,,პურიც რომ იყოს, ბავშვებს მოვუტან, პირს არაფერს დავაკარებ“…

c4

სოციალური პრობლემებით საქართველოში დღეს ვერავინ ვერავის გააკვირვებს, თუმცა თბილისში, აეროდრომის დასახლებაში მცხოვრები სამი ოჯახის ისტორია მაინც განსაკუთრებულია, რის გამოც ამ სტატიაში ერთი კონკრეტული სახლისა და მის მკვიდრთა საოცრად რთულ ყოფას, შეძლებისდაგვარად, დეტალურად წარმოგიდგენთ.

დასახლებაში მცხოვრებმა შუა ხნის ქალბატონმა, რომელსაც გზად გადავეყარე, სახლის ტიპის ერთ პატარა ნაგებობაზე მიმითითა, _ თუ მოახერხებთ, იქნებ, ისინიც ჩაწეროთ, ნახეთ, რა სიტუაციააო.

ეზოში შესვლისთანავე ვითარება ცხადი გახდა, მძიმე სოციალური პირობები. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი მასპინძლებთან შეთანხმებული არ ყოფილა, მათ კამერის წინ საუბარი უყოყმანოდ დაიწყეს:

_ ქალბატონო, ვხედავ რომ ამ წვიმიან ამინდში საკვებს ღია ცის ქვეშ ამზადებთ, მოგვიყევით თქვენი ყოფითი პრობლემების შესახებ, როგორ უმკლავდებით არსებულ რეალობას?

_ როგორღაც გაგვაქვს თავი. თქვენი თვალით ნახეთ ყველაფერი, რა პირობებში ვცხოვრობთ… ვინ არ იყო აქ მოსული, მაგრამ ჩვენი საშველი არაა.

_ ზამთარშიც ღია ცის ქვეშ ამზადებთ საკვებს?

_ საკვები იყოს და ყინვაშიც მოვამზადებ გარეთ. ამ სახლში სამი ოჯახი ვართ, ყველა ერთმანეთს ვუმართავთ ხელს, ხან ერთთან ვადგამთ ქვაბს, ხან მეორე ოჯახში. ჩემთან ორი საწოლი და ერთი პატარა მაგიდა დგას. სამზარეულო არ მაქვს.

_ არც აბაზანა?

_ არც აბაზანა. საიდან უნდა გავაკეთოთ?! უკანა ეზოში ვიბანთ, ბაწარზე ბრეზენტის ფარდა გავაკარით, გარეთვე ვაცხელებთ წყალს. ბავშვებს, სანამ წამოიზრდებიან, სახლში ვაბანავებთ _ „ტაშტში“.

_ ამჟამად არ მუშაობთ? (რესპონდენტმა ონკანი გადაკეტა და თავი ჩახარა)

_ ეჰჰ!.. სადაა სამუშაო? მე ერთი შვილი მყავს ჯერ, 31 წლის ვარ, თუმცა მაინც ვერ ვიშოვე სამსახური. იცით, რა სიტუაციაა ქვეყანაში, ყველგან თავისიანები აჰყავთ…

 

ქალბატონი მარიამის მეუღლე, ალექსანდრე აბოვიანი:

_ ჩემს მეუღლეს ასთმა აქვს, გამგეობაში განცხადება დავწერე და უარი მომივიდა. სამკურნალოდ ორასი ლარის წამალი გვინდოდა… ვერ შევძლებთო.

_ სახლის შეკეთებისთვის თუ ითხოვეთ ელემენტარული დახმარება და რა გიპასუხეს?

_ როგორ არა, ტელევიზიამაც გაგვაშუქა, ამ დანგრეული სახლის ამბავზე „ოცნებაც“ იყო მოსული, უფრო ადრე „ნაციონალებიც“ გვპირდებოდნენ დახმარებას, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

დაახლოებით 7-8 კვ.მ. ოთახში მორიგეობით, ერთმანეთის გვერდის ავლით შევედით. იქვე მოთამაშე ბავშვებიც შემოგვყვნენ. სუსტი განათების მიუხედავად ნესტიანი კედლები შევნიშნე. კედლებზე მიდგმულ საწოლებს შორის დაცილება, ალბათ, 20-30 სანტიმეტრი იქნება. ოთახში არც ავეჯია. იატაკი მიწანარევი ბეტონისაა. ნანახი სურათისგან დაბნეული ვფიქრობ, რა კითხვა დავუსვა მასპინძელს.

