მარნის ,,სხადნიაკი“ და ბიძინას შემონათვალი ,,კახურ კლანს“

mk3

დედოფლისწყაროელებმა ვერ გაიგეს, რატომ მიუერთეს მათი რაიონი საარჩევნოდ სიღნაღს? ვერც ის გაარკვიეს, სიღნაღელი დეპუტატი რატომ უნდა ჰყავდეთ?! ერთი რაც იციან ზუსტად ის არის, რომ თამაზ თამაზაშვილი რაიონში აღარ ჩანს, სამეზობლოში ამბობენ, გერმანიაში დადისო, ზოგი საფრანგეთსაც ამბობს, მაგრამ საკუთარ რაიონში რომ არ არის, ეს ფაქტია.

ამ რაიონში დიდი გაუგებრობა 2012 წელს მოხდა: რაიონს, რომელსაც გენერლის ოჯახი, მომავალი შსს და პრემიერ-მინისტრი კურირებდა, არჩევნებზე მაინც წაგება ხვდა წილად. კერძოდ კი მომავალში უკვე ალექსანდროვიჩ რუბენიჩის საყაენო მაშინ კედელაშვილის გამარჯვებით და ლექსო თამაზაშვილის დამარცხებით დასრულდა. მოგვიანებით, ლექსო მაინც მოხვდა პარტიული სიით პარლამენტში, კედელაშვილი კი მაჟორიტარი გახდა. დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს ყველაზე მეტი გაცდენა აქვს საპარლამენტო სესიებზე. კულუარებში ამბობენ, სესიებზე იმიტომ არ დადის, რაიონში აწ უკვე ყოფილი პრემიერს გარემოცვა მისვლას უზღუდავს და, შესაბამისად, აღარც პარლამენტისკენ იხედებაო…

ამ რაიონს განსაკუთრებული ბედი აქვს, _ პარლამენტში ერთი კი არა, რამდენიმე დეპუტატი ჰყავს, თუმცა არც ერთი დედოფლისწყაროში სიარულით ავტომობილს არ ცვეთს და ამიტომ უძაღლოდ დარჩენილ ქვეყანაში რომ კატებს აჩხავლებდნენ, იმ სურათს დაემსგავსა ეს ყველაფერი…

2012-ში თუ აქ „ნაციონალებმა“ გაიმარჯვეს პრინციპისთვის, 2014 წელს 2 „ნაციონალი“ შევიდა მარტო საკრებულოში და მათაც საკრებულოს სხდომებზე ან ეძახიან, ან _ არა… თემამ რომ არ აგვიყოლიოს, მარანს მივადგეთ. უკვე რამდენი კვირაა, თამაზაშვილების მარანს ბოქლომი ადევს, მაგრამ ახლახან ბოქლომს პენსიონერმა გენერალმა გასაღები მოარგო და „სხადნიაკიც“ დაიწყო…

 

კლანური ანალიზი კახურად

ამ რამდენიმე დღის წინათ გურჯაანის ტელევიზიაში ერთი გლეხი მივიდა, მე მეძებდა, კოლეგებმა დამირეკეს, _ შენთან საუბარი უნდაო…

_ ქალბატონო მაკა, რაღაც სათხოვარი მაქვს, აი, ქალბატონი ელისო რომ ამბობს ხოლმე, კახური კლანიო, ეგ რომ მესმის, როგორც `მაზოლზე” ფეხი დამაჭირონ, ისე ვგრძნობ თავს…

_ რატომ, თამაზაშვილის ნათესავი ხართ, თუ ღარიბაშვილის?..

_ არც ერთისაც არ ვარ… მარა ქიზიყელებს რომ კახელებს ეძახით, ძალიანა მტკივა და ზედ `მაზოლზე” მხვდება…

ქალბატონ ელისოს უთხარით, ძალიან მიყვარს, რომ ვუსმენ, იმედი მიჩნდება, ოდესღაც სამართალი პურსა ჭამს, მაგრამ სთხოვეთ, ასე თქვას: „ქიზიყური კლანიი“…

მოკლედ, დავიბენი… მეც ხომ ვიცი, რომ ისინი ქიზიყელები არიან, მე კიდევ კახელი ვარ, მაგრამ ზუსტად ვუპასუხე:

_ ეხ, ბატონო, მე, თქვენ და ქალბატონმა ელისომ კი იცის, რომ ქიზიყელები არიან, მაგრამ, აი, ბატონი ბიძინა მათ კახელებს ეძახის და რადგან ის ასე უწოდებს, ჩვენც მის გასაგონად ვამბობთ… ამიტომაც ვეძახით კახელების კლანს…

_ მაშინ, ბიძინას უთხარით, სახელს ნუ გვიტეხს…

ჰოდა, ბატონო ბიძინა, ეს რა დღეში ჩაყარეთ თქვენი ქიზიყელი მეგობრები?

