უჩა მამაცაშვილმა თავდაცვის მინისტრს „დელტას“ დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნება მოსთხოვა?

ik

საარჩევნო კამპანიის დასაწყისს „ქართული ოცნება“ ორ მნიშვნელოვან ოლქში წაგებული არჩევნებით ხვდება, _ გურიასა და სამეგრელოში შუალედურ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ყველა აკრძალული ილეთი გამოიყენა: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ცემა და კორცხელში სპორტსმენების მობილიზაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისწინ რეპეტიციას ჰგავდა. კორცხელის მაგალითმა კიდევ უფრო ცხადად გამოაჩინა, რომ ყველა ის პირი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელია, უბრალოდ, არაპროფესიონალია. ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ე. წ. „ნაცების“ ზონდერებზე მარტივი ტყუილი აღმოჩნდა. მის მიერ დასახელებული პირები ბრიფინგის შემდეგ პოლიციაში გამოცხადდნენ და მარტივად დაადასტურეს, რომ ისინი არც გურიაში და არც სამეგრელოში არ იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, საარჩევნო უბნებში მომხდარი დაპირისპირების დროს არც ის, არც ძალოვანი და არც იუსტიციის მინისტრები კამერებთან არ გამოჩენილან. „სტოსი“ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს მიჰყავდა. მან ნაცად და „ნაცების“ დროს კარგად აპრობირებულ მეთოდებს მიმართა. ძალადობას ამომრჩეველმა ადეკვატურად უპასუხა, _ კორცხელში „ოცნებამ“ არჩევნები წააგო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წაგების გამო ძალიან გაბრაზებულა, ასევე გული დაწყვეტია, რომ გიგა ბოკერიას სათანადოდ ვერ გაუსწორდნენ. როგორც კარგად ინფორმირებული ადამიანები გვიყვებიან, ლიდერების ცემა პირადად მასთან ყოფილა შეთანხმებული, _ ერთი კარგად გაძუყნეთ, სექტემბრამდე მაინც აღარავის ემახსოვრება მათი ცემაო, _ უთქვამს ყოფილ პრემიერს. სწორედ ამიტომაც არ ჩანდნენ გუშინ ძალოვანი მინისტრები და ამიტომაც არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

მართალია, „ოცნება“ სამომავლო სტრატეგიაზე ფიქრობს, მაგრამ გარანტირებულად არავინ იცის, ძველი შემადგენლობიდან ვინ მოხვდება სიაში და ვინ _ არა. სიას მოქმედი პრემიერი ადგენს, მაჟორიტარებს კი ყოფილი პრემიერის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი არჩევს. ძირითადი აქცენტი ბიზნესმენებზე კეთდება, რომლებიც არჩევნებში საკუთარ ფულს დახარჯავენ და, პარალელურად, გარანტიას მიიღებენ, რომ დახარჯულ ფულს უკან სახელმწიფო ტენდერებით ამოიღებენ.

ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი საქართველოში არჩევნების დასრულების მერე მალევე გამოჩნდა. იყო დრო, როცა მისი სახელი და გვარი არ იგუგლებოდა, მაგრამ ოცნების მეოთხე და საუკეთესო წელს მისი ვინაობა ყველა ქართველმა ბიზნესმენმა იცის.

უჩა მამაცაშვილის წარსულზე მხოლოდ მწირი ცნობები მოიძებნება: იგი 1976 წლის 6 ივნისსაა დაბადებული; დამთავრებული აქვს მოსკოვის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი და პლეხანოვის სახელობის ეკონომიკის აკადემია;

1998 წლიდან „მეტალოინვესტის“ პირველი ვიცეპრეზიდენტია;

2000 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის, „სტოილენსკაია ნივას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.

