როგორ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ სახელმწიფოს 5 მილიონ 500 000 ლარი?!

f1

სამკერვალო ფაბრიკა „ამირანის“ აქციონერი და გენერალური დირექტორი, ავთანდილ კვარაცხელია, დღემდე საკუთარი ქონების დასაბრუნებლად იბრძვის, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა წაართვა.

„ქრონიკა+“-ს ავთანდილ კვარაცხელია ესაუბრება:

_ როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე იმ ლოზუნგებით მოვიდა, რომ ქვეყანას ააშენებდა, სამართლიანობა აღდგებოდა, ხალხი დასაქმდებოდა, ბიზნესმენების ინტერესები და ბიზნესი დაცული, ხელშეუხებელი იქნებოდა და ა. შ. მე კი გეტყვით, რომ მან, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო ბიზნესის განადგურება და დასაქმებული ხალხის უმუშევრად დატოვება! ამის პირველი მაგალითი იყო ჩემი ფაბრიკა „ამირანი“, სადაც 500 თანამშრომელი მუშაობდა. მე დამიჭირა და ხალხი ქუჩაში დაყარა! ამასთანავე, იყიდა და გააკოტრა ფეხსაცმელების ფაბრიკა „ისანი“, წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა, მცხეთის კერამიკული ქარხანა და ეს ყველაფერი არჩევნებამდე ხდებოდა. სამწუხაროდ, ჩემ გარდა, არც ერთი დირექტორი ხმას არ იღებდა. ერთადერთი, მაუდის კომბინატი ყვიროდა, რომელიც, ჩემი ფაბრიკასავით, ბადრი პატარკაციშვილმა მიითვისა და წარმოება გააუბედურა. არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არ ვაპირებდი პოლიტიკაში მოსვლას, არ მაინტერესებდა, უბრალოდ, იძულებული გავხდი, რომ მოვსულიყავიო. სინამდვილეში, არავითარ იძულებას არ ჰქონია ადგილი, ამ კაცს რუსეთიდან მიზანმიმართულად ჰქონდა მიღებული დავალება! სანდო წყაროებიდან ვიცი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, მის ბიზნესში ძალიან ბევრი ჩემი ყოფილი კოლეგა მუშაობს, ისინი ამის თქმას არც ერიდებიან, ტელეფონში პირდაპირ, ღიად მეუბნებიან, ასეა და რუსეთში წამოდიო. შეგნებულად არ მივდიდარ, ჩემი ადგილი საქართველოშია, რადგან მე და ჩემნაირებმა უნდა აღვადგინოთ სამართალი!

ხელში მაქვს საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტი, სადაც 2011 წელსვეა დაფიქსირებული, რომ სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ შექმნა `სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა~, რომლის ხელმძღვანელი არის საფრანგეთის მოქალაქე, ბატონი ივანიშვილი, ის გამგეობის წევრი და თავმჯდომარეა; მოადგილეა დავით კირვალიძე, მეორე მოადგილე _ დავით ნარმანია, მერე მოდიან წევრები: გიორგი კვირიკაშვილი, ნოდარ ხადური, დავით შერვაშიძე, დავით გილიგაშვილი (ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომელი), შალვა ფიფია, გიორგი ჩხეიძე (ახლაც მის მთავრობაშია), ანუ 2011 წელს უკვე მას ეს გუნდი შეკრებილი ჰყავდა. თითქოს ის, რომ მას პოლიტიკაში მოსვლა წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი, მტკნარი სიცრუეა, ის ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა!

_ საიდან მოხვდა თქვენს ხელში ეს დოკუმენტი?

