმედებების გამო გავუშვით ხელისუფლებიდან და ესენიც თუ იგივეს გააკეთებენ, ხელისუფლების ცვლილება ხომ აზრს კარგავს? „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ იმიტომ მისცა ნდობის მანდატი, რომ ის ამბობდა, ჩვენი მმართველობის დროს ასეთი მანკიერი პრაქტიკა არ იქნებაო, თუმცა მათი ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა. „ოცნების“ ხელისუფლების სამივლინებო დანახარჯები, იმ სამ თვეშიც კი, რომელიც შეხვედრების კუთხით არააქტიურად მიიჩნევა, გასცდა წინა ხელისუფლების ხარჯებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, 3 თვეში, მივლინებებში 24 307 ლარი და 99 თეთრი დახარჯა. აქედან 2019 ლარი აქვს დახარჯული მხოლოდ ქვეყნის შიგნით მივლინებებში, დანარჩენი, ყველა მივლინება უცხოეთში განხორციელდა. მინისტრის ხარჯი კი მივლინებებზე სამ თვეში 15 ათასი ლარი იყო.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს მივლინებებისთვის 3 თვეში გახარჯული აქვს 26 210 ლარი. აქედან ქვეყნის შიგნითა მივლინებებზე 240 ლარი გაიხარჯა, ქვეყნის გარეთ _ 25 970 ლარი. რა გააკეთეს ამ მივლინებებით, ვერ მოვიძიეთ.

უნდა ვთქვა ის, რომ ამ უწყებებში დანერგილია ძალიან ცუდი პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხსენებით ბარათებს არ აწარმოებენ, რაც გონივრულ ეჭვს იწვევს, რომ ეს ფული მართლაც მათ ტურისტულ მოგზაურობებში იხარჯება. ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში კი ის აღმოჩნდა, რომ ეს სამინისტრო ერთი კაცის ყოფილა, რადგან მივლინებებში, ქვეყნის გარეთ, მხოლოდ მინისტრი _ გელა დუმბაძე დადის. 25 970 ლარიდან პირადად მას 22 285 ლარი აქვს გახარჯული. 3 ათასიც კი არ აქვს სხვა თანამშრომელს გამოყენებული მივლინებაში და ფაქტია, მხოლოდ ეს დასეირნობს.

_ ქვეყნის შიგნით მხოლოდ 240 ლარი რომ აქვს დახარჯული სამინისტროს, საქართველოს რეგიონებში გასაკეთებელი აღარაფერია?

_ როგორ არ არის ამ სამინისტროს გასაკეთებელი საქმე საქართველოში, თუმცა ამჯერად ამ საკითხებზე არ ვისაუბრებთ, რადგან თემიდან გადახვევა გამოგვივა. ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნულ სამინისტროს, წლის პირველ სამ თვეში, ქვეყნის შიგნით რამის კეთებაზე დიდი ინტერესი არ გააჩნდა და მხოლოდ ქვეყნის გარეთ ჰქონდა „საქმე“. კონკრეტულად რა გააკეთა უცხოეთში წასულმა მინისტრმა, ეს უცნობია, რაც საოცრება და მარაზმია. უცხოეთს რომ ვადარებთ თავს, იქ ასე არ ხდება ქვეყნისა და ხალხის ბიუჯეტის ფლანგვა და ყველა თანხა ბოლომდე კონტროლდება. მინისტრმა დუმბაძემ შეიძლება თავის გასამართლებლად თქვას, რომ ემიგრანტებს ხვდებოდა და ა. შ., თუმცა ამ ღონისძიებების შესახებ ცნობილი უნდა იყოს. ჩვენ ასევე ვიკვლევთ, ემიგრანტებთან დაკავშირებით როგორ მუშაობს ეს სამინისტრო უცხოეთში და ამ მასალებს „ქრონიკა+“-ს მალე მივაწვდით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 3 თვეში სულ დახარჯული აქვს 49 043 ლარი, ქვეყნის შიდა მივლინებებზე დახარჯა 2540 ლარი, ქვეყნის გარეთ კი _ 46 503 ლარი. ამ შემთხვევაში არ ვიცით, რამდენი დახარჯა თავად მინისტრმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოვთხოვეთ სამივლინებო ხარჯები ჩაშლილი და დაკონკრეტებული მოეწოდებინათ, ერთიანი სახით გადმოგვიგზავნეს, სადაც ვერ გაიგებ, ვინ იყო მივლინებაში, რამდენი დახარჯა და ა. შ. არ მოგვაწოდეს და დაგვიმალეს საჯარო ინფორმაცია. ამ სამინისტროს კიდევ ერთხელ ვუგზავნით წერილს, სადაც დაკონკრეტებას ვთხოვთ. თუ კვლავ ვერ მივიღებთ სრულ ინფორმაციას, აუცილებლად ვუჩივლებთ სასამართლოში.