_ ჩვენი წინაპრები ამ სახლში ცხოვრობდნენ, 40 წლის წინათ დასახლდნენ, ჩემი და-ძმაც აქ ცხოვრობს თავიანთ ოჯახებთან ერთად.

_ მაინც, რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?

_ ადრე ისეთი წვიმა იყო, რომ სახლი დაფარა, ძლივს გამოვასწარით. მე ერთი ბავშვი მყავს, ჩემს დას ოთხი შვილი ჰყავს. სულ ნესტია, თუმცა ახალ სახლს არ ვითხოვთ, არც სადმე ვიჭრებით. იქნებ, ეს დაბზარული კედლები მაინც შეგვიკეთონ. შარშან რომ წყალდიდობა იყო, მაშველები ვერ შემოვიდნენ, მეტრანახევარზე ამოვიდა წყალი.

_ შეიძლება, თქვენი დის ოთახიც დამათვალიერებინოთ?

_ წამობრძანდით და ნახეთ.

 

მასპინძელი სახლის უკან გამიძღვა, ღია კარში მწოლიარე ახალგაზრდა ქალი შევნიშნე, ოთახში ბავშვები ჩუმად ისხდნენ.

_ უკვე დაიღალა კამერებთან საუბრით, იმდენჯერ იყო მოსული ტელევიზიები, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს ალექსანდრე აბოვიანმა, სანამ მისი და ინტერვიუზე დაგვთანხმებოდა. მეზობელ ოთახთან შედარებით, ალექსანდრეს დის საცხოვრებელი ფართი ბევრად დიდია, ალბათ, 18-20 კვ.მ., აქ ხუთი სული ცხოვრობს.

დიასახლისმა საუბარი უხასიათოდ დაიწყო:

_ ოთხი შვილის დედა ვარ, ჩემი მეუღლე საქართველოში არ ცხოვრობს. ასეთ პირობებში ვარ, კედლები ნესტიანია.

_ ალბათ, არაერთხელ შეეცადეთ პირობების გაუმჯობესებას, მით უფრო, ოთხი ბავშვით აქ ცხოვრება ძალიან სარისკოა მათი ჯანმრთელობისთვის. რას აპირებთ?

_ რა უნდა დავაპირო? არსად ვმუშაობ, დახმარებას ველი.

_ დახმარებას რამდენს იღებთ?

_ მრავალშვილიანობაზე ორას ლარს და სოციალურზე _ სამას ლარს, მაგრამ ახლა სოციალურს ცოტა ხნით ვერ ვიღებთ.

_ გაგიუქმეს დახმარება?

_ აბა, ამ პირობებში ვის მოუტრიალდება ხელი მაგის დასაწერად, მე რომ დახმარება გამიუქმოს? კი ხედავთ, ტექნიკა არ მაქვს, ერთი ნათურაა და ისიც მეზობლისგან გადმოყვანილ დენზეა შეერთებული, ზოგჯერ ბავშვები სანთლის შუქზე სწავლობენ, კაი ამინდები თუა გარეთ, დავალებებს ვაწერინებ. უბრალოდ, წესია ასეთი: ოთხ წელიწადში ერთხელ თავიდან გვამოწმებენ, თუ პირობები გაგვიუმჯობესდება, დახმარებას მოგვიხსნიან, მაგრამ იმდენად გვიჭირს, რომ ამ ჯერზე, წინანდელთან შედარებით, ბევრად ნაკლები ქულა მივიღე. ახლა დოკუმენტები მოწესრიგდება და ისევ მოგვცემენ იმ წინა თვეებში დაგროვილსაც. მარტის შემდეგ სოციალურის დახმარება არ მიგვიღია. ხან მეზობლები გვეხმარებიან, ხან ვინ რას გვაძლევს.

_ სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოებით თუ სარგებლობთ?

_ აქამდე არ დამიწერია, რადგანაც დახმარებას ვღებულობ. ვიფიქრე, უფასოდ საჭმელს არავინ მომცემს-მეთქი. მეზობლებმა მირჩიეს, _ მანდ მხოლოდ მოხუცები არ დადიანო. დაახლოებით ორი კვირის წინ შევიტანე განცხადება. ვნახოთ, რა იქნება… მე პირს არაფერს დავაკარებ, პურიც რომ იყოს, ეგეც შეღავათია, ბავშვებს მოვუტან.

