სამეგრელოში „ქოცებს“ უკვე „ქოცები“ აგინებენ

iu

სრულიად საქართველოში დაწყებული ცოდვის ტირილი „ქართული ოცნებისთვის“ სამეგრელოში ქვითინად ისმის და მისი ხმა სულ უფრო და უფრო შემზარავი ხდება: „ქართული ოცნების“ მესვეურებსა და ადგილობრივ წარმომადგენლებს უკვე „ოცნების“ მხარდამჭერებიც ლანძღავენ და აგინებენ.

ბოლოდროინდელი მოვლენების პიკად განმუხურის სანაპირო ზოლის გაყიდვა იქცა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მალა, მაგრამ, როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არ დაიმალა და დღეს ზუგდიდში ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რასაც კარგა ხანია, ყოფილი მმართველი პარტია ამტკიცებს: ივანიშვილი ნაწილ-ნაწილ ყიდულობს მთელ საქართველოს.

განმუხურელებმა გასულ კვირას რამდენიმე აქცია სწორედ სანაპირო ზოლის გაყიდვის გასაპროტესტებლად მოაწყვეს, ხოლო „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ხალხმრავალი აქციები უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება. პოლიტიკურად აქტიური მეგრელები რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტს ელოდებიან, რომ პროტესტი მათთანაც გამოხატონ და წითელი ბარათი კიდევ ერთხელ უჩვენონ.

ერთ-ერთი ვერსიით, აქცია მაშინ გაიმართება, როცა პრემიერი კვირიკაშვილი ზუგდიდში ჩავა და ახალი სტადიონის მშენებლობას დაათვალიერებს. ეს ის სტადიონია, რომლის მშენებლობაც, ლამის იყო, რუსულ კომპანიას დააწყებინეს, რომელსაც თავად რუსეთშიც კი არავინ ენდობა, მაგრამ აქ ლობისტები გამოუჩნდნენ და ტენდერის პირობები მოარგეს.

საბედნიეროდ, ოპოზიციისა და მედიის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ ეს გარიგება ჩაიშალა და ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, მაგრამ ამჯერად კომპანია, შესაძლოა, დათქმულ ვადაში ვერ ჩაეტიოს _ „ქართულმა ოცნებამ“ ვერა და ვერ ისწავლა რეალური ვადის განსაზღვრა.

მოკლედ, გიორგი კვირიკაშვილს მალე ზუგდიდში ელოდებიან. სხვათა შორის, ბაზრის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდგარი მოვაჭრეებიც თითებზე ითვლიან დღეებს, როდის ჩამოვა, რომ მას თავიანთი სატკივარი უთხრან:

„დაცვა არ დაჰყვებაო, მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობსო დ იმედია, ჩვენთანაც ჩამოვა, რაღაც გვაქვს სათქმელი, დაგვიგროვდა. თუ უნდა, დაცვით მოვიდეს, უნდა _ დაცვის გარეშე, მაინც ვეტყვით“, _ ამბობს 63 წლის გარემოვაჭრე ციალა არქანია, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში პარფიუმერიას ყიდის.

ბაზრის მოვაჭრეებსაც თავიანთი გასაჭირი ადგათ და კი ამბობენ, კვირიკაშვილს რომ ვუთხრათ, რა შეიცვლება, ივანიშვილი კი აქ არ მოვაო, მაგრამ მაინც აპირებენ, პრემიერს შესჩივლონ:

„ნახეთ, რას დაემსგავსა ზუგდიდი, ასეთი ეს ქალაქი 90-იანებში მახსოვს, „ბრეზენტებით“ გადახურული ბაზრის შესასვლელით, ახლა კი მაღაზიების ჭერზე კიდევ მაღაზიებს აშენებენ და ამაში ფულს იღებენ, სრული უკონტროლობაა“, _ აცხადებს 58 წლის ბაზარში მოვაჭრე ქალი დალი ვეკუა.

ბაზართან დაკავშირებით ზუგდიდში, ჯერ კიდევ, გიგი უგულავას გუბერნატორობის დროს დაწყებული ვნებების დუღილი ამჯერად კიდევ უფრო თვალში საცემია და თუკი მაშინ ხელისუფლების მთავარ ამოცანას გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარებული მოქმედებები შეადგენდა და ეს, ასე თუ ისე, ქალაქის იერსახეზე ზრუნვით აიხსნებოდა, ახლა საუბარია სახელდახელოდ დარეგისტრირებული ზუგდიდის პოლიციის უფროსის ნათესავის კუთვნილი კომპანიის მიერ ტენდერის მოგებაზე, რომელიც უმუშევრად ტოვებს ბაზარში მოვაჭრეებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თავის ტკივილად იქცა ოპოზიცია და, ძირითადად, ენმ-ს წევრები საკრებულოში, რომლებმაც მობილიზაცია გამოაცხადეს და მოვაჭრეებს მხარში ამოუდგნენ, ბაზარში კოცონები დაანთეს და მათთან ერთად დაიწყეს ღამისთევა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ მახინჯი შენობები ზუგდიდს ამ დრომდე შემორჩა _ შენობები, რომლის აგების ნებართვაში მერიაში, სავარაუდოდ, დიდი თანხაა გადახდილი: „რა თანხა უნდა გადაგიხადონ, ამ სიმახინჯეს რომ დასთანხმდე?“ _ უკვირთ ადგილობრივებს.

