როგორ გადაურჩა გაგარინის მოედანი აფეთქებას?

c2

ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ქალაქების გაზიფიცირება (და არა მხოლოდ, არამედ: წყალგაყვანილობა, საკომუნიკაციო ქსელები, კანალიზაცია და ა. შ.) ტენდერის საფუძველზე ხორციელდება. სახელმწიფო აცხადებს ტენდერს, მაგალითად, თბილისის კონკრეტული უბნის, ანდა ბოლნისის გაზიფიცირებაზე და ტენდერში  კონკრეტული კომპანიები მონაწილეობენ. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, გამარჯვებულ კომპანიათა უმეტესობას, დაახლოებით, 60%-მდე მილები თურქეთიდან ჩამოაქვს და შედარებით მცირე რაოდენობა _ სომხეთიდან. ამ სფეროში ტენდერების ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლები იშვიათია.

„ქრონიკა+“-ისთვის სრული ნონსენსი იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ გამარჯვებული კომპანიების მიერ თურქეთიდან (და სომხეთიდან) შემოტანილი მილების ექსპლუატაციის ვადა, საშუალოდ, 18 თვეა. ანუ! _ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები გადის იმაზე, რომ შეიძინონ პროდუქცია, რომელიც მხოლოდ წელიწადნახევარია ვარგისი. შემდეგ ასფალტი უნდა აიყაროს, მიწა თავიდან  გაითხაროს, ინფრასტრუქტურა დაიშალოს, ძველი მილები ამოიყაროს და ახალი მილიონები „გადაიყაროს“.

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ბუნებრივ აირს, ანუ ფეთქებადსაშიშ ნივთიერებას.

კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი გველოდა წინ, როდესაც გავარკვიეთ, რომ რამდენიმე თვის წინ გაგარინის მოედანზე სწორედ ასეთი მილების სისტემა გამოვიდა მწყობრიდან და ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ, როგორც ამბობენ, კალაძეს გული ხელით ეჭირა. სასწაული მოხდა, მთელი მოედანი ჰაერში რომ არ აიტანა თავისი შენობა-ნაგებობებიანად. ამის შემდეგ იყო, რომ „ყაზტრანსგაზმა“ სპეციალისტებს მიმართა. ძალიან შეშინებულები იყვნენ, ამიტომაც ექსპერტების გაკიცხვებს (იქ კი სწორედ ასეთ საუბარი წავიდა) გატრუნულები უგდებდნენ ყურს. არადა, სასაუბრო ბევრი ჰქონდათ. „მთავარმა ინჟინერმა მითხრა, ჩვენ დილეტანტები ვიყავითო!“ _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ამ შეხვედრის  მონაწილე ერთ-ერთმა ექსპერტმა. არადა, მათ დილეტანტობის უფლება არ აქვთ. ანდა, დილეტანტობა რა შუაშია, როდესაც 18-თვიან საგარანტიო ვადაზე 15-მილიონიანი სატენდერო ხარჯვაა დაფიქსირებული?!

სწორედ ამ შეხვედრამ ჩააგდო სპეციალისტები შოკში. მთელი თბილისი (საქართველოს სხვა ქალაქებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ისეთი მილებით არის დაქსელილი, რომელიც დღეს თუ არა, ხვალ (რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მკითხველი რომ დავინდოთ და  ნაკლებ სკანდალურად ჟღერდეს) გამოვა მწყობირდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირი გაჟონავს.

 

„ქრონიკა+“-ს ამ საკითხზე ესაუბრება ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, გია ბურჯანაძე:

_ თურქეთიდან შემოტანილი მრავალჯერადი გადამუშავების პოლიეთილენის მილები, ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, საშიში იყოს?

_ რა თქმა უნდა, საშიშია! ამ შემთხვევაში მილი, შესაძლოა, გასკდეს და ბუნებრივმა აირმა გაჟონოს. ამ დროს მთელი სისტემა შეიძლება აფეთქდეს.

_ ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ სხვადასხვა მარკის პოლიეთილენისგან დამზადებული ტარის გადამუშავების შედეგად მიღებულ ე. წ. გრანულზე, რომლისგანაც მილები მზადდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მარტო თბილისის 70-75% ასეთი გაყვანილობებით არის დაქსელილი. 

