განიავებული ხარჯები და ცრუ მოლოდინები

t2

ბიუჯეტი ქვეყნის სასიცოცხლო წყაროა და მისი სწორად გადანაწილება იმ ადამიანების პირდაპირი მოვალეობაა, რომლებსაც სახელმწიფოს ბედი აბარიათ. უკვე მეოთხე წელია, სამთავრობო ჯგუფი ბიუჯეტს ამტკიცებს და მაინც ისეთი სახით მტკიცდება, რომ ბევრი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი, შესაძლო არამიზნობრივი ხარჯი და გარდაუვალი შეცდომები კვლავ დღის წესრიგში დგას.

2016 წლის დასაწყისში მიმდინარე წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, თუმცა რამდენადაა იგი რეალურ პრობლემებზე გათვლილი და ეკონომიკური ზრდის მომტანი, პოპულიზმის შემცველი, სად უნდა ვეძებოთ ძირითადი პრობლემა?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი _ აკაკი ცომაია:

_ 2016 წელსაც სამი ძირითადი პრიორიტეტი იკვეთება: 1) ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; 2) რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა; 3) განათლება და მეცნიერება. აღნიშნული ასიგნებების მიხედვით, 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 19 სამინისტროდან იზრდება 14 სამინისტროს ბიუჯეტი. ამ თვალსაზრისით თვალში საცემია განათლების (იზრდება 135 მლნ ლარით), ჯანდაცვის (იზრდება 285 მლნ ლარით), ენერგეტიკის (იზრდება 21 მლნ ლარით) და სოფლის მეურნეობის (იზრდება 14 მლნ ლარით) სამინისტროების ბიუჯეტები, რომლებშიც საბიუჯეტო დაფინანსების ჯამური რაოდენობა იზრდება 345 მლნ ლარით. იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს დაგეგმილი ნომინალური მშპ შეადგენს 33.9 მილიარდ ლარს, ხოლო ინფლაციის დაგეგმილი მაჩვენებელი _ 4.5%-ს, 2015 წელთან შედარებით, რეალური ზრდა იგეგმება, დაახლოებით, 875 მლნ ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო შემოსავლების ნაწილში (მშპ-ს 23%) შეადგენს 180 მლნ ლარს. ე. ი. ცალკეული სამინისტროებისთვის გაზრდილი დაფინანსების 50% მოდის არასაგადასახადო შემოსავლებსა და მოზიდულ ფინანსურ რესურსებზე, რომელთა შორის იგულისხმება შიდა და საგარეო ვალიც.

2015 წელთან შედარებით, იგეგმება სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების შემცირება. წელს საშინაო ვალდებულებათა წმინდა ზრდა დაგეგმილია 200 მლნ ლარის ოდენობით. იზრდება შრომის ანაზღაურებაც 57 მლნ ლარით, რომელთა შორის 44.2 მლნ ლარი მოხმარდება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, რაც 2015 წლამდე ფინანსდებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისგან მიღებული სახსრებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა მცირდება და შეადგენს 600 მლნ ლარს, რადგან საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახე ჯამური 300 მლნ ლარის ოდენობით მიიმართება ადგილობრივი თვითმმართველთა ერთეულების ბიუჯეტებში.

_ მონეტარული პოლიტიკის მუშაობისა და ეროვნული ბანკისადმი ნდობის შემცირების შემდეგ რა მდგომარეობაა სახელმწიფოში?

_ ბიუჯეტის დაგეგმილი დეფიციტი არ უწყობს ხელს მოკლევადიან პერიოდში სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებას, რადგან ლარის 35%-იანი გაუფასურებისა და მაღალი დოლარიზაციის ფონზე, ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირედიც საკმარისია საზოგადოებაში უარყოფითი მოლოდინების გასამძაფრებლად. მას შემდეგ, რაც გაცვლით კურსზე საგარეო შოკის ეფექტი აისახა, ეროვნულმა ბანკმა მოლოდინების სამართავად სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც მიმართავს აღნიშნულ ქმედებას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მონეტარულ (ფულის მიწოდების პოლიტიკასთან დაკავშირებული) და ფისკალურ (გადასახადების დონე, სხელმწიფო ხარჯების სტრუქტურა, შიდა და სგარეო ვალის სიდიდე, ბიუჯეტის დეფიციტი და სხვ.) ინსტრუმენტებს ერთიანი მიმართულება ჰქონდეს და საზოგადოებაში გაცვლითი კურსის მიმართ პოზიტიური მოლოდინების ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უკიდურეს შემთხვევაში დაიგეგმოს დაბალანსებული, ხოლო სასურველია, რომ დაიგეგმოს პროფიციტული ბიუჯეტი. მართალია, წმინდა შიდა ვალის ზრდა 2015 წელთან შედარებით მცირდება, მაგრამ წელს იგი 200 მლნ ლარს შეადგენს.

