რა საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა – რატომ არ შეესაბამება პოლიეთილენის მილების 80-85% მარკას?!

d6

ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის გაყვანილობებისთვის PE-100-ისა და PE-80-ის მარკის პოლიეთილენის მილები გამოიყენება. სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ხარისხს სრულად აკმაყოფილებდეს.

 

„ქრონიკა+“ წინა ნომერში დაწყებული ჟურნალისტური გამოძიების დროს შემდეგი ფაქტის წინაშე დადგა: ამ მილების 80-85% მარკას არ შეესაბამება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სამი თვის წინათ გაგარინის მოედნის მთელი გაზგაყვანილობა გასკდა, ხვალ მას დანარჩენი უბნები და საქართველოს რეგიონები მიჰყვება. სასმელი წყლის მილებსაც იგივე ბედი ელის. რაც მთავარია, როდესაც „ქრონიკა+“-მა ლაბორატორიას ნიმუშების შესამოწმებლად მიმართა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების პროდუქციას ქიმიურ შემადგენლობაზე შეამოწმებს, არ არსებობს.

ქვემოთ მოყვანილი სტატია შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ძალიან ყურადღებით უნდა წაიკითხონ, ვინაიდან კონკრეტული სახელებით და გვარებით, ფოტოებით, დოკუმენტებით ვდებთ იმას, რისი მოკვლევაც, წესით და რიგით, თქვენ უნდა დაგეწყოთ… იმიტომ, რომ: 1. აქ არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი; 2. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში რისკები; 3. მილიონების ფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ მეორე ნაწილია.

სანამ მთავარ დარტყმაზე გადავიდოდეთ, „ქრონიკა+“ გვერდს ვერ აუვლის ქართველ მწარმოებლებს. მათი ნაწილი დღეს ვეღარ მუშაობს, წარმოებები გაჩერებული აქვთ. მაგალითად:

 

დავით ენუქიძე _ „თამპოლიმერის“ დირექტორი:

_ რამ გამოიწვია თქვენი საწარმოს გაჩერება?

_ ფასის შემადგენლობაში შედის ნედლეული, ანუ ძირითადი მასალა, მისი ღირებულება, მუშის ხელფასი, ზედნადები ხარჯები, ელექტროენერგია, წყალი და ა. შ. რასაკვირველია, აქვე გათვალისწინებულია მოგების მარჟაც. თუ ერთი კილოგრამი პროდუქციის ღირებულება დაყვანილია ნედლეულის ღირებულებასთან, ე. წ. პროდუქცია მაქინაციებით არის მიღებული. ასე და ამრიგად, როდესაც ხსენებული პროდუქციის მწარმოებლები გვთავაზობენ PE-100-სა და PE-80-ს იმ ფასებით, რომელიც თვითღირებულებაზე ნაკლებია, რთული მისახვედრი არ არის, რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში.

_ და რას წარმოადგენენ?

_ მინარევების ნაზავს, რომელსაც საქართველოში არსებული ვერც ერთი ლაბორატორია ვერ დაადგენს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანალიზები ქიმიურ შემადგენლობაზე ჩვენთან საერთოდ არ ტარდება.

_ კი მაგრამ, „თამ პოლიმერის“ ლაბოტორია ცნობილია. აბა, თქვენთან რაზე ტარდება?   

_ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ წნევაზე.  მაგალითად, მილის მონაჭერს ვათავსებთ, დაახლოებით, 20 გრადუსზე და ვამოწმებთ, გაუძლებს თუ არა იგი ამ ზეწოლას? ანუ ჩვენ ვერ შევამოწმებთ იგივე PE-100-ის ნამდვილობას ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ თუ მილი შეესაბამება თავის სტანდარტებს, ანუ PE-100-ს, პირველ რიგში, წნევა უნდა დაიჭიროს. თუ ვერ გაუძლო აღნიშნულ წნევას, ე. ი. PE-100 არ არის.

_ გასაგებია. ადგენთ თქვენთვის, ე. წ. შიდა სამზარეულოსთვის, მაგრამ დასკვნას ვერ გასცემთ?

