გია არდაზიშვილი სუსმა ჩრდილოკავკასიელ ტყვეში გაცვალა?!

v5

გია _ იგივე გეგა არდაზიშვილი, საზოგადოებისთვის გივი თარგამაძის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. ქართული მედია მის შესახებ მცირე ინფორმაციას გვაწვდის.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების შესახებ დახურულ ინფორმაციებზე არდაზიშვილს წვდომა ჰქონდა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო არდაზიშვილისთვის, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ფასდაუდებელია.

„გია არდაზიშვილი სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა“, _ ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არდაზიშვილს სამსახურიდან რაიმე სახის ინფორმაცია არ გაუტანია.

„საუბარი იყო, რომ ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველო დატოვა და საიდუმლო ინფორმაციები სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან გადაიტანა. ის იყო რიგითი თანამშრომელი, რომელიც ღია წყაროებზე მუშაობდა, მას არანაირი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციებზე.

განცხადებები გაკეთდა მათი მხრიდან, თითქოსდა არა ჩვენ, არამედ მათმა სპეცსამსახურებმა სცემეს, დააკავეს, გაკოჭეს და საზღვრის აქეთ გადმოაგდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი გადავიდეს, გადაიტანოს ღირებული ინფორმაცია, მათ კი სცემონ, გაკოჭონ, თვალები აუხვიონ, ხელები დაუბან და უკან გადმოაგდონ, მგონი, ლოგიკაში არ ჯდება“, _ განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად გია არდაზიშვილი გასული წლის აგვისტოში დააკავა.

არდაზიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზეა დაკავებული.

კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, ასევე _ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რომ არა არადაზიშვილის ალბათ ბავშვობის ოცნება, ის არც სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში მოხვდებოდა სამუშაოდ და ფინალში არც საზოგადოება გაიცნობდა.

 

„ქრონიკა+“ არდაზიშვილის ცხოვრების უცნობი დეტალების შესახებ…

ახლობლები მას გეგას ეძახიან. დაიბადა გურჯაანში. მისი პაპა, გიორგი არდაზიშვილი, XX საუკუნის საბჭოთა პერიოდში „კაგებეს“ თანამშრომელი იყო. სწავლობდა ი. გოგებაშვილის თელავის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი იყო „ჯიპას“ კურსდამთავრებული. პროფესიით სოციოლოგი და ისტორიკოსია. 2011 წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მრჩევლის, ავთანდილ ფანგანის რეკომენდაციით მოწვეული იყო სოციოლოგიისა და საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში სამუშაოდ. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ იგი გადადის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ინსპექტორად. როგორც მისი ახლო ნათესავი „ქრონიკა+“-თან ყვება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არდაზიშვილის რეკომენდატორი ამავე სამსახურის პოლკოვნიკი, პაატა ბატიაშვილი იყო. არდაზიშვილის გახმაურებული საქმის შემდეგ ბატიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მალევე მან ფონდ `ქართუს~ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაიწყო მუშაობა…

 

ახლა კი ინტერვიუ პირთან, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვა:

_ გეგას მთავარი შეცდომა სუს-ში მუშაობის დაწყება იყო, მაგრამ მას ისე ძალიან უნდოდა უშიშროებაში მუშაობა, რომ ვერავინ გადააფიქრებინებდა. ის კარგი მკვლევარი სოციოლოგი და ისტორიკოსია. არაჩვეულებრივად ფლობს სოციოლოგიურ მეცნიერებას, შეუძლია შესანიშნავი კვლევების გაკეთება. XX საუკუნის ისტორია ზედმიწევნით იცის. არა როგორც სოციოლოგიური მკვლევარი, არამედ როგორც ძალიან კარგი ისტორიკოსი, სამწუხაროდ, აი, ასეთი ფორმით დავკარგეთ.

_ რა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მან სუს-ში დაიწყო მუშაობა?

