ვალერი ხაბურძანია: ,,2003 წელს სახელმწიფო პოლიტიკურად და ფინანსურად გაკოტრებული იყო“ (დასასრული)

c8

,,ქრონიკა+“-ის 2016 წლის 5 აპრილის ნომერში ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას გამოქვეყნებულ ინტერვიუს, გენერალ გიგი კალანდაძის შემდეგ, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია გამოეხმაურა.

ვურეკავ გენერალურ პროკურორს და სანამ გენპროკურორს დაველაპარაკები, ეს მეუბნება, რომ რეზიდენტი მოსულიაო. რეზიდენტი თუ ასე ოფიციალურად მიდი-მოდიოდა, არ ვიცოდი. შემოვიდა წითური, აჭარხლებული კაცი. დაახლოებით ასე, რუსული კარგად არ იცოდა და მეუბნება: „ვი პაჩუმუ ნე უვაჟატ ინტერესი მაეი სტრანა!..“ ეს ვინ არის-მეთქი?! _ „ტი კტო ტაკოი?“ ესა და ეს ვარო, უილიამ მური, ჩვენ ოპერაციას ვატარებთ და თქვენ ხელს გვიშლითო. ვუთხარი, _ ძვირფასო ჩემო ადამიანო, ეს არის სახელმწიფო, ოპერაცია ტარდება, მაჩვენეთ ოპერაციის გეგმა, სად არის გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული… _ რა გენერალური პროკურორი, რა დამტკიცებულიო, რა ისაო, რა ესაო, ხელს გვიშლი, მაგას გავარკვევო და გავარდა… ორ საათში მირეკავს შევარდნაძე, _ გადმოდიო. გადავედი და მეკითხება, _ რა ხდებაო? ვუთხარი, _ ბატონო ედუარდ, ასე, ასე, ორი დღის მოსული ვარ, ჯერ არ გამირკვევია, რა ხდება სამინისტროში, მოადგილეები ყველა გავუშვი, კაცი მოდის და მაყუჩიან პისტოლეტს მთხოვს, ვიღაცები უნდა დახოცონ პანკისში, ვიღაცები მოიპარონ და ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება, ჩვენს რესურსებს მე რომ ვუყურებ, იქ არეული სიტუაციის შეჩერების არავითარი შანსი არ გვაქვს და ამის გაკეთება არ შეიძლება-მეთქი. _ ეგენი რაღაცებს აკეთებენ თავისთვის და იციან თავიანთი საქმისო. მე ვუთხარი, _ ჩვენ ეს უნდა დავალაგოთ, ასე არ გამოვა, „ესენი აკეთებენ, ისინი აკეთებენ“… _ როგორ უნდა დაალაგოო? _ მეკითხება. _ შევეცდები, დავალაგო-მეთქი, ამისთვის ერთი კვირა მომეცით-მეთქი. ავდექი და ახმეტაში წავედი. 11 სექტემბერი ახალი მომხდარია, პანკისის ხეობაში მყოფ გილაევის დაჯგუფებას, არაბებსა და ა. შ. დაფინანსება შეუწყდათ და გარეთ გამოსვლა, ყაჩაღობა დაიწყეს. მოსახლეობას უკვე ღორებს ჰპარავენ. ახმეტის მოსახლეობა აჯანყდა. მათ ქალაქის ცენტრში კარავი გაშალეს, თოფები დაიჭირეს და თქვეს, _ გამოვლენ ეგენი და ვესვრითო. ჩავედი, იქ ინციდენტი მოხდა, ჩემს თანამშრომლებს ახმეტის მოსახლეობა დაესხა თავს, იფიქრეს, რომ ჩეჩნებთან იყვნენ შეკრული. ინციდენტის შემდეგ შევარდნაძემ დილას დამირეკა და მითხრა, _ როგორც აამყრალე მაქაურობა, ისე დააწყნარე, ჩემთან მოსული არ დაგინახო, სანამ სიტუაციას არ დაალაგებო. _ ბატონო ედუარდ, ორ დღეში ჩაგაბარებთ მოხსენებას პანკისის ხეობასთან დაკავშირებით-მეთქი. თვითონ დავჯექი, მასალები რაც გვქონდა მოვაგროვე და პანკისის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენება გავაკეთე. გილაევს კბილებამდე შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავდა 800 კაცით, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ გააჩერებდა. ეს ბიჭები ფიზიკურად უნდა გენახათ, ჩეჩნები მებრძოლი ხალხია. ჩვენი მებრძოლების გარდა იყო რამდენიმე წვრილი დაჯგუფება, ასევე ცნობილი საველე მეთაურებით, 200-მდე არაბი, მათ შორის, ეს ამჟეტი, რომელიც ალ-ქაიდასთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მერე ჩნდება ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არაბი, რომელიც ალ-ქაიდას იერარქიაში მესამე ადგილზე იყო, აბუატია, რომელიც ასევე პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. პანკისში რა მდგომარეობაა: ეს არაბები 100 დოლარად ყიდულობენ ქისტის ქალებს, გოგოებს. იქ უკვე არაბი ბავშვები არიან დაბადებული, არაბული სკოლებია გახსნილი, ვაჰაბიზმია მთლიანად მოდებული მთელ ხეობაში, ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები მიყუჩებული და დაშინებულია, ყველა მოპარული მანქანა პანკისის ხეობაში შედის, ყველა გატაცებული ადამიანი პანკისის ხეობაში შედის, გარშემო სოფელ მატანთან შინაგანი ჯარი დგას, იქით თავისუფლად შედიან ქართველები. საერთოდ, ახლა, არ ეწყინებათ ქისტებს, მაგრამ ცნობილი ისტორიული ამბავია, სოფელ მატანში ქისტი რომ გაივლიდა, ცხენიდან უნდა ჩამომხტარიყო, ახლა ისე მოხდა, რომ სოფელი მატანი შიგნით იყო მოქცეული და ჩვენი ბიჭები, რეალურად, წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. მე რომ ბლოკ-პოსტზე მივედი, იქიდან ვიღაცები შავი ჯიპებით მოადგნენ. _ ვინ არიან-მეთქი? _ გილაევის ხალხია და გილაევიც არის, მგონიო. მირჩიეს, არ შევსულიყავი. დაცვა მე არ მყავდა და სიტუაცია აღარ გავართულე. არ ვიცოდი, რა მოხდებოდა და ბლოკ-პოსტს იქით არ შევსულვარ. ჩამოვედი და მოხსენება გავაკეთე, ჯერ საჯაიას მივუტანე, წაიკითხა, _ ეს რა არის, ყველაფერი რომ დაგიწერიაო? _ ბატონო ნუგზარ, აბა, რა ვქნა, ნახევარი დავწერო-მეთქი? _ ეს როგორ უნდა გავაკეთოთო? _ გავიტანოთ უშიშროების საბჭოზე-მეთქი. როგორ უნდა გავიტანოთ უშიშროების საბჭოზე? მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო რამხელა იყო, ვისაც არ ეზარებოდა _ ქალაქის მერი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რეგიონული მართვის ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე… პეტრე იყო ყველაფრის ავან-ჩავანი, მან მეტი რამე იცოდა, ვიდრე სხვებმა. 20-კაციანი უშიშროების საბჭო იყო. მანამდე შევარდნაძეს მივუტანე ეს მოხსენება და ვუთხარი, _ უშიშროების საბჭოზე უნდა გავიტანოთ-მეთქი. ისეთ რაღაცებს ვაწვები, რომ შევარდნაძე დამეთანხმა, _ კაი, გამოიტანეო… როცა მოხსენება წავიკითხე, რა ხდებოდა პანკისის ხეობაში, პირდაღებულები ისხდნენ. _ რა ვქნათო? _ ერთადერთი საკითხი, რისი გადაწყვეტაც ახლა შეგვიძლია, ეს ჯგუფები პანკისის ხეობიდან უნდა გავაძევოთ, ამაში საჭიროა ამერიკელები და რუსები ერთად ჩავრთოთ-მეთქი. ამ დროს ბატონი ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოში ჩემს ადგილზე მუშაობს. ეს ხდება 2001 წლის დეკემბერში, მას ვერავინ დაავალებდა პანკისის ხეობას. დადგა 2002 წლის იანვარი, მერე ახალი წელი და ამ პერიოდში პირველი მოადგილე მყავს დასანიშნი. შევარდნაძეს ორი-სამი ვარიანტი შევთავაზე და არავის ნიშნავს პირველ მოადგილედ, უარი მითხრა. ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ… ვიცი, რომ ალასანია დაზვერვისთვის მზადდება და უცებ, ტვინში მომივიდა: მე ვთქვი, ამერიკელებთან პირველი კონფლიქტი მომიხდა, რუსებს ჯერ არ ვიცნობ, არავითარი შეხება მათთან არ მაქვს, მოსკოვში კი ვარ ნამყოფი არამინისტრის რანგში, მაგრამ რუსებმაც არ იციან, ვინ ვარ მე, საიდან მოვედი.

