„ნაციონალური სიით“ კმაყოფილები და უკმაყოფილოები სამეგრელოში

m2

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა თქვას, ბედი მაქვს და თან არც მაქვსო: კორცხელში ენმ-ს ლიდერებზე თავდასხმა და მათთვის კუნთმაგარი სპორტსმენების მიქსევა, რომლებიც, სხვათა შორის, ამ დრომდე არ დაუკავებიათ, მათ უბედობას უკავშირდება, ვინც კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე სულაც არ მისულა საჩხუბრად და მაინც მოხვდა, მაგრამ ამ ყველაფერს პოლიტიკური ქუდბედიანობა ერთვის _ ენმ-ს ლიდერების ცემამ თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, გარდა „ოცნების“ უტეხი და მოუთვინიერებელი სახეებისა, გააერთიანა და დაასმევინა შეკითხვა, _ სად არის ხელისუფლება?

 

ასე განსაჯეთ, კორცხელის ინციდენტმა თვით ენმ-ს მხარდამჭერებიც გააერთიანა, თორემ ინციდენტი რომ არა, წინა დღეებში დაწყებული განხილვა პარტიის გამსვლელ სიაში შემავალი სახეებისა და, ზოგადად, სიის ფორმირების მეთოდის მიზანშეწონილობაზე, შესაძლოა, ახალი სიმწვავით განახლებულიყო.

იმის მიუხედავად, რომ ენმ-ს გამსვლელი ათეული პარტიის ბევრ მხარდამჭერს მოეწონა, შემდგომმა ათეულმა განსხვავებული მოსაზრებები გააჩინა. ძირითადად, ეს სამეგრელოდან სიაში შეყვანილთა მისამართით ითქმის. და თუ არავინ აყენებს ეჭვქვეშ, ვთქვათ, თენგიზ გუნავას გამსვლელ პოზიციაში ჩაწერას, სამეგრელოს რაიონებში, მაინცდამაინც, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან იმას, რომ სიის სამეგრელოს კვოტა მთლიანად ზუგდიდმა შეავსო.

ამაზე ჯერ ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, თუმცა ბოლოს ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, როლანდ ახალაიამ, თემაზე მსჯელობის სიმძიმე საკუთარ თავზე აიღო, როგორც პირმა, ვისაც არ აქვს პრეტენზია ხელახლა კენჭისყრაზე და, ზოგადად, პარლამენტის წევრობაზე.

იმისთვის, რომ როლანდ ახალაიასა და სხვების პრეტენზიისა თუ შენიშვნის საფუძველს ჩავწვდეთ, ჯერ უნდა გავერკვეთ, როგორი პრინციპით ხდება სიის ფორმირება ენმ-ში?

ზოგადად, ყველა კანდიდატის ჩასმა განიხილება პოლიტსაბჭოზე და საერთოდაც, პოლიტსაბჭოა ის რგოლი, რომელმაც სიაში მწვანე შუქი უნდა აუნთოს დეპუტატობის კანდიდატად ვინმეს შეყვანას. ეს სამუშაო პროცესია და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი განხილვით ან ხმის მიცემით ვერ მიდიან: სია მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივია, არც უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარების გარეშე ჩაუვლია:

სააკაშვილი, აკვირდებოდა რა პროცესებს შორიდან, ცხადია, მოუსვენრად იყო და თითოეული დეტალით ინტერესდებოდა. თუმცა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არც სააკაშვილს, არც ბოკერიას, არც რატიანს და, საერთოდ, არც ერთ ენმ-ელს არ შეუძლია: უპირატესობა ენიჭება კონსენსუსს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი პოლიტსაბჭოზე საკითხის გატანას და კენჭისყრას.

ასე იყო პრაიმერის დროს, ასე იყო აღმასრულებელი მდივნის არჩევის დროს და, როგორც ჩანს, ასე იქნება სულ, სანამ ენმ იმ ფორმით იარსებებს, რა ფორმითაც ახლა არსებობს.