სასამართლოში გარემოს დაცვის სამინისტროსაც ვუჩივით, რადგან მან  საერთოდ არ მოგვაწოდა ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით. იმედია, თემიდას დახმარებით მაინც შევძლებთ წვდომას ამ მონაცემებზე.

იუსტიციის სამინისტროსგანაც მოვითხოვეთ იგივე სახის ინფორმაცია. მან კი წერილი მოგვწერა, სადაც მითითებულია ინტერნეტბმული, რომელზეც გვითხრეს, რომ თუ შევიდოდით, იქ ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას ვნახავდით, ანუ ოფიციალური ინფორმაცია არც მათ მოგვაწოდეს. ცხადია, ბმულზე შევედით და იქ ინფორმაცია დაგვხვდა მხოლოდ იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ 2016 წლის 3 თვის მანძილზე ქვეყნის გარეთ გაწეულ სამივლინებო ხარჯებზე. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ ადამიანებმა, 3 თვის განმავლობაში, 25 227 ლარი დახარჯეს. სად იყვნენ, რა გააკეთეს ამ თანხებით, ეს ამ ბმულში არ არის მითითებული და როგორც გითხარით,  ოფიციალურადაც არ მოგვაწოდეს. მინისტრ თეა წულუკიანის სამივლინებო ხარჯი 3 თვეში 13 104 ლარია, მისმა მოადგილე ბარამიძემ 5 572 ლარი დახარჯა, გოჩა ლორთქიფანიძემ _ 6 349 ლარი.

ამ დღეებში კი აღნიშნულ ბმულზე ახალი ინფორმაცია დაგვხვდა, რომლითაც ვგებულობთ, რომ 4 თვის განმავლობაში მინისტრსა და მის მოადგილეებს 105 758 ლარი და 60 თეთრი დაუხარჯავთ. ამ ციფრში წინა მონაცემებიდან მხოლოდ 25 227 ლარია შეყვანილი. ამხელა თანხა დახარჯეს მხოლოდ თანამდებობის პირებმა, რიგითი თანამშრომლების მივლინებებზე კი მხოლოდ 10 ათასი ლარი მოდის, თუმცა ვინ დახარჯა ეს ფული, რა გააკეთა, არავინ უწყის.

მინისტრმა წულუკიანმა 3 თვეში 13 104 ლარი დახარჯა, თუმცა მაისში ვიგებთ, რომ 4 თვეში მას 25 227 ლარი აქვს დახარჯული. ე. ი. მხოლოდ აპრილში მინისტრის დანახარჯმა 12 172 ლარი შეადგინა.

_ სად დახარჯა ამხელა თანხა? 

_ სად იყვნენ, უცნობია და ცხადია, ამ სამინისტროსთანაც ვიდავებთ ინფორმაციის დამალვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ანუ იგივე ბაქრაძის სამინისტოს, ამ უწყებამ ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგვწერა, რომ 44031 ლარი თანამდებობის პირებმა გახარჯეს. აქედან ქვეყნის შიდა მივლინებებზე მხოლოდ 135 ლარია დახარჯული, დანარჩენი სულ უცხოური ვოიაჟებისთვის წავიდა. თავად მინისტრის დანახარჯი, სამ თვეში, უცხოურ მივლინებებზე შეადგენს 30 ათას ლარს. საინტერესოა ისიც, რომ ამ თანხებს ხარჯავდნენ მხოლოდ დავით ბაქრაძე და მისი მოადგილეები _ მარიამ რექვიაშვილი, პაპუნა შენგელაია და არჩილ ყარაულაშვილი. მხოლოდ ამ ადამიანებმა დახარჯეს ამხელა თანხა მივლინებებში. ამ მონაცემებს ქვემოთ წვრილი ასოებით მიწერილი აქვს, რომ სხვა თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯები 53 055 ლარს შეადგენს. ვინ არიან სხვა თანამშრომლები, სად ბრძანდებოდნენ, კაციშვილმა არ იცის.

როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ვერ მოვიპოვეთ ყველა სამინისტროს სამივლინებო ხარჯების ნუსხა, ზოგის შედეგებს ველოდებით და მთლიან კვლევას ამ საკითხებზე აუცილებლად დავდებთ, თუმცა რა ციფრებიც გვაქვს, ესეც გამაოგნებელია, რადგან წელიწადის პირველ სამ თვეში რომ ასეთი ხარჯები აქვთ სამინისტროებს, წარმოიდგინეთ, რამდენს დახარჯავენ წლის ბოლომდე?! არსებულზე დაყრდნობით და ჩვენი გამოთვლებით, წლის ბოლომდე სამინისტროების მიერ, მივლინებებში, ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი თანხა დაიხარჯება. ფაქტია, რომ გაზეთი „ქრონოკა+“ ყველა სამინისტროს სამაგიდო წიგნად არის ქცეული და მასში გამოქვეყნებული წერილები იქ აქტიურად განიხილება. მათ ამ გაზეთის ძალიან ეშინიათ, რადგან იციან, რომ ყოველთვის სიმართლეს წერს. ყველა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადავუგზავნით წერილებს და ვთხოვთ, მოხსენებითი ბარათები მოგვაწოდონ, სადაც ყველაფერი გაშიფრული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში,  სასამართლოში მოუწევთ ჩვენთან დავა. ასევე ველოდებით სამივლინებო ხარჯების ნუსხას პრემიერის ადმინისტრაციიდან. ყველას კარგად გვახსოვს, წინა პრემიერის დროს ამერიკაში ერთი ვიზიტი 130 ათასიც რომ დაჯდა. თითოეულ თეთრზე ვიდავებთ და არავის მივცემთ საშუალებას, ხალხის ფული ფანტოს.

_ მინისტრები, მათი მოადგილეები, სამინისტროების სხვა თანამშრომლები უცხოეთში საქმეზე რომ არ დადიან და მათი ვიზიტები მხოლოდ ტურისტული მოგზაურობაა, ამას კიდევ რით ამტკიცებთ? ან ამდენი ვიზიტი უცხოეთში რით აიხსნება? ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით საქმე არ აქვს? საქართველოს რეგიონებში სამივლინებო ხარჯები რატომ არის ასეთი მწირი?

_ ქვეყნის შიგნით ბევრი მივლინება ერთდღიანია, მაგრამ ზოგ რეგიონში 4 საათი უნდა ჩასვლას და 4 _ ჩამოსვლას, 2 საათში კი იქ რა საქმე უნდა გააკეთონ, ესეც გაუგებარია. ანუ ესეც, ფაქტობრივად, ტყუილად მოხსნილი ფულია და საქმის კეთება არ იგულისხმება. მოგეხსენებათ, სამსახურებრივ ავტომანქანებზე გაწერილი საწვავის თვიური ნორმა აქვთ. ეს ადამიანები ამ ნორმას ასეთი არაფრისმომცემი მივლინების დროს ხარჯავენ და მერე დამატებით საწვავს ითხოვენ. ერთი შეხედვით, გვგონია, რომ საქართველოს შიგნით, მივლინებაში, კონკრეტულმა ჩინოვნიკმა იაფი დახარჯა, მაგრამ, რეალურად, ასე არ არის და ჩვენ სწორ ციფრს არ გვაწვდიან.

 

„ქრონიკა+“ სამინისტორებს დაუკავშირდა და იკითხა, რატომ არ მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტს“ მოთხოვნილი ინფორმაცია სრული სახით და რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რას ემსახურებოდა ხარჯები, რომლებიც მათმა სამსახურებმა მივლინებებზე გასწიეს?

მარიამ მსხილაძე _ იუსტიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი:

_ არ გაუგზავნიათ და არც არის საჭირო, ოფიციალური დოკუმენტის სახით გაეგზავნათ ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რადგან მათ ბმულზე გამოქვეყნებული ეს მონაცემები ყველასთვის ღიაა და ის გახლავთ საჯარო. ვისაც აინტერესებს, შებრძანდეს და უპრობლემოდ ნახავს.

 

ვახო მამალაძე _ დიასპორის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

_ კიდევ მოგვმართოს ამ ორგანიზაციამ და კონკრეტულ პასუხს გავუგზავნით, რადგან ჩვენი სამინისტრო ძალიან გამჭვირვალეა. როცა თანამდებობის პირი მივლინებაში მიდის, ის მოხსენებით ბარათს წერს მინისტრის სახელზე, მაგრამ როცა მინისტრი მიდის, ის ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრს მოახსენებს. უცხოეთში ხშირად მართლაც დადის მინისტრი, როცა დიასპორას ხვდება, თუმცა საბერძნეთში ფულის გადმორიცხვებთან დაკავშირებული პრობლემა როცა შეიქმნა, იქ პირველი მოადგილე წავიდა. დიასპორებთან შეხვედრებზე კი მინისტრი იმიტომ დადის, რომ ის კონკრეტულ პოლიტიკას აწარმოებს და ამაში გასაკვირიც არაფერია.

