ბაღი – ბაღთან, ნერგები – ბეტონზე და ოცნება არჩევნებზე….

1z

ხელისუფლება პიარისთვის ყველასა და ყველაფერს იყენებს, _ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, სკვერში მოთამაშე ბავშვებს, პენსიის გაზრდის მოლოდინში მყოფ მოხუცებს, გადათხრილ ქუჩებსა და თვით ეკლესია-მონასტრებსაც კი. ასე იყო და ასეა ახლაც. მოახლოებული არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბუნებრივია, სურთ, რომ მასების ფონზე წარმოჩნდნენ, როგორც ხალხზე მზრუნველები და ამისთვის არც ორმოებში სიარულს ერიდებიან, თუმცა, მათგან განსხვავებით, რიგითი ადამიანებისთვის ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარული მართლაც რომ ყოველდღიურობაა, ვინაიდან, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა რჩება. შესაბამისად, მთავრობის პროპაგანდისტულ ხრიკებზე მეტად თქვენს ყურადღებას თბილისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მივაპყრობთ.

რატომ ვერ სრულდება დროულად, სხვადასხვა ტიპის ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები? რა კეთდება და რის ფასად? რატომ არის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო „საოცნებო აღმშენებლობით“? როგორია ხელისუფლების პასუხი?

„ქრონიკა+“ სამოქალაქო აქტივისტს, დავით მდივანს ესაუბრება:

_ დავით, თქვენ ამზადებთ ვიდეობლოგებს დედაქალაქში არსებულ მიტოვებულ შენობა-ნაგებობებზე, დაუსრულებელ, ან ცუდად დასრულებულ ობიექტებზე. როდის დაინტერესდით აღნიშნული საკითხებით და რას ეძღვნებოდა თქვენი პირველი ვიდეო?

_ პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ვიდეოების გადაღებით ახლახან დავინტერესდი, სულ ერთი წელი იქნება. ზოგჯერ პრობლემის წარმოჩენისთვის სოციალურ ქსელ ფეისბუკის პირად გვერდზე ატვირთული ერთი ფოტოც კმარა. სიმართლე გითხრათ, თემების ძებნით არ ვიღლები, უფრო მართებულია ვთქვათ, თემები თავად მპოულობენ. პირველად ეს იყო ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელი. ერთხელ მაინც ვისაც უსარგებლია ამ გადასავლელით, აუცილებლად შეამჩნევდა იმ ანტისანიტარიას, რომელიც იქ სუფევს. ალბათ, მკითხავთ, რა არის ახალი იმაში, ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ ასეთი ვითარება რომ არისო? რაზედაც გიპასუხებთ, _ ზოგადად, დიდ ქალაქებში ამ ტიპის გვირაბებში ხშირად ნახავთ თავგადასავლების მოყვარულ, თუ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს იქვე იკმაყოფილებენ. მაგრამ გარდა სპეციფიკური სუნისა, გარდა სიბინძურისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ცენტრალური ხიდი რეალურად დანგრეული იყო და სულზე მიუსწრეს. ეს ნაგებობა თბილისის საგზაო არტერიის ნაწილია, სადაც ტურისტებიც დადიან. სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს მრავლად ვაწყდებით.

_ საბედნიეროდ, აღნიშნული ხიდის შეკეთება დასრულდა…

_ დასრულდა, მაგრამ რამდენი ხნის შემდეგ? თემას განვავრცობ და გიამბობთ ვიდეოზე, რომელიც მეგობრებმა მაჩვენეს. მინდოდა, ეს გადაცემა დავით ნარმანიასაც ენახა და რადგანაც შანსი მეძლევა, აგერ, თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუყვები ნანახის შესახებ. გადაცემა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მიმდინარე მშენებლობას ეხებოდა, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით საკმაოდ გრძელ ხიდს აგებდნენ. ყოველი დღე თანმიმდევრულად იყო ნაჩვენები. საძირკვლის ჩაყრიდან, სულ რაღაც, ერთ კვირაში ყველაფერს მორჩნენ. აჩქარებული კადრები მეშვიდე დღის ეპიზოდით სრულდება, როცა კონსტრუქციაზე დასატესტად მძიმე ავტომობილები გაჰყავთ. გასაგებია, რომ ჩინური სტანდარტებისგანაც ძალიან შორს ვართ. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ, მგონი, რვა თვე ჰქონდათ ხიდის შესაკეთებლად ვადა. ამდენი დრო მაინც არ უნდა დასჭირვებოდათ, მით უფრო მაშინ, როცა ამ გზით თითქმის დედაქალაქის ნახევარი მოძრაობს.