_ აბა, პატრუშევთან როდის დამეგობრდით?

_ თანდათან ყველაფერს მოვყვები… რა ვქნა, რა ვქნა და რაღაცა აზრმა გამიელვა თავში: უშიშროების საბჭოში ირაკლი ალასანიას და ნუგზარ საჯაიას შორის სიტუაცია მწვავდება და რატომ?.. საჯაია არ დაუშვებდა, რომ მის ხელქვეითს პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდა შევარდნაძესთან, ალასანიამ ეს ბალანსი დაარღვია, რატომ? მას ამერიკელებისგან დავალება ჰქონდა მიცემული, მეკავშირე ყოფილიყო, შევარდნაძემ ინგლისური არ იცოდა, ამ ტელეფონზე მეკავშირეობით მან იმდენი მოახერხა, რომ პირდაპირ დაუახლოვდა მას. ვატყობ, რომ საჯაია ამით შეწუხებულია. ეს მომენტიც დაემთხვა, მისი ამერიკელებთან ურთიერთობაც დაემთხვა, ისიც შევამჩნიე და ვიცოდი, რომ ეს კაცი როგორ მოხვდა უშიშროების სამინისტროში, _ მამამისი რომ გარდაიცვალა, ავთო იოსელიანი დაეხმარა, მერე ამერიკაში გაშვებაშიც ავთო იოსელიანი მიეხმარა. იმის გამო, რომ ინგლისური იცოდა, ვიფიქრე, ამ დაბალანსებისთვის ახალგაზრდა კაცი მინდა. ვუთხარი, _ ირაკლი, ვიცი, რომ დაზვერვისთვის გამზადებენ, ეს მკვდარი ორგანიზაციაა, რა დაზვერვა, იქ უნდა იყო და ინტერნეტიდან რაღაცები წერო და აგზავნო შევარდნაძესთან, ან წაიკითხავენ, ან არ წაიკითხავენ, ცოცხალი სამუშაო არ გინდა? ჩემთან წამოდი პირველ მოადგილედ-მეთქი. ეგრევე დამეთანხმა, უარი არც უთქვამს. ვუთხარი, _ შევალ საჯაიასთან და მერე შევარდნაძესთან-მეთქი… შევედი საჯაიასთან, საჯაიას სიხარული შევატყვე, რომ ეს მოვაშორე… მითხრა, _ ახლავე ადი შევარდნაძესთანო. ავედი შევარდნაძესთან და, _ კარგად მოგიფიქრებიაო, _ მითხრა. _ ხვალ წარმოგიდგენთ-მეთქი. _ არ მინდა, თვითონ მოვიდესო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემი მოადგილე ჩემ გარეშე მიიღო შევარდნაძემ. არ მომეწონა, მაგრამ არ მაქვს იმის ფუფუნება, რაღაცები მომეწონოს, ან არ მომეწონოს. რაც ხდება, იმ პროცესებს მივყვები და იქიდან ვცდილობ, რაღაც შედეგები მივიღო… შევარდნაძემ მიიღო და 2002 წლის 12 თებერვალს თუ რაღაც რიცხვში ირაკლი ალასანია ჩემს პირველ მოადგილედ დაინიშნა. ნახეთ, რა უწერია აქ, როდიდან დანიშნეს პანკისის ხეობის მიმართულების ხელმძღვანელად…

