მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებული სახელმწიფო

p

საქმე, რომლის შესახებაც ადვოკატი ციცინო ცხვედიანი მოგვიყვა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს კი არ იცავს და მათ საკუთრებას კი არ უფრთხილდება, არამედ უხეშად არღვევს მათ უფლებებს, თავად ძარცვავს და უზენაეს კანონს _ ქვეყნის კონსტიტუციას ფეხქვეშ ისევე თელავს.

ციცინო ცხვედიანი:

_ ჩემი კლიენტები არიან მიხეილ გვარამაძე და სამველ დარბინიანი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2005 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, „შავი გედის“ ბაზრობის მიმდებარედ, „ოდელიასა“ და ადმინისტრაციულ შენობას შორის მდებარე 290 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მათ მოქალაქე შოთა გუგეშაშვილისგან იყიდეს, რომელსაც, თავის მხრივ, ეს მიწის ნაკვეთი მიღებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი შეიტანა, რომელიც 2012 წლის 27 მარტს დაკმაყოფილდა და ამის საფუძველზე გვარამიასა და დარბინიანს ნასყიდობა გაუუქმეს. სასამართლომაც ბათილად ცნო ნასყიდობა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ნასყიდობის გაუქმებას  საფუძვლად დაუდეს ის, რომ თითქოს ეს ნაკვეთი რკინიგზის ლიანდაგის ახლოს იყო და მისი გასხვისება თავიდანვე არ შეიძლებოდა, ანუ შოთა გუგეშაშვილს მისი საკუთრებაში მიღების, შემდგომ კი გასხვისების უფლება არა ჰქონდაო. მასაც გაუუქმდა, თავის დროზე, სასამართლოს მეშვეობით, კანონიერად მიღებული საკუთრების უფლება ამ მიწაზე და ჩემს კლიენტებსაც, მიწის ნაკვეთი კი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველზე გადაეცა სახელმწიფოს.

_ კი მაგრამ, გუგეშაშვილს ოფიციალურ სტრუქტურებში არ ჰქონდა დარეგისტრირებული ამ ნაკვეთის შეძენა? ნაკვეთის გასხვისება თუ არ შეიძლებოდა, ეს მანამდე არ იყო ცნობილი?

_ სანამ ნასყიდობის ხელშეკრულებას ბათილად ცნობდნენ და ასეთი რამ მოხდებოდა, გვარამაძემ და დარბინიანმა ნაყიდ მიწის ნაკვეთზე ორსართულიანი კომერციული შენობა ააშენეს. სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი ისეთივე ფორმით კი არ დაიბრუნა უკან, როგორიც თავის დროზე გუგეშაშვილმა მიიღო საკუთრებაში, არამედ უკვე მასზე არსებული კომერციული შენობით. იურიდიული ტერმინოლოგიით რომ გითხრათ, სახელმწიფო უსაფუძვლოდ გამდიდრდა გვარამაძისა და დარბინიანის ხარჯზე და ცარიელი მიწის ნაკვეთის ნაცვლად ხელში ჩაიგდო გაცილებით მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთი. ექსპერტიზით დადასტურდა, რომ შენობის ღირებულება შეადგენდა 455 968 ლარს.

როგორც გითხარით, თავის დროზე შოთა გუგეშაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას საკუთრებაში გადაეცა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ კი მან მიწა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა და ისე გაყიდა გვარამაძე-დარბინიანზე. მათაც აიღეს ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრმაც ჩვეულებრივ დაურეგისტრირა. შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ასევე დაუმტკიცეს მასზე შენობის აშენების პროექტი და მშენებლობის ნებართვა გასცეს. მათთვის არავის უთქვამს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება და ეს იყო უკანონობა. სანამ შენობა აშენდება, პროექტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზას გადის და იმასაც არკვევენ, სად მდებარეობს ის და შეიძლება თუ არა, რომ ასეთი შენობა აშენდეს იმ ადგილზე. ამის მერე აძლევენ დასკვნას, ანუ ნებართვას. ეს პროცედურები ჩემმა კლიენტებმა ცხადია, გაიარეს და მერე ააშენეს ნაგებობაც. მოკლედ, ყველაფერი კანონისა და წესების სრული დაცვით განხორციელდა. ძალადობით, თვითნებობით არავის არაფერი გაუკეთებია.

