ზურაბ ჯაფარიძე: ,,ჩვენ გვაქვს პროგრამა მაქსიმუმი _ უჩვენოდ მთავრობის დაკომპლექტება ვერავინ შეძლოს!“

t5

რატომ არ აგვარებს ხელისუფლება გამომცემლობების პრობლემებს, რომლებსაც 2013 წლიდან მილიონობით სახელმძღვანელო დასაწყობებული აქვთ და ამ მდგომარეობაში შეიძლება გაუფუჭდეთ? რა აუცილებელი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიიდან, რასაც ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქე ემსხვერპლა, _ გალის შეხვედრების აღდგენა რა შედეგებს მოიტანს? სოფელ კორცხელში უმცირესობის წევრთა ფიზიკური შეურაცხყოფა რა ტენდენციაზე მიანიშნებს და ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია როგორი უნდა იყოს? რა წინასაარჩევნო მდგომარეობაა ქვეყანაში? რა ფორმით გადის „გირჩი“ არჩევნებზე და რა შედეგის მიღწევას იმედოვნებს იგი?

 

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს:

_ ბატონო ზურაბ, გამომცემლობების პრობლემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ხომ არ გაირკვა?

_ არაფერი გარკვეულა. ხელისუფლებას ამ პრობლემაზე პასუხი არ გაუცია. დაახლოებით 15-მდე გამომცემლობას სულ ახალთახალი წიგნები აქვს. ისინი ავტორიზებულ-გრიფირიებულია, ანუ ყველა წესის დაცვით არის შექმნილი. უბრალოდ, საწყობებში უდევთ და ხელისუფლება უარს ამბობს აღნიშნული წიგნების შესყიდვაზე, მათ შორის, მინიმალურ ფასადაც. რეალურად, გამომცემლობებს ამ წიგნების გადაყრა მოუწევთ, თუკი რამე გზას არ მოვიფიქრებთ. სამაგიეროდ, ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ ანალოგიური წიგნების დაბეჭდვაზე.

_ გამომცემლობებთან თუ მოილაპარაკეთ, რას აპირებთ?

_ ახლა კონსულტაციები გვაქვს და მოვიფიქრებთ გზას, რომ ეს წიგნები არ გაფუჭდეს და იმათთან მივიდეს, ვისაც სჭირდება, _ სკოლის მოსწავლეებთან. კონსულტაციები გვინდა, თუ როგორ გავაფორმოთ ისე, რომ საგადასახადო კუთხით პრობლემა არ იყოს. გამომცემლობების პრობლემა გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროს შეიქმნა. 2013 წელს მან განაცხადა, რომ მოქალაქეები დიდ თანხებს ხარჯავდნენ სახელმძღვანელოებისთვის და ის უფასო უნდა ყოფილიყო. ეს ინიციატივა წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს მთავარი სლოგანი გახდა.

პროექტის არსი ის იყო, რომ 2011 წელს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამომცემლობებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით ერთი კონკრეტული მუხლი ჩაიდო: აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ეძლეოდა შესაძლებლობა, ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება და გამომცემლობების საკუთრება მიეთვისებინა. ამის შემდეგ მარგველაშვილმა ეს რეალურად განახორციელა. მან მოტივად მოიშველია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რათა ოჯახებს ხარჯები შემცირებოდათ და ამის შემდეგ სახელმძღვანელოები უფასო გახდებოდა. სამინისტრომ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულებები გამომცემლობებთან და მათ საკუთრება ჩამოართვა. გამომცემლობებმა არ იცოდნენ თამაშის წესები და მილიონზე მეტი ოდენობით უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელო დარჩათ. მათ სამინისტრომ განუცხადა, რომ უკვე შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდებოდა. აღნიშნული წიგნები გამომცემლობებს 2013 წლიდან დღემდე დასაწყობებული აქვს.

ხაზს ვუსვამ: საუბარია მილიონამდე სახელმძღვანელოზე! გამომცემლობების ხელმძღვანელებმა სასამართლოში იჩივლეს, ყველა ინსტანცია გაირეს, თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ და ახლა ისინი სტრასბურგში გეგმავენ სარჩელის შეტანას. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად აუნაზღაუროს გამომცემლობებს უკვე გაწეული სამუშაო, თუ არადა, სხვა გზებს მივმართავთ. საუბარია სრულიად ახალ, ხარისხიან სახელმძღვანელოებზე!

_ სხვა აქტუალურ პრობლემებზეც გკითხავთ: სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედია შევაფასოთ, რამდენად ადეკვატური რექაცია აქვს ხელისუფლებას?