„იმედი მაქვს, საშუალება მექნება, რომ ახლა რეალობა მოვყვე, იმიტომ, რომ ვინც თქვენ ახსენეთ, ის რესპონდენტები (ამ დროს მე ერთი ვარ, _ ვ. ხ.), სულ სამჯერ თუ არიან გავლით ნამყოფი პანკისში – ამბობს ირაკლი ალასანია. მის სინდისზე იყოს, მე რამდენჯერ ვარ პანკისში ნამყოფი. იქ წელიწადნახევარი ვმუშაობდი, პრაქტიკულად, ყოველდღე.

2002 წლის თებერვალში რომ დავნიშნე, მერე პანკისში იმიტომ მიდის, რომ იქ მე ლაშა ნაცვლიშვილი მყავდა გამწესებული და ლაშას ამერიკელებმა პრობლემები შეუქმნეს, ეს არ გვინდაო. არ უნდოდათ ორი მოადგილე. ვატყობდი, რომ იქ რუსებთანაც იყო საჭირო მუშაობა. ირაკლი ალასანიას შინაგანად არ უნდოდა რუსებთან მუშაობა, მას რუსების მიმართ აგრესია და სიძულვილი ჰქონდა და რუსებთან როგორ იმუშავებდა?!.

_ გასაგებიც იყო, აფხაზეთის ომი, მამამისი…

_ ემოციები სახლში უნდა დატოვო. სახელმწიფო სამსახურში როცა ხარ, მაშინ არა გაქვს უფლება, ემოციებზე გადაწყვიტო საკითხი, არსებობს ობიექტური რეალობა, მეც ბევრი ემოცია მქონდა… თებერვალში, როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი გავამწესე, იქ მოდების ჩვენება ჩატარდა, მაკა ასათიანმა და ვიღაცებმა ჩაატარეს. მაშინ ირაკლი ალასანია, მეც და სერგო ძაგნიძეც ამერიკაში ვიყავით, მარტში მოხდა ეს. აი, მარტის მერე იწყებს ირაკლი ალასანია ინტენსიურად პანკისის ხეობაში მოქმედებას, მაგრამ იქ სამხარეო სამმართველოს უფროსი, პაატა ბატიაშვილი მყავდა, რომლის მეშვეობითაც სიტუაციას ვაბალანსებდი. პაატა ბატიაშვილი მართლაც 24 საათი იყო იქ, ცხოვრობდა. ირაკლი ალასანია ჩადიოდა, მაგრამ მისი ფუნქცია ერთადერთი იყო, მხოლოდ ამერიკელებისთვის საინტერესო ობიექტებზე ჰქონოდა ყურადღება, ხელი შეეშალა რუსებთან ჩვენი ურთიერთობისთვის, ამას აკეთებდა კიდეც. მე გავრისკე, რისკის ფასად ფსბ-ს დირექტორის პირველი მოადგილე ხეობაში შევიყვანე, ჩემი მოადგილე ირაკლი კოტეტიშვილი მძევლად დავტოვე და გილაევს შევახვედრე. გილაევს რუსებმა კადიროვის ამბავი შესთავაზეს (დაახლოებით, როგორიც კადიროვია) და უთხრეს, რომ აქედან გადით, იქ ჩამოდი, ჩვენ აი, ამ ფუნქციებს შენ გთავაზობთ, იქ სიტუაცია დაგვიწყნარე, ავტორიტეტული სამხედრო პირი ხარო. ამერიკელებმა როგორც კი ეს სიტუაცია გაიგეს, შეეცადნენ, ხელი შეშალათ… ალასანიამ გილაევს ამერიკელების რეზიდენტი შეახვედრა. როდესაც ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ რუსეთის შეხვედრის მერე გილაევი დავარწმუნე, რომ იქ ამერიკელები და რუსები ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებდნენ, გილაევმა გვთხოვა, _ მე გავალ, ოღონდ თქვენ ნუ გამომყვებითო… ირაკლი ალასანია მოვიდა და მიმტკიცებს, რომ ჩვენ გილაევის ხალხი მანქანებში უნდა ჩავსვათ და საზღვრებზე გადავიყვანოთო. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი მანქანებში ჩასმული. მე რომ საზღვრამდე მივიყვანდი, ამას რუსები შეამჩნევდნენ, ყველა შეამჩნევდა, მანქანებს დაბომბავდნენ. ამ ხალხს ყველას ვერ გაანადგურებდნენ, ეს გაბრაზებული ხალხი კი რასაც იზამდა, თბილისს ისე აიღებდა, ვითომც არაფერი… რა თქმა უნდა, ირაკლი ამ თემას ჩამოვაშორე. გილაევს შევუთვალე, რომ დაადე თავი და შენით წადი, მე შენ უკან არ გამოგვყვები-მეთქი. მაგრამ რა მოხდა მაშინ, თქვენ თუ გახსოვთ, „რუსთავი 2“-ში თიკო ფეიქრიშვილი მუშაობდა. მას გაჰყვა, ტყე-ტყე კი მიდიოდა, მაგრამ არ არის საქართველო იმხელა ქვეყანა, რომ ამბავი დაიმალოს. როცა ესენი აგვისტოში ამოძრავდნენ, უნდა გადაესწროთ, მოთოვს და მერე ხეობა იკეტება, თიკო ფეიქრიშვილი გაჰყვა და გადაიღო, _ აი, გილაევი წუხელ აქ იმყოფებოდა იმიტომ, რომ ცეცხლი და კვამლი ამოდისო. ვურეკავ ეროსის, ვეუბნები, _ ეროსი, რას აკეთებთ?! _ რას ვაკეთებთო და მშვენიერიაო… ვუთხარი, _ ხვალ დაგვბომბავენ-მეთქი… ღამე რუსეთის თვითმფრინავებმა დაგვბომბეს და მეტყევე ოტიაშვილი დაიღუპა. რატომ დაიღუპა და იმიტომ დაიღუპა, რომ „რუსთავი 2“უსინდისოდ, არასახელმწიფოებრივად, არაადამიანურად მოიქცა… ასეთი რაღაც არ უნდა გააკეთო. ალასანია რომ ამბობს, თითქოს თვითონ წაუყენებია ულტიმატუმი, მე რომ ცალკე არ მემუშავა რუსებთან, ცალკე არ მემუშავა არაბებთან და ასე რომ არ მებალანსებინა სიტუაცია, ასე არ იყო… დეგუშევის დაკავების ოპერაციაში ირაკლი ალასანიას მონაწილეობა არ მიუღია, ამ ოპერაციას იმ მარტივი მიზეზით ჩამოვაშორე, რომ ის ამას რუსების გამო ხელს შეუშლიდა… როცა ამბობს, ვცდილობდი, რუსებისთვის არ გადაგვეცა, იმიტომ რომ იქ აწვალებდნენ, აწამებდნენო… არაბები გადავეცით ამერიკელებს და ისე აწამეს, აწვალეს და სისხლი გაუშრეს ავღანეთის ბაზაზე, რომ იქიდან, „წითელი ჯვრიდან“ წერილი მოვიდა, პანკისის ხეობაში გააგზავნეს. როგორ შეიძლება, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ციხეში შეუშვა, იმათმა წერილი გამოიტანონ და აქ პანკისში გამოაგზავნეს, ჩვენზე ყველაფერი დაწერეს: ასეთი ოპერაცია ჩაატარეს, ასე გვიქნეს, ასე გვიქნეს და ეს ქართველებმა გააკეთესო… ეს იყო ამერიკელების წარმატება?  ამერიკელებიც აწამებდნენ სამხედრო ტყვეებს ავღანეთიდან დაწყებული, გუანტანამოთი დამთავრებული, როგორც რუსები… ეს მათი საკითხი იყო, მე ჩემი პრობლემა მქონდა მოსახსნელი, ეს ხალხი აქედან უნდა მომეშორებინა…

ახლა რაც შეეხება „მასტერას“… „მასტერას“ წერილი მაქვს, ერთი წლის წინ გამომიგზავნა მონანიება იმისა, რომ იმ ხალხთან არ ვიყავი, ვისთანაც უნდა ვყოფილიყავი და უნდა დამეჯერებინაო… სამი კაცი ტრიალებდა ირაკლი ალასანიას ჯგუფში, _ ეს იყო ირაკლი გეგეჭკორი, რომელიც მისი მოადგილე იყო, ლევან გაბუნია და „მასტერა“… მე არ ვიცი, მერე რა პოზიციები ეჭირა, „მასტერა“ კარგი ოპერატიული მუშაკი იყო თავისი ნაკლოვანებებით, იმიტომ, რომ… პირდაპირ გეტყვით: ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ადამიანს ჩემს სამინისტროში, ნარკოტიკებთან შეხება ჰქონდა. პანკისში ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ყველანაირად ვცდილობდი, ნარკოტიკების თემა ამეკრძალა, მაგრამ ოპერატიული მუშაკი სამი-ოთხი დღე სადღაც წასულია, ამას ვერავინ გააკონტროლებს… ირაკლი ალასანიას ამის შესახებ ვეუბნებოდი, მაგრამ ირაკლის რა მიდგომა ჰქონდა, იცით?.. მისი ნარკომანი ნარკომანი არ იყო, შენი ნარკომანი ნარკომანი იყო… ჩემთვის ორივე ნარკომანი იყო და ვცდილობდი, ეს ყველაფერი შედეგობრივად გამომეყენებინა. „მასტერას“ ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი ტვინი ჰქონდა… აქ რომ ამბობს დეკუშევის ოპერაციაზე, ჩვენ იქ მეორე ტერორისტი დავაკავეთ, რომელსაც ასევე სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კრიმშამხალოვი. ირაკლი ალასანიას დახმარებით კრიმშამხალოვი ხეობიდან იპარებოდა, ვინმე მექუდიშვილი იყო ყოფილი პოლიციელი, მას გამოჰყავდა, ირაკლი ალასანია საქმის კურსში იყო, კრიმშამხალოვს ხეობიდან აპარებდა, მას ეს განწყობა ჰქონდა, რომ იგი ტერორისტი კი არ არის, არამედ სამშობლოსთვის  მებრძოლი ჩეჩენი თუ ყარაჩაელია. ასეთი მიდგომა ჰქონდათ ამერიკელებსაც და ალასანიასაც, _ არაბები იყვნენ ტერორისტები, ჩეჩნები და ყარაჩაელები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები… მე ვუთხარი: ჩემთვის ორივე ტერორისტია! მე ასეთი მიდგომა მქონდა.