_ ჩემმა პარტნიორმა და დიდი ხნის ნაცნობმა, შპს „კოკორის“ დამფუძნებელმა, ედუარდ ვასილევმა რომ ნახა, თუ როგორ უსამართლოდ მექცეოდნენ, დახმარება შემომთავაზა და მითხრა, _ ავთო, სად ფაბრიკა და სად სათბურები, სხვადასხვა სფეროა, მაგრამ შემოსავლის გარეშე რომ ხარ დარჩენილი, სამუშაოს შემოგთავაზებო. იძულებული გავხდი, წავსულიყავი. ამ ორგანიზაციის დირექტორად დავინიშნე, სოფელ წეროვანში გვქონდა იჯარით აღებული ფართი 2016 წლის ბოლომდე. 200 000 დოლარზე მეტის ინვესტიცია უკვე ჩადებული იყო, რაც დოკუმენტურად, აუდიტის მეშვეობით დაფიქსირებულია. ვმუშაობდით, ხალხი გვყავდა დასაქმებული და ა. შ. ერთ მშვენიერ დღეს, ამ ტერტორიასთან დაკავშირებით, აუქციონი გამოცხადდა. მანამდე ჩვენ განცხადება გვქონდა შეტანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოში და პრივატიზაცია გვინდოდა. ამის უფლებას კანონი გვაძლევდა, ინვესტიციაც განხორციელებული იყო, ტერიტორიაზე სათბურები აღვადგინეთ, მარტო 200 მანქანა მიწა იყო შეტანილი. მოკლედ, ყველაფერი ამ კაცმა გააკეთა. პრივატიზაციის საქმეს აჭიანურებდნენ, რამაც თავიდანვე ეჭვი გამოიწვია. შემდეგ ჩვენ თვითონ შევიტანეთ განცხადება და აუქციონი შევაჩერეთ. კანონიერად დავასაბუთეთ, რომ არავის ჰქონდა უფლება აუქციონზე მონაწილეობა მიეღო. მაინც ვერ ვახერხებდით პრივატიზაციას. გაუგებარი მიზეზების გამო, ჩვენი იჯარა ჯერ საჯარო რეესტრში არ რეგისტრირდებოდა, შემდეგ კი, _ მასზე უფლება. მივმართეთ სასამართლოს. სასამართლომაც გაუგებარი მიზეზებით გაწელა პროცესები. ბოლოს იქაც ვხედავდით, რომ არაფერი გამოგვდიოდა. მწარე გამოცდილებით მივხვდი, რომ საქმე ივანიშვილთან და მის გუნდთან მქონდა, ამიტომ სასამართლო პროცესები შევაჩერეთ და უფლება დავიტოვეთ, რომ განგვეახლებინა მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა. კანონი ამის უფლებას გვაძლევს.

დოკუმენტები მაქვს: ფონდმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც სს „სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ ერქვა. მან, თავის მხრივ, კიდევ შექმნა შვილობილი კოპანია, შპს „საქართველოს სათბურების კომპანია“. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და ივანიშვილს შორის კრიმინალური გარიგებები დაეფარათ! ასე გახდა ივანიშვილი მილიარდერი! ფაქტობრივად, ეს ტერიტორია მან და მისმა გუნდმა ნულის ფასად ჩაიგდო ხელში, შემდეგ ამ კორპორაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, რომ მისთვის თანხა გამოეყოთ. მართლაც, სახელმწიფომ მათთვის 5 მილიონ 500 000 ლარი გამოყო. ნულის ფასად წაღებული სასათბურე მეურნეობის შვილობილი კომპანიის ანგარიშზე სახელმწიფოს ფული საწესდებო კაპიტალში დაუჯდა, რაც უდიდესი დანაშაულია! 3 მილიონი დაუჯდათ საწესდებო კაპიტალში, 2 მილიონ 500 000 ლარი ვითომ რეაბილიტაციისთვის. დოკუმენტებში ასევე მითითებულია იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელსაც მეურნეობის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. მართლაც, გარკვეული სამუშაოები ჩატარდა: ძველ, კაპიტალურად, რკინის კარკასითა და მინით გაკეთებულ სათბურებს პირდაპირ ტრაქტორით გადაუარეს და პრიმიტიულები გააკეთეს. მიწაზე ნატურალური პროდუქტი მოგვყავდა, ამათ მიწაზე ბეტონი დაასხეს და ბოსტნეული შხამ-ქიმიკატებში მოჰყავდათ. ვერ გაართვეს თავი, მოსახლეობამაც კარგად იცის, რა არის ნატურალური და რა _ არა, ვერც პროდუქცია გაყიდეს, არაპროფესიონალები იყვნენ, მიზანიც ის იყო, რომ ფული შეეჭამათ, მათ მეტი არაფერი აინტერესებდათ! დღეს რომ მიბრძანდეთ და ნახოთ, აღარც ჩვენი სათბურებია, მაგრამ რისთვის დაიხარჯა 2 მილიონ 500 000 ლარი, საკითხავია?! აღარც ის სათბურები ასებობს, დახეული, დაგლეჯილი, დანგრეულია, არავინ აღარ მუშაობს და ასე შეიჭამა ეს მილიონები. როგორც გითხარით, ვითომ, რაღაც ორგანიზაცია შეიქმნა და 3 მილიონი საწესდებო კაპიტალში დაუჯდათ.

_ ასე რატომ გააკეთეს?

