საარჩევნო დაპირისპირება სამეგრელოში – ,,ოცნება” და ,,ნაცმოძრაობა” კანდიდატებს ვერ არჩევს?!

t6

„ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, სამეგრელოში მოსახლეობის გამოცოცხლებას და მათ დარაზმვას ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს. ძალაუნებურად ენმ-ს რეჟიმში, ანუ მხილების რეჟიმში გადასული ადგილობრივები ზუგდიდში, სენაკში, ფოთსა თუ წალენჯიხაში მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, როგორ უნდა დაამთავრონ ეს ხელისუფლება ოქტომბერში.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რამდენიმე დაპირებული პროექტი „ოცნების“ ხელისუფლებამ მართლაც დაიწყო, ან დაასრულა კიდეც. დასრულებულთა შორის ზუგდიდში შიდასაქალაქო გზები შეიძლება აღინიშნოს, თუმცა ამ ერთი გაკეთებული საქმით ბაქიბუქი იმდენად მომაბეზრებელი გახდა და ამ არგუმენტის ყველა დებატის დროს მოშველიება, რომ მოსახლეობას ესეც ყელში ამოუვიდა.

ასევე ყელშია ამოსული სტადიონის მშენებლობის დაწყებით მანიპულირება, რასაც ხელისუფლებით უკმაყოფილოები იმას უპირისპირებენ, რომ თავის დროზე ამ სტადიონის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტენდერი ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულაც რუსულ კომპანიას მოაგებინა, მერე კი ტენდერის შედეგები გააუქმა, რადგან ხმაური მედიამ ატეხა.

სოციალურად გაჭირვებული ადგილობრივების მატების ფონზე ზუგდიდში ბოტანიკური ბაღისა და დადიანების სასახლეთა ეზოების გავერანებაზეც აუცილებლად დაიჩივლებენ. კაცმა რომ თქვას, ის, როგორც ახლა გამოიყურება დადიანების ეზო, ვერანაირ კრიტიკას უძლებს. თავის დროზე საქონლისგან იზოლირებული, კოპწიად მოვლილი უზარმაზარი ტერიტორია, ყვავილებითა და დეკორატიული მცენარეებით დამშვენებული, დიდი ხანია, სარეველას მომრავლებისა და საქონლის საბალახო ადგილად იქცა.

კეთილმოწყობის ადგილობრივი სამსახური იმასაც ვერ აკეთებს, რომ ტერიტორია სარეველა ბალახებისგან გაწმინდოს _ განაშენიანება-გამწვანებას და ყვავილებით მორთვას, აბა, ვინ ჩივის? სწორედ ამიტომ ამბობენ ზუგდიდლები, რომ დადიანების სასახლეს პატრონი არ ჰყავს: „მუზეუმების სამმართველო~ (ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაარსდა, _ ავტ.) _ ეს ახალი სტრუქტურა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და მუსიკალური სკოლის შენობაშია განთავსებული, დიდი ხანია, უსაქმურთა თავშეყრის სიმბოლოდ იქცა.

ცალკე თემაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, სადაც ღობეები საგანგებოდაა მოშლილი ისე, რომ იქ საქონელი კარგად შეეტიოს. დაუდევარი, უპასუხისმგებლო ადამიანები ხომ ყველგანაა და ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით, ავტოსადგურთან მცხოვრები მოსახლეობაც სწორედ ბოტანიკურ ბაღში უშვებს საქონელს. ადრე ამაზე აჯარიმებდნენ, ახლა კი თვალს ხუჭავენ, როგორც ამბობენ, ამ ბაღის ყიდვაც ბიძინა ივანიშვილს სურს და თუ ასეა, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებაში ლოგიკა არის _ ჯერ დაუდევარი მოსახლეობის ხარჯზე გავერანდება, მერე მოვა ბიძინა და იყიდის, ანუ ბოტანიკურ ბაღს „გადაარჩენს“… არადა, რა დიდი ამბით დააანონსეს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რა დიდი თანხა ჩადეს მასში… აბა, რეაბილიტაცია?

ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, სავარაუდოდ, ხელისუფლება მოსახლეობის გულის მოგებას ვერ მოახერხებს, რასაკვირველია, ადგილობრივები დიდი ინტერესით უყურებენ, რას მოიმოქმედებს სამეგრელოში ოპოზიცია.

უკვე ცნობილია ალასანიას ნაბიჯი, რომელსაც, ალბათ, ზუგდიდი გველის ნაკბენივით ახსოვს: იქ `თავისუფალი დემოკრატებმა” წარმოშობით ზუგდიდელ ირაკლი ჩიქოვანზე გააკეთეს აქცენტი. ჯერ უცნობია, რას იზამენ დაშლილი კოალიციის პარტიები _ მათი რესურსი სამეგრელოში ძალიან მწირია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენი ინფორმაციით, ისინი ზუგდიდში მაჟორიტარად მოქმედი გამგებლის, ედიშერ თოლორაიას წარდგენას აპირებენ.

კულუარული დაპირისპირება ამ არჩევანსაც ახლავს _ „ოცნების“ მომხრები ფიქრობენ, რომ ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბებულ თოლორაიას გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს. შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, თოლორაიას აქვს ის, რაც არ აქვთ სხვებს _ ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებული ფიგურაა, ერთი მდიდარი ნათესავის წყალობით…

რას დაუპირისპირებს ენმ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარად სავარაუდოდ დასახელებულ თოლორაიას? როგორც ამბობენ, „ნაციონალების“ რჩეული ამ კუთხით ლევან კონჯარია იქნება. კონჯარია საკრებულოს თავმჯდომარე იყო და მისი უფლებამოსილება 2012 წლის არჩევნების მერეც გაგრძელდა. იყო მისი გადაბირების მცდელობებიც, თავდასხმებიც _ მაგალითად, ენმ-ს ოფისზე თავდასხმის დროს ლევან კონჯარიას თავი გაუხეთქეს.

ასე რომ, კონჯარიაზე, სავარაუდოდ, ყველაფერი გარკვეულია. თუმცა ინტრიგა ენმ-ს შიგნით ამ კუთხითაც არის: მაჟორიტარობაზე პრეტენზია საკრებულოს წევრ ანი წითლიძესაც აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ის უკმაყოფილოა, რომ არც მაჟორიტარად ამწესებენ და არც სიაში მიუჩინეს გამსვლელი ადგილი, მაგრამ თბილისიდან შენიშვნა თუ რჩევაც მიუღია, _ ჯერ შენთვის ადრეა პარლამენტის წევრობაო. როცა წითლიძეს, მაგალითად, დაახლოებით მისივე ასაკის პარლამენტის წევრები მოუყვანია, თბილისიდან უპასუხიათ, ეს შეცდომა იყო და მის გამეორებას არ ვაპირებთო…

ცოტა გაუგებარი ისღა რჩება, რატომ თქვეს უარი ზუგდიდში მაჟორიტარად თენგო გუნავას წარდგენაზე? კი ბატონო, მან რაიონის გამგებლის არჩევნები წააგო, მაგრამ უზარმაზარ სახელმწიფო რესურსთან დაპირისპირებისა და ძალად მოწყობილი საპროტესტო აქციების ფონზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი თეატრალიზებული აქციების მოწყობა „ოცნებას“ უნდა გაუჭირდეს და თუ, მაინცდამაინც, მოინდომა, არც ლევან კონჯარიას წინააღმდეგ გაუჭირდება.

თუმცა, როგორც იტყვიან, ეს დეტალები პარტიაში უკეთ იციან _ სწორედ პოლიტსაბჭოს უნდა ედოს ხელი რეგიონების პულსზეც. როგორც ამბობენ, თენგიზ გუნავა ენმ-ს გამსვლელ სიაშია სამეგრელოს საარჩევნო შტაბის უფროს ლაშა დამენიასთან ერთად. ვნახოთ, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო…

 

                                                                                                                  ლაშა ბერულავა