გიორგი ახვლედიანი: „ჩვენი პოლიტიკური ლოკომოტივი ვაგონების ჩაბმას არ აპირებს“

s1

საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია _ 8 ოქტომბერი, კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება. 2012 წლის ოქტომბრის „გადაგდებაი საკვირველის“ შემდეგ პოლიტიკური პარტიები თუ ალიანსები მზის ქვეშ ახალი ადგილის მოძებნას ცდილობენ. დღევანდელ რეალობაში ვინ ვის დაუჯერებს, ესეც საკითხავია. მოსახლეობის უმეტესობა არსებობისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და მისი საარჩევნო უბნებთან მიყვანა ადვილი არ იქნება.

ამ სიტუაციაში ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“ არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლას გეგმავს.

„ქრონიკა+“ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო მდგომარეობას, სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფონს?…

_ სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი მრავალმხრივი და პრობლემურია. ქვეყანაში სულ უფრო შემცირდა ისედაც მწირი რაოდენობის მცირე და საშუალო ობიექტები. არადა, ეს დასაქმების პირველი და მთავარი წყარო უნდა იყოს. ობიექტები ლამის ყოველდღიურად ქრება. მოსახლეობაში ფულის მასა აღარ არსებობს. ქვეყანაში მსყიდველუნარიანობა კატასტროფულად დაწეულია, რაც უკვე პირდაპირპროპორციულად აისახება წარმოების შეფერხებაზე და მის განადგურებაზე.

საქართველოში მწარმოებელი კომპანიები უკვე ვერანაირად ვეღარ ახდენენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას. ამას დაერთო მთელი ორწლიანი სავალუტო კრიზისი, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო მეტად გაანადგურა. ერთმნიშვნელოვნად ფინანსურ კოლაფსში ვართ და კატასტროფულ ეკონომიკურ კრიზისს ველოდებით, რომელიც იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ ფასების სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება. ვერ ვხედავ ვერც ერთ კონკრეტულ ქმედებას, გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო სახე, ქადაგიძე წავიდა, რომლის წასვლის შემდეგაც ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა ქვეყანაში.

რთულია, კონკრეტული კითხვა არ დასვა, _ წელიწადნახევრის, ორი წლის განმავლობაში ჩვენი ვალუტა ლარი კატასტროფულ დევალვაციას განიცდიდა, გაუფასურების ისტორიულ პიკს მიაღწია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამას ბუნებრივ მოვლენად აცხადებდა. მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს არ იყენებდა იმისთვის, რომ ვალუტის გაუფასურება შეეჩერებინა. როგორც კი ის თანამდებობიდან წავიდა (რადგან ექვსწლიანი ვადა გაუვიდა), უცებ აღმოჩნდა, რომ ვალუტამ დასტაბილურება დაიწყო. ყოველგვარი განსაკუთრებული ინტერვენციების გარეშე ვალუტა გამყარებისკენ წავიდა. ამიტომ მე აქ სხვა ვერაფერი დავინახე, გარდა იმისა, რომ ვალუტის დევალვაცია აშკარად ხელოვნური პროცესი იყო. ეს პირდაპირპროპორციულად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდა, რომ შემდეგ ამ ვალუტის გაუფასურებას მათთვის პოლიტიკური ქულების ჩაწერა მოჰყოლოდა.

_ ამ სიტუაციაში მთავრობის ადგილი და როლი როგორია?

_ საკითხი მარტივად დგას: ადრე ქვეყანაში მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯებოდა. საჭირო იყო თუ არა, ასეთი პროექტები ინტენსიურად ხორციელდებოდა, სასტუმროები და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურაში ჩადებული გარკვეული თანხები, ასე თუ ისე, მოსახლეობის დიდ რაოდენობაში აღწევდა, ვრცელდებოდა. უამრავი ადამიანი მშენებლობებზე იყო დასაქმებული, სატრანსპორტო სფეროში და ა. შ. ეს თანხა ყოველთვის ასეთ საჭირო თუ არასაჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიდიოდა. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური რესურსი, მეტ-ნაკლებად, ხალხში ტრიალებდა.

ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ სოციალურად ორიენტირებულია და ჯანდაცვის მიმართულებით გადაისროლა აღნიშნული მილიარდი ლარი. შესაბამისად, დღეს სამედიცინო ოპერაციები ფინანსდება და, პრაქტიკულად, მთელი მოსახლეობა დაზღვეულია.მეორე მხრივ, ეს მიდგომა ერთმნიშვნელოვნად სწორი ნამდვილად არ გახლავთ. არის თუ არა საჭირო მაღალშემოსავლიანი ადამიანის დაზღვევა, ესეც საკითხავია. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეზე სახელმწიფო ფულს არ უნდა ხარჯავდეს, რომ ის დააზღვიოს.  თუმცა, რასაკვირველია, ამ პროგრამასაც თავისი პლუსები აქვს _ ოპერაციის ვერჩატარების გამო ადამიანი აღარ კვდება… მაგრამ ნახეთ, რა მოხდა? _ ეს ფული მოსახლეობაში ფულადი მასის არსებობას მოაკლდა. ვფიქრობ, რომ ისეთი შეზღუდული საბიუჯტო სახსრების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან დიდი ფუფუნებაა ულტრასოციალისტური ჯანდაცვის პროგრამები.

_ „ენდიაისა“ და „აირაის“ ბოლო გამოკითხვებში ერთი საინტერესო რეალობაა _ მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება და, მეორე მხრივ, მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ენტეგრაციას. თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ეს რაზე მიანიშნებს?

_ „ენდიაი“ და „აირაი“ ან იმ ცხრა წლის განმავლობაში იტყუებოდა, ან _ ახლა. ყველა ვითარებაში, რაც უნდა უბედურება ჩაედინა მიხეილ სააკაშვილს (7 ნოემბერი, 26 მაისი, უამრავი საპროტესტო აქციის დარბევა, ახალგაზრდების დახოცვა), მაინც, თურმე, მოსახლეობის 70% აცხადებდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

მთელი ქვეყანა შიშში ცხოვრობდა, წისქვილის ქვა ტრიალებდა, ხელისუფლება შეურაცხადი იყო, ქუჩაში, მიტინგებზე ადამიანებს არბევდა, ტელევიზიებს არბევდა, ძალის დემონსტრირებას ახდენდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ამ პერიოდში, თურმე, მოსახლეობა ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე საუბრობდა. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ აღმოჩნდა, მეორე კვლევაზევე, 2013-ის გაზაფხულზე, მთელი ქვეყანა ერთი რამისთვის დაირაზმა და 70%-მა თქვა, რომ ეს ქვეყანა უკვე არასწორი მიმართულებით ვითარდებაო. ეს ძალიან არადამაჯერებელია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

ამიტომ ამ ორგანიზაციების კვლევის შედეგები მიუღებელი და არასარწმუნოა. მაგალითად, „ენდიაიმ“ ჩაატარა კვლევა, _ გინდათ თუ არა ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაო? ეს ხომ სიცრუეა, რადგან ევრაზიის კავშირი ბუნებაში არ არსებობს. არავის შეუქმნია და არც უთქვამს, ეს როდის შეიქმნებაო. არსებობს საბაჟო კავშირი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს აერთიანებს, მაგრამ „ენდიაიმ“ ეს კითხვა სწორედ აღნიშნული ფორმულირებით ჩაწერა, რითაც პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ ევრაზიის კავშირში გაწევრიანება არის სამშობლოს ღალატი, ეს იგივე საბჭოთა კავშირია და რაღაც გაუგებარ მიზნებს ისახავსო. მოკლედ, ასეთ ტყუილზე არის აწყობილი ეს კვლევები.

შეიძლება, პარტიას პროცენტნახევარი დაუწერო მაშინ, როცა რეალურად არჩევნებში 13%-ს ღებს? შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის არაადეკვატური და არარეალისტური ციფრები დაუწერო? ეს საზოგადოებრვი აზრის გამოკითხვა კი არა, მისი ფორმირებაა. არც „ენდიაი“ და არც „აირაი“ არ არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები. რეალურად, ამერიკული პოლიტიკური პარტიების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ორგანიზაციები, მათთან არსებული ინსტიტუტებია, რომლებიც ამ პარტიების თანხებით ფინანსდებიან და მათ პოლიტიკურ ინტერესებსა და იდეოლოგიას ავრცელებენ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ფუნქციონირებენ.