_ კონკრეტულ მაგალითსაც გეტყვით: „ყაზტრანსგაზს“ გაგარინის მოედნიდან დაწყებული, მთელ საბურთალოზე, თურქული მილები აქვს ჩაყრილი, რომელმაც მალევე გაჟონა. ეს მოხდა სამი თვის წინათ. დღესდღეობით უკვე ყველა მილის ამოღებას და ახალი მილების ჩადებას აპირებენ, ეს კი სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, ვინაიდან, თავის დროზე, კომპანია ტენდერში გამარჯვების შედეგად შეირჩა. მე პირადად დიდი ხანია, მათ ქალაქის უბნებში ხარისხიანი მილების განთავსებაზე ვეკამათები. როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში აფუსფუსდებიან ხოლმე და შემდეგ, არჩევნები რომ მორჩება, ანალოგიური ვითარებაა.

_ ე. ი. გაგარინის მოედანზე გაჟონვა რომ არ მომხდარიყო, ეს უხარისხო მილები დღესაც ექსპლუატაციაში იქნებოდა? არადა, როგორც თქვენ აცხადებთ, ქალაქის უმეტესი ნაწილი ამ პროდუქციით არის დაქსელილი!

_ საქმე ის გახლავთ, რომ ყოველ ნაწარმს თავისი საგარანტიო პერიოდი აქვს. 15 მილიონი გადაიხადეს უვარგის პროდუქციაში. ეს თანხა თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან გაღებული თანხაა. ყოველ წელს ცვლიან მილებს, როდესაც ანალოგიური წარმოების ქართულ პროდუქციას 50-55 წელი აქვს ექსპლუატაციის პერიოდი. ჩადე ერთხელ და დაისვენე!

_ რატომ მარტო თურქეთი?

_ მაქედან შემოდის მხოლოდ. სომხეთი ძალიან მცირე პროცენტით.

 

„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ამ დარგის სპეციალისტი მოეძია. არადა, მისი მოძებნა გაგვიჭირდა. საბოლოო ჯამში, მაინც მოვახერხეთ.

ამირან ადეიშვილი, რომელსაც კონსულტაციებისთვის ხშირად მიმართავს სხვადასხვა უწყება: 

_ ბატონო ამირან, თქვენ ამ სფეროში 32 წელია, ხართ. პირველ რიგში მაინტერესებს, როდიდან გადაივსო ქართული ბაზარი ფალსიფიკატებით?

_ ამ ფალსიფიკატების გამო ისეთი აზრი მუსირებს, თითქოს  პოლიეთილენის მილები უვარგსია. ამ დროს, მეტალის მილთან შედარებით, უპირატესობები აქვს. პირველი: ექსპლუატაციის პერიოდი _ 50-დან 55 წელი.

_ იმას, რაც საქართველოში გამოიყენება, მაქსიმუმ, წელიწადნახევარი აქვს ექსპლუატაციის ვადა.

_ ასევე მეტალის მილისგან განსხვავებით, მას არ სჭირდება იზოლაცია, ვინაიდნა თვითონ არის იზოლატორი და დაცულია „მოხეტიალე დენების“ ზემოქმედებისგან. „მოხეტიალე დენი“ არის გარკვეული ტიპის ენერგია, რომელიც მიწაშია აკუმულირებული. სწორედ მათ გამო, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს მეტალის მილი მიწაში იზოლაციის გარეშე არასოდეს იდებოდა. აღნიშნული იზოლაცია კი ძალიან ძვირი ჯდებოდა, რაც პლასტმასის მილს არ სჭირდება. მრავალჯერ ჩავატარე ტრენინგი, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ფალსიფიცირებული მილების შემოტანამ საქართველოში და რა საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა.

_ ფაქტია, თურქეთიდან შემოტანილი ფალსიფიცირებული მილებით გავსებულია სარეალიზაციო ქსელი. რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი?

_ იცით, რა, თურქული რა შუაშია? თურქეთში ძალიან კარგი ქარხნებიც არის, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას ამზადებენ, მაგრამ ფასიც შესაბამისი აქვთ. იგივე ითქმის სომხეთზეც, მაგრამ ქართულ ტენდერებში გამარჯვებულებს არ უღირთ მათი პროდუქციის შემოტანა, ვინაიდან ტრანსპორტირების ხარჯები, განბაჟება და ა. შ. ფასებს არარეალურად ზრდის. მე აქ სხვა სეგმენტზე გესაუბრებით: საქართველოში თურქეთიდან და სომხეთიდან მეორადი გადამუშავების მილები შემოაქვთ, რომელთაც ვერ აკონტროლებენ. სწორედ ეს კომპანიები იმარჯვებენ  ტენდერების უმეტესობაში.

_ ტენდერის პირობებში რა წერია? წერია ის, რომ მილების საგარანტიო ვადა არის 18 თვე და ამ ვადის გასვლის შემდეგ მიწას გათხრიან და მილებს ამოიღებენ?