თვალსაჩინოა, რომ გაზრდილი ვალდებულებები, ძირითადად, მოხმარდება:

•             გაზრდილი პენსიების დაფინანსებას;

•             გაზრდილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას;

•             სკოლის მასწავლებელთა ხელფასების ზრდას;

•             საარჩევნო წელთან დაკავშირებით საბიუჯეტო შრომის ანაზღაურების ზრდას;

•             სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას.

ფაქტობრივად, ეს ნიშნავს სამომხმარებლო ხარჯების ზრდას, რაც უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ გაცვლით კურსზე მოკლევადიან პერიოდში, არამედ ფასების საერთო დონეზეც. ეს კი თავისთავად უბიძგებს ეროვნულ ბანკს მონეტარული ჩარევისკენ, რაც მონეტარული განაკვეთის გაზრდის ალბათობას ზრდის და შემდგომ პერიოდში 5%-იანი ეკონომიკური ზრდის დაგეგმილ საშუალო მაჩვენებელს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

_ რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რამდენად რეალურია იგი და უნდა ველოდოთ თუ არა იმ მინიმალურ გაუმჯობესებას, რასაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას აანონსებდნენ?

_ „საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს სიღარიბე და მაღალი უმუშევრობა. დაგეგმილი 3%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მოგვარდება. 20 წლის შემდეგ ჩვენი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე გაუტოლდება ცხოვრების დონეს დღევანდელ აზერბაიჯანში, ხოლო რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში კონკურენტუნარიანობის ინდექსით, სიღარიბისა და სხვა მაჩვენებლებით ისევ იქ ვიქნებით, სადაც დღეს ვართ. მეტიც, თვალში საცემია საქართველოს ხელისუფლების მცდარი აღქმა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

წინა წლების მსგავსად 2016 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ხარჯვითი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო რესურსით ე. წ. ახალი საწარმოების შექმნისა და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას (1 მლრდ ლარამდე. ბიუჯეტის 9%). ამ მიმართულებით შეიქმნა სხვადასხვა ფონდი, შემდეგ დაიწყო მსჯელობა ამ ფონდების გაერთიანებისა და სახელმწიფო ბანკის შექმნასა და გერმანული KFჭ (გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკი) სახელმწიფო მოდელის კოპირებაზე (ფასიანი ქაღალდების გაყიდვა სახელმწიფო გარანტიით და გრძელვადიანი კრედიტების გაცემა საბაზროზე დაბალი სარგებლის განაკვეთით).

