პირადი ცხოვრების ფირები ინტერნეტში გიორგი გაბედავამ ატვირთა?!

bt6

საქართველოს მეთერთმეტე და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ისტორიაში „ჰაკიმ ფაშას“ ფსევდონიმით შევა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების დროს ინტერნეტსივრცეში სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალა გამოჩნდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს ,,ოცნების” ხელისუფლების ახალი ხელწერა იყო.

2013 წელს ასევე პირველად გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების დროს გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები არა მხოლოდ ძალოვანი უწყების, არამედ კერძო პირების ხელში აღმოჩნდა და ტელეფონიდან ტელეფონში დაიწყო მოგზაურობა.

მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პირობა დადო, რომ ადამიანების პირადი ცხოვრება დაცული იქნებოდა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სპეციალური კომისიაც შექმნა. კომისიამ საჯაროდ გაანადგურა ყველა ის ფირი, რომელიც იმ მომენტისთვის არსებობდა. და ეს სკანდალიც დროებით ჩაცხრა.

2015 წლის 23 დეკემბერს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს, დაურეკა და კატეგორიულად მოსთხოვა, _ მოქმედმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განცხადება დაწეროს და სახლში წავიდესო. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს იყო სრული შოკი, რადგან წინა დღეებში მთავრობის საქმიანობის სამი წლის შედეგების პრეზენტაცია ზარზეიმით მოაწყო და საახალწლო მილოცვებიც კი წინასწარ ჰქონდა დაბეჭდილი.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მოქმედი პრემიერი ყოფილთან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას. სწორედ ამ მიზეზით დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო ღარიბაშვილის ბრიფინგი. საბოლოოდ, გადადგომის განცხადება მან დღის ბოლოს მხოლოდ კამერებთან და ჟურნალისტების გარეშე გააკეთა. მადლობაც საკუთარ მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს გადაუხადა და არა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ის პოლიტიკაში მოიყვანა.

ღარიბაშვილის გადადგომის კომენტირებისას ბიძინა ივანიშვილმა ერთი საინტერესო ფრაზა თქვა, _ ირაკლის აქვს სათანადო რესურსი და მას შეუძლია შექმნას პოლიტიკური პარტია. აქვე მან დააზუსტა, რომ ყოფილი პრემიერის კანდიდატურა არც ეროვნული ბანკის მმართველის, არც რომელიმე სხვა თანამდებობაზე აღარ განიხილებოდა.

როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ივანიშვილმა იცოდა ის, რაც არ ვიცოდით ჩვენ _ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი გავლენების გაფართოებისთვის ემზადებოდა. პრემიერის გადადგომიდან ერთ კვირაში, 29 დეკემბერს „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია დაიგეგმა. რედაქციაში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით მოქალაქე გელა ღურწკაია მოვიდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჩვენს ოფისთან იგი საკუთარი ავტომანქანით ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვასთან დაკავშირებულმა პირმა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ მოიყვანა. ჩვენ პირადი ფირი არ დავიტოვეთ და პროკურატურას მივმართეთ. 2016 წლის 3 თებერვალს გელა ღურწკაია დააკავეს.

ე. წ. კახელების კლანის შურისძიების გეგმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით დაიწყო. „ქრონიკა+“ ამ დეტალებზე უკვე წერდა, 2016 წლის მარტში კი ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები გამოჩნდა. დღეის მდგომარეობით გამოქვეყნებულია სულ ოთხი ფირი და დაანონსებულია კიდევ რამდენიმე ფირის გამოქვეყნება.

ვის მიუწვდებოდა ხელი პირადი ცხოვრების ფირებზე, რომელზედაც გვითხრეს, რომ განადგურდა და რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, დაცული უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროში?

გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, ლევან ჩიტაძის ოფისიდან აიტვირთა. ფირის არსებობისა და გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას წინასწარ რამდენიმე პირი, მათ შორის, მაშინდელი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კურსელი, შოთა აფხაიძე და მისი ძმა, გიორგი აფხაიძე ავრცელებდა. ისინი მათ გარშემო მყოფ ადამიანებს აფრთხილებდნენ, რომ გიორგი ფარესიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელიდან წაეშალათ. ცხადია, არც ერთი მათგანი ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხული არ არის.

რაც შეეხება 2016 წლის მარტში გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ფირებს, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და თბილისში რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი გაიჩხრიკა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჩხრეკისას ამოღებულ რამდენიმე კომპიუტერში გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი სხვა პირადი ფირებიც იპოვეს, რომელიც არც ერთი ლოგიკით, თუ მათ სპეციალურად არ გადასცემდა ვინმე, კერძო პირების ხელში არ უნდა აღმოჩენილიყო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ექსპრემიერის სიმამრთან კოჰაბიტირებული ყოფილი „კუდის“ თანამშრომლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია არაერთი პირადი და სხვა სახის ფირი.

პირველი ფირის შემთხვევაში სპეცსამსახურს ატვირთვის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. კულუარებში ამბობენ, რომ ეს შეიძლება პირადი შურისძიების ნაწილიც კი იყოს. მეორე ფირი, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკოს ქალს ეხებოდა და რომლის სახეც, ამჯერად, დაფარული იყო, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მოსკოვის ერთ-ერთი დაწესებულების IP მისამართიდან აიტვირთა, ხოლო ბოლო ორი ფირის ატვირთვის ადგილად ასევე რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი დაფიქსირდა. კულუარული ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია ქართველებს ამერიკელმა კოლეგებმაც დაუდასტურეს.

რაც შეეხება ამტვირთავ პირს, „ქრონიკა+“-ის წყარო დაბეჯითებით აცხადებს, რომ გამოძიება უკვე დიდი ხანია, სწორედ გიორგი გაბედავას პიროვნებაზე მუშაობს და ეს თითქმის დადასტურებულია.