_ ტენდერის პირობებში მოცემულია, რომ პოლიეთილენის მილები უნდა იყოს დამზადებული უმაღლესი ხარისხის მასალით, კერძოდ, „PE-100“-ით ან „PE-80“-ით. მინდა გითხრათ, რომ შემოტანილი მილების სერტიფიკატებში წერია სწორედ ეს მაჩვენებელი, ანუ ის, რომ ისინი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალით. სინამდვილეში, ეს, უმეტეს შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

_ ე. ი. მომხმარებელს და სახელმწიფოს ატყუებენ! ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ დაუმტკიცდათ?!

_ თუ დაუმტკიცდათ, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ როგორ დაუმტკიცებენ? ამისთვის საჭიროა, ქვეყანაში იყოს მაღალი სტანდარტის მქონე ლაბორატორია, რომელიც ყველა კომპონენტზე შეამოწმებს მილებს. შესაბამისად, სხვა ქვეყნიდან შემოტანილ მილს ვერ შევამოწმებთ და ვერც უარს განვაცხადებთ მათი პროდუქციის ვარგისიანობაზე, თუ არ გვექნება საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული ლაბორატორია.

_ რა უშლის ხელს ასეთი ლაბორატორიის ჩამოტანას?

_ ეს კითხვა მე არ მეხება, მხოლოდ მაგალითები შემიძლია გითხრათ. აჭარაში რამდენიმე წლის წინათ ტენდერი ჩატარდა. გაიხსნა შედეგები და აღმოჩნდა, რომ გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის ღირებულება შეადგენდა  საერთაშორისო ბაზარზე არსებული პოლიეთილენის გრანულის (რისგანაც მილები მზადდება) ღირებულების მხოლოდ 80%-ს. დამაინტერესა პროდუქციის წარმომავლობამ და მონაწილეს ვკითხე, თუ საიდან ჩამოჰქონდათ აღნიშნული მასალა? პასუხად მივიღე, რომ წარმოება თურქეთში მიმდინარეობდა. თან ამ ღირებულებში შედიოდა ტრანსპორტირების ხარჯები, განბაჟება და, თავისთავად, კომპანიას მოგებაც ხომ უნდა დარჩენოდა? ტენდერის ჩატარების შემდეგ მონასტერიც აირია. მილები მალევე გამოვიდა მწყობრიდან.

_ ზოგადად, მაღალმთიანი რეგიონები პრობლემურია ამ მხრივ?

_ საქართველოში ყველა რეგიონი პრობლემურია. ვაკე ტერიტორია იშვიათად გვაქვს. ყოველ 10 მეტრ სიმაღლეზე იცვლება ატმოსფერული წნევა. ამგვარ ბუნებრივ პირობებში აუცილებელია ხარისხიანი მილების გამოყენება სტანდარტების მიხედვით. როდესაც ტენდერის პროექტს ადგენენ, წინასწარ ცნობილია, მილში რა წნევამ უნდა გაიაროს. მასალა უნდა იყოს გამოკვეთილი. „PE-100“, ან „PE-80“, რომელიც გამოიყენება სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის.  საქართველოში უკვე ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი ამასთან დაკავშირებით. ბევრ რაიონში დაიშალა მილები. თვითონ სოფლების მცხოვრებლებს უკვე წარმოდგენა დაეკარგათ პლასტიკურ მილებზე, ჰგონიათ, რომ ყველა ერთნაირია.

 

საკრებულოს თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ, თავის დროზე,  ფალსიფიცირებულ მილებთან დაკავშირებით ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, შემდეგ კი _ პროკურატურას. მისი განცხადებით, დღემდე ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ არის.

ტენდერებში, რომელსაც „ყაზტრანსგაზი“ აცხადებს, სწორედ ფალსიფიცირებული  მილების შემომტანები იმარჯვებენ. გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება, ქალაქი აფეთქების საშიშროების წინაშე დგება. „ქრონიკა+“-მა

აღნიშნულ უწყებას კითხვები გადაუგზავნა, პასუხებს კი ათი სამუშაო დღის განმავლობაში მივიღებთ.

ასე რომ, შემდეგ ნომერში: ტენდერში გამარჯვებული კომპანიები; ჰაერში გადაყრილი მილიონები; მეორადი მილებით დაქსელილი

ქუჩები, უბნები, ქალაქები…

 

                                                                                                             თამარ როსტიაშვილი

 

 

გაგრძელება მომდევნო ნომერში