პოლიტსაბჭო ასევე რეგიონული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს. ყველა რეგიონს თავისი კვოტა აქვს: მაგალითად, ატარებს თბილისის რომელიმე ორგანიზაცია კონფერენციას და წარადგენს კანდიდატს, ატარებს სამეგრელოს ორგანიზაცია კონფერენციას და წარადგენს კანდიდატებს და ა. შ., ხოლო პოლიტსაბჭოზე უპირატესობის მინიჭება იმის მიხედვით ხდება, რომელ ორგანიზაციას რა მაჩვენებელი ჰქონდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე და, ზოგადად, რამდენად აქტიურად არის ჩართული ორგანიზაცია პროცესებში აქციებით, განცხადებებით, სხვადასხვა აქტივობით.

ეს სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ ოფიციალურად ცენტრალური ოფისი მხოლოდ დამმოწმებლის როლში გამოდის და რეგიონული ან რაიონული ორგანიზაციების არჩევანში ვერ ერევა. ასე რომ, თუნდაც ზუგდიდელ ან ფოთელ ენმ-ელს, რომელსაც სიაში მოხვედრა უნდა, რაც უნდა იდეალური დამოკიდებულება ჰქონდეს, ვთქვათ, გიგა ბოკერიასთან და რაც უნდა გენიოსად მიიჩნევდეს მას თავად ბოკერია, თუკი ადგილზეც გიგასავით არ ფიქრობენ, ის ენმ-ელი სიაში ვერ მოხვდება, რადგან რაიონული ორგანიზაცია არ წარადგენს…

რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების ჩატარების პრინციპიც განსაზღვრულია: მაგალითად, რეგიონულ კონფერენციაზე რეგიონში შემავალი რაიონების ოფისების ხელმძღვანელები იკრიბებიან და კანდიდატებზე მსჯელობენ, ბოლოს კი ცენტრალურ ოფისში შერჩეულ კანდიდატთა სიას აგზავნიან.

ასე მოხდა სამეგრელოშიც, კერძოდ, ზუგდიდში. თუმცა ამ პროცესის მიმართ სხვა რაიონების წარმომადგენლებსა და თვით როლანდ ახალაიასაც კი შეკითხვები გაუჩნდათ:

 

როლანდ ახალაია:

„მთავარი მოთამაშე საარჩევნო მარათონში მიშა სააკაშვილია და თუ ბრძოლა მისი სტრატეგიით არ დაიგეგმა, დამარცხება გარდაუვალია. უარი უნდა ითქვას მხოლოდ დეპუტატობის სურვილზე გამარჯვების მიზნის გარეშე“, _ აღნიშნა მან, მანამდე კი სიებთან დაკავშირებითაც მკვეთრად გამოხატა პოზიცია:

„წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მე პირადად პრეტენზია არ გამაჩნია პარლამენტში მოხვედრაზე და ვთქვი კიდევაც პარტიაში, უბრალოდ, ჩემი აზრი მაქვს და მინდა, გულწრფელად დავაფიქსირო იგი. ყველას მოსაწონი კადიდატები ვერ იქნებიან და ეს ბუნებრივიცაა. ფაქტია, რომ დედაქალაქმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ყველა რაიონი წააგო.

რომ არა სამეგრელო და სხვა რეგიონები, შედეგიც უფრო სავალალო იქნებოდა. „შეცდომებისა“ თუ სხვა ფაქტორების შედეგად მოხდა ასე და ეს რეალობაა, მაგრამ კვლავ არ გვაქვს ამ „შეცდომების“ განმეორების უფლება.

დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი და პირად ამბიცებს არ უნდა ვანაცვალოთ იგი. ახალ სახეებთან მიმართებით, ცალკეულ პიროვნებებზე მეც მაქვს ჩემი პირადი აზრი. ზოგი მეტად მომწონს, ზოგი _ ნაკლებად. საერთო ჯამში, მეტ-ნაკლებად ვემხრობი, მაგრამ ისიც კარგად მესმის, საბოლოოდ ყველაფერი ამომრჩევლის გემოვნების საკითხია და მისი შესაფასებელია. ახლა არ არის ამბიციების დრო. მთავარია, დღეს ქვეყნის მტერი დამარცხდეს.

მზად უნდა ვიყოთ, ყოველგვარი წყენა და გაუგებრობა დავივიწყოთ, მაგრამ ვერ ამიხსნია ერთი მარტივი ამოცანა: სამეგრელოს რეგიონში ამომრჩეველმა, ფოთის გარდა (ესეც ცალკე თემაა, თუ რატომ მოხდა ასე), ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მაჟორიტარ კანდიდატებს.

სხვა საკითხია, ვინ აღმოჩნდა მატყუარა და ვინ უღალატა თავის ამომრჩეველს, მაგრამ ხომ ფაქტია, ვინც არ უღალატა ამომრჩეველს და იდეას, იმ დეპუტატებს არ ჰქონიათ მშვიდი ცხოვრება.

ისინი ხომ განიცდიდნენ შანტაჟსა და რეპრესიებს, მაგრამ არ გატყდნენ და ბოლომდე შეინარჩუნეს თავიანთი სახე. არ უნდა გავატაროთ ისე, თითქოს არაფერიც არ ყოფილა.

როგორც გაცხადდა, კვოტები გადანაწილდა არჩევნებზე მიღწეული შედეგების მიხევდით. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ხდება, რომ ოთხი კანდიდატი ზუგდიდზეა დაფიქსირებული და არც ერთი სამეგრელოს სხვა რაიონებზე?

ეს ხომ მთლად სამართლიანი არ არის და ამომრჩევლებზეც ხომ გავლენას მოახდენს? თუ არჩევნები არ მოვიგეთ, გენიოსებიც რომ იყვნენ სიაში, უმცირესობით ხალხისთვის რაიმე სარგებელს ვერ გავაკეთებთ და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი რეალობა.

ძალიან დიდი სიფრთხილე და ერთობა გვმართებს _ არჩევნები არა პარლამენტარობისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და ხალხის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად“.

ამ პოზიციას იზიარებენ სამეგრელოს რეგიონში შემავალი სხვა რაიონების აქტიური სახეებიც ენმ-დან. მაგალითად, ნინო მჭედლიშვილი ფოთის ენმ-ს ორგანიზაციიდან, რომელსაც საზოგადოება რუსეთის მონაწილეობით ფოთში გამართული საბავშვო ფესტივალის ჩაშლის დროიდან და რუსეთის დროშის დაწვის ორგანიზებიდან იცნობს, ამბობს, რომ კვოტა უსამართლოდ გადანაწილდა:

„რატომ მოხდა ისე, რომ რომ რეგიონულ კონფერენციაზე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეები იყვნენ?! რატომ არ ვიყავით პოლიტსაბჭოს წევრები, ან სამეგრელოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები?! რატომ წაიღო სამეგრელოს კვოტა მთლიანად ზუგდიდმა?! იქ ვიღაცას უთქვამს, არჩევნებს მე ვიგებდიო, ჰოდა, მოიგოს, ჩვენ თუ არ ვართ საჭირონი, სულ კარგად ბრძანდებოდნენ…

უბრალოდ, როცა რაღაც ისე არ კეთდება, ხომ შეიძლება შეეკითხონ ვინმეს, თუნდაც ის ვინმე ერთი ჩვეულებრივი პატრიოტი და ქვეყნისთვის მებრძოლი იყოს და ეს ბრძოლა თუ მხოლოდ იმიტომაა, რომ ვიღაცები პარლამენტის სკამებზე წამოსკუპდნენ, ამ ბრძოლაში ვერავის გავყვები, მე მხოლოდ ამას ვამბობ და ვამბობდი ყოველთვის“.

