ვალერი გელეტეი: აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი ცალმხრივად აღარ შეწყდება

p017_f01

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება არ განიხილება და აღნიშნული პრეცენდენტი აღარ განმეორდება. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ,,პრეზიდენტმა პოროშენკომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, რეგიონის გათავისუფლება გაგრძელდება და ეს გარდაუვალი პროცესია, მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა, ამბოხებული შეიარაღებული ბანდების მიერ იარაღის დაყრის შემდეგ განხორციელდება. სლავიანსკი, კრამატორსკის და ხარკოვის მიმართულების ცენრალური ავტომაგისტრალები დანაღმულია და ჩვენ მძიმე სამუშაოების ჩატარების წინაშე ვდგავართ, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ჯერ კიდევ დათარეშობენ დონბასში. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და მოსახლეობა მშვიდობიანი ცხოვრების წესს უნდა დაუბრუნდეს” აცხადებს გელეტეი. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, აღმოსავლეთ რეგიონის ტერორისტებისგან გათავისუფლების ახალი გეგმა დაამტკიცა.