გიორგი გაბედავა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული იყო და მან საპყრობილე 1013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ის მუდმივად იყო ასოცირებული რუსულ ძალებთან. გავრცელებული ინფორმაციით, გაბედავას მამა მოსკოვში ფსბ-ს სტაჟიანი თანამშრომელია, ასოცირებული იყო ასევე დესტრუქციასთან. გიორგი გაბედავა მუდმივად ამბობდა, რომ მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მეგობარია და ყველაზე ხშირად, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებდა. 2014 წელს მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დიღმის მაჟორიტარად იყარა კენჭი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას დაფინანსება ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სუსი-დან გამოუყვეს. გიორგი გაბედავამ დიღომში არჩევნები წააგო, იმავე წლის ზაფხულს კი ძალოვანი უწყების მხრიდან ზეწოლებზე ალაპარაკდა და საქართველო დატოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაბედავაზე რეალურად არანაირი ზეწოლები არ განხორციელებულა, უბრალოდ, გაირკვა, რომ მან სუს-ის დაფინანსება არჩევნებს არ მოახმარა და ძალოვნები სწორედ თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ.

„ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ ლიდერი 2016 წელს მთავარმა პროკურატურამ დაკითხა. როგორც თავად აცხადებდა, იმ მოტივით, რომ მას, ისევე როგორც სხვებს, პირადი ცხოვრების ფირი სოციალურ ქსელში, ე. წ. ჩატში მიუვიდა. ეს გაბედავას დაკითხვის ერთადერთი გახმაურებული ფაქტია. როგორც გაირკვა, ის მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაკითხეს და ასევე იგეგმება მისი ხელახალი დაკითხვა. თავისთავად ეს ფაქტი უკვე იმას ნიშნავს, რომ საქმე სოციალურ ქსელში გაგზავნილ ვიდეომასალას არ ეხება, რომელიც, შესაძლოა, მან სწორედ ალიბისთვის გაუგზავნა საკუთარ თავს.

როგორ გავიდა სპეცსამსახური გიორგი გაბედავას კვალზე?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ მოსკოვში მყოფი გაბედავა მის მეგობარ გოგონას „ვიბერით“ დაუკავშირდა და უთხრა, _ ამ დღეებში ინტერნეტში პირადი ფირები გავრცელდება, არც ერთი მათგანი არ ნახო და არც კომპიუტერში ჩამოტვირთო, დანარჩენს საქართველოში ჩამოსვლის მერე აგიხსნიო. სწორედ ეს ზარი გახდა გაბედავას კვალზე გასვლის რეალური მიზეზი („ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ასევე დაკითხულია გიორგი გაბედავას მეგობარი გოგონაც. ჩვენ მისი ვინაობა ვიცით, მაგრამ, გარკვეული ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ ვასაჯაროებთ). დაკითხვის მერე გიორგი გაბედავა თბილისიდან წავიდა. სწორედ აეროპორტში გაჟონა პირველად ინფორმაციამ, რომ მის კვალს ოპერატიული მუშაკები ეძებდნენ. სუს-ში ერთმანეთისკენ იშვერდნენ ხელს და დიდხანს არკვევდნენ, ვინ იყო დამნაშავე გიორგი გაბედავას კვალის დაკარგვაში. მეორედ აეროპორტში სპეცსამსახურის თანამშრომლები მაშინ გამოჩნდნენ, როცა, არსებული ინფორმაციით, გაბედავა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდა. ფაქტია ერთი რამ: დღევანდელი სპეცსამსახურის არაპროფესიონალიზმი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, იოსებ გოგაშვილის (მეტსახელად „ანტრიკოდა“) პირდაპირპროპორციულია. რამდენად მოახერხებენ გიორგი გაბედავას წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებების შეგროვებას და ბრალის წარდგენას, ეს ცალკე თემაა, მაგრამ „ქრონიკა+“-ს მისი წყარო ეუბნება, რომ დღეის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ზუსტადაა დადგენილი ის ადგილი, საიდანაც გიორგი გაბედავამ ბოლო ორი ფირი ინტერნეტსივრცეში ატვირთა. ითანამშრომლებენ თუ არა რუსი ძალოვნები ქართველ სამართალდამცველებთან, ამ ეტაპზე ამის პროგნოზირება ძნელია.

რატომ დაბრუნდა გიორგი გაბედავა საქართველოში?

„ქრონიკა+“ წერდა, რომ ე. წ. კახელების კლანის შეთქმულების ბოლო აკორდი 17 მაისი და პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ლგბტ თემის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას გიორგი გაბედავას, ლადო სადღობელაშვილის, ე. წ. არქიმანდრიტ ანთიმოზის მიერ ორგანიზებული ხალხის მასა უნდა დაუპირისპირდეს, რაც გარდაუვალ შეტაკებას და ცემა-ტყეპას ნიშნავს. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ 17 მაისს სწორედ გიორგი გაბედავა იყო ფილარმონიიდან დაწყებული კონტრაქციის ორგანიზატორი, რომელიც დღის ბოლოს უმართავ პროცესებში გადაიზარდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის შეტანილი სარჩელი განუხილველი დარჩა, ამდენად მას რაიმე დიდი აურზაური არ გამოუწვევია, გარდა იმისა, რომ დიასპორის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ, თანამდებობა დაკარგა. არც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნებას მოჰყოლია საყოველთაო სახალხო აღშფოთება. წინ 17 მაისია, ქვეყნის არევის გეგმის ბოლო აკორდი. რამდენად მოახერხებს ჩვენი სახელმწიფო რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის თავიდან აცილებას, ეს სწორედ 17 მაისს გამოჩნდება.

 

                                                                                                                           ელისო კილაძე