მოკლედ, შეკითხვები არსებობს და ენმ-ს ვერტიკალს, სადაც ამტკიცებენ, რომ პარტიაში დღეს, რეალურად, ყველაზე დემოკრატიული პერიოდის დრო დგას და ის ზემოდან არ იმართება, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ენმ მოსალოდნელზე ნაკლებ ხმებს მიიღებს 2016 წლის შემოდგომაზე, ფაქტია, რომ ესეც ვერტიკალს და „არასწორ სიას“ დაბრალდება…

სხვათა შორის, სია ერთადერთი არაა, სადაც ენმ-ს ლიდერთა პოზიცია პარტიის აქტიური წევრებისა და მხარდამჭერების შეხედულებებს არ ემთხვევა. მაგალითად, იგივე როლანდ ახალაია საკმაოდ უარყოფითად შეხვდა იმას, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით გამართულ აქციას ენმ შეუერთდა და სერგო რატიანმა პარტიის სახელით განცხადება გააკეთა. ის მაშინვე დაინტერესდა, ეს სერგო რატიანის პირადი განცხადება და პოზიცია იყო, თუ, ზოგადად, პარტიის?

რატიანისა და ენმ-ს პოზიცია ახალაიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ თავად თავისუფალმა დემოკრატებმა, კონკრეტულად, ცაგარეიშვილის პირით, განაცხადეს, რომ ვინც ცხრა წელი თავად ხდიდა ხალხს სულს, ამ აქციაზე მოსვლის უფლება არ ჰქონდათ:

„არ მოხვიდეთო, სისხლის მწოველები ხართო, გეუბნებიან, მაინც მიდიხართ. არადა, მათი მონაწილეობით მოხდა ყველა უბედურება. რა გაიძულებთ?“ _ იკითხა როლანდ ახალაიამ.

მის ამ პოზიციას სამეგრელოში უამრავი ადამიანი იზიარებს. ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის მიმართ აქ სენსიტიური დამოკიდებულება აქვთ. თავად როლანდ ახალაიას, ცხადია, არ ავიწყდება, როგორი უღირსი მეთოდებით ცდილობდა ირაკლი ალასანია, კონკურენტი გზიდან ჩამოეცილებინა და ამ მიზნით რამდენჯერმე, 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში, საერთო ნაცნობიც კი მიუგზავნა, რაც ჩაწერილია კიდეც ფირზე.

ამას გარდა, ბუნებრივია, ბაჩო ახალაიას მამას ალასანიას მიმართ პრეტენზია იმის გამოც აქვს, რაც მან თავდაცვის მინისტრობის დროს, თუნდაც, გენერალ კალანდაძის მიმართ ჩაიდინა, ხოლო ბარბარე რაფალიანცის ტრაგედიაში უშუალოდ აღმოჩნდა ჩართული და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოლაგიდან პირდაპირ რეპორტაჟში აღშფოთებას გამოხატავდა, არადა, წესით, მაშინ ზუგდიდში უნდა ყოფილიყო, რომ არა „პარტიული დავალება“.

ამ შეკითხვებსა და აზრთა სხვადასხვაობას ენმ-ს ვერტიკალში დუმილით, ზედმეტი ემოციების გარეშე და თავშეკავებით ხვდებიან. იქ ამბობენ, რომ ეს რეაქცია და პროცესები ბუნებრივია და არაფერი სკანდალური არაა, თუკი თუნდაც აქტიური წევრები და მხარდამჭერები ცენტრალური ოფისის მიდგომებს არ იზიარებენ. მათივე თქმით, სწორედ 8 ოქტომბერი დაამტკიცებს, რომ ენმ ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა და ამ პარტიის მხარდამჭერთა ნაწილის მძაფრ შეკითხვებსაც სწორედ მაშინ გაეცემა პასუხი.

 

                                                                                                                  ლაშა ბერულავა