იყო კომპანია „„PK-Metall“ “-ის დირექტორი (მოსკოვი, ვადკოვსკის 5);

#5 პურის ქარხნის („Хлебозавод“) დირექტორთა საბჭოს წევრი; 2006 წლიდან „ემ კა ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი; 2007 წლიდან რუსული საკრედიტო ბანკის („Банк Российский кредит“) დირექტორის მრჩეველი; მის სახელზე ოფიციალურად, კურსკის პურის ქარხანაში მხოლოდ ერთადერთი, 20%-იანი წილი ირიცხება.

უჩა მამაცაშვილი საქართველოში თანამდებობის გარეშე, მაგრამ მოქმედი პრემიერის ჭარბი ნდობით დაბრუნდა. მან ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად ბინა „პიქსელის“ შენობაში დაიდო. მისი მთავარი ფუნქცია დავით კეზერაშვილის ბიზნესების გადაბარება და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის სიტუაციის „გაიასნება“ იყო. მოგვიანებით, გია ხუხაშვილი ღიად დაადასტურებს, რომ უჩა მამაცაშვილის მთავარი სამიზნე გადაზიდვები და საქართველოს რკინიგზა იყო. „მკაცრი მიდგომა იყო, თუ გადაზიდვების ბიზნესში სამართალდამცველები ჩაერეოდნენ და მეორე, შედარებით რბილი, როდესაც მოლაპარაკებების გზით, პრობლემა იქნებოდა გადაწყვეტილი“, _ უთხრა გია ხუხაშვილმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ  ინტერვიუში. „რბილი გზით“ გადაწყვეტა ოფიციალურად სახელმწიფოსთვის კომპანიის დაბრუნებას, არაოფიციალურად კი ბიზნესის ახევას ნიშნავდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დღეს რკინიგზის გადაზიდვებში გვარიანი ფული კეთდება, ოფიციალურად რკინიგზაში ბევრად ნაკლები თანხა შედის, ხოლო შუამავალ კომპანიაში, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან დასაქმებული და მათ ხელფასებზე ყოველთვიურად სამი მილიონი ლარი იხარჯება (ამ თემას „ქრონიკა+“ სამომავლოდ დაუბრუნდება).

საქართველოს რკინიგზის გარდა უჩა მამაცაშვილის ინტერესები იკვეთება „მადნეულშიც“ და სოფლის მეურნეობის მილიარდიან პროგრამაშიც. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უფასო ხვნა-თესვას საწვავით სწორედ უჩა მამაცაშვილის პატრონაჟით ამარაგებდნენ და თანხის დიდი ნაწილი სწორედ დიზელის საწვავის „ატკატებით“ მოიხსნა, როცა „მექანიზატორის“ სერვისცენტრებში რეალურად დახნული მიწის რეესტრები გაყალბდა და დღეს უკვე, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის დადგენა, რა რაოდენობის მიწა დამუშავდა რეალურად.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მართალია, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო, მაგრამ მას  მოადგილედ უჩა მამაცაშვილმა საკუთარი ქვისლი, იურა ნოზაძე დაუნიშნა, რომლის მეშვეობითაც კონტროლდებოდა ამ სფეროში მიმოქცეული ფული. სწორედ იურა ნოზაძის საშუალებით დაითრია მამაცაშვილთან დაახლოებულმა კომპანიამ რუსეთში მწვანილის ბიზნესის მონოპოლია („ქრონიკა+“ ამ თემასაც სამომავლოდ ისევ დაუბრუნდება). გარდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობისა, უჩა მამაცაშვილს მისი ქვისლი იურა ნოზაძე ქ. თბილისის მერიის სატენდერო კომისიის წევრად ჰყავს შეყვანილი. მისი მეშვეობით აკონტროლებს კეთილმოწყობის სამუშაოების ტენდერებს და თანხებს. საქმეში ჩახედული ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ დავით ნარმანია, უბრალოდ პაიკია. ფულის მოძრაობას და ერთ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს სწორედ უჩა მამაცაშვილი განკარგავს.

უჩა მამაცაშვილის სახელს უკავშირდება „ნენსკრაჰესის“ მშენებლობაც, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს. ორი დღის წინ ჭუბერში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს და ქალების წინააღმდეგ არც სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებას მორიდებიან.

