მანიფესტი ომის წინააღმდეგ

s2

თუ გინდა მშვიდობა, ემზადე მშვიდობისათვის.

ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ჰუმანისტური, არაძალადობრივი გზა. ქრისტეს გზა არაძალადობრივია. ბუდას გზაც არაძალადობრივია. კონფუცის გზაც. და არა მარტო. ბერტრან რასელიც _ დიდი ათეისტი და მატერიალისტი ომისა და ძალადობის წინააღმდეგი იყო. რუსი მწერალი ლევ ტოლსტოიც მაგ გზაზე იდგა და ამერიკელი ბობ დილანიც.

არაძალადობის გზა ერთადერთი სწორი გზაა ადამიანობისთვის. და ახლა, როცა კაცობრიობა კატასტროფის წინაშე დგას, ეს უფრო და უფრო აშკარა ხდება. საუბედუროდ, დღეს მსოფლიოში ქსენოფობია და ნაციზმი ბრუნდება. ბრუნდება იმიტომ, რომ ლიბერალიზმმა და ნეოლიბერალურმა ეკონომიკამ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ადამიანად არ ჩააგდო და მას პირუტყვი ჰომოსაკერის როლი მიუჩინა.

მე დღეს მთელი ჩემი შეგნებით მინდა ვთქვა, რომ კაცობრიობის ერთადერთი მართალი და სწორი განვითარების გზა არის მშვიდობიანი განვითარების გზა. მე არც რუსული იმპერიალიზმის მომხრე ვარ და არც ნატოს იმპერიალიზმის _ თუმცა ძალიან მიყვარს რუსი ხალხიც და თვითონ ამერიკელიც ვარ. საქართველომ უნდა დაიჭიროს მშვიდობის მხარე და არა სამხედრო ბანაკების მხარე.

არსებობს თუ არა მესამე გზა რუსეთისა და დასავლეთის მილიტარიზმის გარდა? დიახ, ის ნამდვილად და რეალურად არსებობს, ორგანიზაციულადაც _ ეს არის მაჰათმა განდის არაძალადობის გზა; ეს არის ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ გზა; ეს არის უკვე დიდი ხნის წინათ დაარსებული „მიუერთებლობის მოძრაობა“ _ Non Alligned Movement. ეს მოძრაობა ჩამოაყალიბეს ჯავაჰარლალ ნერუმ, ნასერმა, ტიტომ _ ე. წ. მესამე მსოფლიოს წარმომადგენლებმა.

იტყუება ყველა ის, ვინც ამბობს, რომ მესამე და მეოთხე გზა არ არსებობს. ამ უსასრულო სამყაროში უთვალავი გზაა. მთავარია, სწორი არჩევანი გააკეთო. და არჩევანი მხოლოდ იმპერიალისტურ ძალებს შორის არ არის. ჩვენ კარგ ურთიერთობაში უნდა ვიყოთ დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, მაგრამ მათ იმპერიალიზმსა და კოლონიალიზმს არ უნდა დავემორჩილოთ, როგორც მონები. ჩვენი გზაა მაჰათმას გზა _ ჩვენი გზაა არმიერთების პოლიტიკა _ ახალი ძალით და ახალი ენერგიით. მაჰათმა განდი იესო ქრისტეს მოწაფე იყო თავის „სატიაგრაჰას“ ფილოსოფიაში და „კონსტრუქციულ პროგრამაში“.

ჩვენი გზაა საერთო კავკასიური კავშირი; ჩვენი გზაა ევროკავშირში ინტეგრაცია; ჩვენი გზაა ინდოეთთან, ჩინეთთან და ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა;

ჩვენი გზა არ არის მილიტარიზმი და სამხედრო განვითარება; ჩვენი გზა არის მშვიდობის ზონა;

ჩვენი გზა არ არის არც ცხელი ომის და არც ცივი ომის მოყირჭებული ფილოსოფია _ ჩვენი გზაა ახალი და არაძალადობრივი პარადიგმა მსოფლიო პოლიტიკაში!

საქართველო ამ გაქანებული ომის პოლიტიკისგან ვერაფერს და არაფერს მოიგებს. ვერც ჩვენი მეზობლები მოიგებენ. მშვიდობიანი და არაძალადობრივი საგარეო პოლიტიკისგან კი ყველა მოვიგებთ, ყველა ერთად.  ეს არის კავკასიის გადარჩენის ერთადერთი გზა. ამაზე ძალიან კარგად წერს კონფლიქტოლოგიის ინგლისელი მამა, ქრისტოფერ მიტჩელი; ამაზე ლაპარაკობს ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, ჯონ მაკდონალდი. და არა მარტო ისინი. ეს არის ერთადერთი საღი აზრი. ვინც დღეს მილიტარიზმს ქადაგებს და ძალადობის გზას _ ის ყველა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქვეყნის მომავლის მტერია.  ძალმომრეობისა და ძალის პოლიტიკის გზა დღეს უპერსპექტივოა. ერთადერთი და ყველაზე დიდი გზა არის არაძალადობა _ სიყვარულის დოქტრინა;  სიყვარულის დოქტრინა კონკრეტულ პოლიტიკურ განსახიერებაში. ამით ყალიბდება მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში ახალი პარადიგმა. ძალიან ბევრი სოციალური და პოლიტიკური მეცნიერი ამაზე უკვე ღიად წერს.  ჩვენ კი მრავალხმოვანი აზროვნებისა და ცხოვრების ტრადიცია გვაქვს _ რაც დიდი უპირატესობაა. მაგრამ არ უნდა ვიყოთ მონობის კომპლექსით შეპყრობილები და მუდმივად „დიდ ბატონს“ არ უნდა ვეძებდეთ.

ჩვენ სამხედრო ბლოკში კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის ბლოკში. ჩვენი გზა მშვიდობაა.

„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, _ ეს ფრაზა არის ტყუილი და დემაგოგია.

რა არის სიმართლე? _

თუ გინდა მშვიდობა, ემზადე მშვიდობისათვის!

ეს არის ჩემი პოზიცია.

 

                                                                                                            ირაკლი კაკაბაძე