_ დიახ, ზუსტად ასეა.

_ და წნევაზე სწორედ ასეთი შემოწმების შედეგად, თურქეთიდან იმპორტირებულ მილებზე  ამბობთ, რომ ის იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც პასპორტში აქვს მითითებული?

_ დიახ. ჩვენს ლაბორატორიას ადრე აკრედიტიაცა ჰქონდა და დასკვნებსაც გავცემდით. დღეს გაჩერებულები ვართ და, ფაქტობრივად, სულს ვღაფავთ, იმიტომ რომ ბაზარი ჩვენი აღარ არის. პოლიეთილენის მილები იმდენად იაფია, რომ ხანდახან მზარავს იმის გაფიქრება, თუ რა მინარევებით შეიძლება იყოს ისინი გაჯერებული. თუმცა ვიცი, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა მეც გამოვიარე.

_ გამოიარეთ რას ნიშნავს, თქვენც მინარევებს უკეთებდით?

_ გეტყვით: ჩემთან ერთი ეგვიპტელი კაცი მოვიდა. ნედლეულის შემავსებელი შემომთავაზა, იგივე ცარცი _ ჩAჩO-3. მითხრა, რომ აღნიშნული ნივთიერების 40% შემეძლო შემერია პოლიეთილენში და მივიღებდი ჩვეულებრივ მილს, რომელიც წნევასაც გაუძლებდა და სხვა ზემოქმედებასაც. სამაგიეროდ, რაოდენობას გამიზრდიდა 2-ჯერ. ნიმუშად დამიტოვა თავისი პროდუქციის, ე. წ. შემავსებლით სავსე 25 კგ-იანი ტომარა. გადავწყვიტე, გამომეცადა. მართლაც, მისი გამოყენებით დავამზადე პოლიეთილენის მილი. მხოლოდ, ნაცვლად რეკომენდებული 40%-სა, შევურიე მხოლოდ 10%. მიღებული მილი მართლაც არაფრით განსხვავდებოდა ჩემ მიერ წარმოებული პოლიეთილენის მილებისგან და მის ყურებას არაფერი სჯობდა. მაინც გადავწყვიტე, გამომეცადა წნევაზე. შევაგდე ლაბორატორიაში და მილი ეგრევე გასკდა. წარმოიდგინეთ, 40% რომ შემერია, რა მოხდებოდა. სასწრაფოდ დავიბარე ეგვიპტელი, მაგრამ როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე _ მე. გაქრა და თავისი შემავსებელიც არ წაუღია.

_ ანუ ცარცი, იგივე ჩAჩO-3 არის ერთ-ერთი ის მინარევი, რომელსაც ფალსიფიცირებული პოლიეთილენის მილების დამზადების დროს იყენებენ და რომელიც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად აიაფებს?

_ ორჯერ აიაფებს. წარმოიდგინეთ, ერთი ტონა პოლიეთილენის გრანული თუ ღირს, დაახლოებით, 1300 დოლარი, 1 ტონა შემავსებელი 700 დოლარია. აი, ასეთი მინარევებია გამოყენებული  იმ მილებში, რომლითაც, მთელი თბილისი იქით იყოს, მთელი საქართველოა დაქსელილი.

_ თქვენ ამას სრული პასუხისმგებლობით მეუბნებით?

_ მე ამას გეუბნებით, როგორც პროფესიონალი. 1983-დან 1990 წლამდე ვმუშაობდი „თბილგაზში“. გაზსადენის მშენებლობა თბილისში 1959-1961 წლებში დაიწყო. აღნიშნულ მშენებლობაში გამოყენებულ მილებს მაშინ საგარანტიო ვადა 25 წელი ჰქონდა. მუშაობა რომ დავიწყე, ჯერ კიდევ მაშინ იყო გასული საგარანტიო ვადა, მას შემდეგ კიდევ 25 წელი გავიდა. უბედურება ის კი არ არის, რომ ეს მილები ისევ მიწაშია და  მთელი რკინის გაზსადენი, რომელიც 60-70-იან წლებშია ჩადებული მიწაში მთლიანად გამოსაცვლელია, უბედურება ის არის, რომ რკინის მილებს ისეთი პოლიეთილენის მილებით ცვლიან, რომელიც ამ ვადაგასულ საბჭოთა პროდუქციაზე უარესია.

 

ზურა ლანჩავას საწარმომ გოფრირებული მილების წარმოება შეწყვიტა. მიზეზებზე იგი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ თქვენი კომპანია გოფრირებულ მილებს აწარმოებდა და ახლა აღარ აწარმოებს, რატომ?

_ აღარ გვიღირს. ხვდებით, ალბათ, რომ წაგებაზე ვერ ვიმუშავებთ.

_ რას გულისხმობთ?

_ რამდენიმე თვის წინათ ჩემს საწარმოში თურქები იყვნენ. მაშინ ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ თქვეს, _ საქართველოსთვის მეოთხე კატეგორიის პოლიეთილენის მილებს ვუშვებთო.

_ მეოთხე კატეგორია რას ნიშნავს?

_ დავუშვათ, პოლიეთილენის მილი დაზიანდა, გაიხვრიტა და ა. შ. იმას წარმოებაში უკან უშვებენ, ფხვნიან, თავიდან გადაამუშავებენ და იგივე პროდუქციას იღებენ. ეს გახლავთ მეორადი გადამუშავების, ანუ მეორე კატეგორიის პოლიეთილენის მილი. ახლა, ეს მილიც დაზიანდა… ისევ წარმოებაში უშვებენ და ხელახლა, ანუ მესამედ  გადაამუშავებენ. ეს არის მესამე კატეგორიის მილი. ეს მილი ეშვება ექსპლუატაციაში და ხმარებაში ისევ რომ ზიანდება, მეოთხედ უშვებენ გადამუშავებაში და უშვებენ მეოთხეჯერადი გადამუშავების  პოლიეთილენის მილს, რომელიც უკვე საქართველოს ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ყოველი ხელმეორე გადამუშავების დროს მილს სიმყარისთვის ათასი მინარევი ერევა. ბუნებრივია, მეოთხეჯერადი გადამუშავების მილი გაჯერებულია დაუდგენელი ნაზავებით (საქართველოში ამას ვერავინ დაადგენს, შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს), მინიმუმ ოთხჯერ იაფია და სწორედ ამ პროდუქციის შემომტანი კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში.

_ ყურებს არ ვუჯერებ!

_ დიახ! ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის მილები კიდევ არა უშავს. სასმელი წყლის მილებია ძალიან მტკივნეული საკითხი. იქ კვების სტანდარტი უნდა იქნას დაცული და ამ დროს მილში შეიძლება ტექნიკური პლასტმასი გაურიო, რომელიც არასაკვები პროდუქტებისთვის გამოიყენება, ტექნიკური ნედლეული ჰქვია. ვინ შეამოწმებს?

_ გასაგებია. რეალურად ქართული წარმოება იძირება?

_ პოლიპროპილენის მილებზეც ვმუშაობდით, მაგრამ მისი წარმოება  შევწყვიტეთ, რადგან ბაზარზე არსებულ ფასს ვერ მოვერგეთ. კონკურენტების ნაწარმი მინარევებისგან შედგება, რის საფუძველზეც პროდუქციას აიაფებენ. მათ მიერ შემოთავაზებულ ფასში რეალურად ხარისხიან პროდუქციას ვერ მიიღებ. პრობლემა არის კიდევ ერთი _ ადგილობრივი ნაწარმის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელმა იცის, პრეტენზიით სად და ვის მიმართოს. არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ქართველ მომხმარებელს თურქული ნაწარმის შეძენისას თურქული კომპანიისთვის მიემართოს.

_ იმიტომ ხომ არა, რომ აღნიშნული საკითხით ასე სერიოზულად არც დაინტერესებულან?

_ თურქები ასე გვპასუხობენ, _ ჩვენ მოგვაქვს, თქვენ ყიდულობთ, თუ არ მოგწონთ, რატომ ყიდულობთ?

_ დღესდღეობით რამდენი ადგილობრივი მეწარმეა ქართულ ბაზარზე?