_ ხელი რომ შეგევლოთ სახლისთვის, ელემენტარულად გაჯი მაინც რომ წაგესვათ კედლებზე, არ გიცდიათ? ამისთვის ვინმეს თუ მიმართეთ?

_ რემონტისთვის არავინ შემიწუხებია, რემონტს ვინ ჯავრობს? ძალიან რომ წვიმს, შუა ოთახში წყალი ჩამომდის, პატარა სახლია, სულ 35-40 კვ.მ. აქ ჩემი ორი ძმა თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მე ოთხი ბავშვი მყავს. რა დაჯდება ამის გადახურვა? კედლებიდანაც წყალი მოდის, ლეიბებს სულ ვანიავებთ, რომ ბავშვებმა ფილტვების ანთება არ აიკიდონ, საწოლებს კი კედლებს ვერ ვაცილებთ, ოთახში ხომ უნდა მოვტრიალდეთ? პარკებში მაქვს ტანსაცმელი. სად გამოვწიო ლოგინი?

 

დაახლოებით ათწუთიანი საუბრის დასრულების შემდეგ ქალბატონ არევიკ აბოვიანის ბინაში სურათების გადაღება დავიწყეთ, თუმცა, იქ არსებული სუსტი განათების პირობებში, ფოტოკამერის დამხმარე შუქი მაინც უძლური აღმოჩნდა. აშკარა იყო, რომ ბნელი სურათები საკმარისად ვერ ასახავდა იქ არსებულ რეალობას.

ოთახიდან გამოსულებმა კვლავ წინა ეზოში გადმოვინაცვლეთ, ამჯერად არევიკის მეორე ძმასთან. მეგზურობას აქაც ალექსანდრე გვიწევს. ინტერვიუს ჩაწერამდე გავარკვიეთ, რომ 29 წლის სერგო აბოვიანიც უმუშევარია, ჰყავს მეუღლე და წლინახევრის ვაჟი:

_ ამას წინათ ფეხი ვიტკინე და გადაადგილება მიჭირს, _ შემოგვეგება კართან სერგო. მისი სახლიდანაც სუსტი შუქი გამოდის. ოთახში, რომლის ფართიც 10-15 კვ.მ. თუ იქნება, ძველი ავეჯი და საბჭოთა კავშირის დროინდელი პატარა მაცივარი დგას, რომლითაც სამივე ოჯახი სარგებლობს. _ მუშაობა არ გვეზარება. „სტაიანკაზე“ მინდოდა, მაგრამ იქაც არაფერია, ცოტა მანქანებს აყენებენ. დღეში 2-3 ლარიც არ გამოდიოდა, თან ხალხს ფული არ აქვს და 20 თეთრის გადახდაც არ უნდათ, _ შეაშველა ძმას სიტყვა ალექსანდრემ. სერგომ ვრცლად საუბარი არ ისურვა და ბოდიშის მოხდით შებრუნდა ოთახში, სადაც ვიწრო საწოლზე წამოწოლა დააპირა.

წამოსვლისას ალექსანდრემ გვთხოვა, რომ მისი ტელეფონის ნომერი

555 55-98-25 გაზეთში გამოგვექვეყნებინა, _ იქნებ, ვინმე გამოჩნდეს, ვინც გულთან მიიტანს ჩვენს პრობლემებს, თუ სამსახური იქნება, ელემენტარული რამე, მთლად უკეთესი. ჯანმრთელი ვარ, 30 წლის, მუშაობა არ მეზარება, ფიზიკურ საქმეს უპრობლემოდ შევეჭიდებიო.

დიასახლისი კერძის მომზადებას მორჩა, ბავშვები ოთახებში შეჰყავთ, ზოგიც ხელს გვიქნევს, ზოგიც გვაცილებს, ზოგიც მადლობას გვეუბნება. მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენ გვერდზე, დედაქალაქში, XXI საუკუნეში, ხუთი ზრდასრული ადამიანი და ექვსი ბავშვი მიწურში ცხოვრობს.

 

                                                                                                               ზაზა სვანაძე