_ ეს ყველაფერი ოკუპაციის პირდაპირი განსახიერებაა. ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და დამპყრობელი ქვეყანა ძალიან თავხედურად იქცევა. სამწუხაროდ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპანტებისგან არ განთავისუფლდება, ასეთი ინციდენტები ყოველთვის მოსალოდნელი იქნება. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებს, ამ მთავრობას დასაწყისიდანვე მცდარი პოლიტიკა ჰქონდა. იმაზე საუბრობდნენ, რომ, ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობაში ოქროს შუალედს იპოვიდნენ და რაღაც დაბალანსებულ ურთიერთობას ააწყობდნენ, მეორე მხრივ, ეცდებოდნენ, რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. შესაბამისად, საქართველოს პრობლემები საერთაშორისო დღის წესრიგიდან უნდა გამქრალიყო, რასაც, პრინციპში, მიაღწიეს კიდეც.

გასაგებია, რომ დღეს მსოფლიოში უამრავი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს. მაგალითად, როგორიცაა ყირიმის ოკუპაცია, უკრაინაში საომარი მოქმედებები, „აისისი“, თუ სირიაში მიმდინარე მოვლენები… მაგრამ ამ პრობლემებთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასევე აუცილებლად უნდა აყენებდნენ საქართველოს პრობლემებს. განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, რეალურად, ამ დღის წესრიგიდან ჩვენ გამქრალი ვართ. ეს მთავარი პრობლემაა.

რაც შეეხება რეაქციას, _ როდესაც ასეთი საზარელი მკვლელობა ხდება, რაღაც განცხადებების დონეზე სწორ აქცენტებს აკეთებენ, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. თვითონ მკვლელობის მომენტში კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ ამ საოკუპაციო ხაზთან ქართული სპეცდანაყოფები თუ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ა. შ. საერთოდ არ დგანან. იქ ადგილზე მათგან ქართულ სახელმწიფოს არავინ წარმოადგენდა, პატრონი არავინ იყო! ესეც სერიოზული პრობლემაა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს.

_ გალის შეხვედრების აღდგენა რა შედეგებს მოიტანს?

_ გალის შეხვედრების აღდგენა ცუდი არ არის. კარგია მათ შორის იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალური პრობლემები წამოიჭრას და გადაიჭრას. ცხადია, ეს მთავარი ფორმატი ვერ იქნება. ზოგადად, პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ ცხადია, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, რომ ამით სერიოზულ პრობლემებს გადავჭრით. რაღაც მცირე ინციდენტების თავიდან აცილებისთვის ეს შეიძლება კარგი იყოს, _ იმ პრობლემების დღის წესრიგში დასაყენებლად, რაც საოკუპაციო ხაზთან არსებობს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

_ სოფელ კორცხელში ცემა-ტყეპა რა ტენდენციაზე მიანიშნებს და ამაზე ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია რა უნდა იყოს?

_ რეაქცია ერთი საკითხია და რაც იქ ადგილზე ნათლად ჩანდა, ისაა, რომ ხელისუფლებას კუნთმაგარი ადამიანები ჰყავდა მობილიზებული, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მოსახლეობასა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა. თუ ხელისუფლება აპირებს, ასე გააგრძელოს და ამ რეჟიმში ჩაატაროს წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ნიშნავს, რომ, ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი და დემოკრატიული ქვეყანა ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს, რაც სერიოზული პრობლემაა. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ ეს რაღაც მცირე მნიშვნელობის საკითხი არ არის.

საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ასევე იმაზე, თუ რა შეფასებას მიიღებს ეს არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობისგან და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ინციდენტში ჩანდა, რომ სახელმწიფო იქ საერთოდ არ გახლდათ წარმოდგენილი, პოლიცია ძალიან მცირე რაოდენობით იყო ადგილზე და ცხადია, ისინი თავს ვერ გაართმევდნენ. ოლიმპიადის მონაწილეები დარბოდნენ და ხალხს ურტყამდნენ.

ცხადია, იქ გაცილებით სერიოზული ძალები უნდა ყოფილიყო მობილიზებული იმის გათვალისწინებით, რომ კუნთმაგარი ხალხის მობილიზება ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა. ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა.

_ როგორია თქვენი პოზიცია ე. წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენზე?

_ ცხადია, ამასთან დაკავშირებით დეტალური მონაცემები არ გაგვაჩნია. მხოლოდ ის მონაცემები გვაქვს, რომელსაც საჯაროდ ვაკვირდებით. მათ შორის ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მოვისმინეთ ადვოკატების შეფასებები და სხვ. ცალსახაა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები რეალურად დამნაშავეები არ არიან, მგონი, აღარავის დარჩა. მათ შორის, ეს კითხვები არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებას.

თუ იქ რაიმე დანაშაული მოხდა, ამ შემთხვევაში მაღალჩინოსანი უნდა ყოფილიყო გარეული. თუ ასეთ რაღაც ვერ მტკიცდება, ესე იგი ეს ადამიანები სრულიად უდანაშაულოდ არიან გამომწყვდეულები ციხეში. გადაწყვეტილება მთავრობას აქვს მიღებული და ამაზე ღარიბაშვილი აწერს ხელს. არც ამ ფულის განმკარგავები იყვნენ, რომ თვითონ დაეხარჯათ. ფული თუ გაიფლანგა, გასაგებია, რომ ეს ვიღაც ზემდგომმა გააკეთა. მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ესეც ვერ მტკიცდება. საერთოდ არ ჩანს, რა მოტივი იყო. მათ შორის არ ჩანს მეორე მხარე, ვინც ეს ფული აიღო და სადღაც სახლში წაიღო. ამიტომ გასაგებია, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური მოტივაციაა.

_ ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობას როგორ აფასებთ? ვგულისხმობ როგორც საერთო პოლიტიკურ, ასევე სოციალურ მდგომარეობას…

_ ქვეყნის ზოგადი სოციალური მდგომარეობა უმძიმესია. ჩვენი ეკონომიკა, პრაქტიკულად, რამდენიმე წელია, გაჩერებულია. ქვეყანაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც მოსახლეობის საერთო განწყობაზეც მოქმედებს. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს რეგიონებში და თბილისშიც, ცალსახად ჩანს ადამიანების იმედგაცრუება. აღარც მოქმედი პოლიტიკოსების, პოლიტიკური ძალების სჯერათ. ამ ფონზე, რთულია ადამიანებში გააჩინო მოტივაცია, რომ ისინი წავიდნენ და არჩევნებზე საკუთარი ხმა რომელიღაც პარტიას მისცენ. ეს სამწუხარო რეალობაა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებშიც ჩანს _ მოსახლეობის ორ მესამედს, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ, არ გადაუწყვეტია, არჩევნებზე ვის მისცეს ხმა.

საარჩევნო სისტემა უსამართლოა და ვერ უზრუნველყოფს, რომ მომავალ პარლამენტში მოსახლეობის განწყობები სამართლიანად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. თავის დროზე, ეს სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმიტომ არ შეცვალა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას აწყობდა. ახლა „ქართული ოცება“ არ ცვლის, რადგან მასაც აწყობს.

მეორე პრობლემა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაა. უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაუშვეს ამ კომისიებიდან. არ ვიცი, რა რესურსებით აპირებენ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. გასაგებია, ალბათ, საკუთარი პოლიტიკური კადრებით დააკომპლექტებენ კომისიებს, მაგრამ მათი კვალიფიკაცია ისეთი არ იქნება, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩაატარონ. არჩევნების დღეს ბევრი პროცედურული დარღვევა იქნება, რომელმაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს მისი ლეგიტიმურობა.

მესამე არის ადმინისტრაციული რესურსი. ჩვენი ბიუჯეტი თერთმეტი მილიარდია, ამ ბიუჯეტიდან უდიდესი თანხები ადმინისტრაციული რესურსის შენახვაზე მიდის. აქ იგულისხმება, უპირველესად, გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია. ანუ სახელმწიფო მოხელეები ცენტრალური ხელისუფლების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, მოიყვანონ საკუთარი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ნათელ-მირონობით მათთან დაკავშირებული ხალხი და ხმა მიაცემინონ ხელისუფლებისთვის.

მეორე მხრივ, უამრავი ფულია, რომელიც ვითომ რაღაც ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებაზე იხარჯება, ვითომ ამაზე და ვითომ იმაზე. სინამდვილეში, ეს ყველაფერიც ასევე ელექტორატის მოსყიდვის გარკვეული გზაა, რომ რამენაირად „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნა შეინარჩუნოს.

_ რას აპირებს „გირჩი“, ცალკე გადიხართ თუ შეიძლება პოლიტიკურ ბლოკში გიხილოთ?

_ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე მივიღებთ მონაწილეობას. ვართ პარტია, რომელსაც კონკრეტული ღირებულებები,  ფასეულობები და პრინციპები აქვს. ამ წუთში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც შეიძლება ამ მხრივ რაღაცაზე ვითანამშრომლოთ. ვისაც ვხედავთ, განცდა ისეთია, რომ ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, ძალაუფლებას შეჰნატრიან და ნაკლებად აინტერესებთ კონკრეტული ღირებულებები და პრინციპები. შევეცდებით იმ მოქალაქეების ხმები მოვიპოვოთ, რომლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ხედვებს, პროგრამას, პრინციპებსა და ღირებულებებს. გვაინტერესებს, რამდენია ასეთი მოქალაქე.

მგონია, რომ ამ გზაზე წარმატებას მივაღწევთ.

_ მაინც, რა საარჩევნო შედეგს იმედოვნებთ?

_ ჩვენ გვაქვს პროგრამა მაქსიმუმი _ საქართველოს პარლამენტში ისეთი დიდი ფრაქციით შევიდეთ, რომ უჩვენოდ მთავრობის დაკომპლექტება ვერავინ შეძლოს, რადგან ეს შანსს მოგვცემს, რომ ჩვენი ხედვები რეალურ ცხოვრებაში გავატაროთ. ამაზე ვმუშაობთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა, ბევრი სამუშაოა. წინასწარ კონკრეტული პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.

 

                                                                                                          გელა მამულაშვილი