მამუკა ნოზაძე: ,,ხელისუფლებას უნდა, რიგით სასამართლოდ აქციოს საკონსტიტუციო სასამართლოც“

fc

„საქართველოში ყველაფერი მოსულა“, მით უფრო, სასამართლო ხელისუფლებაში“, _ აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ სხვა პირებს მიკერძოების გამო ამხელს.

 

მამუკა ნოზაძე:

_ ფაქტია, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოების შანტაჟზე გადავიდნენ. ისინი იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის მეთაურობით ასეთ რამეს ბედავენ და რას გაუკეთებენ იმ ადამიანებს, რომელთა საქმეებსაც იხილავენ?

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ შანტაჟში?

_ დავიწყებ იმით, რომ მოსამართლეს თმენის ვალდებულება აქვს და არ შეიძლება, ისეთი არგუმენტებით სარგებლობდეს, რომელსაც რეალობასთან შეხება არ აქვს. ლევან მურუსიძე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების არაკანონიერ საქმიანობებზე, ამიტომ მან ნება უნდა იბოძოს, კონკრეტული მტკიცებულებები დადოს და თავისი ნათქვამი დაასაბუთოს. იგი წესებსა და კანონებს არად აგდებს და ტელეკამერების წინ ამ ადამიანებს ეუბნება, გაჩუმდით, თორემ ისეთ რამეს ვიტყვი, უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდებთ, რადგან თქვენ ვიღაც გმართავთ და მხოლოდ ფინანსები გაინტერესებთო. ასეთ რამეს მოსამართლე ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იტყვის, მით უფრო, თუ ის იუსტიციის საბჭოს მდივანია.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაა. საკმაოდ ბევრ მოსამართლეს აქვს ინტელექტის პრობლემა და ცხადზე უცხადესია, რომ მათ ხელში სახელმწიფო ვერ განვითარდება. არადა, მათ უნდათ, რომ მუდმივად იყვნენ ამ სამსახურში. ზოგიერთი იქ მთელი ოჯახითაც არის წარმოდგენილი. მოკლედ, გარკვეულ სინდიკატად აქციეს სასამართლო სისტემა. ამ ფონზე, დღევანდელ ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გატარება არ სურს და აცხადებს, ერთი ხელის მოსმით ისევე ვერ გავყრით მოსამართლეებს, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთაო. შეიძლება, მართლაც ვერ გაყარო ასე, მაგრამ როცა მოსამართლეებს უფლებამოსილება უწყდებათ, იგივე ადამიანებს რატომ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებად და სხვა პიროვნებებს რატომ არ აკარებს სასამართლოს? ესენი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ხალხს ბევრი კითხვის ნიშანი ჰქონდა. ისინი ემსახურებოდნენ ჯერ შევარდნაძეს, მერე სააკაშვილს და ახლაც ემსახურებიან არა კანონს, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

ალბათ, იცით, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ნამდვილად არ არის მისასალმებელი.

_ რა ცვლილებები შედის?

_ თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები არ მომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან. უკეთესი იქნებოდა, ისეთი ცვლილებები მიეღოთ, რომლითაც მოსამართლეების გარკვეული ქმედებები კანონის ფარგლებში მოექცეოდა და მას არ ექნებოდა საშუალება და უფლება, თავისით მიეღო გადაწყვეტილება. ამას წინათ მურუსიძემ მეტად საინტერესო რამ თქვა, რომელსაც, რატომღაც, არავინ მიაქცია ყურადღება: თქვენ მიიღეთ როგორიც გინდათ ისეთი კანონი, მაგრამ ჩვენ როგორც გვინდა, ისე ვიმოქმედებთო. ეს ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით არანაირი კანონი და წესი არ ჭრის. თუნდაც მიიღონ დადგენილება და წესი _ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, როგორ უნდა იქცეოდეს ის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თურმე, მაინც ისეთ კადრებს გაანაწილებს მოსამართლეებად, როგორიც მათ აწყობთ. მურუსიძემ ისიც თქვა, _ ერთისთვის თუ მოსამართლე არაეთიკურად მიიჩნევა, მეორე ადამიანისთვის შეიძლება ასე არ იყოსო. ეს არის არასამართლებრივი განცხადება. რა სახის კანონებიც არ უნდა მიიღონ, იუსტიციის საბჭოში არაფერი შეიცვლება და ის ისევე იმოქმედებს ორკესტრირებულად არამოსამართლე წევრებთან ერთად, როგორც ახლა მოქმედებს. რა კანონიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მათთვის ფასეულობას მაინც არ წარმოადგენს კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობა და ამ საუბრებით აღიარეს კიდეც. დღეს საზოგადოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი მოსამართლეები რომ გვყავს, სწორედ ამ სტრუქტურას მიუძღვის ლომის წილი. ნინო გვენეტაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის პირობებში ბევრი არქივიდან ამოღებული მოსამართლე გაამწესეს კვლავ ამ პოსტზე. მაგალითად, ასეთია რომან ხორავა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია კანონიც და ადამიანის უფლებაც და როგორ შეიძლება, რომ მსგავსი აზროვნების პიროვნება კვლავ მოსამართლედ დაინიშნოს? ხორავა მიჩვეული იყო, რომ მისთვის ვიღაცას უნდა ეკარნახა და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ხორავასნაირი მოსამართლეები, არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წყალობით, დღეს უკვე ბევრია.

პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ გამოდიან და აცხადებენ,  ჩვენ ვერ ვერევით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაშიო. ამ უწყების საქმიანობაში ჩარევას მათ არავინ სთხოვს. პარლამენტის წევრების დანაშაული ის არის, რომ ისინი მითითებებს აძლევენ მათივე კვოტით გასულ იუსტიციის წევრებს, რათა ალიანსში შევიდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია და ერთად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც აწყობს არა საზოგადოებას, არამედ მხოლოდ ამ ჯგუფს. ევროსაბჭომ და ვენეციის კომისიამ, საერთაშორისო და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა პროტესტი გამოხატეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ, მაგრამ მაინც მოინდომა მინისტრად წოდებულმა თეა წულუკიანმა და აღნიშნული ცვლილება გაატარა ძალიან სწრაფად, შუაღამეს, ხელების გადაგრეხის მეთოდით და არა სასამართლო სტანდარტების დაცვით. ამ კანონით სასამართლოში უმცირესობას მიეცა უფლება, რომ გავლენა იქონიოს უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე, ანუ სხდომის შემადგენლობაში თუ არის 4 მოსამართლე, ერთმაც რომ გამოთქვას განსხვავებული აზრი, დანარჩენი 3 მოსამართლე ვალდებულია, ის გაიზიაროს. ამასობაში კი დრო იწელება და, რა თქმა უნდა, ირღვევა ადამიანის უფლებები, ინტერესები. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არის 9 მოსამართლე. აქედან უმცირესობამ უარი თუ თქვა სარჩელის განხილვაზე, სხვა მოსამართლე წევრები იძულებული იქნებიან, დაეთანხმონ მას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას უნდა, რიგით სასამართლოდ აქციოს საკონსტიტუციო სასამართლოც.

_ ასეთი წესები საიდან მოიტანეს, ან რამდენად კანონიერია უმცირესობის აზრის თავსმოხვევა უმრავლესობისთვის?

_ რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდული. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ამ სასამართლომ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური განმარტებები გააკეთა ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებით, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციით. მათი გადაწყვეტილებები იყო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იაზროვნონ მოსამართლეებმა. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები არ მოეწონა ხელისუფლებას და ასეთი ცვლილება მოაყოლა, მაგრამ ამას დიდი დრო არ უწერია. თავად საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს მას, რადგან ის არის ძალიან დიდი არათანასწორობისა და არასამართლიანობის განაცხადი და ემსახურება ადამიანის უფლებების შელახვას. თუ პარლამენტი მართლაც ზრუნავდა სამართლიანობისთვის, სულ სხვა სახის ცვლილებები უნდა განეხორციელებინა. ამ კანონით მათ სასამართლოს როლი კი არ გააძლიერეს, იქ ისეთი ნაღმები ჩადეს, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია შეაჩერეს და პარალიზებული გახადეს.

_ ცოტა ხნის წინათ უფლებადამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა წამოიწყეს კამპანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის თაბაზე, თუმცა დღეს ასეთი მოთხოვნა აღარ ისმის. რატომ შეჩერდა პროცესი?