_ დაახლოებით ოთხი ან ოდნავ მეტი. სხვები ჩაიძირნენ. ჩვენი დაინტერსებაა, რომ ადგილობრივი წარმოება ამუშავდეს, რადგან მაქსიმალურადაც რომ დავიტვირთოთ, ქვეყნის მასშტაბით მილებით მომარაგებას ვერ გავწვდებით. საჭიროა, სხვა ადგილობრივი მეწარმეებიც შემოვიდნენ ბაზარზე. ამ შემთხვევაში ის მეწარმეები, რომლებიც უხარისხო პროდუქციას აწარმოებენ, ვალდებული გახდებიან, ხარისხიანი ნაწარმი შექმნან. უხარისხო პროდუქტთან კონკურენცია არ უნდა მაიძულებდეს, ფასის არარეალურად დაწევას.

_ ტენდერებში თუ მონაწილეობთ?

_ დამცინით?! არა ვმონაწილეობ. ერთ-ერთ ტენდერში ასეთი რამ მოხდა: სხვადასხვა ტიპის მილზე 400 ათასი ლარის ტენდერი გამოცხადდა. შემოვიდა უცნობი კომპანია და აღნიშნული მილები 200 ათასად შესთავაზა. ჩვენ, მწარმოებლებმა, ვიცით, რომ 200 ათასი ნედლეულის თვითღირებულების ფასიც არ არის, ანუ თვითღირებულება, დაახლოებით, 250-270 ათასი ლარია, მაგრამ ტენდერში არ ინტერესდებიან, რა ხდება. წინ უდევთ ქაღალდი, სადაც წერია მილების შესაბამისობა ტენდერის პირობებთან. სინამდვილეში კი რა წარმოების მილებზეა საუბარი, არავინ იცის და არც არავინ ინტერესდება.

_ ყოფილა პრეცედენტი, რომ ერთსა და იმავე კომპანიას გაემარჯვოს?

_ არ ვმონაწილეობ და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. აზრი არ აქვს, იგივე ტენდერებში არავინ ეკითხება იაფფასიანი ნაწარმის მეპატრონეებს, მანახეთ, ერთი, რა პროდუქტზე გაქვთ ლაპარაკი და დამიდასტურეთ, საიდან მოგაქვთ, მანახე ხარისხიო. ის ამბობს, მე იაფი მინდა! თან ვიცავ მყიდველის ინტერესებსო. საკითხავია, რის ხარჯზე იცავ მაგ ინტერესებს, ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე?!

 

განსხვავებულად ფიქრობს „პოლიმერი-1“-ის გენერალური დირექტორი _ ამირან ადეიშვილი:

_ თქვენს წინა სტატიაში დასმული იყო საქართველოში მრავალჯერადი გადამუშავების პოლიეთილენის მილების თურქეთიდან და სომხეთიდან შემოტანისა და გამოყენების პრობლემა, რის გამოც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგას. „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მიმდინარე წელს ორჯერ გამოაცხადა ტენდერი ბუნებრივი აირის მილების შესყიდვაზე. ორივე ტენდერში ჩვენ გავიმარჯვეთ. ამ პერიოდისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ მიწოდებული გვაქვს სხვადასხვა დიამეტრის მილები _ 11000 გრძივი მეტრი. ხელშეკრულების თანახმად მისაწოდებელი დაგვრჩა 4000 გრძივი მეტრი. ჩვენმა კომპანიამ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ საგარანტიო პერიოდი 7 წელი მისცა.

_ რატომ? პოლიეთილენის მილების ექსპლუატაციის ვადა ხომ 50-55 წელია?

_ კი ბატონო, მაგრამ ეს ის საგარანტიო ვადაა, რასაც ჩვენ ვაძლევთ. ჩვენი ნაწარმი _ ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მილები დამზადებულია შესაბამისი მარკის (PE-80, PE-100) მასალით და სწორი ტექნოლოგიური პროცესებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიეთილენის მილები სტანდარტული ექსპლუატაციის პირობებში სრულიად უსაფრთხოა. შემიძლია მოგიყვანოთ იაპონიის მაგალითი, სადაც მიწისძვრის დროს ყველა მასალისგან დამზადებული მილები გამოვიდა მწყობრიდან, პოლიეთილენის მილებმა კი მხოლოდ დეფორმაცია განიცადა, არანაირი გაჟონვა არ ყოფილა.