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატი:

„2016 წლის 14 აპრილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე წერილით მიმართა ა(ა)იპ ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტმა. აღნიშნულ წერილში ინსტიტუტი ითხოვდა შემდეგ ინფორმაციას:

„უწყების თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯთაღრიცხვა და სამივლინებო მოხსენებითი ბარათები (ჩაშლილი დეტალურად, თითოეულ პერსონაზე) 2016 წლის 1-ლი იანვრიდან პირველ აპრილამდე“. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წინამდებარე წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გასცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია შეიცავს მითითებას თითოეულ პირზე გაწეულ დეტალურ სამივლინებო ხარჯებზე. გარდა ამისა, გაცემულ ინფორმაციას თან დაერთო თითოეული მივლინების მოხსენებითი ბარათი. ნიშანდობლივია, რომ მოხსენებით ბარათში, სულ მცირე, მოცემულია მივლინების მიზანი, ხანგრძლივობა, მივლინების ადგილი, მივლინებული პირის თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ამომწურავად, სრულყოფილად გასცა წინამდებარე წერილით გათვალისწინებული ინფორმაცია, თქვენ მიერ წარმოდგენილი დამატებითი კითხვებიდან გამომდინარე, ხელახლა გიგზავნით რელევანტურ ინფორმაციას. სახელმწიფო მინისტრის აპარატის წინაშე დასმულია შემდეგი კითხვები: რა სახითაც მოითხოვა (ჩაშლილი), რატომ არ მისცეს ამ ფორმით საჯარო ინფორმაცია? ანუ კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა, სად იმყოფებოდა და რა გააკეთა? აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წერილი არ შეიცავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ა(ა)იპ ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტისთვის სასურველ შაბლონს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გასცა სპეციალური ფორმის გარეშე, თუმცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ არჩეული ფორმით მიწოდებული ინფორმაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად შეესაბამება დასმული კითხვის შემადგენელ თითოეულ ნაწილს. როგორც აღინიშნა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაგზავნილ წერილზე თანდართულია თითოეული მივლინების დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებულია მივლინების მიზანი, ხანგრძლივობა, მივლინების ადგილი, მივლინებული პირის თანამდებობა და დეტალური სამივლინებო ხარჯები. რაც შეეხება კითხვას: მივლინებებიდან დაბრუნების მერე იწერება თუ არა მოხსენებითი ბარათები იმის თაობაზე, ვისთან იყო კონკრეტული შეხვედრა, რას ემსახურებოდა და რას უნდა ველოდეთ მისგან? აქ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოსამსახურეებს, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრს არ აკისრებს მივლინების დასრულების შემდეგ წერილობითი ანგარიშის, მოხსენებითი ბარათის ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის წარდგენის ვალდებულებას. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, მივლინებულ პირს დაავალოს მივლინების შედეგების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.

2016 წლის 2-8 თებერვლის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის მივლინებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პაატა ზაქარეიშვილს მოცემული მივლინების ფარგლებში არ უმგზავრია ბიზნესკლასის ბილეთით. ნიშანდობლივია, რომ „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფო მინისტრს აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების პერიოდში ბიზნესკლასის ბილეთით მგზავრობის უფლება. რელევანტურია ის ფაქტი, რომ წინამდებარე მივლინებიდან დაბრუნების თარიღი ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით შეიცვალა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ბილეთის ცვლილება, რამაც განაპირობა ბილეთის ფასის ზრდა.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მივლინების ფარგლებში თითოეული ხარჯი გაწეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“. პაატა ზაქარეიშვილის სამსახურმა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად თვითმფრინავის ბილეთის ფოტოც გამოგვიგზავნა.

 

თეა ბეგიაშვილი – ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

„მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარის მოთხოვნილი ინფორმაცია, შეიცავდა ფინანსებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, მისი ჩაშლილი ფორმით გაცემა შეზღუდულია კანონმდებლობით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული მიმართულებით (სამივლინებო ხარჯები) მითითებულ პერიოდში გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია წერილის ავტორს მიეწოდა სრულად“.

 

ხათუნა საღინაძე _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

_ არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოგზავნოს კვლევა, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს, მოგვაწოდოს დოკუმენტურად ყველაფერი და მერე გავაკეთებ კომენტარს. სხვანაირად მე ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

 

 

                                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი