დასუფთავების უნიკალური მანქანა, რომელსაც 2015 წლის შემდეგ ელოდებიან….

ორი

ვარგა თუ არა, კარგია თუ ცუდი, ჩვენდა ბედად გვაქვს თვითმმართველობის კოდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოხელის ყველა ქმედება სწორედ ამ კოდექსიდან უნდა გამოდიოდეს! თუმცა, როგორც სხვა ბევრი ყველაფერი, ჩემს ქალაქში ესეც არ სრულდება!

 

ნორმატიული აქტი

კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი, ანუ იგივე ბიუჯეტი, სწორედ სახალხო, საჯარო განხილვით უნდა სრულდებოდეს. და მაშინ თუ ამ ნორმატიულ აქტში ცვლილება შედის, ისიც ასევე საჯარო განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ბიუჯეტი ჩემი, შენი, ან ვინმეს ფული არ არის. ბიუჯეტი ჩვეულებრივი ხალხის დიდი ყულაბაა და იქიდან ხალხის მიერ დაკვეთილ ღონისძიებებზე უნდა ნაწილდებოდეს.

ქალაქ თელავის საკრებულოს ყოველთვიური გეგმური სხდომის მთავარი საკითხი ბიუჯეტში ცვლილებაა. რომ გითხრათ აქ, ამ ბიუჯეტში, რამე განსაკუთრებული ხდება-მეთქი, არ ვიქნები მართალი, ძირითადად, ინფრასტრუქტურას ვაკლებთ თანხებს და უმისამართოდ ვისვრით, _ ხან ვინმეს კონცერტისთვის გვინდა თანხა, ხან გაგვახსენდება, რომ სპორტსკოლას კანალიზაცია არ ჰქონია, ხან კი იმ ავადსახსენებელ აიპებს ვუმატებთ და ვუმატებთ თანხებს, რომელსაც ჯერ ამ ქალაქისთვის სიკეთე არ მოუტანია. ასე რომ, თემა რომელზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ, სწორედ თელავის ბიუჯეტი, მუნიციპალური აიპები და ერთი საყვარელი დასუფთავების ავტომობილია.

ამ ეტაპზე ერთ უნიკალურ ავტომობილზე მოგახსენებთ: თითქმის ერთი წლის წინათ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცემერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ატლანტიკის ოკეანე გადაკვეთეს და დიდ ამერიკას ესტუმრნენ. როცა უკან დაბრუნდნენ, საზოგადოებას ამცნეს, რომ ხელცარილებს არ გვიმგზავრია, ქალაქისთვის საჩუქრად მივიღეთ დასუფთავების უნიკალური ავტომობილიო. მაკეტი გვაჩვენეს, ხოლო დიდი ავტომობილი ფოტოებით დაგვათვალიერებინეს. რას ჰყვებოდა მაშინდელი მერიის პრესსამსახური:

„ქალაქ თელავის დელეგაციას, საგრაფო კატავბას ხელმძღვანელობის შუამდგომლობით, კომპანია  REPUBLIC SERVICES-მა საჩუქრად გადასცა 100 000 დოლარზე მეტად შეფასებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგვის გადამტანი სპეცმანქანა. ამჟამად საგრაფოს ხელმძღვანელობის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები USAID-თან, რათა შემდგომი ფინანსები მოიძიონ მანქანის ტრანსპორტირებისთვის.

თელავის მერიისთვის 2015 წლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს დასუფთავება წარმოადგენს“.

მას მერე ქალაქი ამ დასუფთავების ავტომობილს ელოდება, მერი კი პატარა მაკეტს საგულდაგულოდ ინახავს. შესაბამისად, დასუფთავების ავტომობილის მოლოდინში მყოფ თელაველებს აღარც ახსოვთ, რატომ გასცეს საკუთარი ბიუჯეტიდან ამერიკის სამივლინებო ხარჯები?