_ იქნებ, ხარისხიანად აკეთებენ და ამიტომაც ვერ ასრულებენ სწრაფად?

_ ჩემი სიტყვების გადამოწმება უმარტივესი გზით შეიძლება, თავად ჩაბრძანდით და რეალურ სურათს დაინახავთ. ხიდის ქვემოთ მთლად სახარბიელო ვითარება მაინც არაა. უფრო კოსმეტიკურად შეავლეს ხელი. ადგილ-ადგილ ახლაც შეინიშნება ბზარები. ღამით იქ ძველებურად ბნელა და მანქანების მოციმციმე შუქებით თუ გაიკვლევთ გზას, წვიმიან ამინდში კი ისევ ღელეები მოედინება. მართალია, ზემოდან ახალი საფარი კარგად გამოიყურება, თუმცა მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას სუსტი გულის მქონე ადამიანებს მაინც არ ვურჩევდი.

_ ბარათაშვილის ხიდის შემდეგ რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება? 

_ ბარათაშვილის გარდა ვიცი, რომ ორთაჭალის ხიდის რესტავრაცია გაიწელა, იქ ახალი წლების შემდეგ საცობებია, ასმეტრიან მონაკვეთს, ტრადიციისამებრ, კუს ტემპებით აკეთებენ. უარესი ვითარებაა მოსკოვის გამზირსა და ბოგდან ხმელნიცკს შორის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი წლის წინათ დაიწყო გზის სარემონტო სამუშაოები. გზასთან ერთად სარკინიგზო ხიდიცაა შესაკეთებელი, თუმცა მთლიანობაში მონაკვეთის სიგრძე 300-400 მეტრია. სოციალურ ქსელებში არაერთხელ წავაწყდი ადგილობრივების შეშფთებულ კომენტარებს ამ საკითხზე. ვატყობ, ორთაჭალისა და მოსკოვის გამზირის ეს მონაკვეთი მალე ჩემს ობიექტივშიც მოხვდება, ვინაიდან მერიის შენობიდან ასეთ რამეებს ვერ ხედავენ.

_ თქვენი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ჩვენც გვქონდა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ონლაინ სივრცეში ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს ცხარედ, თუმცა საკმაოდ არგუმენტირებულად ეკამათებოდით. მკითხველებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება?

_ რადგანაც კონკრეტულად ნაძალადევის რაიონის გამგეობაზე მეკითხებით, ასე გიპასუხებთ: ვინმემ ეჭვი რომ არ შეიტანოს, დავაკონკრეტებ, _ არავისთან ამ გამგეობაში პირადული დაპირისპირება, ან რამე ტიპის კონფლიქტი არ მქონია და არც ახლა მაქვს. ზოგადად ფეისბუკის საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სხვადასხვა რაიონის გამგეობის ინტერნეტგვერდებს ხშირად ვსტუმრობ. იქ დაწერილსა და რეალობას ვადარებ. ვინაიდან ამჟამად ამ რაიონში ვცხოვრობ, აქტიურად ვინტერესდები ზაზა გაბუნიას პიარგვერდით.

_ ნაძალადევის რაიონის გამგეობის ოფიციალურ გვერდს ზაზა გაბუნიას პიარგვერდს უწოდებთ?

_ მათ გვერდზე, დაახლოებით, 15-20 ადამიანი აკომენტარებს _ ძირითადად, გაბუნიას საქმიანობით კმაყოფილები. რეალურად, ამდენი ვიზიტორი ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ფბ-მომხმარებელს ჰყავს, არადა, ნაძალადევი საკმაოდ დიდია, მოსახლეობითაც და გეოგრაფიითაც. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, პერიოდულად ჩნდება საყვედურნარევი კომენტარებიც. სადაც ერთ ნიჩაბს ჩაარჭობენ და ერთ ტომარა ქვიშას მიიტანენ, ყველგან აღმშენებლობის იმიტაციას ქმნიან. უღებენ ფოტოებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეძახიან, ხალხიც იმ იმედით მიდის, რომ რამეს გაუკეთებენ.