„ენდიაი“ და „აირიაიც“ წერენ, რომ თითოეულ გამოკვლევაში, საშუალოდ, 3 ათას ადამიანს იკვლევს. ხან ცოტა მეტს, ხან ცოტა ნაკლებს. ორივე ეს ორგანიზაცია მსგავს კვლევას წელიწადში ორჯერ ატარებს. ერთად აღებული ოთხჯერ აწარმოებენ ამ სამუშაოს. ეს არის წელიწადში 12 ათასი ადამიანი… ასეთ კვლევას უკვე ათი წელია, ატარებენ, მეტი თუ არა. ე. ი. 120 ათასი ადამიანი ჰყავთ საქართველოში გამოკითხული თავიანთივე მონაცემებით 10 წლის განმავლობაში. და ჩვენ, ამ პატარა ქვეყანაში, ამ 120 ათასიდან ერთი კაციც კი ვერ ვიპოვეთ, რომელიც იტყვის, რომ ჩემთან ისინი ნამდვილად მოვიდნენ და გამომკითხესო. ყველაფერი ძალიან საეჭვოა.

_ არჩევნების თარიღზე შეთანხმებასთან დაკავშირებით თქვენი პარტიის პოზიცია როგორია?

_ ოქტომბერში არჩევნები რომ უნდა ყოფილიყო, ეს არავის გაუკვირდა. ოღონდ ოქტომბრის ბოლო უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უფრო მეტი საშუალების მიცემა იქნებოდა, რომ ამომჩეველთან ემუშავა. მაგრამ რომ გითხრათ, გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზეო, ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალიან კარგ და ძლიერ შედეგს დავდებთ, როგორსაც მაშინაც დავდებდით, არჩევნები 20-ში, ან 25-ში რომ დანიშნულიყო.

_ რა გეგმები აქვს თქვენს პარტიას, ცალკე გადიხართ არჩევნებზე, თუ კოალიციურ რეჟიმში?

_ დღეს არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, დემოკრატიულ მოძრაობაში ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო პოზიციაა, რომ არჩევნებზე საკუთარი ძალებით გავდივართ, ჩვენი შესაძლებლობებით და საკუთარი თავის იმედით, ყოველგვარი კოალიციების, ბლოკებისა და გაერთიანებების გარეშე. დღეს საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია, პრეტენზია ჰქონდეს, რომ პოლიტიკური ლოკომოტივია. დანარჩენი 99,9 მეათედი პროცენტი პარტიებისა, რეალურად, პოლიტიკური ვაგონებია.

ჩვენ ნამდვილად ვართ იმ სამ ლოკომოტივს შორის, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ეს არის ხელისუფლება, ჩვენი დემოკრატიული მოძრაობა და, სამწუხაროდ, (ალბათ, ამ არჩევნებზე და მეტი არა) „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ბარიერის გადალახვის პერსპექტივა აქვს. დემოკრატიულ მოძრაობას დეკლარირებული აქვს, რომ ამ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიდის და ძალიან სერიოზული შედეგის დასადებად ემზადება. ჩვენ ვართ თვითკმარი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც დამატებითი ბლოკები და გაერთიანებები დღეს შედეგის დასადებად არ სჭირდება.

_ მაინც, რა შედეგის მიღწევას იმედოვნებთ, როგორი პოლიტიკური პროგნოზი გაქვთ?

_ გადაჭარბებულ მოლოდინში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩვენი გეგმები, პროგრამა მაქსიმუმი გათვლილია არა იმაზე, რომ ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგი ვიყოთ პარლამენტში, არამედ იმაზე, რომ პარლამენტში ისეთი ძალითა და რაოდენობით მოვიდეთ (და ეს სრულიად რეალისტური გათვლებია), რომ საშუალება გვქონდეს, პასუხისმგებლობა ავიღოთ ხელისუფლენაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე.

 

                                                                                                                      გელა მამულაშვილი