ამიტომაც გვარამაძე-დარბინიანმა მიმართეს სასამართლოს და სახელმწიფოსგან ამ თანხის დაბრუნება მოითხოვეს. მოპასუხე იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მან სადავო არ გახადა ჩემი კლიენტების მიერ ამ ნაკვეთზე შენობს აშენების ფაქტი, თუმცა თქვა, რადგანაც ის რკინიგზის გასხვისების ზოლში დგას, უნდა დავანგრიოთო, თუმცა შენობა დღემდე არავის დაუნგრევია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სარჩელი არ დაგვიკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ამ ფაქტით სახელმწიფო უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, რადგან მისი გასხვისება და მასზე შენობის აღმართვა მოხდა უკანონოდო. თუმცა, სინამდვილეში, შენობა უკანონოდ ნამდვილად არ აშენებულა და ის სათანადო ნებართვებით და პროექტის საფუძველზე აიგო. საქმე ის არის, რომ თავად სასამართლოსაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ის, რომ გვარამაძე-დარბინიანმა შენობა უკანონოდ ააშენეს, მაგრამ აცხადებს, ის არის რკინიგზის გასხვისების ზოლში, ლიანდაგის სიახლოვეს, მისი გასხვისება არ შეიძლებოდა და ამიტომ ვერ მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო უკანონოდ გამდიდრდაო, რაც თავისთავად არის უსამართლო და არასწორი მსჯელობა.

ცხადია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაგვიკმაყოფილდა სარჩელი, ანუ  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა გვარამაძისა და დარბინიანის სასარგებლოდ 455 868 ლარის გადახდა. საქმე ამჟამად უზენაეს სასამართლოშია წასული და არ ვიცით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება დადგება. საქალაქო სასამართლომ ჩემი კლიენტები არ მიიჩნია კეთილსინდისიერ მყიდველებად, არადა, რეალურად ისინი სწორედ ასეთად უნდა მოიხსენიებოდნენ. სააპელაციო სასამართლომ კი, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, საკმაოდ კარგად დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება და თქვა, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იმიტომ კი არ იქნა ცნობილი, რომ ისინი არაკეთილსინდისიერი მყიდველები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სადავო უძრავი ქონება რკინიგზის მიმდებარე მიწას წარმოადგენდა და მისი კერძო საკუთრებაში გადაცემაც დაუშვებელი იყოო. სააპელაციო ასევე აცხადებს, რომ გვარამაძე-დარბინიანმა მიწის ნაკვეთი იყიდეს ისეთი პირისგან, რომელიც საჯარო რეესტრში მესაკუთრედ იყო დარეგისტრირებული, თავად გუგეშაშვილმაც ეს მიწის ნაკვეთი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში და შემძენს, ანუ გვარამაძე-დარბინიანს სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ნდობა რატომ არ უნდა ჰქონოდაო? ამ ორმა ადამიანმა როცა ნაკვეთი თავისად დაიგულა და სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს დაუდასტურეს, ამის შემდგომ გასწიეს ხარჯი და მასზე ნაგებობა ააშენეს, რასაც ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოს პალატაც და მიუთითებს, რომ სწორედ ამის გამო ის ხარჯი, რომელიც მათ ამ შენობაზე გასწიეს, მთლიანად უნდა აუნაზღაურდესო. ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ის სააპელაციო სასამართლოს ორმა წევრმა მიიღო, მესამემ კი განსხვავებული აზრი დაწერა, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებაა გადმომღერებული, რომ სადავო შენობა, რადგან რკინიგზის ზოლში იყო აშენებული, სახელმწიფოს უსაფუძვლოდ გამდიდრებად არ ითვლებოდა. როგორც გითხარით, შენობა ახლაც დგას და მას შემდგომ არავის დაუნგრევია. ის უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია და რას უზამს, როგორ გამოიყენებს მას სახელმწიფო, არავინ იცის. რატომ არ არის ეს უსაფუძვლო გამდიდრება, ნამდვილად ვერ ვხვდები.

_ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს უზენაესმა სასამართლომ, გამოდის, რომ გვარამაძე-დარბინიანი სახელმწიფომ დააზარალა _ ჯერ კანონიერი უფლება მისცა საკუთარი სტრუქტურების მეშვეობით, ფული დაახარჯვინა და შემდგომ ყველაფერი უაპელაციოდ წაართვა. ასე არ არის?

_ როგორ შეიძლებოდა არ ნდობოდნენ გვარამია და დარბინიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გუგეშაშვილს ჰქონდა ამ მიწის ნაკვეთზე, ან საჯარო რეესტრის დოკუმენტებსა და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებს? მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ მიწაზე ნებართვა და პროექტი იყო გაცემული. თუ სახელმწიფო სტრუქტურებმა შეცდომა დაუშვეს, ამ ადამიანებმა რატომ უნდა ზღონ და მათ რატომ უნდა მიადგეთ ზიანი? თუმცა ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში დაზარალებული მაინც ეს ორი მოქალაქეა, რადგან სახელმწიფომ ან ფული უნდა გადაუხადოს ჩემს კლიენტებს და შენობა მას დარჩეს, ანდაც არაფერი არ მისცეს და უფასოდ დაიტოვოს მათი ნაშრომ-ნაწვალები. არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფო არ ზარალდება, საკუთარი მოქალაქეების დაზარალება კი მას არად უღირს.

_ თუ მართლა არ შეიძლებოდა ამ ტერიტორიის გასხვისება და იქ შენობა-ნაგებობის აშენება, იმ სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომლებმაც ნებართვები გასცეს, ეს არ იცოდნენ, ან არ უნდა სცოდნოდათ? მათი ბრალეულობა ამ დავაში არ იკვეთება? გამორიცხავთ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად მოხდა?

_ გეთანხმებით, რომ ესეც სადავო და საეჭვო საკითხია. როგორც ახლა გვიმტკიცებს სახელმწიფო, თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, ე. ი. რკინიგზის ლიანდაგთან არანაირი შენობა არ უნდა არსებობდეს, რაც ასე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ლიანდაგის მიმდებარედ უამრავი შენობა დგას. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო ეს ნაგებობა, ბუნებრივია, მისი აშენების უფლებას არ გასცემდნენ.

ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერ კერძო პირების კონსტიტუციური უფლების შელახვაა, კონკრეტულად კი კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევა და საკუთრების უფლების ხელყოფა.

_ ხშირია ფაქტები, როცა სახელმწიფო კერძო პირის უფლებებს კი არ იცავს, თავადვე ლახავს?

_ სასამართლო დავების დროს, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე სახელმწიფოა, სასამართლო ძალიან ხშირად სახელმწიფოს უჭერს მხარს და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ გამოაქვს. მოსამართლეები არ ხელმძღვანელობენ იმ პრინციპით, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისგან შედგება და ის საკუთარ მოქალაქეებს მაქსიმალურად უნდა იცავდეს. საკითხი ისე აქვთ დაყენებული, თითქოს მოქალაქე აბსტრაქტული ცნებაა, ის სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი კი არა, მტერია და ისინიც ორი მტრულად განწყობილი და დაპირისპირებული ძალის საქმეს იხილავენ. ადმინისტრაციული დავების უმეტესობაში მოსამართლეები ისე წარმოაჩენენ, რომ მოქალაქე ედავება სახელმწიფოს, რაც ასე არ არის. სინამდვილეში, ის ცდილობს, დაიცვას საკუთარი უფლებები. რატომ იქცევიან ასე მოსამართლეები, ალბათ, თავად უნდა თქვან, მაგრამ არც ერთი მოსამართლე არ აღიარებს, რომ მან გამოიტანა უკანონო, სახელმწიფოსადმი მიკერძოებული გადაწყვეტილება. შეიძლება მათი ქცევის მიზეზი იძულებაც იყოს, თუმცა ზოგ მოსამართლეს ეს არც სჭირდება, რადგან მიაჩნია, რომ ის არის სახელმწიფო მუშაკი და კანონი კი არა, სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვას.

_ ე. ი. მოსამართლეები სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეებისგან იცავენ და ამის გამო უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ? 

_ სახელმწიფოს ინტერესი თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაში უნდა იყოს და არა მათი გაძარცვა და კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდება. რაც მეტად იქნება სამართლებრივად დაცული ქვეყანაში მოქალაქეთა ინტერესები, მით მეტად იქნება თავად სახელმწიფოს ინტერესები დაცული, მაგრამ როცა მოქალაქეს იმედი არ აქვს, სასამართლოში სახელმწიფო სტრუქტურის უკანონობის გამო მის წინააღმდეგ სარჩელს თუ შეიტანენ, მას დაუკმაყოფილებენ, ამას რა ჰქვია, თავად განსაჯეთ. წესით და რიგით, ეს საქმე უზენაეს სასამართლომდე არც უნდა მისულიყო და პირველ ინსტანციას უნდა გამოეტანა სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი სახეზეა! მსგავსი შემთხვევები კი ძალიან ხშირია.

 

„ქრონიკა+“ ქონების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს, ნიკა ქამუშაძეს ესაუბრა:

_ საქმე იმიტომ არის სასამართლოში, რომ ყველა დეტალი გაირკვეს. თუ ქონება წაართვეს, ეს, ალბათ, პროკურატურის განსახილველია, ან არაკანონიერი იყო და ამიტომ მოხდა ასე, თუმცა სანამ საქმეს კარგად არ გავეცნობი, მიჭირს რაიმეზე გესაუროთ. ბევრი დეტალია გასარკვევი, უმიზეზოდ არავის არაფერს ართმევენ.

 

                                                                                               ნელი ვარდიაშვილი