 

სამსახურები და ააიპები

ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს, თელავის მერიასაც შემდეგი სამსახურები აქვს: ადმინისტრაციული სამსახური; ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური; საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური; კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; იურიდიული სამსახური; ზედამხედველობის სამსახური; შიდა აუდიტის სამსახური; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. ერთი შეხედვით, ყველაფერი მწყობრშია და თავის ადგილს იკავებს. თუმცა მაგალითისთვის თუ ავიღებთ „კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს“, მივხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ჩვენ გვგონია. რეალურად, ქალაქის ბიუჯეტს, 7 სამსახურის ნაცვლად, კიდევ ბევრი არაფორმალური სამსახურის შენახვაც უწევს, მაგალითად, როგორიც არის: კულტურის ააიპი, სასპორტო გაერთიანების ააიპი, ააიპი კლუბი „თელავი“, სპორტის, ძიუდოს ააიპი, საფეხბურთო კლუბი ააიპი, ბაგა-ბაღების გაერთიანების ააიპი, მუსიკალური სკოლების ააიპი, სამხატვრო სკოლის ააიპი, ქორეოგრაფიული ააიპი. მკითხველს ნამდვილად გაუჩნდება კითხვა, _ რა ხდება?! თუ ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ კულტურის სამსახურის უფროსს ვუხდით ხელფასს, რომელიც 1500 ლარამდე მერყეობს, ცდება. რეალურად კი ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე ხალხისთვის დასახარჯი თანხები. თუ გვაქვს კულტურის სამსახური, რომელსაც ექვემდებარება სპორტი, განათლება (სკოლამდელი, ახალგაზრდული საქმეები და ა.შ.), ამავდროულად, თუ ამ სამსახურს კიდევ აქვს ორი განყოფილება _ განათლებისა და სპორტის მიმართულებით, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, _ რატომ შექმნა ქალაქმა არაკომერციული იურიდიული პირის სახით კულტურის ააიპი? ბაგა-ბაღების გაერთიანების ააიპი?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე იბადება კითხვა, _ ვის ან რას ემსახურება, აღნიშნული განშტოებები? თუ თელავში ერთი კონცერტის დაგეგმვას ერთი ფორმალური და მეორე არაფორმალური სამსახური უზრუნველყოფს, სად უფრო მეტი ხარჯია გათვალისწინებული, _ საკონცერტოდ თუ მათი კუთვნილი ხელფასებისთვის? თუ მერიაში არსებობს განათლების განყოფილება, რომელიც სკოლამდელ აღზრდას აქცევს ყურადღებას, მაშინ რატომ არის საჭირო ბაგა-ბაღების გაერთიანება? საშუალო არითმეტიკით კი აღნიშნული სამსახურებისა და ააიპი ორგანიზაციების შენახვა თელავის მერიას წელიწადში, დაახლოებით, 3 მილიონზე მეტი უჯდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თელავის ბიუჯეტი მხოლოდ 8 მილიონს შეადგენს, ხოლო აქედან სამ მილიონზე მეტი ბიუროკრატიული ხარჯია, ჩნდება კითხვა, _ არის თუ არა ეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა?

 

ნორმატიული აქტები და დაკემსილი ბიუჯეტი

ბებიაჩემი დიდებული ქალი იყო, არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, თუმცა 1991 წლამდე თუ რაიმე წიგნი დაბეჭდილა, მათი რაოდენობის ნახევარზე მეტი წაიკითხა. საღამოს უბნის გოგო-ბიჭებიდან „ნაომარი“ რომ ვბრუნდებოდი, წიგნებში ჩაფლულ ბებიას დახეულ ტანსაცმელს მივუგდებდი და ვეტყოდი, _ მაჯა ჩამოვიხიე, დამიკემსე, რაა, დედამ არ გაიგოს-მეთქი. ეს სიტყვა, ალბათ, მრავალი წელია, აღარ მახსოვდა… მადლიერი ვარ თელავის მერიისა და საკრებულოსი, რომ მათ შემხედვარეს ესეც გამახსენდა. რას ნიშნავს, დაკემსილი ბიუჯეტი? _ დაკერებულს, განახლებულს, გადაკერილს, გადმოკერილს, ამოგლეჯილს და რა ვიცი, _ ა. შ.

ყოველი თვის დასაწყისში, პირველ ორშაბათს, რეგლამენტისამებრ, თელავის საკრებულოს სხდომა იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მაგიდაზე დევს ამობეჭდილი დღის წესრიგი, ხოლო დღის წესრიგის პირველ პუნქტში წერია:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის #52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

დეკემბრის ბოლოს მიღებული ბიუჯეტი შემდეგი წლის ბოლოს რა ფორმით სრულდება, არავინ იცის. თუ ამ ქალაქში ცნობილია, რომ მათი ბიუჯეტიდან თანხის 2 მილიონი ინფრასტრუქტურაზე უნდა გადანაწილდეს, მადლობელი უნდა დარჩეს ამომრჩეველი, რომ ამ მიმართულებით მილიონ ნახვარი დაიხარჯოს. თუ ბიუჯეტში წერია, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარება უნდა გაიცეს, ეს სრულდება, თუმცა მერია ერთჯერად დახმარებას 50 ლარზე მეტს არ გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არ აქვთ ამ შენობაში მისვლისა და რამის მოთხოვნის სურვილი. იმ დასუფთავების მანქანის არ იყოს, დაახლოებით 8 მილიონი ისეა, როგორც ჩემს ჯიბეში კანფეტია, _ ასე ტკბილად დამიბერდიო. მას მერე, რაც ჩემი ქალაქის მერმა „ქრონიკა+“-ის კითხვა დაიწყო, „სანდორას“ ფორთოხლის წვენს ბიუჯეტიდან აღარ ყიდულობს, აღარც შავი შოკოლადი უყიდია, ხანდახან, გამონაკლისის სახით, ყავა „ჩერის“ და ყავა „ნესკაფეს“ თუ შეაპარებს, თორემ  გადავიყვანე მერი „სნოს“ დიეტაზე და წყლის გარდა ბიუჯეტის თანხას არაფერში ხარჯავს, ჯამში კი მაინც დაკემსილი ბიუჯეტი ერთ სარგებელს იძლევა.

შარშან თუ ამერიკა და ნახევარი ევროპა მოიარა, წელს მაკედონიაში მიდიან საკრებულოს თავმჯდომარე და მერი. მანამდე მერის მოადგილე ჩინეთსა და გერმანიას სტუმრობდა. მთავარი, რაც ამ ახალგაზრდა ბიჭების ცხოვრებაში გავაკეთეთ ისაა, რომ მათ თვალს წყალი დავალევინეთ, ქვეყანა ვაჩვენეთ და დიდი ამბავი, თუკი ამ ქალაქს არც დასუფთავების წესიერი მანქანა ჰყავს, თუკი მერი და ვიცემერი გვატყუებენ, თუკი მერის მოადგილე ჩინეთსა და გერმანიაში დაიარება, თუკი საკრებულოს თავმჯდომარეს ბელარუსსა და პოლონეთში ვიზიტები ხიბლავს. მთავარია, რომ თანამდებობებიდან უკმაყოფილოები არ წავლენ.

 

P. შ. არ ვიცი, რატომ და სოლომონ ისაკიჩი გამახსენდა: „სახელი ჩემი სოლომონ, გვარი _ მეჯღანუაშვილი. რაც ქვეყანაში კაცად გამოველ, მეთაკილებოდა ჩემი გვარი და ამიტომ ვცდილობდი როგორმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა სხვანი ადვილად ახერხებენ. ხან მინდოდა მიმეცა რუსული დაბოლოება, ესრეთ: მეჯღანუევ, მეჯღანუიჩ, მეჯღანუევსკი; მაგრამ სიტყვა ჯღანი არ ამოვარდა. ხან მინდოდა გადამეთარგმნა რუსულად, მაგრამ ვერცა მე გადავთარგმნე, ვერცა სხვამ. შემრჩა ისევ ეს გვარი. რა ვუთხრა ჩემს მამა-პაპასა!..

განსვენებული დედაჩემი მოგახსენებდათ, ვითომც ეს გვარი დაურქმევია მამიჩემისათვის ღვთისაგან კურთხეულს დიდს ერეკლე მეფეს. მაგრამ მე ეს არ მჯერა: ერეკლეს გვარების დარქმევისათვის არა სცალოდა. ჭკუაზედ უფრო ახლოა, რომ ეს გვარი დარქმევია მამაჩემს, იქნება პაპაჩემსაც, ქალაქელებისაგან (ცოტა-მატანი კი არ არიან ქალაქელები!), რადგანაც მამა-პაპა ჩემი მეჯღანენი ყოფილან.

და ესრეთ, აწ მე გახლავარ „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“.

 

                                                                                                         მაკა მოსიაშვილი