დრო დაუდგათ ისეთი, რომ დრო მოკავშირე აღარ არის…

 

პოლიტიკური ანალიზი

ჯვარი აქაურობას, მაგრამ ერთი ქიზიყური ამბავი გამახსენდა:

კაცი გარდაიცვლება და აბა, შვილები, ცოლი ტრიალებენ, სასახლეს უმზადებენ მიცვალებულს… ულაგებენ რაღაც-რაღაცებს, როგორც წესია, შვილები აქტიურობენ უფრო…

_ ეს ჩავაყოლოთო? მაგას უყვარდა… ის ჩავაყოლოთო? მაგასაც ხმარობდაო… ესაცო, ისაცო. ამ კაცის მეუღლე ადგა და მიდის.

_ სად მიდიხარ, დედიო? _ ჰკითხეს შვილებმა.

_ რავი, შვილო, გაგეცლებით ცოტა ხანს, თორემ მეც ვუყვარდი და არ ჩამაყოლოთო.

ეს ისე, მძიმე დღეების ქიზიყური სხარტულა ამბავია, მაგრამ ახლა ეს რომ პოლიტიკაში გადავიყვანოთ და წარმოვიდგინოთ: ირაკლი წავიდა ხელისუფლებიდან, ბიძინამ დაიბარა, ესეც გააყოლეთ, ისიც და ყველა, ვინც მას უყვარდაო… რამდენიმე თვის შემდეგ კი თამაზ თამაზაშვილი დედოფლისწყაროდან წასული დაბრუნდება მარანში, დაუნიშნავს სიმამრს „სხადნიაკს“ და მოყვება ამბავს…

და სანამ იმ ამბავზე გადავალ, რა მოხდა სიმამრის მარანში, მანამდე ლექსო თამაზაშვილს უნდა ვუთხრა, _ კარგად წაიკითხე სტატია, ჩიტებსაც ჩვენთან მოაქვთ ამბები და მაგ მარნიდან გამოქცეულ ყვავებსაც…

 

მარნის „სხადნიაკი“

„არც ერთი ჩემიანი არ ვნახო არჩევნებზე ჩართული, ყველაზე დიდი კონტროლი ამ არჩევნების დროს იქნება აქ, კახეთში. გაფაჩუნებაც კი აგვიკრძალა. უარესიც, _ სანამ არჩევნები არ დასრულდება, შემომითვალა, სახლში ნუ ჩახვალო… ვთხოვე, _ ლექსო მაინც ჩამისვი საარჩევნო სიაში-მეთქი და შემომითვალა, _ ერთი მოწვევის პარლამენტარობაც ეყოფაო. არ ვიცი, რა იქნება. სავარაუდოდ, ლექსოს ამ შემოდგომას საქართველოდან გავუშვებ, ცოტა ხანი სხვაგან იყოს, ასე სჯობია, ამიტომ იცოდეთ, იშვიათად მომიწვეს აქ ჩამოსვლა. ეცადეთ, საკუთარ თავებს თავად მიხედოთ, მე ნუ მახსენებთ ნურსად. მახსენებთ და წააგებთ. ახლა ჩემი ხსენება წაგების ფასია. თუ გინდათ, რომ ირაკლის არ გადავყვეთ, ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ… რა ვიცი, იქნება გაუაროს და ჩვენკენ გული მოუბრუნდეს“.

 

შეწუხებული საძმო…

მარნის „სხადნიაკზე“ თამაზაშვილს „სასტავი“ ძალიან შეწუხებული დახვდა. მათი ძირითადი წუხილი ტენდერებს ეხებოდა. „ტენდერებში მონაწილეობასაც კი გვიკრძალავენ და რაც აქეთ აღარ ხარ, უკვე გვაიგნორებენ“. თამაზაშვილმა ახალი ამბავი მოუყვა მეგობრებს, _ საარჩევნოდ ყველა თქვენგანს ტენდერებში აღებული ფულის 15 პროცენტის უკან მიტანა  მოგიწევთ, ასე შემომითვალეს, „ოცნებას“ ოფიციალურად უნდა შეწიროთო…

მაგრამ უკმაყოფილო ბიზნესმეგობრები უარზე იდგნენ, _ ტენდერები აღარო, ყველა გამგებელი, გზების დეპარტამენტი, სამინისტროები, ყველა იმას გვეუბნება, მიიღებთ მონაწილეობას და გაგაშავებთო. ფულიც რომ მივცეთ, მერე ის ფული საიდანღა ამოვიღოთო?