_ ვერ მოახერხა კრიმშამხალოვის გაყვანა ხეობიდან?

_ კრიმშამხალოვის ჯგუფი შემთხვევით შეეჩეხა ჯგუფს, რომელსაც ხეობაში პიტერ შოუ, ეს აფერისტი შეჰყავდა. შეტაკება მოხდა, კრიმშამხალოვი უკან გაბრუნდა, პოლიციელი მექუდიშვილი მოკლეს და ამ სროლაში პიტერ შოუ გამოიქცა, სანთლის შუქი დაინახა და პირდაპირ ჩვენს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტზე მივარდა. ორი თანამშრომელი ჩემი იყო. იმის გამო, რომ არც ერთმა ინგლისური არ იცოდა, ჩემმა თანამშრომელმა იცოდა მხოლოდ, იგი მიხვდა, რომ პიტერ შოუ იყო… დაგვირეკა, ალასანიას დაურეკა, ხეობაში იყო. მე ვუთხარი, _ ჩასვით ახლავე მანქანაში და თბილისში წამოიყვანეთ-მეთქი. კობა ნარჩემაშვილმა  წასვლა დააპირა. მე ვუთხარი, _ კობა, არ გინდა, მოიყვანენ ამას და ისე გავაკეთოთ, რომ შენც და მეც ერთად ვიყოთ-მეთქი. მაგრამ გავიგე, რომ კობა ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა. სულელი ხომ არ ვიყავი, მოვახერხე და მოვტეხე ეს პიტერ შოუ, თბილისში ჩამოვიყვანე. პირდაპირ გეუბნებით, ამ ჯგუფს ვაკვირდებოდით, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ პიტერ შოუ იყო. სამწუხაროდ, მეორე ჯგუფს, კრიმშამხალოვს, კინაღამ გაჰყვა. მერე კრიმშამხალოვი ჩვენ დავაკავეთ და ის შემთხვევით აღმოჩნდა რუსეთის საზღვარზე, სადაც დააკავეს. ახლა არ მკითხოთ, რატომ და როგორ?.. მე ვფიქრობ, რომ ტერორისტებთან ასეთი დამოკიდებულებაა საჭირო.

ალასანია რომ ამბობს, მინისტრს არ ვაგებინებდიო, მაგისმა მზემ, მე არ მაგებინებდა და მე ვერ ვგებულობდი… რაღაც-რაღაცებში ეს კრიმშამხალოვი კინაღამ გამომეპარა, მაგრამ კიდევ კარგი, იმ ჯგუფს ვაკვირდებოდით, რომელსაც პიტერ შოუ შეჰყავდა ხეობაში.

მერე რა შეიძლებოდა მაგას კიდევ დაემალა… დამიმალა, რომ ამერიკელების რეზიდენტი შეახვედრა გილაევს და გილაევს რუსების წინადადებაზე წასვლა გადააფიქრებინეს. იქაც დესტრუქციული როლი შეასრულა, კი ბატონო, ამას ვერ დავუკარგავ, ათენებდა იმ პანკისში. რატომ ათენებდა?.. ზოგიერთი ამერიკელის გამო. ეს იყო მისი მთავარი ამოცანა, დაეჭირა აბუატია, რომელიც ვერ დაიჭირა. ამირ აბუატიას, როგორც ლეგენდად ჰყვებოდნენ, მომწამლავი ნივთიერება „რიცინი“ ჰქონდა. ეს ცნობილი თემაა, „რიცინით“ მოწამლეს ხატაბი. ეს არის ფხვნილი, რომელსაც გაზეთზე დაყრიან, არ ემჩნევა, რომ გადაყარო, სული შეუბერო, მოკიდებ ხელს, შედის ფორებიდან და 3-დან 24 საათამდე სიკვდილს ისე იწვევს, რომ ვერავინ დაადგენს. ეს ნივთიერება ჰქონდა თითქოს და მერე იქ შავ ატომურ ბომბსაც ამზადებდა.. ახლა რაც შეეხება, რომ ამბობს, ჩვენ რუსებთან… მე გავაკეთე ის, რომ რუსები და ამერიკელები პირველად დავსვი მოლაპარაკების მაგიდასთან თბილისში და შეკრებები ყოველთვის იმართებოდა.

ეს ახლა მიყვება, რომ, თურმე, იქ შეკრიბა და შემოკრიბა… იქაც იჯდა, ამერიკელების ამბავს აგვარებდა, მე რომ რუსები მიმყავდა, ცალკე ვარბილებდი სიტუაციას. რუსებმა უჩემოდ ჩაატარეს ერთი ოპერაცია და კინაღამ ხალხი და 300 ათასი ფული დაკარგეს. ამერიკელებიც ცდილობდნენ ამას და ყოველთვის პრობლემები შემიქმნეს, როცა უჩემოდ რაღაცა კეთდებოდა. აი, ეს იყო. ამას თუ მიმალავდა, დანარჩენი რა უნდა დაემალა?..

ერთსაც გეტყვი, რომელიც, ალბათ, ჩვენ შორის რაღაც ისე დევს და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…

_ საგაზეთოდ, თუ არასაგაზეთოდ?

_ საგაზეთოდ იყოს… მას დღესაც აქვს განწყობა, რომ ერთმა თანამშრომელმა, პირდაპირ ვიტყვი… ზურა ოტიაშვილი, ცნობილი კაცია. იცით, რომ ყაზბეგში გამგებელი იყო, იგი ყველაზე კარგი კონტაქტი იყო ახმადოვებთან. ზურა ოპერატიული თანამშრომელია, იგი ადრევე იყო ხეობაში. წარმოიდგინეთ, ალასანია თავისი მცირე ჯგუფით, ჩემი სამხარეოს უფროსი პაატა ბატიაშვილი და ამ ოტიაშვილს იქ ყველაფერი ეჭირა, ალასანიაც ოტიაშვილის მეშვეობით ოპერირებდა მანამდე. ნელ-ნელა, ალასანიას აქტივობით, ოტიაშვილს სამოქმედო არენა შეეზღუდა. იგი ბატიაშვილთან მივიდა, _ ვალერის, მინისტრს უთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს დარბის აქა და ძალიან ბევრ საქმეს აფუჭებს, ახმადოვებიც არ არიან კმაყოფილი და, ერთი, შევაშინოთო, რა!.. ამას უთქვამს, _ რას ჰქვია, შევაშინოთო?! _ არაფერიო, სადღაც რომ იქნება ჩამოსული ხეობაში, ჰაერში გავისვრით და შეეშინდება, რომ ხეობაში აღარ იაროსო. ბატიაშვილმა ეს ამბავი ამბად მომიტანა. მე ვუთხარი, _ ბიჭო, მოკლე ჭკუის ხალხი ხართ, ხომ იცით, რომ ამ ინციდენტს ვერ დავმალავ, თუ ასეთი ინციდენტი მოხდა, რაში მჭირდება ამ ტიპის ინციდენტი მე, მინისტრს, ხეობაში?! ესე იგი, სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ, ჩემს პირველ მოადგილეზე რაღაც პრობლემები ხდება და რაღაც სისულელე-მეთქი. ასეთი სისულელე მეორედ არ მოგივიდეთ თავში და მსგავსი არ გავიგო რამე, თორემ ოტიაშვილს გადავაყოლებ ამას-მეთქი!.. სხვათა შორის, ამას წინათ ოტიაშვილი შემხვდა, ეს ამბავი გავახსენე და მითხრა, რომ პრობლემები აქვს, რადაგან რუსეთს ძებნაში ჰყავს გამოცხადებული და ამის გამო საქართველოდან ვერ გადის, წითელ ცირკულარშია. იქნებ, რაღაცაში დამეხმაროო. მე ვუთხარი, _ მოვიკითხავ, რამდენად შევძლებ დახმარებას-მეთქი. მერე, როცა პროცესები ისე წავიდა, ასე წავიდა, პანკისი დაწყნარდა, ოტიაშვილის ფუნქცია იქ ნაკლები იყო, მცხეთა-მთიანეთში გადავიყვანე, ანუ ამ თემას მოვაშორე. ეტყობა, ამაზე გაბრაზდა, ბატიაშვილს დაუძახა და უთხრა, _ გახსოვს, ჩვენ იმის შეშინებას რომ ვაპირებდით და ლამის, მოკვლასო?.. ამან უპასუხა, _ კი, მახსოვსო. „მოკვლას“ ეს სიტყვა ჩაიწერა და ირაკლი ალასანიას მოასმენინა. ირაკლი ალასანიას დღესაც ჰგონია, რომ იმხელა დეგენერატი ვიყავი, რომ თურმე მისი მოკვლა მინდოდა პანკისის ხეობაში. ჩემს პირველ მოადგილეს რაღაც რომ უნდა დამართოდა პანკისის ხეობაში, მე ხომ მომხსნიდნენ, ყველანაირ მიზეზებს ეძებდნენ, უმრავლესობა, ყველა ჩემზე აღრენილი იყო, პოლიტიკური მხარდაჭერა არ მქონდა და ეგრევე მომხსნიდნენ და ამნაირი სისულელე… ჯერ კაცის მოკვლაზე ისედაც თითქმის  ბრძანება არ გამიცია, გარდა კონკრეტული ოპერაციებისა,

ზუსტად ორი თვე ვცხოვრობდი ზედიზედ წინანდლის კოტეჯებში, სასტუმროში კი არ ვიყავი ზოგიერთი მინისტრივით გამოჭიმული თბილად… კოტეჯში ვცხოვრობდი, შეშას ჩემით ვჩეხდი და აგვისტოში კინაღამ მოთოვა, ისეთი სიცივე იყო. ორი თვე ვათევდი კოტეჯებში, ყოველდღე შევდიოდი პანკისში, აგენტურას მე თვითონ ვხვდებოდი. ორჯერ მარტო შევედი პანკისის ხეობაში. მძღოლიც არ მყავდა, შეხვედრა რომ მომეწყო. დანარჩენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაატა ბატიაშვილი დამყვებოდა.

_ კიდევ რას გწერდათ „მასტერა“ იმ წერილში?.

_ აგერაა „მასტერას“ წერილი და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი რამე… მეცოდება ეს კაცი, მან სიმართლე უნდა თქვას, ვინ აძლევდა დავალებებს და ისარგებლოს იმ კანონით, რაც „ნაციონალებს“ ჰქონდათ, _ თუ ზემდგომზე იტყვი, თავისუფლდები პასუხისმგებლობისგან და მე შევუთვალე კიდეც, სადღაც ინტერვიუ მივეცი, რომ სჯობია, ჩვენება მისცეს.

_ ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, მინდა გკითხოთ, რამდენად ფიქრობთ, რომ დღეს ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციაა შექმნილი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, 2003 წლის სცენარი გაიმეოროს?

_ ჯერჯერობით, მაგის დიდი შანსია, თუმცა არ მინდა, ვაშაძეს რაღაც მნიშვნელობა მივცე, მაგრამ, ვატყობ, ვაშაძის თემას გაგრძელება ექნება, ეს პროცესი ამით არ გაჩერდება. ამან ცოტა დივერსიფიცირება მოახდინა. მე, მაგალითად, ასეთ სქემას ვფიქრობდი, რომ თუ „ენდიაის“ შედეგებს არჩევნების შედეგები არ დაემთხვევა, ანდა შეიძლება დაემთხვეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარებით იმდენს გაქაჩავს, რომ უმრავლესობას მიიღებს, არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი დადგება და იტყვიან, _ ხომ ვამბობდით, მაჟორიტარობა უნდა გაუქმებულიყოო! „ნაციონალები“ რუსთაველზე კარავს დადგამენ, გვერდზე კარავს დასცემს, ალბათ, ალასანია, ასევე იქ დადგებიან მსხვილი პარტიები, როგორიცაა „მე თვითონ“, „ედპ“ (თუ გავიგებდით, რას ლაპარაკობს მისი ხელმძღვანელი ქართულად), კიდევ გამოჩნდება, რაღაც პარტიები რომ ჰყავთ, შეიძლება „გირჩიც“ სადღაც, ახლომახლო, ოფისში იყოს, გამოვლენ და ხელისუფლება საკითხის წინაშე დადგება,  ამერიკელები დაარწმუნოს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა; იქ დაიწყებოდა ამერიკელი კონგრესმენების ჩამოსვლა, _ აი, არჩევნები გააყალბეთ; თავიდან ჩატარება; ხელისუფლება იმის წინაშე დადგებოდა, გამოეყენებინა ძალა.  ძალას ხელისუფლება ვერ გამოიყენებს, არ გამოიყენებს კი არა, ვერ გამოიყენებს, იმიტომ, რომ მას ისეთი კონცენტრირებული სამართალდამცველი სტრუქტურები არ აქვს და ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის. ჯერჯერობით ამას ვხედავთ.

მე ვიცი ამერიკელების მუშაობის სტილი, შეხებაც მქონია, თუმცა თუ მოინდომებენ, აპოკალიფსს ისე დახატავენ, რომ, მით უმეტეს, დენიელ ფრიდი კიდევ იქ არის, კაცი, რომელიც, ალბათ, მთელ ქართულ პოლიტიკას წყვეტს. დენიელ ფრიდი პოლონელი წარმოშობის ებრაელია, რომელიც წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკით არის დაკავებული. სხვათა შორის, მახსოვს, პანკისის ხეობის საკითხი რომ გადავწყვიტეთ, ეს აუცილებლად უნდა მოვყვე: იმდენად ვიყავი ჩაშვებული, მე ხომ მათთან სასაუბრო ინგლისური არ ვიცი, ამერიკელები თავის კაცად არ მთვლიდნენ… გადავწყვიტე, მათთან სხვა გზა მეპოვა. არის ერთი ჩემი მეგობარი, სერგო ძაგნიძე, ახლა თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, სერგო კარგი ბიჭია, ერთ-ერთი უძლიერესი კრიმინალისტია. სერგო ძაგნიძე პირველი კაცი იყო, რომელიც ამერიკელებმა ამერიკაში წაიყვანეს, სადაც „ეფბიაის“ აკადემიის ერთწლიანი კურსი დაამთავრა. რომ გითხრა, ერთწლიან კურსს დიდი გენიოსობა უნდა და რაღაცას ასწავლიან-მეთქი… ამ კრიმინალისტიკაში რაღაცები მისცეს და ლაბორატორია წამოიღო. აქედან გამომდინარე, „ეფბიაისთან“ კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ალასანიას ურთიერთობა აქვს „სიაიეისთან“, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. ამ დაზვერვაში ვატყობ, რომ ჩემ გარშემო სულ უფრო და უფრო გროვდება უარყოფითი დამოკიდებულება… იმიტომ, რომ მე რომ რუსებთან ურთიერთობას ვაბალანსებ, რუსებთან დაბალანსება ამერიკელებს აღარ აწყობთ, თანაც ცნობები ჩადის, აქედან ალასანია, იქიდან _ თედო ჯაფარიძე. იმდენი მოვახერხე, რომ ამერიკის „ეფბიაიმ“ ამერიკაში მიმიწვია. მანამდე სამი დღით ჩავფრინდი ტოკიოში: პანკისის ხეობაში ჩეჩნებს იაპონელი ბიჭი მონად ჰყავდათ, „დაავერბოვკეს“, ჩამოიყვანეს და მონად აქციეს. ეს ბიჭი გადავეცი. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი იყო ქუჯი ოსავა, იაპონელი კაცი და იმას ვაჩუქე. ჩვენთან პატიმრობა ეკუთვნოდა, მაგრამ მივეცი, მან წაიყვანა და მშობლებს ჩააბარა, მერე მისმა მშობლებმა იაპონიაში დაგვპატიჟეს. სხვათა შორის, მე და ლაშა ნაცვლიშვილი ვიყავით სამი დღით მეგობრული ვიზიტით. იქიდან მივფრინავ ვაშინგტონში, „ეფბიაიში“. ჩავედი საელჩოში ჩვენთან, გვარებს არ დავასახელებ და მითხრეს, რომ აიკლეს ყველაფერი, რომ შენ „ეფბიაის“ დირექტორმა შეიძლება არ მიგიღოსო. კიდევ კარგი, იმდენად შორს იყო წასული ეს პროცესი, რომ, უბრალოდ, ვერ შეაჩერესო. „ეფბიაის“ დირექტორმა მიმიღო. გვითხრეს, სურათები არ გადაიღოთო. იაპონიაში ნაყიდი პატარა ვიდეოკამერა მქონდა, სერგოს მივეცი და ეს ყველაფერი გადაიღო. თბილისში ჩამოვედი და შევარდნაძესთან ანგარიშის ჩასაბარებლად მივედი. _ კაცო, შენზე ამბობენ, „ეფბიაის“ დირექტორმა არ მიგიღო და მართალიაო?.. მე ვუთხარი, _ ბატონო ედუარდ, ვიცოდი, რომ ამას იკადრებდნენ-მეთქი, ამოვიღე ეს ვიდეო და ვაჩვენე. თურმე, თედო ჯაფარიძე და ირაკლი ალასანია რეკავდნენ, რომ მე არ მივეღე… რა ჰქვია ამას?! ამას არ ჰქვია ის, რასაც კანდელაკი აკეთებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით?!. 8 მილიონ 800 ათასი ლარი მქონდა წლიური დაფინანსება, აქედან 6 მილიონ 400 ათასი სახელფასო ფონდი იყო და ჩემზე რომ ვინმე იტყვის, კორუმპირებული იყოო. გუშინ ოთო კახიძესთან ვიკამათე. ეს ბავშვი ჩემს მეგობარ ზურა ჯიბღაშვილთან მეგობრობდა, საადვოკატო ბიურო მქონდა და იქ დადიოდა. მიტინგი არ გამოუტოვებია სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგის ლანძღვა-გინებაში იყო. მერე, უცებ, სადღაციდან, ადეიშვილთან აღმოჩნდა მოადგილედ და ახლა მწარე „ნაციონალია“. იქ საკითხი დასვა, _ აი, თქვენ ბედუკაძე რომ არ დაიჭირეთო. მე ვუთხარი, _ ბედუკაძე რატომ არ დაიჭირეს, იცით? თქვენი კანონებით არ დაიჭირეს-მეთქი. ბედუკაძეს ერთ თავის ზემდგომზე ჩვენება რომ მისცეს, მას უკვე საპროცესო გარიგება ეკუთვნის და თავისუფალია. თქვენი კანონები იყო-მეთქი. შენ რომ სუფთა კაცი იყავი, ეს მაშინდელი მიღებული კანონია-მეთქი. _ სისუფთავეზე ნუ მელაპარაკებიო, _ მე მეუბნება. მე ვუთხარი, _ გცემდი ახლა აქ, მაგრამ მერე იტყვიან, „ნაციონალი“ სცემა, გამასწარი ახლა აქედან გაქცევა-მეთქი! და გაიქცა…