_ იმდენი თაღლითი ვნახე ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ასეთი საწესდებო კაპიტალის მქონე ორგანიზაციას შეუძლია, სესხები აიღოს, სახელმწიფოდან ათასგვარი მაქინაცია გააკეთოს და ეს ფული ისე ჭამოს, რომ პატრონი და მომკითხავი არავინ იქნება! რეალურად, სადღაც მესამე ორგანიზაციას ერიცხება ეს ფული და არა პირველს. არც ფონდს ერიცხება, რომლის ხელმძღვანელია ივანიშვილი. არასოდეს ჩანს ივანიშვილი იმიტომ, რომ ამ ფონდის მერეა „სოფლის მეურნეობის კორპორაცია“, კიდევ რომ არ გასულიყვნენ მათზე, ამიტომ შვილობილი კომპანია შეიქმნა, მისი მეშვეობით ხდება გაფლანგვა და სახელმწიფოს ფულის შეჭმა. აი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და მხოლოდ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ვერ დაინახოს! სააკაშვილის ხელისუფლებასთან დიდი პრეტენზიები მქონდა და ახლაც მაქვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვერ აღვადგინე სამართლიანობა. ვიცი, რა შეცდომები დაუშვეს, თუმცა გარკვეული სასიკეთო საქმეებიც გაკეთდა. დღეს, სადაც ფეხი გადავდგი, ყველგან ბიძინა ივანიშვილი დამხვდა! ერთ კაცს უკვე ამდენჯერ შემეხო ივანიშვილი და დარწმუნებული ვარ, მთლიანობაში ეს რა მასშტაბებით ხდება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ზოგი შიშით არ იღებს ხმას, ზოგს კიდევ დარჩა რაღაც და ისიც არ წაართვან, ამიტომ ხმას არ იღებენ. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მიზნით მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მეწარმის მდგომარეობა უფრო დამძიმდა და თუ ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანი არ არის, ვერაფერს აკეთებს, ყველაფერი უკან მიდის!.. როცა ვამბობდი, ამ კაცს ეს ტერიტორიები სჭირდება-მეთქი, არავის სჯეროდა და იცინოდნენ კიდეც. ფაქტია, რომ ზოოპარკის გადატანა რამდენი წლის წინათ უნდოდა, ფაბრიკა „ამირანი“ ჩაიგდო ხელში გმირთა მოედანზე და შემდეგ „ლაგუნა ვერე“. ხალხი უმუშევარი დაყარა, საცურაო აუზი ჩაიგდო ხელში და გააპარტახა. ამ ადამიანს დიდი ფული აქვს, ამბიცია და უნდა, რომ მთელი საქართველო იყიდოს. უნდა, რომ მთელი საქართველო მისი მოსამსახურე იყოს, ეს არის ივანიშვილის ამოცანა, ამიტომ კიდევ ერთელ უნდა გავაგებინო ხალხს სიმართლე და ვუთხრა, რომ თუ მეტი არა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სხვაზე ნაკლები წვლილი არ შემიტანია, „მრეწველთა კავშირის“ დამფუძნებელი ვარ და სხვების მსგავსად არ ვიქცევი, ვისაც საკუთარი ბიზნესის გარდა არაფერი აინტერესებს. ვამბობ, რომ ამ კაცმა საქართველო დააქცია! რაც მალე წავა ივანიშვილის ხელისუფლება, მით უკეთსი იქნება! ხაზი მინდა გავუსვა: როცა სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ვერავინ დამისახელებს ვერც ერთი ბიზნესმენის გვარსა და სახელს, ვის მიმართაც სამართლიანობა აღდგა. 3 მანქანა დააბრუნეს, ეს იყო და ეს, ვერც ერთი საქმე წინ ვერ წავიდა! ბიძინა ივანიშვილს ჩემი ქონება აქვს! რამდენიმე წელია, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მთავარ პროკურატურაში თუ ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში, 2012 წლიდან საქმე გადავიდა ქალაქის პროკურატურაში. რაც ივანიშვილის ხელისუფლება მოვიდა, მის მერე მომდის წერილი, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, იძიებენ, შედეგი, ჯერჯერობით, არ არის. პროკურატურაში ეს საქმე აბსოლუტურად გაუნძრევლად დევს, არც აპირებენ რამის გაკეთებას, რადგან ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და ბანკ „ქართუს“ ეხება. მინდა, ძალიან მალე წავიდეს ეს ხელისუფლება, რომ, ბოლოს და ბოლოს, სამართლიანობა აღდგეს! სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში და ფორმალურად თუ არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ვერც მე და ვერც სხვა სამართალს ვერ იპოვის!

 

 

                                                                                          თამარ ბატიაშვილი