წინა წლებში სოფლის დახმარების პროგრამით უტენდეროდ გვაძლევდნენ საქმეებს, წელს რაც ეს ახალი პრემიერ-მინისტრი დადგა, საერთოდ აღარ გვაქვს არაფერი, ყველაფერზე ტენდერია საჭირო, იქ კიდევ წინასწარ გვაფრთხილებენ, არ მიიღოთ, თუ მიიღებთ, შარს მოგიძებნით და გაშავდებითო… ერთმა სამშენებლო კომპანიამ გადამდგარ გენერალს გაბრაზებულმა შესჩივლა, „ალექსანდროვიჩმა“ კი უპასუხა: მოკლედ, ნაშოვნი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს ბიძინა, არ შეგვარჩენს, ხომ იცით უკვე, ძალოვნები სულ შეიცვლებიან, იქითა წლიდან „ვიშკაზე“ ვეყოლებით, ჩვენი ყველას გატოკება და დაჭერა ერთი იქნება. ან სულ უნდა გავეცალოთ, ან არადა, თითო საქმე დაიტოვეთ ყველამ, ღობე-ყორეს ნუღა მოედებით და პატარა ტკბილი ლუკმა გექნებათ. ჩემთვის მინდოდა მექანიზაციის ცენტრის ყიდვა, ირაკლი ადრე მეუბნებოდა. ახლა არ გამოვა, ცოტა დაიცადეო, ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდოდა გაყიდვა. ადრე ამბობდნენ, წაგებაა მექანიზაციის ცენტრები სახელმწიფოსთვის, კერძო ტიპებს უნდა ჰქონდეთო, მაგრამ ახლა რომ გაიგეს, მე მინდა, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს…

„სხადნიაკს“, ძირითადად, სამშენებლო და საგზაო კომპანიების მეპატრონეები ესწრებოდნენ, აქვე იყო დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილი, რომელიც თამაზაშვილის დეიდაშვილია; რამდენიმე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელიც. მარანში იმ დღეს სუფრა არ გაშილილა, მხოლოდ კრება იყო. ჩემი წყაროს ინფორმაციით, თათბირს მეორე ნაწილიც ჰქონდა. როცა ყველა წამოვიდა, ძალოვანი თანამშრომლები დარჩნენ მათთთან. რა ისაუბრა ექსგენერალმა, უცნობია. ფაქტი ერთია, კრება მხიარულად ვერ დარჩა, გამწყრალი ბიზნესმენები დიდ დარდს მისცემიან, იმ 15 პროცენტის მიტანა და პარტიისთვის შეწირვა ასეთი ადვილი აღარ არის.

 

რა სარგებლობა მოაქვს მექანიზაციის ცენტრებს?

ინფორმაცია კი იმის შესახებ, რომ მექანიზაციის ცენტრი, სადაც სოფლის მეურნეობის ასობით ტექნიკაა შენახული, რომელიც გლხებზე ქირავდება, უნდა გაიყიდოს, რეგიონში აქტიურად განიხილება. თუ ამ მექანიზაციის ცენტრის ყიდვა თამაზაშვილმა შეძლო, ჩავთავლოთ, რომ რომელი გლეხიც გენერლის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, მას არც მიწის მოხვნა ეღირსება და არც მოსავლის აღება, რადგან ეს ტექნიკა თუ ერთი ადამიანის ხელში მოხვდა, ის ადამიანი მთელი შირაქისა და დედოფლისწყაროს ფაქტობრივი მეპატრონე გახდება… დაახლოებით ცისკარას ზღაპარს ჰგავს, წყალს თუ არ მიაწვდი და წყალი დევის იქნება, ყველა დევის მონა გახდება, რომ დევმა წყალი მისცეს… სწორედ ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ მექანიზაციის ცენტრს! ჯერ კიდევ ახლა, როცა მექანიზაციის ცენტრები ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება, ამ ცენტრის ხელმძღვანელი თამაზაშვილი ღარიბაშვილის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან და გასულ წელს აგვისტოში რომელი გლეხიც შავ სიაში ჰყავდათ, ღარიბაშვილ-თამაზაშვილი არ „ეპრიანებათო“, იმ გლეხებს მოსავლის ასაღები ტექნიკა არ ათხოვეს, მარცვლეულისა და ბალახის აღების შესაძლებლობა არ მისცეს, სანამდე ბოდიშები არ ახდევინეს და მსხვილი შესაწირები არ შეაწერეს..

 

P. S. ეს ისე, გენერალო! როცა ჩემი ჩიტი თუ შენი ყვავი გადაწყვეტს, თავისი ვინაობა აღარ დამალოს, შეგიძლია გაიხსენო: იულიუს კეისრის გამონათქვამმა „შენც, ბრუტუს?“ _ საუკუნეები გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია, როგორც მწარე რეალობამ და დაგვანახვა, როგორი შეიძლება იყოს „მეგობრობა“. ბრუტუსი, რომელიც კეისრის საუკეთესო მეგობრად მიიჩნეოდა, არა უბრალოდ შეთქმულების მონაწილე იყო, არამედ სათავეში ჩაუდგა თავისი იმპერატორისა და „საუკეთესო მეგობრის“ მკვლელობის ორგანიზებას. თუმცა ხალხმა მოღალატეებს მხარი არ დაუჭირა. როდესაც ბრუტუსმა ნახა, რომ საქმე წაგებული იყო, თავისსავე ხანჯალზე წამოეგო.

 

                                                                                                              მაკა მოსიაშვილი