_ ერთ-ერთი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებს კამათი რატომ მოჰყვა?

_ ვინმე რომ არ მომედავოს, ზუსტად გავიხსენებ: 11 მარტი იყო. ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ იქვე ბავშვთა პოლიკლინიკაა, სადაც სანდრო ყოველი თვის თერთმეტ რიცხვში დაგვყავს კონტროლზე. ვიზიტის შემდეგ იქვე, გზის მეორე მხარეს მდებარე ყოფილ კიკვიძის ბაღში ვასეირნებთ სუფთა ჰაერზე. მგონი, სწორედ ამ დღეს დაიწყო სამუშაოები. გამიკვირდა, რატომ ტეხავდნენ სრულიად ჯანსაღ ბორდიურებს. ზუსტად ამ დროს მოიტანეს ბანერი წარწერით: „სამუშაოები ხორციელდება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით“. მაშინ ვიფიქრე, ეტყობა, ძველ ფილებს ტეხავენ და ახალს აკეთებენ-მეთქი, რადგან ვერ ვიფიქრებდი, ამხელა „კიკვიძის ბაღის“ გვერდით ახალი სკვერის მშენებლობის ფუფუნება თუ ექნებოდა ნაძალადევის გამგეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ფილები ძველი იყო, მაგრამ არა _ დაზიანებული. მეორედ ორი კვირის მერე მოვხვდი ამ ადგილას და ახლა უკვე გადათხრილი დამხვდა. მზიანი, თბილი ამინდი იყო, რადგან ბავშვს ვასეირნებდი, თუმცა მიუხედავად კარგი ამინდისა, ადგილზე არც ერთი მუშა არ იყო. სოციალურ ქსელში მათ მიერვე გავრცელებული ფოტოების შემდეგ გავიგე, რომ, თურმე, სკვერს აკეთებენ.

_ ვინმეს ჩასაფრებულები რომ არ ვეგონოთ, ასე გკითხავთ; რა არის იმაში ცუდი, თუ რამე კეთდება?

_ აღმშენებლობას ნორმალური ადამიანები არ ვაპროტესტებთ, პირიქით, თუმცა ცუდია, როცა ჩვენი ბიუჯეტი რაციონალურად არ იგეგმება, უზარმაზარ დასასვენებელ პარკს, რომელიც წლებია, თბილისელების უმრავლესობისთვის კიკვიძის ბაღის სახელითაა ცნობილი, რამდენიმე ჰა უკავია, ეს ერთ-ერთი დიდი პარკია ჩვენს დედაქალაქში, სწორედ ამ ბაღის გვერდზე 50 მეტრში დაიწყეს თხრა, ახალი სკვერის შეკეთების მოტივით. ანუ ბაღის გვერდზე აშენებენ მეორე ბაღს, მაშინ როცა მთელი რიგი უბნები სრულიად კეთილმოუწყობელია იმავე ნაძალადევში.

_ რა კომენტარი გააკეთეს თქვენი ბრალდებების საპასუხოდ?

_ პოლემიკაში სხვა მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებიც ჩაერთნენ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის პასუხი ის იყო, რომ ამ დისკუსიიდან მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში, სასწრაფოდ მოაწყვეს პრეზენტაცია, მაგრამ არ გაინტერესებთ, რისი? კამერები შეყარეს იმის გამო, რომ ამ პატარა სკვერში თხრა დაიწყო. სამუშაოები დღესაც გრძელდება, თუმცა პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რამდენი ხანი ჭიანურდება პროცესი? არამედ ის, თუ რა საჭირო იყო ასეთ ადგილზე სკვერის გასაკეთებლად თანხის დახარჯვა?! როცა იქვე ამხელა, რამდენიმე ჰა-ზე გადაშლილი ბაღია. მგონი, გზის პირად, მანქანების გამონაბოლქვში დასვენებას, სუფთა ჰაერზე კიკვიძის ბაღში სჯობს გასეირნება. აზრი ინდივიდუალურია და შეიძლება ვინმე კმაყოფილიც იყოს ამით, მაგრამ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ეს ფულის ტყუილად ხარჯვაა. თუ რეალურად ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობ, იმავე ნაძალადევის რაიონში, იქვე, ვეტერანთა დასვენების პარკის (ანუ კიკვიძის ბაღის) კეთილმოწყობაზე უნდა იფიქროს გამგეობამ.