_ ასე დეტალურად არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ მისი პაპა ჩვენი ძალოვანი იყო, საბჭოთა „ჩეკას“ თანამშრომელი. გეგა მუდამ ამაყობდა მისით. ალბათ, ეს იყო ერთი მიზეზი. მეორე, _ იგი არასდროს მალავდა, რომ უშიშროებაში მუშაობა უნდოდა. თელავის უნივერსიტეტიდან პაატა ბატიაშვილი გაიცნო. მაშინ პაატა სუს-ში მუშაობდა. რეკომენდაციაც გაუწია, მაგრამ რად გინდა? _ თავისი თავიც დაღუპა გეგამ და რეკომენდატორი ვინც იყო, ისიც სამსახურიდან წამოვიდა.

_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოხდა სინამდვილეში?

_ გეგა ჩვეულებრივ მუშაობდა, 15 ივნისის მერე მასთან კონტაქტი გაწყდა, აღარც ოჯახის წევრებს, აღარც მეგობრებს არ უკავშირდებოდა. დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ კონტრდაზვერვამ იგი დააკავა. თუმცა როგორც გეგა ამბობს, ის ნასვამი იყო და რატომ გადავიდა საზღვრის იქით, არ იცის. არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომ იგი არათუ იარაღის მუქარით გადავიდა, არამედ ჩვეულებრივ დაელაპარაკა მესაზღვრეებს და მათ უპრობლემოდ გაუშვეს. გეგასგან ცნობილი ის არის, რომ იგი დააკავეს იქით და მისთვის უცნობი ორი, ან მეტი ადგილი გამოუცვალეს. ჩვენთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე სცემეს, აქვს უამრავი დაზიანება, გატეხილი აქვს ნეკნებიც კი.

_ ნასვამი იყო, _ ეს არგუმენტია?

_ არ ვიცი, ის ასე ყვება და მე მეტის თქმა ხომ არ შემიძლია?

_ უყვარდა ალკოჰოლი?

_ უყვარდა, როგორც ყველა ჩვენგანს.

_ ამბობენ, რომ არდაზიშვილი შემდეგ აქეთ გადმოაგდეს და ჩვენმა მესაზღვრეება იპოვეს.

_ არა, მასე არ ყოფილა, გეგა, იგივე გია არდაზიშვილი, ჩრდილოკავკასიელში გაცვალეს ჩვენებმა. არავის გადმოუგდია ასე უანგაროდ. „სამხრეთ ოსეთმა“ მოითხოვა ვიღაც ტყვე.

_ იცით იმ ტყვის ვინაობა?

_ სამწუხაროდ, ჩემთვის ეს უცნობია.

_ და მერე ტყვე რომ მოითხოვეს?

_ ჩვენები ოსებს მოელაპარაკნენ და ადამიანების გაცვლა მოხდა.

_ დღეს არდაზიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს არა ჯაშუშობისთვის, არამედ შედარებით მსუბუქი დანაშაულებისთვის

_ არდაზიშვილი არ არის არც ჯაშუში და არც ქვეყნის მოღალატე!

_ მაშ, რით ხსნით გეგას საზღვრის გადაკვეთას?

_ არ მაქვს პასუხი, მაგრამ მჯერა, რომ ოდესმე გეგა იტყვის, რაც მოხდა.

_ მაინც, რა უნდა მომხდარიყო?

_ მე უფრო მჯერა, რომ გეგა რაღაც გარემოების მსხვერპლი გახდა. ფაქტი ერთია, ვიღაცას უნდოდა ასეთი მსხვერპლი და ეს გეგა აღმოჩნდა.

_ გგონიათ, რომ გეგა მსხვერპლია?

_ გეგას ცოლ-შვილი, მშობლები ჰყავს საქართველოში, ის შეგნებულად, საკუთარი სურვილით ან ინიციატივით აქედან არანაირ ინფორმაციას არ გაიტანდა. ისიც ამბობს, რომ მას ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა.

_ სამაგიეროდ, სუს-ი არ ამბობს, რომ ის ტყვეში გაცვალა.

_ ხო, ეს საინტერესოა, რატომ მალავენ?

_ სუს-ი არც იმას ამბობს, რომ ის ნაცემი იყო…

_ ვნახოთ, მე ვიცი, რომ დადგება დრო და არდაზიშვილი მოყვება, რა მოხდა სინამდვილეში…

_ მის სასამართლოებს ესწრებით?

_ მისი სასამართლო საჯაროა და ღია, მას გრიფით საიდუმლო არ ადევს და, შესაბამისად, თუ დრო მექნება, დავესწრები…

_ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მაინც გაურკვეველი და ამოუხსნელია, რატომ უნდა დაეტოვებინა ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელს ასეთი ფორმით ჩვენი საზღვრები?

_ ბუნებრივია, ეს კითხვა არის, მაგრამ გეგას თქმით მას არ ახსოვს არაფერი, ნასვამი იყო. ვიდეოკადრებში არ ჩანს, რომ მას იარაღი აქვს და აიძულებს, რომ გაუშვან. რაღაც პერიოდი მას „სამხრეთ ოსეთისკენ“ ამნეზიაც კი დაეწყო… რთული საქმეა…

_ მაინც, ახლობლები რას უკავშირებთ მისი ასეთი ფორმით ერთთვიან გაუჩინარებას?

_ აღვნიშნე: ვიღაცას სჭირდებოდა ასეთი მსხვერპლი და, სამწუხაროდ, გეგა დაღუპეს. ვის სჭირდებოდა, არ ვიცი, მე ხომ გამომძიებელი არ ვარ? მაგრამ ფაქტი ერთია: ადამიანს ჰქონდა ყველაფერი _ სამსახური, ოჯახი, სახლი, მშობლები და მას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, რომ ეს გაეკეთებინა…

_ და არც ინფორმაციები გაუტანია?

_ არ შემიძლია დავიჯერო ის, რისი დაჯერებაც, უბრალოდ, შეუძლებელია. ვინც გეგას იცნობს, ყველამ იცის, რომ გეგა ამის გამკეთებელი არ არის.

_ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშვედ ცნობს?

_ მე ვიცი, რომ არა…

_ ცემას რაც შეეხება, როგორც აღნიშნეთ, არდაზიშვილი ნაცემი იყო. რამდენად დსაშვებია, იგი საქართველოში ეცემათ და არა არაკონტოლირებად ტერიტორიაზე?

_ ფაქტი ერთია: ის ძალიან ნაცემი იყო და მის ჯანმრთელობას ეს კვალი დღემდე შემორჩა. თუ აქეთ სცემეს, ხომ არ იტყვიან, ჩვენ ვცემეთო? გეგა კი ამბობს, რომ იქით სცემეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა, „ქრონიკა+“-თან აღნიშნულ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„რაც შეეხება გადმოგდებას, ამას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენს უწყებას ასეთი რამ არ უთქვამს. რაც შეეხება გაცვლას ჩრდილოკავკასიელზე, არ ვადასტურებ, ბუნებრივია, ეს აბსურდია.

მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა. 1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თაღლითობა; 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა, არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას. 2. ეს პირი მუშაობდა ღია წყაროებზე. რომ დაგიკონკრეტოთ, ღია წყაროები ნიშნავს იმ ინფორმაციას, რაც მედიით ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მას სამსახურებრივად არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, შესაბამისად, ვერ გაიტანდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 3. რაც შეეხება იმას, დაისვა თუ არა ამ თემაზე კითხვები, პარლამენტში ბატონი ლევან იზორიას გამოსვლისთვის რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ აღნიშნულ კითხვას ბატონმა ლევანმა უკვე გასცა პასუხი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ ლევან გვაზავას აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კი უცდია და თუ აქვს მცირედი ინტერესი, სიმართლე გაიგოს, ვურჩევდი, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია იმ უწყებაში გადაამოწმოს, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება“.

 

 

                                                                                                                 მაკა მოსიაშვილი