არ ვიცი, რას ფიქრობს ხელისუფლება, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციისთვის ემზადება.

აქვე გთავაზობთ გიორგი დგებუაძის მიერ 2014 წლის 3 თებერვალს გაგზავნილ წერილსაც:

„ბატონო ვალერი, ძლიერ მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, მოგიკითხოთ და დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და მოწიწება თქვენი პიროვნებისადმი. ამ 20 წლის განმავლობაში, რაც მე მომიწია ძალოვან სტრუქტურებში მსახურება, შემიძლია დადასტურებით განვაცხადო, რომ თქვენნაირი ხელმძღვანელი სისტემას არ ჰყოლია. თქვენ რომ არ ჩამოსცილებოდით საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურების მართვას, მეც და ბევრი სხვა ღირსეული თანამშრომელი არ აღმოჩნდებოდა დღეს ციხეებში, დევნილობასა და ფიზიკური განადგურების რეალური საფრთხის წინაშე. გემუდარებით, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ თქვენი შესაძლებლობები არ მოაკლოთ ქვეყანას და აღადგინოთ ის მდგომარეობა, რაც მას შეეფერება. ახლა მინდა, ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ, თავის დროზე, მე ვერ მოვახერხე სრული ძალისხმევით მემსახურა თქვენთვის და გამომევლინა საჭირო პატივისცემა. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, დამერწმუნეთ, პირფერობა არაფერში სჭირდება, ამიტომ ყველაფერი, რაც მოგახსენეთ, გულწრფელად მოდის ჩემგან და მართლაც ბედნიერი ვიქნები, თუ საშუალება მომეცემა ამ ყველაფრის თქვენამდე მოტანისა. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემ შესახებ ორი სიტყვით მოგახსენებთ და უმორჩილესად გთხოვთ, არ დაუჯეროთ იმ ინფორმაციებს, რაც ჩემზე პრესით ვრცელდება. მე არასოდეს ჩამიდენია დანაშაული, ან თანამშრომლისთვის შეუფერებელი რაიმე სახის საქციელი. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ საქმისადმი ჩემი ერთგულება და თავდადება ბოროტად იქნა გამოყენებული ჩემი ყოფილი ხელმძღვანელების მხრიდან და წინასწარვე განტევების ვაცობისთვის განწირული ვყოფილვარ. ჩემდა საუბედუროდ, როცა ამაში გავერკვიე და მტკიცებულებებიც მივიღე, უკვე გვიანი იყო და ვერაფერს შევცვლიდი. უდიდესი წარმატებები მინდა გისურვოთ, ბატონო ვალერი და გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ საქართველოს მმართველობას, რათა აღარ განმეორდეს მაინც ის საშინელებები, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა. მე კი უბედნიერეს ადამიანად ჩავთვლი თავს, თუკი ოდესმე მომეცემა ჩემი შეცდომების გამოსწორების საშუალება და რამით შევძლებ თქვენთვის სარგებლობის მოტანას“.

 

                                                                                                                          ელისო კილაძე