_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვეტერანთა დასვენების პარკის განახლების გეგმაც არსებობს, მერიაში ამ მიმართულებით თანხები გამოყოფილია.

_ რეალურად, რამდენიმე სკამი შეკეთდა. დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზე დადგეს სამი-ოთხი საბავშვო გასართობი კონსტრუქცია (სხვათა შორის, თბილისის მერმა ეს 100 კვ. მ. გახსნა დიდი ზარზეიმით). პარკში ძველი შენობების ნანგრევებია, კომუნისტების დროინდელი საპარაშუტე კოშკურაა, რომელიც უფუნქციოა და ღიაა. ბავშვები ადიან, რაც თავისთავად გადმოვარდნის საფრთხეს ქმნის. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს ჩასაფრებული ვარ და რამის გაკეთება არ მიხარია, პირიქით, რაც მეტი სუფთა და მოწესრიგებული ადგილი იქნება ქალაქში, უკეთესია, მაგრამ ამისთვის ქვეყანაშიც უნდა გქონდეს შესაბამისი მდგომარეობა. თუ კარგი საქმის გაკეთება გინდა, ალბათ, ბევრი დამეთახმება, მით უმეტეს, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, პატარა სკვერში თანხის ხარჯვას ამ ბაღის კეთილმოწყობა სჯობდა.

_ რადგანაც ასე დეტალურად გაქვთ შესწავლილი არაერთი ობიექტი, თავად თქვენს უბანში არსებულ მდგომარეობაზეც გვესაუბრეთ, რა პრობლემებია თქვენს ქუჩაზე?

_ მე პირადად დადიანზე ვცხოვრობ, თბილისი ცენტრალთან ახლოს. ალბათ, გახსოვთ, თვეების განმავლობაში როგორი სიტუაცია იყო: გადათხრილი მტვერიანი მონაკვეთი, გადასასვლელი ხიდიდან ყოფილი მალაკნების მოედნამდე. პასუხს არავინ გვცემდა და არც არავის აინტერესებდა. თითქმის მთელი დღეები ტექნიკა უფუნქციოდ იდგა. სხვათა შორის, ამ გზაზე ყველა სახლი ავარიულია და ამ ტექნიკის გადაადგილების დროს სულ იმის შიში გვქონდა, სახლი თავზე არ ჩამოგვქცეოდა (ავარიული სახლები და მერიის დამოკიდებულება კიდევ ცალკე თემაა, რაზედაც სხვა დროს აუცილებლად ვისაუბრებ). ასე ტაატით დააგეს გზის ეს პატარა მონაკვეთი და რომელიც დაგებიდან ერთი წლის თავზე უკვე დაბზარულია. სამუშაოებს ისე აჭიანურებდნენ, თითქოს უკეთეს ხარისხს აკეთებდნენ, თუმცა ეს ამ გზას არ ეტყობა. თუ რა ხდებოდა რეალურად, მკითხველმა გადაწყვიტოს.

_ ინტერვიუს დაწყებამდე ავჭალის გამწვანების შესახებაც მიყვებოდით. იქ რაღა ხდება? იქნებ, დეტალურად უამბოთ ჩვენს მკითხველებს?

_ ცუდად დაგებულ, ან საერთოდაც დაუგებელ გზებზე საუბრისას, პირველ რიგში, ქალაქის თავი _ ნარმანია მახსენდება. ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, ასევე ცნობილია, რომ თბილისის მერი მილიონ ხესთანაც ასოცირდება. მილიონი ხე კარგა ხანია, შეუსრულებელი დაპირებების სიას გასცდა და ანეკდოტების კატეგორიაში გადაინაცვლა. გლდანის რაიონში თბილისის მერიამ რამდენიმე ათეული ხე დარგო, კონკრეტულად ე. წ. კონიაკის დასახლებიდან ავჭალისკენ მიმავალ გზაზე, იქ, სადაც ადრე ტრამვაის რელსების გადიოდა. დარგვა უფრო პირობითი სიტყვაა, რადგან რაც მათ გააკეთეს, არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო. იმის მაგივრად, რომ მიწა დაებარათ, დაემუშავებინათ, რამდენიმე სანტიმეტრი ზევიდან მოაყარეს და ნერგები იმაში ჩაარჭვეს. თანდათან, ალბათ, ან მიწა მოაკლდათ, ან დაეზარათ და ავჭალისკენ უკვე არც მიწაა დაყრილი. ნერგები პირდაპირ გამხმარ, ნახევრად ბეტონიან მიწაში ჩაუშვეს. რთული მისახვედრი არაა, რა ბედი ეწია ნერგებს. ამ ფაქტის ამსახველი სურათებიც მაქვს.

_ ნარგავებზე საუბრის შემდეგ ისევ გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერის აღდგენით სამუშაოებს მივუბრუნდეთ, _ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რა თანხებია გამოყოფილი ამ ბაღის რეაბილიტაციისთვის?

_ თუ ზუსტად მახსოვს, ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში არ ჰქონდათ მითითებული, რა თანხაზეა საუბარი. გამოითხოვეთ, საინტერესო იქნება. რა თანხაზეც არ უნდა იყოს საუბარი, აზრს არ შევიცვლი, _ ამ ეტაპზე ამის ფუფუნება არ უნდა ჰქონოდა ბიუჯეტს, ამ თანხით უამრავ სოციალურად დაუცველს გაუწევდნენ დახმარებას, ან უფრო საჭირო მონაკვეთს შეაკეთებდნენ. ალბათ მავანი მოგვედავება და გვეტყვის, რომ მათ უსაგნოდ ვაკრიტიკებთ… მგონი, გასაგებად ავხსენი, თუ რატომაა ამ ეტაპზე ასეთი სამუშაოები მიუღებელი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, _ არავის არსად არ ვუსაფრდები, ყველაფერი ფეხდაფეხ მხვდება და აზრი რომ არ გამოვთქვა, არ შემიძლია. ნეტა, მოსაძებნი იყოს ასეთი თემები, მე მომწონს, სადმე რამე რომ კეთდება. ეს თვალსაც უხარია და გულსაც, მაგრამ საჭირო დროს, საჭირო ადგილას.

_ ყველას აქვს ვარაუდის გამოთქმის უფლება და, შესაბამისად, ჩვენც გკითხავთ, _ როგორ ფიქრობთ, რატომ ბაღთან _ ბაღი?

_ ამ ბაღს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან მივყავართ, გვერდზე კინოთეატრი „საქართველოა“, ეს ადგილი კარგად ჩანს გზიდან, რაიონის ცენტრია და, სავარაუდოდ, დასანახად გააკეთეს. ალბათ, წინასაარჩევნოდ მრევლის გულის მოგებაც გათვალეს, თუმცა ეჭვებზე საუბარს მეტად აღარ ვაპირებ. დანარჩენი მათ ჰკითხეთ.

 

ვინაიდან რესპონდენტის ნაამბობიდან გამომდინარე, აქცენტი ერთ კონკრეტულ ობიექტზე გაკეთდა, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, „ქრონიკა+“-ის ჯგუფი ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად გავიდა.

გურამიშვილის გამზირზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინ, თხუთმეტამდე მუშა შევნიშნეთ. ზოგი ისვენებდა, ზოგი რკინის კონსტრუქციებს ეჭიდებოდა, ზოგიც _ ურიკას. აქა-იქ მიმოფანტული ქვიშის გორები ტროტუარზეც დავაფიქსირეთ, ქარიან ამინდში (ჩვენი ვიზიტის დღე) სამშენებლო მასალის ნაწილი კინოთეატრ „საქართველოს“ კიბეებამდეც აღწევდა. თავად სკვერის ტერიტორია გადარაგული არ ყოფილა. რამე ტიპის ამკრძალავი ნიშანი, ან თუნდაც გაბმული თოკი ვერ შევნიშნეთ, შესაბამისად, კანონი არ დაგვირღვევია და სვლა განვაგრძეთ, თუმცა რამდენიმე მეტრში სიარული გაგვიჭირდა, ვინაიდან სილაში ჩავეფალით. ჩვენ წინ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი პირი კამათობდა, აშკარა იყო, რომ ისინი სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ, ვინაიდან ერთმანეთს ნახაზებს აჩვენებდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ:

_ უფრო ადვილს გეუბნები, ეს რო გააკეთო, უნდა შეკრა მონოლითი, არი ეგრე, ძმაო? _ თქვა ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში ფურცლები ეჭირა.

_ მეც ასე ვფიქრობ, არ გვჭირდება მონოლითი, მაგის გარეშეც გავაკეთებთ, _ შეეხმიანა მეორე.

_ მოვლენ და დაგვინგრევენ, საწვალებელი გაგვიხდება, _ გამოთქვა ვერსია მესამემ.

_ ეს კიბე მოსანგრევი გაგვიხდება? მაგას ამბობ? _ იკითხა პირველმა, რომელსაც საუბრის პარალელურად ფურცლებში ჰქონდა თავი ჩარგული.

_ აბა, რაა, პროექტში მასე არაა, ძმაო, _ იყო პასუხი.

დამხვდურებს საუბარში არ ჩავეჭერით, სამუშაო კამათის დასრულების შემდეგ კი მათთვის ღია კითხვებით მიმართვა გადავწყვიტეთ:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი გაწუხებთ, რაღაც გვაინტერესებს და დაგვეხმარებით?

_ საიდან ხართ?

_ „ქრონიკა+“-დან

_ ააა, „ქრონიკა+“-დან? მე ბესიკ დუღაშვილი ვარ…

_ კი, მსმენია თქვენ შესახებ, სასიამოვნოა, რადგანაც ჩვენი რედაქციის ყოფილი თანამშრომელი ხართ, ალბათ, არ გაგვიჭირდება კომუნიკაცია.

_ რა ხდება, აბა?..

_ ბატონო ბესო, თბილისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მასალას ვამზადებთ და ამ ბაღში მიმდინარე პროცესითაც დავინტერესდით.

_ ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ისეთი არაფერი ხდება.

_ ვინ არის ხელმძღვანელი? ვის შეიძლება გავესაუბროთ?

_ მე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ვმუშაობ, თუმცა აქაურობას სხვა კურირებს.

_ წეღან სკვერის შუაგულში რამდენიმე ბატონი კამათობდა, რაზე იყო საუბარი, ხომ ვერ გვეტყვით?

_ კიბეს საფეხურები აკლდა და ამიტომ ვამბობდი, რომ მოგვანგრევინებენ-მეთქი. საფუხურები უნდა გათვლილიყო სწორად და ის ადგილი, სადაც კიბე ტროტუარს უერთდება. დეტალურ ინფორმაციას სხვა საკითხზე ნაძალადევის გამგეობისგან მიიღებთ.

 

ჩვენ სამუშაო პროცესში ჩართულ სხვა პირებთანაც ვცადეთ გასაუბრება, თუმცა უშედეგოდ:

_ მოგესალმებით, ბატონო, რამდენიმე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, როგორ მოგმართოთ?

_ რაში გაინტერესებთ ჩემი სახელი?

_ უბრალოდ, რომ მოგმართოთ.

_ არ არის საჭირო, აგერაა ბანერი და იქ წაიკითხავთ ყველაფერს, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ხომ არ ვაფუჭებთ რამეს?

_ ჩვენ არ ვამბობთ, რომ თქვენ რამეს აფუჭებთ, უბრალოდ, ინფორმაცია გვინდა მივიღოთ აქ მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე უშუალოდ თქვენგან.

_ რა გინდათ, ახლა, ყველას სახელი და გვარები გითხრათ? ბარემ, ამ ფურცლებში ჩაიხედეთ.

დიალოგში მეორე პირი ჩაერთო:

_ რა გაინტერესებთ? ცუდს არაფერს ვაკეთებთ, ეს მშენებლობა მალე დასრულდება, აბა, რა გინდათ, ორ დღეში მორჩეს?

 

კინოთეატრ „საქართველოსთან“ არსებული სიტუაციის შემდეგ ჩვენი რედაქცია ნაძალადევის რაიონის გამგეობის პასუხით დაინტერესდა.

„ქრონიკა“ ნაძალადევის გამგეობაში გიორგი ჩაკვეტაძეს დაუკავშირდა:

_ ნაძალადევის რაიონში რატომ არის დღემდე ქუჩების არცთუ მცირე ნაწილი მოუწესრიგებელი?

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ნაძალადევის რაიონი მოუწესრიგებელია, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რაიონის ახალმა ხელმძღვანლობამ ჩვენი სახით უპრეცედენტო რაოდენობის უმნიშვნელოვანესი სამუშაო ჩაატარა და ქუჩები, რომელიც 70 წლის წინათ პირველად დაგების შემდეგ არ გაკეთებულა, სწორედ ჩვენ გავაკეთეთ. შედეგად 60 მოწესრიგებული ქუჩა, ასობით განახლებული კორპუსი, ათობით აღდგენილი და რეაბილიტირებული სკვერი და სტადიონი აქვს დღეს ნაძალადეველებს. ქალაქს ახალი ხელისუფლება არა 4 წელი, არამედ წელიწადნახევარია ჰყავს და ნაძალადევის რაიონში პირველივე დღეს დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ოფიციალური, ბოლო 25 წლის სტატისტიკა ამბობს, რომ სამუშაოების რაოდენობა, რაც ჩვენ ჩავატარეთ ნაძალადევში, არც ერთ წინა ხელისუფლებას არ უწარმოებია.

_ რა თანხაა გამოყოფილი, ვეტერანთა დასვენების პარკიდან (კიკვიძის ბაღიდან), დაახლოებით, 50 მეტრში მდებარე ბაღის განაშენიანებისთვის?

_ თქვენ მიერ ნახსენები სკვერი წლების მანძილზე გავერანებული და მიგდებული იყო და თქვენი მხრიდან კრიტიკა გასაგები იქნებოდა წლების განმავლობაში უმოქმედობის გამო, მაგრამ ახლა, როცა კარგ საქმეს ვაკეთებთ და პირდაპირი მნიშვნელობით დანგრეულს ვაშენებთ, არ არის სამართლიანი ჩვენი კრიტიკა. რაც შეეხება ვეტერანთა დასვენების პარკს, ის არ არის ჩვენს დაქვემდებარებაში, არამედ ქალაქის გამწვანების სამსახურის კომპეტენციაა და ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენს კომპეტენციაშია.

_ ჩვენ გვაქვს ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი გურამიშვილის 2 ნომერში არსებული სკვერის რეაბილიტაციისას. მშენებლები კამათობენ და ამბობენ, რომ მერია მათ აშენებულს მოანგრევს, ვინაიდან არასწორად არის გაკეთებული; რამდენად კვალიფიციური კომპანიაა „ფენიქსი“, რომელსაც მშენებლობას ანდობთ?

_ სამუშაოები მიმდინარეობს დამოუკიდებელი საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული პროექტის საფუძველზე და ცხადია, სამუშაოთა წარმოებისას პროცესში ჩვენი მხრიდან ყურადღება ექცევა პროექტის მოთხოვნების დაცვას. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ობიექტი, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, წესებისა და დამტკიცებული პარამეტრების სრული დაცვით დასრულდება.

_ რა კომენტარს გააკეთებენ ნაძალადევის რაიონში დაგვიანებულ და დროში გაწელილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე?

_ არც ერთი სამუშაო ობიექტი არ არის გაჩერებული, ან დროში გაწელილი. ყოველდღიურად რომელიღაც ობიექტის დასრულების შესახებ ვავრცელებთ ინფორმაციას და როგორ შეიძლება ითქვას, რომ რამე შენელებულია, ან, მით უმეტეს, არ კეთდება?! ასევე არც ერთი ობიექტი, სადაც სამუშაოები დავიწყეთ, გაჩერებული არ არის და არა მარტო მიმდინარე, არამედ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არ გაჩერებულა არც ერთი ობიექტი და, შესაბამისად, ყველა ობიექტი დასრულდა.

_ ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ბატონი ზაზა გაბუნიას კამერებთან გააქტიურება ხომ არ უკავშირდება წინასაარჩევნო პიარს? საერთოდაც, რა პოლიტიკური გეგმები აქვს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის პირველ პირს?

_ რაც შეეხება „კამერებთან გააქტიურებას“, ვერ გეტყვით, რომ ამ მხრივ რამე განსხვავებული ხდება, გასულ წელსაც შუქდებოდა ჩვენი სამუშაოები და ის, რომ ხშირად ხედავთ ინფორმაციას ნაძალადევის რაიონში სამუშაოების შესახებ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ რაიონში ბევრი საქმე კეთდება.

                                                                                                                       ზაზა სვანაძე