უჩა მამაცაშვილის ხელის ბიჭია უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, მეტსახელად „ანტრიკოდა“. მიუხედავად იმისა, რომ გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ზვიად ჯანყარაშვილმა მიიყვანა, ის ჯერ კალაძესთან, შემდეგ უჩა მამაცაშვილთან გადაპორტირდა და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი გახდა. სწორედ გოგაშვილის მეშვეობით იღებს მამაცაშვილი ოპერატიულ მონაცემებს მისთვის საინტერესო პირებზე, უსმენს მათ პირად საუბრებს და მისთვის ცალკე მზადდება ე. წ. ზეტების მოსმენების მონაცემები.

როგორც ჩანს, ბიზნესის კონტროლი ერთადერთი სფერო არ არის, სადაც ექსპრემიერის საყვარელ დეიდაშვილს ინტერესები გაუჩნდა. ის აქტიურად იყო ჩართული ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხის გადაწყვეტაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-მა მისი გვარი გაახმაურა, ის ამ პროცესს ჩამოშორდა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მამაცაშვილს ახალი დავალება და ფუნქცია მისცეს, _ იმდენად, რამდენადაც ბოლომდე არც მოქმედ პრემიერს ენდობიან და არც კახი კალაძეს, მაჟორიტარების არჩევა უჩა მამაცაშვილმა აიღო თავის თავზე.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი კანდიდატურაა შერჩეული.

ერთი მათგანი სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ოთარ დანელიაა, რომელიც ღარიბაშვილიდან წარმატებით გადაპორტირდა უჩა მამაცაშვილთან. სოფლის მეურნეობის მინისტრი ჯერ შვებულებაში გასვლას გეგმავს, ხოლო წინასაარჩევნოდ მას სენაკში გაგზავნიან მაჟორიტარად; მეორე კანდიდატურა, რომელიც ასევე უჩა მამაცაშვილის თვალთახედვის არეში მოხვდა, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სიომა ნოზაძეა. მას ხაშურის მაჟორიტარად ამზადებენ. სიომა ნოზაძე ხაშურში ერთხელ უკვე იყრიდა კენჭს 2003 წელს და მას არჩევნები „რესპუბლიკური პარტისს“ კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა მოუგო. 2003 წლის არჩევნებზე გადამწყვეტი სოფელ ფლევის ხმები აღმოჩნდა. ნოზაძეებით დასახლებულმა სოფელმა კი ვალერი გელაშვილს მისცა ხმა.

ყველაზე საინტერესო ის ინფორმაცია იყო, რომელიც „ქრონიკა+“-მა ამ დღეებში მიიღო:

კახეთში მომხდარი სტიქიის მერე თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, განთავისუფლების მიზეზი კახეთში მოსული სტიქიის დროს სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია. „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ექსპრემიერის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის პროტეჟე ყოფილა. ამ უკანასკნელს თავდაცვის მინისტრისთვის დაურეკავს, _ უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან რატომ გადააყენეო?! მე ვარ თავდაცვის მინისტრი, ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტია და თქვენ რა უფლებით მირეკავთ ვინმეს დანიშვნა-მოხსნაზეო?! _ უპასუხია თინა ხიდაშელს, თუმცა მოგვიანებით ტონი ოდნავ მაინც შეურბილებია, _ თუ გენერალური ინსპექცია ძოძუაშვილის ბრალეულობის ფაქტს არ დაადასტურებს, მას თანამდებობაზე დავაბრუნებო.

არ ვიცი, რამდენად მოასწრებს თინა ხიდაშელი უჩა მამაცაშვილის პროტეჟეს თანამდებობაზე აღდგენას, მაგრამ „ქრონიკა+“ უჩა მამაცაშვილის საქართველოში საქმიანობის შესახებ მასალებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.

 

                                                                                                                   ელისო კილაძე