სამეწარმეო აზროვნება, პირველ რიგში, ნიშნავს ინოვაციის შექმნის შესაძლებლობას. ინოვაციის, ანუ პროდუქტის, რომელიც მსოფლიო საზოგადოების ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. თავისთავად, ბიუჯეტიდან მილიონების დარიგება ზრდის კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, რადგან ასე სამეწარმეო აზროვნება არ ყალიბდება. ხელისუფლება ვერასოდეს გახდება ბიზნესზე ორიენტირებული კორპორაცია და ეს თანამედროვე ეკონომიკურ თეორიებს ეწინააღმდეგება. ამდენად, სახელმწიფოს გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების, „უფასო ფულისა“ თუ სუბსიდიების მთავარი პრობლემა ის არის, თუ რამდენად შესწევს ხელისუფლებას სამეწარმეო აზროვნების მქონე ადამიანების გამოვლენის უნარი. ამ დროს ეკონომიკური გარიგებების რაოდენობა საზოგადოებრივი მწარმოებლურობის შემცირების ხარჯზე იზრდება, რადგან უხეში ჩარევა ხდება თავისუფალ ბაზარზე. კონკრეტულ სექტორში რესურსები ნაწილდება არა საბაზრო ფასის მიხედვით და მაშასადამე, არა რაციონალურად, არამედ მთავრობის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით. როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სესხის აღება არ მოითხოვს ბაზრის კანონებით დადგენილი „მსხვერპლის“ გაღებას, კრედიტის მიღების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, რაც ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის. თუმცა ამ მოთხოვნაში შეუძლებელი გახდება იმის გარჩევა, თუ ვინ ახერხებს მომავალი შემოსავლების შესახებ ზუსტი პროგნოზების გაკეთებას. ამდენად იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც ამ კრედიტით მომგებიანი პროექტების შექმნას ახერხებს, მცირდება, ხოლო იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც არ იცის კრედიტის გამოყენება და ვინც, უბრალოდ, „გაანიავებს“ მას _ იზრდება.

მცირე ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს არა სახელისუფლებო კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდა, არამედ ადამიანებში სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბება, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რამდენად აქვს ადამიანს დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის ისეთი სპეციფიკური მეთოდების/საკითხების, რომელთა ძირითადი ნაწილიც ასახავს კვლევაზე დაფუძნებულ უახლეს ცოდნას და ა. შ.

_ გამოსავალი?

_ ამ პრობლემიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია _ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელშიც იგულისხმება:

•             მცირე საგადასახადო ტვირთი და რეგულაციები;

•             ნაკლები ინტერვენციები კერძო პირთა ეკონომიკურ გარიგებებში;

•             გარანტირებული კერძო საკუთრების უფლება;

•             მოწესრიგებული კრიმინოგენური მდგომარეობა;

•             სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სექტორის მონოპოლიზაციის მცდელობების გამორიცხვა;

•             კონკრეტული ბიზნესებისთვის პრივილეგიების მინიჭების სანაცვლოდ პოლიტიკური გარიგებების აღმოფხვრა;

•             ნულოვანი კორუფცია;

•             სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმა გავლენიანი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების მეგობრებისა და ნათესავების დასაქმების მიზნით;

•             კანონის უზენაესობა;

•             სახელმწიფო აპარატის ხარჯების შეკვეცა და მთლიანი ძალისხმევის მიმართვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა ნაკლებ მტკივნეულია, რადგან მთავრობები, გარკვეულწილად, შემოსავლის გადანაწილებას ახერხებენ, რადგან საზოგადოებამ ათეული წლების განმავლობაში არსებული სიმდიდრის დაგროვება მოახერხა. საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცხოვრების დონით ამ ქვეყნებს. მთავრობა ვერ შეძლებს ვერც უფასო განათლებისა და ვერც უფასო ჯანდაცვის მიწოდებას, რადგან ამას სხვა სიდიდის შემოსავალი სჭირდება. ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება და ის მცირედიც გაქრება, რაც, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია. ერთადერთი გამოსავალი კვლავ ეკონომიკურ ზრდაშია, რისი მიღწევაც მხოლოდ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება. ორივეს ერთად შეთავსება და ერთმანეთთან დაბალანსება იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ვერც შემოსავალს გაზრდის და ვერც უფასოდ მიიღებს საზოგადოებრივ მომსახურებას. ამ თვალსაზრისით საქართველოს ბიუჯეტი არ არის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული.

2016 წლის ბიუჯეტით იკვეთება, რომ ხელისუფლება სახელმწიფო რესურსების გამოყენებით სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობს. ბევრ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებს, ილუზია უჩნდება, რომ საბიუჯეტო შემოსავლებს, რომელიც მილიონობით აშშ დოლარს შეადგენს, ისე გადაანაწილებს, რომ ბიზნესი განვითარდება და სიღარიბის პრობლემასაც ეშველება. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ილუზიაა, კეთილი სურვილები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს უფრო მეტად ეკონომიკური რეცესიის წარმოქმნას, ვიდრე ეკონომიკურ ზრდას.

_ რა ხდება ბოლო 3 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით?

_ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე არანაირ ეკონომიკურ ზრდა არ ხდება. ხოლო რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო წელს პოპულისტურ გათვლებს, 29 მილიონის ხარჯი კონცერტების დასაფინანსებლად ამის ერთ-ერთი სიგნალია. თუმცა, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, რამე სხვა ტიპის პოპულისტურ გათვლებს ვერ ვხედავ.

_ რაც შეეხება მთავრობის ძირითად შეცდომებს და განიავებულ ხარჯებს ბიუჯეტთან მიმართებით?

_ რეგულაციები: სავიზო რეგულაციები, მიწის კანონი, შრომის კოდექსი _ ცალსახად, უარყოფითად აისახა. აქედან სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული შეცდომა უკვე აღიარა მთავრობამ.

სოფლის მეურნეობაში და სხვა დარგებში განხორციელებული სუბსიდიები და გაცემული შეღავათიანი კრედიტები _ განიავებული ხარჯებია, საიდანაც შედეგი არ ჩანს და, სავარაუდოდ, არც სამომავლოდ იქნება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა _ არამიზნობრივია და დიდი რაოდენობით რესურსი ნიავდება. ამ პროგრამით ბევრი ისეთი სარგებლობს, რომელსაც სახელმწიფო დახმარება არ სჭირდება.

ბიუროკრატიული ხარჯები, _ მიღწეულ შედეგებთან მიმართებით არაპროპორციულად არის გაზრდილი. ასევე, დამატებით შეიქმნა ბევრი სიპ-ი და სააგენტო, რომელიც რესურსების განიავების მეტს არაფერს აკეთებს.

სჯობდა, ყველა ეს რესურსი კერძო სექტორში დარჩენილიყო და ბაზარს გადაენაწილებინა. ეს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედებდა.

რაც შეეხება ელენერგიას, ენერგეტიკის სექტორში ლარის გაუფასურების შედეგად ელენერგია გაძვირდა, თუმცა ეს ფაქტი ტარიფებში სრულყოფილად არ აისახა და მთავრობამ სუბსიდირებული პოლიტიკის წარმოება არჩია, რის გამოც ამ სექტორმა ინვესტიციების მიმზიდველობა დაკარგა მაშინ, როდესაც ბოლო წლებში, ამ მიმართულებით, დიდი ეკონომიკური აქტიურობა შეინიშნებოდა და დარგის სწრაფი განვითარების ტენდენციები სახეზე იყო. ბუნებრივია, ამან უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკურ ზრდაზე.

_ უფრო კონკრეტულად?

_ ფაქტობრივად, განიავებული საბიუჯეტო ხარჯებია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე გასაწევი 800 მლნ ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად _ 174,0 მლნ ლარამდე; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის _ 94,4 მლნ ლარზე მეტი; შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის _ 50 მლნ ლარი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები _ 25 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები _ 7 მლნ ლარზე მეტი; აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები _ 10 მლნ ლარი. აწარმოე საქართველოს ფარგლებში _ 20 მლნ ლარი.

გარდა ამისა, შესაძლებელია მთელი რიგი სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების რეორგანიზაციის ხარჯზე (მაგ., ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროები) ჯამურად 2 მილიარდამდე ლარის არაეფექტიანი ხარჯის გამოთავისუფლება, რომელიც მოგვცემს საგადასახადო წნეხის კიდევ უფრო მეტად შემცირებისა (20%-მდე) და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების საშუალებას.

შედეგად, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს არა ეკონომიკური ზრდა, არამედ სოციალური დაცვა, გამოთავისუფლებული რესურსებით შესაძლებელია საპენსიო უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გაზრდა, რომლის სოციალური შედეგიც თვალში საცემია, ვიდრე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, სუბსიდიები, მცირე ბიზნესის განვითარების ე. წ. ხელშემწყობი პროგრამები და მთელი რიგი სამინისტროების დაუსაბუთებელი ხარჯები (მაგ., გაცემული პრემიების რაოდენობა და მათი კავშირი შექმნილ პროდუქტთან), რომელთა ეფექტიანობის შეფასება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ხოლო მასზე გამოყენებული რესურსი კი _ განიავებული.

 

                                                                                                                              ნინო ტაბაღუა