_ ეს პროცესი არ შეჩერებულა. ამას წინათ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დისკუსია მოაწყვეს და პროექტი წარადგინეს, სადაც ნათლადაა ასახული, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება. იქ ისეთი ნორმებია შემუშავებული, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია კანონის წინაშე. კანონპროექტში მკაცრად არის გაწერილი მათი უფლებები და ვალდებულებები. ამ პროექტის მიხედვით იარსებებს ქულათა სისტემა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სუბიექტურად ვეღარ იტყვიან, რომ ესა თუ ის პიროვნება მოსამართლედ უნდა გამწესდეს, ხოლო მეორე _ არა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კლანის წევრი არ არის. როცა საბჭო რომელიმე ნორმას დაარღვევს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იქნება. ასეთი კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვეღარ იტყვიან, _ თქვენ კანონი მიიღეთ, თუმცა ჩვენ როგორც გვინდა, მაინც ისე მოვიქცევითო. არა მგონია, ამ პარლამენტმა ასეთი ღირსეული კანონი მიიღოს, მაგრამ მომდევნო პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომელიც თანხვედრაშია საზოგადოებრივ ინტერესებთან. პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს ისეთი კანონები, სადაც ლევან მურუსიძეს და მისი კლანის წევრებს არ ექნებათ შესაძლებლობა, გავლენა იქონიონ და აკონტროლონ სასამართლო ხელისუფლება.

ცოტა ხანში იუსტიციის ორ წევრს _ თამარ ალანიასა და მერაბ ბაბინაშვილს _ უფლებამოსილება შეუწყდება. ბაბინაშვილი თავისი საქმიანობის დროს აგრესიულობით გამოირჩევა. იგი ერთ-ერთი მოსამართლეა, რომელიც შალვა რამიშვილმა ამხილა.

_ შალვა რამიშვილის ცნობილ განცხადებას გულისხმობთ, როცა მან თქვა, რომ ხელმძღვანელებმა დაავალეს, ლევან მურუსიძის სასარგებლოდ წაეყვანა გადაცემა და ამისთვის ეთერში მოსაწვევი პიროვნებების სია გადასცა?

_ სხვათა შორის, სანამ რამიშვილი თავად ამოიღებდა ხმას და ამ განცხადებას გააკეთებდა, ჩვენ „ქრონიკა+“-ში ვწერდით, რომ ეს იყო ჟურნალისტების მხრიდან ძალიან არაეთიკური საქციელი. შემდეგ მან ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელი როგორ უთანხმებს წამყვარს, ვინ უნდა მიიწვიოს გადაცემაში და რაზე ელაპარაკოს. ეს გახლავთ ძალიან ცინიკური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, როცა მედია საზოგადოებას ისეთ პროდუქტს აჩეჩებს, სადაც საზოგადოებისთვის ნეგატიური, უარყოფითი პიროვნება დადებითად არის წარმოჩენილი. რამიშვილმა დაამტკიცა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო, რაც სამარცხვინოა.

რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული მიწერ-მოწერით დადასტურდა ისიც, რომ კონკრეტული ბიზნესმენი რუხაძე, რომელიც ასევე არაფორმალური მმართველია „ტელეიმედისა“, ცდილობს, რომ მოსამართლეთა გარკვეულ ფენასთან, რომელიც ხელისუფლებაშია გაბატონებული და მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს, იყოს ახლოს. ის ხედავს, რომ ეს ხალხი წყვეტს, ვინ უნდა იყოს ქართულ სასამართლოებში მოსამართლეებად გამწესებული და მათი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საქმეებთან მიმართებით. ამ ადამიანს მათთან ახლობლობა, ალბათ, საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარეც უნდა. როცა ის ასე ახლოს არის ლევან მურუსიძესთან, რომ საქმეებს უწყობს, მის მიმართ შეტანილი საჩივრებისა თუ სხვა საქმეების განხილვების დროს მოსამართლეები, ბუნებრივია, ობიექტურები ვეღარ იქნებიან. ისინი აუცილებლად იქნებიან დაინტერესებულნი, გაამარჯვებინონ, მხოლოდ და მხოლოდ, იმ კომპანიებს, რომლებიც რუხაძის ინტერესებში არიან მოქცეული. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მოსამართლეთა მხრიდან არაეთიკური საქციელი, ასევე იკვეთება, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესებიც და აუცილებლად უნდა გადაისინჯოს მის მიმართ, ანდაც მის მიერ შეტანილ სარჩელებთან მიმართბით როგორ იქცევა სასამართლო.

როგორც გითხარით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახლა უფლებამოსილება უწყდებათ ბაბინაშვილსა და ალანიას. როცა ისინი, ჯერ კიდევ, წევრებად ითვლებიან და კვლავ ამ საბჭომ უნდა აირჩიოს, მათ წინასწარ უნდა შეუჩერდეთ მაინც უფლებამოსილება. ისინი წლების განმავლობაში იმ ხალხთან ერთად მუშაობენ, რომლებმაც ხელახლა უნდა აირჩიონ და, რა თქმა უნდა, ობიექტურები ვერ იქნებიან. სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ამ ორ ადამიანს კვლავ განამწესებენ მოსამართლეებად. ასეთივე ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა ლევან მურუსიძესთან მიმართებით, როცა მას უფლებამოსილება შეუწყდა და როგორც დასრულდა ეს ყოველივე, კარგად დავინახეთ.

რაც ხდება იუსტიციის საბჭოში, ეს ამაზრზენია, რადგან იუსტიციის საბჭოს წევრების ინტერესების გატარება ხორციელდება გარიგებების საფუძველზე. ისინი მოქმედებენ არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირადი ინტერესებით. დღეს სასამართლოებში, საქმეების განხილვასთან მიმართებით, უარესი მდგომარეობაა, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. განხილვები ჭიანურდება თვეების მანძილზე და სასამართლო კანონით გათვალისწინებულ დროში არ იხილავს საქმეს. ამას აღირებენ თავად მოსამართლეებიც და მათ კანონდარღვევა არაფრად მიაჩნიათ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როცა საამართლო არღვევს კანონს, მას შესაბამისი დისციპლინური წესებით სჯიან, მაგრამ საქართველოში ყველაფერი მოსულა და ცნობილი ლექსისა არ იყოს, „აქ შალიკომ ჯონდო დააორსულა“.

_ საქალაქო სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით რა ხდება? მამუკა ახვლედიანმა კონკრეტული ბრალდებები წამოაყენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, მაგრამ ამას გაგრძელება და, მით უფრო, შედეგი არ მოჰყოლია…

_ მოგეხსენებათ, პროკურატურა პოლიტიზებული ორგანოა, სადაც შესაბამისი რეაგირება არ ხდება ყველა დანაშაულებრივ, გამჟღავნებულ ფაქტზე. საზოგადოებას არ აქვს პროკურატურის ინფორმაცია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს ტესტების სკანდალის გამოძიებასთან მიმართებით. ინფორმაცია, რომ ტესტები წინასწარ იყო ბევრისთვის ცნობილი, მანამდეც გვქონდა, მაგრამ მამუკა ახვლედიანმა ეს დაადასტურა, რის შემდეგაც დევნის ობიექტი და მსხვერპლი გახდა სიმართლის გამჟღავნებისთვის. აღინიშნული ფაქტის გამოძიება დროში იწელება და არავინ ამბობს, ახვლედიანის გაცხადებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს? ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ხელისუფლება რეალურად არ არის დაინტერესებული სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებით, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნით და მას ურჩევნია, რომ სასამართლო იყოს მართვადი და გავსებული ლევან მურუსიძეებით, ბაბინაშვილებით, ალანიებით და მსგავსი ადამიანებით, რათა მათ შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა _ ვინც მოუნდებათ, ხანგრძლივი ვადით გამოამწყვდიონ ციხეში, მიიღონ უკანონო გადაწყვეტილებები და გარკვეულ პირთან ფინანსური ინტერესებიც გაითვალისწინონ. მოგეხსენებათ, არაფორმალურ მმართველს დიდი ბიზნესები აქვს, მასთან ბევრი კომპანიაა დაკავშირებული და ეს მოსამართლეები გარანტიას აძლევენ, რომ განხილვების დროს, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული ბიზნესწრეების ინტერესები გატარდება და სხვა მოკვდავი ადამიანებისთვის სასამართლო ხელისუფლების ხელმისაწვდომობა შეუძლებელი იქნება.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი