რას თვლის შეცდომად გენერალი გიგი კალანდაძე?

kalandadze

„ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ინტერვიუს უკრაინიდან გენერალი გიგი კალანდაძე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ფაქტებს არასწორი ინტერპრეტაციით გადმოსცემს და ახლა ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს.

 

გენერალ გიგი კალანდაძის ექსკლუზიური ინტერვიუ „ქრონიკა+“-ს.

 

 

_ ბატონო გიგი, ჩემთან ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ პროკურატურამ თქვენი დაკავება მოითხოვა, მან პროკურატურას იმის საშუალება არ მისცა, რომ ღამით თქვენთან სახლში შემოვარდნილიყვნენ. რა ინფორმაცია გაქვთ, როდის გადაწყდა თქვენი დაკავება და მოგვიყევით, რა ფორმით მოხდა ეს?

_ „ქართული ოცნების“ მოსვლის, არჩევნებში გამარჯვების დღიდან, გადაწყვეტილი იყო ძალოვან სექტორზე კონტროლის აღება და ეს გეგმა განხორციელებისთვის იმ დღის მერე იყო მზად, რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს გეგმის მიხდვით ყველა სამინისტროში განხორციელდა, განსაკუთრებით ძალოვან სამინისტროში. კარგად მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ, 5 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ჩემი გენშტაბის უფროსად დანიშვნა გადაწყვიტა და მათ დალაგებულ გეგმაში ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოინდომეს. ვასალები რამდენჯერმე გამომიგზავნეს, რომ პატაკი დამეწერა და ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით წავსულიყავი, სხვა თანამდებობაზე გადავსულიყავი, რაზედაც უარი ვუთხარი იმიტომ, რომ…

_ ვინ იყვნენ ეს ვასალები, ვინ გამოგიგზავნათ?

_ შუამავლები იყვნენ, ჩვენი საერთო მეგობრები და ვეცდები, ისინი არ დავასახელო, ეს მე სასამართლოზე განვაცხადე… თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს თანამდებობა დამეტოვებინა. მათ ვუხსნიდი, რომ ამას არ გავაკეთებდი და ამ თანამდებობას იქამდე შევინარჩუნებდი, სანამდეც შემეძლო.

_ ბატონო გიგი, რაკი საშუალება მაქვს, არ შემიძლია არ გკითხოთ, _ არსებობდა ინფორმაცია, რომ არჩევნების ღამეს მე-4 ბრიგადა აფხაზეთის მიმართულებით გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავდა, ასევე გენშტაბის შენობაში, თავდაცვის სამინისტროში მობილიზებული იყო იარაღი და ფული.

_ ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი ჭორი, რომელსაც თვითონ ავრცელებდნენ და მერე თვითონვე სჯეროდათ ჭორების. იმ საკითხებს ჩამოგითვლით (ჩვენ, ალბათ, დრო გვექნება), რომელიც სრული ტყუილი აღმოჩნდა, დაგეგმილი ტყუილი, მე ასე ვიტყოდი და ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო, რომ გაევრცელებინათ და ასეთ ჭორებზე აეგოთ მთელი მათი მოქმედებები, საერთოდ ტყუილზე აეგოთ ყველაფერი. ასე რომ, საჭიროდ არ მიმაჩნია, ამ შეკითხვაზე დეტალურად გავცე პასუხი. მე-4 ბრიგადა აფხაზეთთან არაფერ შუაში არ იყო, არც არასდროს ჰქონია ოპერატიული მიმართულება, აფხაზეთიდან ძალიან შორს არის და ეს კიდევ ცალკე სასწაული ტყუილია, რომელიც საერთოდ არც არის ურთიერთქმედებაში. რომელ ფულზე და რომელ პროვოკაციაზეა საუბარი, თვითონ არიან ყველა პროვოკაციის მომწყობები, წამომწყებები და ავტორ-განმხორციელებლებიც, ეს დრომ დაამტკიცა და ამას თქვენც კარგად ხედავთ…

_ რა მოხდა მას შემდეგ, რაც უარი თქვით, თანამდებობა დაგეტოვებინათ?

_ მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი, თანამდებობა დამეტოვებინა, ირაკლი ალასანიამ სამხედრო პოლიციის კონტროლზე აყვანა მოახერხა. მან ის კონკრეტული ადამიანები დანიშნა, რომლებმაც მერე იმ კონკრეტულ სამხედრო მოსამსახურეებზე მუშაობა დაიწყეს. გარკვეულწილად, იმ ჭორებს ეძებდნენ და ეძებდნენ თემებს. იქ მე მარტო ხომ არ ვიყავი, იქ იყვნენ დანიშნული სარდლები, სარდლის მოადგილეები, ბრიგადის მეთაურები და მთელი ეს სისტემა, რომელიც ჩემთან ერთად იქვე მუშაობდა და მათ წინააღმდეგ საქმის მოძიება დაიწყეს, ამ თანამდებობის პირებზე კონკრეტული დარტყმები განახორციელეს…

_ დამიკონკრეტეთ, ვინ დანიშნა?..

_ კახა ჩიხლაძე თავის სამხედრო პოლიციის უფროსთან, გენინსპექციის უფროსი, რომელიც ჭორებზე აწყობილ თემებს ეძებდა.

_ რა მასალებს ეძებდნენ, მაგალითად, კონკრეტულად, თქვენზე?

_ არა მხოლოდ კონკრეტულად ჩემზე, იმ ხალხზეც, რომელიც ჩემთან ერთად იყო. ალასანიამ იცოდა, რომ მე დამაკავებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი მანქანაში ჩაისვეს და ზუგდიდის მიმართულებით წაიყვანეს, რაღაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ამ დროს, იმ წუთას დაიწერა მისი მოხსნის ბრძანება. ანუ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. ის, რომ ჩემს სახლში შემოვარდნას არ აპირებდნენ, ეს რამდენჯერმე ვთქვი და მინდა, გავიმეორო: მე დამაკავა ქალბატონმა თეამ და ის „ფლეშმობი“  დეტალურად აღვწერე იქ, ერთ-ერთ ტელევიზიაში. იქ ვთხოვე, ოჯახში არ შევარდნილიყვნენ და ჩემი სახლი ღამის საათებში არ გაეჩხრიკათ, რა დროსაც მე დამაკავეს. ეს იყო და ეს, ისინი მაინც შევიდნენ, მაინც განახორციელეს ჩხრეკა…

_ თქვენი დაკავების მომენტში ღამე შევიდნენ, თუ გათენებას დაელოდნენ?

_ ღამე შესვლის მცდელობა იყო, მეუღლემ კარი არ გააღო, მაგრამ მერე შესვლა დილამდე გადაიდო. იქვე კართან იდგნენ. როცა გათენდა, დილის 7 საათზე შევიდნენ და სახლი გაჩხრიკეს…

_ ბატონო გიგი, დაკავების დღეს ვინ დაგირეკათ და ვინ გთხოვათ თავდაცვის სამინისტროში მისვლა?

_ ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, სამორიგეოდან, ან პირადად ჩემმა ყოფილმა მოადგილემ, ვახტანგ კაპანაძემ, არ ვიცი… არ მინდა, კონკრეტული დეტალები, ტყუილი არ გამომივიდეს. დამირეკეს, მითხრეს, რომ ავღანეთიდან მისია ჩამოდიოდა, (საერთოდ, რამდენიმე ეტაპად არის ავღანეთიდან ჩამოსვლა) და ერთ-ერთ ასეულს უნდა დავხვედროდი. ზუსტად იმ დროს ჩამოდიოდა. ასე რომ, სააღლუმო ფორმაში გამოვედი და მოხდა ის, რაც მოხდა _ იმ ოთახში დამაკავეს, სადაც მელოდებოდნენ. ეს იყო ჩემი ორგანიზებული დაკავება. ირაკლი ალასანია მეუბნება, რომ ჩემი დაჭერით აპირებდა, მაგალითად, ბაჩო ახალაიაზე გასვლას და ა. შ.

_ ირაკლი ალასანია ამბობს, რომ თქვენ არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ, მას თქვენთვის არ შემოუთავაზებია ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

_ ეს მე რამდენჯერმე  სასამართლოზეც გამოვაცხადე, სხვა ადამიანებიც არიან, კონკრეტულად, მერაბ კიკაბიძე, კიდევ სხვა ბევრი ოფიცერი. მათზე კონკრეტული მუშაობა მიდიოდა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ რამე ეთქვათ. მერაბ კიკაბიძე გამოვიდა, კონკრეტულად, იმ პროკურორის, იმ სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარი დაასახელა, ყველა იმ ადამიანის, რომელიც მას აიძულებდა, ბაჩო ახალაიას სახელი და გვარი დაესახელებინა. ჩვენ თავდაცვის მინისტრის აპარტამენტში შევხვდით, რამდენიმეწუთიანი საუბარი გვქონდა, რამდენიმე წუთი მისგან იმ სიტყვების მიღება დამჭირდებოდა, რომ გამაგრდი, გიორგი და… რაზე უნდა გველაპარაკა რამდენიმე წუთი?..

_ და რაზე ილაპარაკეთ ის რამდენიმე წუთი, თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?

_ დროთა განმავლობაში, ალბათ, აკვირდებით, რა ფრთხილი ადამიანია ეგ, საერთოდ, და როგორ ყველაფერს ფრთხილად შემოუვლის ხოლმე. ცდილობს, კონკრეტიზაციაზე არ გადავიდეს და მიმხვედრი ამ სიტყვებს მიხვდებოდა, რაც მაგან მითხრა…

_ მესმის, მაგრამ თუ შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ და გაიხსენოთ, რა გითხრათ?

_ რამდენიჯერმე მითხრა, რომ შეკითხვები აქვთ, რომელიც ჩემს მოღვაწეობას უკავშირდება, ეს შეკითხვები გადაბმულია ბაჩო ახალაიას თემასთან და თავის საუბრიდან გამომდინარე მიმითითებდა, რომ იმ ოთახში შევეყვანე, თუ მზად ვიყავი, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ რაღაც ჩვენება მიმეცა, ბრალს აღარ წამიყენებდნენ და თანამშრომლობა შედგებოდა. ეს რამდენიმე წუთი, ხომ ხვდებით, სხვა თემაზე საუბარი არ იქნებოდა. მე მას ვუთხარი, რაც ვუთხარი და რასაც ყოველთვის ვიმეორებ: ბაჩო ახალაია და ის გუნდი, რომელ გუნდთანაც მე ვმუშაობდი, მეამაყება!!! მეამაყება თითოეული დღე და თითოეული ნაბიჯი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით, გავაკეთეთ და ავაწყვეთ. ამ სიტყვების მერე, რა თქმა უნდა, სახეზე გაკვირვება და იმედგაცრუება ეტყობოდა, რომ   ტყუილად დამელაპარაკა. მეორე ოთახში გამიყვანა. იქ მართლაც „ფლეშმობი“ იყო, ამდენი ადამიანი ჩუმად ისხდა, არც მეგონა, რომ თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა, მეგონა, ერთი გამომძიებელი იქნებოდა…

_ იუსტიციის მინისტრის გარდა ვინ ესწრებოდა თქვენს დაკავებას?

_ კუბლაშვილი იყო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, რამდენიმე გამომძიებელი იყო და „სპეცნაზი“. დაახლოებით 15-20 კაცამდე იყო, იმ ოთახში ირეოდნენ, მერე გადი-გამოდიოდნენ და, შეიძლება, ბევრს არც ვიცნობდი და არც ვეკითხებოდი, ვინ იყო. თვითონ ქალბატონი თეა ვიცანი და იქ დამთავრდა ჩვენი საუბარი. როგორც მოხდა, დეტალებია, მაგრამ მთავარი ჩვენი ურთიერთობის დაძაბვის და, კონკრეტულად, ჩემზე რაც მან ილაპარაკა, ეგ მოგონილ თემებია.

მოდი, 17 მილიონი დოლარი გავიხსენოთ, თუ 13 მილიონი დოლარი, რომელზედაც ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში დანაკლისი იყო და სადღაც გაიბნა; გაიხსენეთ ჯავშანჟილეტების თემა, გაიხსენეთ იარაღის თემა, რომელიც ძველი იყო და მან თითქოს აღმოაჩინა, რომ ძველი იარაღი იყო ნაყიდი. ბრალდებები იყო კონკრეტულ პირებზე, რომელიც ბოლომდე საერთოდ არ გამოიძიეს, ახლა გადაბრალების პროცესშია, ასეთი რამე არც ყოფილა, საარჩევნო ტყუილზე იყო აწყობილი მთელი მათი პროპაგანდა, მისი მოსვლის შემდეგ ყველაფრის მშენებლობა და მრეწველობა გაჩერდა. მან შეიარაღებული ძალებიდან რამდენიმე ათეული ოფიცერი გაათავისუფლა. გახსოვთ, საწვავის თემა, რომელსაც მე მედავებოდნენ? 400 კაცია დაკითხული ბოლოს. ისიც თქვეს, რომ 50 ათასი ლარი ავიღე ხაზინიდან თუ სალაროდან… ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტყუილია…

_ აუცილებლად უნდა გკითხოთ იმის თაობაზე, რაზედაც საზოგადოება ბევრს ლაპარაკობს. ირაკლი ალასანიამაც ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში მისვლის დროს მას ძალიან ბევრი უკანონოდ მოპოვებული ვიდეო და აუდიოჩანაწერი დახვდა. მათ შორის იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებიც მან საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. რა ხდებოდა? რატომ იყო სამხედრო პოლიციის ფუნქცია ადამიანთა პირადი ცხოვრების გადაღება, ჩაწერა, თვალთვალი და ა. შ.?

_ მე მაგ საკითხებთან არანაირი კავშირი არ მქონია, ეს მინდა აღვნიშნო. თუ რამე იყო კანონსაწინააღმდეგო, ალბათ, მასზე გამოძიება მიმდინარეობს. მე თქვენ გეტყვით იმას, რომ ოპერატიული მუშაობა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტსა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა. ეს იყო მათი ფუნქციური მოვალეობა და მათ ბევრი პრევენციული მოქმედება განახორციელეს საქართველოს ტერიტორიაზე. კონკრეტულ თემაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არც ვარ ის კომპეტენტური პირი, კონკრეტულ ადამიანზე და კონკრეტულ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ოპერატიული მოქმედებები, როგორც სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ასევე სამხედრო პოლიციაში მუშაობდა და კონკრეტულად ახორციელებდა გარკვეულ პრევენციებს…

_ ბატონო გიგი, მეგის ქარდავას იცნობდით? იცით თუ არა მისი ადგილსამყოფელი, დღეს სად არის მეგის ქარდავა?

_ მეგის ქარდავას ვიცნობდი და ვიცნობ, მეგის ქარდავას ადგილსამყოფელი, ჯერჯერობით, ჩემთვის უცნობია…

_ ანუ უკრაინაში თქვენთან ერთად არ არის?

_ ჯერჯერობით, არ არის. არ ვიცი, სად არის და სად იმყოფება…

_ დაკავების შემდეგ იყო თუ არა ისევ შემოთავაზებები, რომ ახალაიას წინააღმდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ, ან სხვა თანამდებობის პირის წინააღმდეგ მიგეცათ ჩვენებები?

_ არა, იმის მერე არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა. იყო ტყუილები, თითქოს დავდიოდი და სამეგრელოში მოწმეებზე ზეწოლას ვახორციელებდი, რაც მერე ტელევიზიით გაცხადდა. ბოლოს უკრაინაში რომ წამოვედი, მოგეხსენებათ, აქ უკვე ჩემს დანიშვნას აპირებდნენ მრჩევლად და სასწრაფო წესით წამიყენეს ისევ მოგონილი ბრალი, რამდენჯერმე გადაწერილი, რამდენჯერმე გადახატული ჩვენებები, თითქოს კონკრეტული ადამიანების წამებას მე ვესწრებოდი და მასში ვმონაწილეობდი.

_ არსებობდა კიდევ ერთი მოწმე, თუ გვარი სწორად მახსოვს, ჯოლოხავა, რომელიც ასევე თქვენ გდებდათ ბრალს.

_ მე გეტყვით: ეს ჯოლოხავა ამბობდა, რომ მეგის ქარდავა მას აწამებდა, ასევე ბაჩო ახალაიაზე ამბობდა ამ ტყუილებს, ასევე, პროკურორის მოადგილეზე, დათო საყვარელიძეზე,  რომ ისინი ციხეში წამებას ახორციელებდნენ. როცა სასამართლოს დარბაზიდან გამოვედი, ეგ ადამიანი შემხვდა, გამეცნო, როგორც ჯოლოხავას ბიძაშვილი და მეუბნება, რომ კონკრეტულ თემაზე სურს, დამელაპარაკოს.

საერთოდ არ ვიცნობდი მას და არც ვიცოდი, რამე თუ ჰქონდა ნათქვამი მანამდე… მერე აღმოჩნდა, რომ ეს თვითონ არის. მან მითხრა, რომ  კონკრეტულ სიტუაციაში მასზე ქალბატონი თეა წულუკიანი ახორციელებდა ზეწოლას და ირმა ინაშვილი იყო ნახსენები… ეს იყო გეგმა, რომ ჯოლოხავას კონკრეტულ ადამიანებზე, დავით საყვარელიძეზე, ბაჩო ახალაიაზე და მეგის ქარდავაზე ჩვენება მიეცა. იუსტიციის მინისტრის კაბინეტში დაიგეგმა. სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა კიდეც, რომ იგი ჯოლოხავას შეხვდა. ჯოლოხავამ თავშესაფარი ითხოვა, რაც უზრუნველვყავით, უკრაინაში გავუშვით. რამდენიმე ხნის მერე თვითონ ჩამოვიდა, აღარ უნდოდა იქ ყოფნა. ჩვენ ის კამერაზე ჩავწერეთ, სადაც ყველაფერს ამბობს. მერე ეს საუბარი შემოატრიალა, თითქოს, მე ვაიძულე ამის თქმა…

_ ეს საქმე გამოიძიეს?

_ რამდენიმე ადამიანი იყო დაკითხვაზე და საქმე აღძრულია. მგონი, ბრალი არავის წაყენებია. თუ ვინმეს წაუყენებდნენ, მე ვიქნებოდი, ეს თემაც ერთი დიდი ტყუილია. ვეღარ მოაბეს თავი, რადგან ის კონკრეტული ჩანაწერი ჩვენ განვახორციელეთ, იქ არასამთავრობოს წარმომადგენელი ესწრება, ეს ადამიანი როგორ მოდის ჩვენთან, როგორ იძლევა ინტერვიუს და ა. შ. ძალიან მყარად გვქონდა ეგ საქმე იმისთვის, რომ პროკურატურაში წარგვედგინა და ამას მომავალში წარვადგენთ კიდეც, როგორც საქმეს იმისა, თუ როგორ იგეგმებოდა ჩვენ წინააღმდეგ კონკრეტული მოქმედებები…

_ უკრაინაში როდის წახვედით და ახლა რით ხართ დაკავებული? დაუბრუნდით სამხედრო საქმეს?

_ უკრაინაში 2014 წლის ივნისში წავედი, ძირითადად, როცა ჩემი საქმე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მორჩენილი იყო. წელიწადნახევარი სასამართლო ბრძოლებში და პროკურატურაში დაკითხვაზე გავატარე, ასევე სამხედრო პოლიციაში, მერე ჩვეულებრივად გადავკვეთე საზღვარი, უკრაინაში მოვედი ამ სასამართლო პრობლემების შემდეგ და ჩემს მეგობრებთან ერთად AთO-ში ჩავერთვე, მონაწილეობა მივიღეთ, შემდეგ მოსამზადებელი ცენტრი შევქმენით იქვე, ბრძოლის ხაზზე. სამხედრო მომზადების დონის ამაღლებას ვცდილობთ. შემდეგ უკრაინელ პატრიოტებთან ერთად რეალურად შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ორგანიზებულად ახორციელებდა წვრთნებს და ვარჯიშებს. ახლა მერაბ კიკაბიძე და დავით მაყიშვილი ოფიციალურად მუშაობენ რეფორმებისა და განვითარების დარგში. უკრაინის ნაციონალურ გვარდიაში ჩემი დანიშვნაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გაიგო და სასწრაფოდ წამიყენა ბრალი. დარწმუნებული ვარ, იმ ბრალსაც გავაბათილებ და ჩემს სიმართლეს სასამართლოს დავუმტკიცებ…

_ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე მინდა გკითხოთ…

_ სერგო თეთრაძეზე მინდა მოგახსენოთ, რომ მე, როგორც მახსოვს, თავიდან იყო ბრალდება, რომ ის იყო ნაცემი, ნაწამები და გაუპატიურებული სამხედრო პოლიციაში, რაც ტყუილი აღმოჩნდა. მე როგორც ვიცი, დანარჩენმა სამხედრო მოსამსახურეებმაი, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დაკავებული,  სასამართლო პროცესზე აღიარეს რუსეთის ჯაშუშობა და დღევანდელმა პროკურატურამ და დღევანდელმა სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო, ნამდვილად არ ვიცი, არც მაინტერესებს და არც ვარ მაგ დეტალებში საქმის კურსში.

_ თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ეს რეალური საფრთხე იყო, _ რუსეთის ჯაშუშები და რუსული სპეცსამსახურების ქვეყანაში მუშაობა?

_ რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე იყო და ამ შეკითხვის დასმა და ამაზე პასუხის გაცემა ცოტა უხერხულიც არის. ყოველდღე, ყოველთვის მუშაობდნენ და ახორციელებდნენ კონკრეტულ გადაბირებას, კონკრეტულ მოქმედებებს, კონკრეტული ჯგუფების ჩამოყალიბებას, კონკრეტული ძალის გამოყენებას ყველა მეთოდით… ამ ყველა მეთოდზე არის კონკრეტული ქმედებები და ძირითადი საქმეების გამოძიება, ალბათ, ბოლომდე მოხდა. ძალიან ბევრი თემა იყო, რომელიც ვერ განახორციელეს და, რა თქმა უნდა, ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა და ყოველდღიური წინააღმდეგობა. ისეთი რეჟიმი, როგორიც გვქონდა და ისეთი განსაკუთრებული რეჟიმი, რომელსაც ვიგერიებდით, მხოლოდ ჩვენი რეჟიმით შეიძლებოდა მოგვეგერიებინა… ახლა ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, დღევანდელ ხელისუფლებას როგორი დამოკიდებულება აქვს და როგორ ჩაბარდა რუსეთის გავლენას.

_ ბატონო გიგი, აგვისტოს ომზე მინდა გკითხოთ, უხერხული კითხვაა, მაგრამ, სჯობს, დაგისვათ, _ არსებობდა ვერსია, რომ რეალურად თქვენ ჭრილობა საკუთარი მძღოლის მიერ გასროლილი იარაღით მიიღეთ მანქანაში. ეს არ იყო „ოცნების“ ხელისუფლების ჭორი, ეს იყო თქვენივე ხელისუფლების პირობებში გავრცელებული ხმები.

_ მე გეტყვით, კონკრეტულად ვისგან მოვისმინე ეს პირდაპირ ეთერში და მანამდე არ მქონდა მოსმენილი, რომ მე გავირტყი, მე მესროლა, მე ვისროლე. ეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ასევე ის, რომ მე გავყიდე საწვავი და ტანკები გაჩერდნენ. კიდევ იყო სასწაულები, ეს იყო არჩევნების შემდეგ დღეს, როცა ყველაფერი გავიგე. რა თქმა უნდა, ეს ჭორები ორგანიზებული იყო, ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა ორგანიზებული, კონკრეტული რუსული ხელი, კონკრეტული პირები და პარტიები. ეს უნდა მოიგონო და მერე ხალხი დაარწმუნო. გულდასმით და დამაჯერებლად ლაპარაკობდა ვაჟბატონი ტელევიზიით, თითქოსდა მე ვისროლე. ჯერ ერთი, არც აქვს ინფორმაცია, რომ მე ტყვიით არ ვარ დაჭრილი, ეგ ინფორმაცია შეეძლოთ, ჰოსპიტალში ამოეღოთ, სულ რამდენიმე საათი გავჩერდი და მერე პოზიციებს დავუბრუნდი, სირცხვილია და რაღა უნდა დავუმატო, არ ვიცი!..

მეოთხე ბრიგადამ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. დიდი წინააღმდეგობა იყო, სამწუხაროდ, სამეთაურო რგოლი, ძირითადად, დაგვეხოცა!

_ ახლა გკითხავთ, როგორც გენერალს და გენშტაბის ყოფილ უფროსს, _ დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე, სამინისტროზე, თქვენს ყოფილ მოადგილეზე, ვახტანგ კაპანაძეზე, რას მეტყვით? როგორია დღეს თავდაცვის სამინისტრო, რამდენად არის მზად საგარეო საფრთხეების მოსაგერიებლად?

_ მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტებს და მერე შეგიძლიათ ილაპარაკოთ და აზრი გამოიტანოთ, თავადვე დაასკვნათ… პირველი მოსვლის დღიდანვე მათ თავდაცვის ზღუდეების მშენებლობა შეაჩერეს! ეს იყო კონკრეტული გეგმა, რომლითაც დიდ შემოტევას მოვიგერიებდით, რომელიც თბილისზე იგეგმებოდა, არა მარტო თბილისის თავდაცვის ზღუდე, არამედ სხვა ქალაქების თავდაცვის ზღუდეების მშენებლობა, უბრალოდ, იმ მოტივაციით გააჩერეს, თითქოსდა, ეს უკვე რომელიღაცა ჩამორჩენილი ქვეყნის, ან მე-19 საუკუნის განსახორციელებელი გეგმაა, რომელიც სრული ტყუილია. ის კი არა, რომ დაეკონსერვებინათ, აიღეს და მისი ფიზიკური დემონტაჟი დაიწყეს; ჩვენ ვამზადებდით რეზერვს, მერაბ კიკაბიძე ამ კონკრეტულ პროექტს ხელმძღვანელობდა და 50 ათასამდე შევკრიბეთ, მოვამზადეთ, ჩავაცვით, აღვჭურვეთ, მოვამზადეთ ის წერტილები, რომელიც განხორციელებული იყო ტყვია-წამლის ჩამარხვის მომზადებით და ა. შ., რომ კონკრეტულ სოფელს, კონკრეტულ ქალაქს, კონკრეტულ მიმართულებას განეხორციელებინა წინააღმდეგობა. ეს იყო პროექტი: „დაიცავი შენი სახლი“. ეს პროექტიც ჩააგდეს, გააჩერეს და ოთხი წლის თავზე კონცეფციაზე მუშაობენ, იმ არასამთავრობოებთან ერთად, რომლებიც მათ კვერს უკრავენ. პირველივე კომენტარის დროს ალასანია გამოჩნდა, თურმე, რა ინფრასტრუქტურა დავახვედრეთ და თურმე რა დღეში ყოფილა შეიარაღებული ძალები და ის კონკრეტული სამხედრო ნაწილები აჩვენა, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით იყო განსაზღვრული. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ მთელი თავდაცვის სამინისტრო გარემონტდა, მაგრამ საბრძოლო ქვედანაყოფები შესაბამისად აღჭურვილი და ინფრასტრუქტურულად მოწყობილი იყო. ვერც ერთი ბრიგადა ვერ ააშენეს თვითონ. კრწანისის ცენტრში თითქმის  დამთავრებული ბრიგადა ვერ გახსნეს საერთოდ. შეგიძლიათ, ფიზიკურადაც ნახოთ, კრწანისთან იმხელა ბრიგადაა, 95% არის გაკეთებული და ის 5%-იც ვერ აღადგინეს და ვერაფერი გააკეთეს. შეიარაღებული ძალები შეამცირეს, ვითომდა, ამით ხელფასები გაზარდეს, არადა, სამეთაურო რგოლს, რომელიც კონკრეტულ ქმედებაზე, საბრძოლო მოქმედებებზე აგებს პასუხს და გადაწყვეტილებებს იღებს, იმათ შეუმცირეს ხელფასები, სამხედრო მრეწველობა გააჩერეს. კიდევ კარგი, „დიდგორი“ გამოვუშვით და მისი რეალიზაცია მოხდა. არადა, გახსოვთ მათი განცხადებები, რომ ეს „დიდგორი“ არარეალური იყო და „ლაზიკა“ მოგონილი თემაა. საერთოდ გააუქმეს და სამხედრო ჰოსპიტალს პრობლემები შეუქმნეს…

_ ასევე აუცილებლად უნდა გკითხოთ საინჟინრო ბატალიონის თაობაზე. თავდაცვის სამინისტრო აპირებს, საიდუმლო სამხედრო ობიექტების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადოს. რამდენად დაცულია ასეთ შემთხვევაში სამხედრო საიდუმლოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა? 

_ თვითონ ამ პროექტს ბაჩო ახალაია რევაზ ჭარბაძესთან და მის გუნდთან ერთად ახორციელებდა. ეს როგორი იყო, იცით? ჩვენ თანხას ვზოგავდით, რომ მერე ეს თანხა სამხედრო მრეწველობაში წასულიყო, რომ უფრო მეტი ბინის მშენებლობას მოხმარებოდა ოფიცრებისთვის. ჩვენ შევქმენით ჩვენი ე. წ. შებენის ქარხანა. ეს არც ბაჩო ახალაიას წაუღია სახლში და არც მე და არც სხვებს… ჩვენ შევქმენით ჩვენი ცემენტის ქარხანა, შევქმენით ჩვენი სამუშაო ჯგუფი, გუნდი, რომელშიც იყვნენ სპეციალისტები, შევიძინეთ ჩვენი სამუშაო სამშენებლო ტექნიკა, რომელიც რამდენიმე ათეული იყო, ჩვენ ვაკეთებდით ამას თვითონ, ჩვენი ხელებით, რომ ეს ყოფილიყო იაფი და არავის ეთქვა, ეს მშენებლობები, რომელიც საიდუმლო ობიექტებზე, სამხედრო ნაწილებში მიმდინარეობდა, აქედან ვიღაცას რაღაც ფული რჩებოდა. ხალხი შემოწმდა, აღრიცხვაზე ავიყვანეთ,  99-100%-ის შემთხვევაში გეტყვით, რომ საიდუმლო ინფორმაცია საიდუმლო მშენებლობის თაობაზე არ გასულა. ახლა ეს ყველაფერი, უბრალოდ, აიღეს და მოშალეს, გაანადგურეს. აქ არის მხოლოდ ერთი აზრი, _ მეტი ფული იშოვონ! ორი აზრი არ არსებობს. როგორ შეიძლება, კონკრეტული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ტექნიკაზე მოვამზადეთ, ამათმა ხომ არ იცოდნენ ამ ახალი ტექნიკის გამოყენება, ესენი პროფესიონალურად მომზადებული იყვნენ და 24 საათი მუშაობდნენ, რადგან ეს გვჭირდებოდა და მათ შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდათ. მთელი სისტემა მოშალეს, მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ფული გააკეთონ… ძალიან დიდი ეჭვი მაქვს იმ ბრალთან დაკავშირებით, ე. წ. კაბელების საქმეზე. როგორ მოახერხეს ამხელა ფულის აკუმულირება, საერთოდ, კავშირგაბმულობის თემის განვითარებაში?

კაბელების საქმეზე დაკავებულ რამდენიმე ადამიანს თვითონ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ისინი დანაშაულში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაგრამ ის, რომ კონკრეტულად მაგ საქმეში 6 მილიონი აკუმულირდა და მერე აქედან 4 მილიონი გადაირიცხა, ეგ მაღელვებს, რომ ეგ რაღაც მიზანმიმართული, კონკრეტული კორუფციული სქემა იყო, რისთვის არიან ეგენი მოსული. არც სამხედრო განათლების კუთხით გაუკეთებიათ რამე, არც აუშენებიათ, არც შეუქმნიათ, არც ლოჯისტიკა განუვითარებიათ, რისთვის მოვიდნენ საერთოდ, უკვე გასაგებია…

_ ახლა, როცა გენშტაბის უფროსი აღარ ხართ და ქვეყნიდან შორს, უკრაინაში იმყოფებით, მაინტერესებს, რა იყო ბაჩო ახალაიას მთავარი შეცდომა, რა იყო თქვენი მთავარი შეცდომა? თუ გიფიქრიათ იმ შეცდომებზე, რომელიც თქვენი იქ მოღვაწეობის პერიოდში დაუშვით?..

_ გეტყვით, რა იყო და ბევრჯერ ვამბობ ამას… მედიასთან რომ არ იყო ურთიერთობა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ყოველდღიურად უნდა განხორციელებულიყო პიარი, საზოგადოებასთან, რომელსაც ბევრი შეკითხვა ჰქონდა, გახსნილი უნდა ყოფილიყო და ეს უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ პიარი არ იყო…

_ ბატონო გიგი, აუცილებლად უნდა გკითხოთ დაპირისპირებაზე, _ არსებობდა თუ არა დაპირისპირება ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას შორის? თუ შეგიძლიათ, გულწრფელად მიპასუხეთ… თუ პასუხი არ გინდათ, მაშინ მითხარით, რომ პასუხი არ გინდათ…

_ მოდი, ასე ვიტყვი… თვითონ ამბობენ, რომ არაო და მე ვერაფერს დავამატებ…

ძალიან მაღელვებს თვითონ მოტივაცია შეიარაღებულ ძალებში, რომელიც უკიდურესად დაეცა, ეს უკვე ყველას ეტყობა. მაღელვებს ის, რომ კონკრეტული აგიტაციაა იმისკენ, რომ თითქოსდა, ჩვენ დავიწყეთ აგვისტოს ომი და პუტინის რუსეთი ჩვენი მეგობარია, ეს პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა 2008 წლის ომი. სამწუხაროდ, ყურადღება არ ექცევა ვეტერანებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ავღანეთიდან ჩამოსულ სამხედრო მოსამსახურეებს, მძიმედ დაჭრილებს და ბოდიშის მოხდა არაფერს შველის! კონკრეტული გეგმები და მოქმედებები უნდა დაისახოს. სამწუხაროდ, ბიუჯეტი რაც იყო, ის დარჩა და არ გაზრდილა, მაგრამ ბევრი პროექტის განხორციელება შეგვეძლო, სამხედრო მრეწველობა არ განავითარეს და დაბრკოლებები შექმნეს. სამწუხაროდ, ასევე სამხედრო მრეწველობის ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინეს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები რუსულ გავლენას დაექვემდებარნენ, რუსულ გეგმას ახორციელებენ და საქართველოს ასუსტებენ!

ელისო კილაძე