_ ქიმიურ შემადგენლობაზე ქვეყანაში ლაბორატორიის არქონის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესასყიდი პროდუქციის (პოლიეთილენის მილები) ხარისხში ერკვეოდეს?

_ არც ერთი მომხმარებელი არ არის ვალდებული, მილის დამზადებისა და ხარისხის ტექნოლოგიაში ერკვეოდეს. ისინი ვალდებული არიან, ენდონ მწარმოებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ სერტიფიკატებს და შესაბამის ცნობებს. თუ პროდუქცია და სერტიფიკატის მაჩვენებლები თანხვედრაში არ იქნება, მაშინ ამ პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიებმა პასუხი უნდა აგონ ფალსიფიკაციაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ ჩვენი პროდუქციით განხორციელებული ნებისმიერი პროექტი თბილისის მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

 

„ქართული მილის“ გენერალური დირექტორი გივი დუმბაძე კიდევ უფრო შორს მიდის და „ქრონიკა+“-თან შემდეგს აცხადებს:

_ ჩვენი პროდუქტი ვერც ერთ სხვა ბაზარზე ვერ შედის, მიუხედავად მისი ხარისხისა. რატომ? იმიტომ, რომ არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ გვიშვებენ. თურქეთში იმდენად არის დაცული ადგილობრივი ინდმეწარმის ინტერესები, რომ ჩვენ, უბრალოდ, არ  შეგვიშვებენ, გამორიცხულია.

_ კანონი კრძალავს?

_ არა, კანონი არ კრძალავს, უბრალოდ, ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნიან.

_ გიცდიათ და არ შეგიშვეს?

_ საქართველოს საზღვართან ახლოს, თურქეთის ქალაქში ერთ-ერთმა პიროვნებამ შეკვეთა მოგვცა გოფრირებულ მილებზე და სამი მანქანა უნდა გაგვეშვა. იქიდან შეგვატყობინეს, რომ მანქანებს საბაჟოზე გააჩერებდნენ და ნიმუშებს ანკარაში ქიმიური შემადგენლობის შესამოწმებლად გადააგზავნიდნენ, მართლა შეესაბამებოდა მარკას თუ არა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როგორც აგვიხსნეს, პასუხს ერთი თვე უნდა დავლოდებოდით. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა ვიხადოთ გაჩერებული პროდუქციის ქირა, რომელიც ერთ თვეში იმხელა თანხაზე ავა, რომ, უბრალოდ, არანაირი შეკვეთის ფასად არ გვიღირს.

 

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ მთავარი ინჟინერი, გიორგი ლეფსვერიძე, საუბრის შემდეგ შეგვპირდა, რომ „ქრონიკა+“-თან ინტერვიუს ამ დარგზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთან შეათანხმებდა. იმედია, შემდეგ ნომერში, „ყაზტრანსგაზ თბილისი“ თავისი პოზიციის დაფიქსირებას ინებებს.

 

„ქრონიკა+“ ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსს, ირაკლი გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. ხსენებულ უწყებასთან საუბრისას ორი ძირითადი კითხვა გამოიკვეთა. პირველი: ქვეყანაში აკრედიტებული ლაბორატორიის არარსებობა, და მეორე: პოლიეთილენის მილების შემომტანების დოკუმენტაციისა და შესაბამისობის სერტიფიკატების ადგილზე გადაუმოწმებლობა. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ირაკლი გაფრინდაშვილს:

_ გასაგებია, პრობლემა რა არის. გარდა იმისა, რომ თქვენს კითხვებს დეტალურად გავივლით, ვეცდებით, „ყაზტრანსგაზ თბილისისგანაც“ მივიღოთ პასუხები თქვენს კითხვებზე.

 

ასე და ამრიგად, სახელმწიფო უწყებების პოზიციას „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

 

                                                                                                          თამარ როსტიაშვილი