შენობები შენობებად, იერსახე იერსახედ, მაგრამ ზუგდიდში და მიმდებარე სოფლებში კატასტროფული სიტუაციაა თხილის ფასთან დაკავშირებითაც და ეს ის ნაღმია, რომელზედაც, ძალიან მალე, შესაძლოა, ხელისუფლება აფეთქდეს კიდეც. მოგეხსენებათ, სამეგრელოში, განსაკუთრებით, სოფლებში მცხოვრებთათვის, თხილის ნარგავები და იქიდან მიღებული შემოსავალი ერთადერთი წყაროა, რათა გადასახადები გადაიხადონ, შვილებს სწავლის ფული გადაუხადონ, ან სასწავლებელში მოაწყონ, ზამთრისთვის შეშა, ფქვილი, კარტოფილი მოიმარაგონ: ეს ოდითგანვე ასეა და განრიგში ცვლილება არ შედის, მაგრამ ბოლო დროს თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა, რაც ადგილობრივთა მღელვარებას იწვევს.

მართალია, თხილის ფასი, მეტწილად, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნაზეა მიბმული, ანუ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზარდი და შთამბეჭდავია მოთხოვნა, მაგრამ ამის არც წინა ხელისუფლების დროს სჯეროდათ და არც ახლა სჯერათ. მით უმეტეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იჩქარა და რამდენიმე თვის წინ, როცა ჩასაბარებელი კგ თხილის ფასი 8 ლარი იყო, ეს თავის დამსახურებად გამოაცხადა. ახლა კი, როცა ფასი 3 ლარს ოდნავ აღემატება, მოსახლეობა ისევ ხელისუფლებისგან ელის განმარტებებს, ის კი აცხადებს, რომ ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია და ისევ „სისხლიან 9 წელს“ იხსენებს.

სინამდვილეში კი ზუგდიდში სწორედ რომ ზეგავლენაზე საუბრობენ. იქ ამბობენ, რომ თხილის ბიზნესი გუბერნატორმა ლევან შონიამ და „ტყის ძმების“ ყოფილმა ლიდერმა დათო შენგელიამ ჩაიგდეს ხელში. ამ ვერსიის მიხედვით, გუბერნატორმა დათო შენგელიას ავტორიტეტი და გალში მისი გავლენები კარგად გამოიყენა. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ასახელებს ადგილებს, სადაც გუბერნატორსა და დათო შენგელიას ერთად ხედავენ…

ამ სტატიაში აღწერილმა და სხვა სახის ფიასკოებმა სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ფიასკო გამოიწვია. უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ აქ არჩევნებში ენმ გაიმარჯვებს.

მანამდე კი სამეგრელოში კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა: ამჯერად, პაატა ბურჭულაძის ჯერ არშექმნილი პარტიისა. უნდა ითქვას, რომ ამ პრეზენტაციამ იმაზე დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე, თუნდაც, ორგანიზატორები მოელოდნენ. ორგანიზაციის ლიდერად ვახტანგ ცხადაია დასახელდა. ვახტანგ ცხადაიას ზუგდიდში საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე, მოგვიანებით კი _ ვიცე-გუბერნატორი, ხოლო 2012 წლის არჩევნებიდან ცოტა ხანში ქუდი დაიხურა და სახლში წავიდა. მისი ახლობლები ამბობდნენ, რომ მაშინ ცხადაიამ არ ისურვა თანამოქალაქეების პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვა და განზე გადგა, თანაც, თქვა, რომ პოლიტიკაში არასდროს დაბრუნდებოდა. თუმცა ფრაზა „არასოდეს თქვა „არასოდეს“ მის შემთხვევაშიც ახდა: მართალია, პაატა ბურჭულაძის ფონდს, ჯერჯერობით, ღიად არ განუცხადებია, რომ პოლიტიკაში მიდის, მაგრამ ამის ნიშნები, თუნდაც ცხადაიას დანიშვნით, სახეზეა.

რაც შეეხება მომავალ პოლიტიკურ აქტივობებს, ცხელი ზაფხულის დადგომამდე ქალაქში „გირჩის“ ფილიალის დაარსებას ელოდებიან. მოარული ხმებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ასე რომ, „გირჩი“ ახალ სახეს ეძებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, უკვე პარტიულ ფილიალს გახსნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერის კუთხით, სამეგრელოში ენმ-ს მხარდამჭერთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც სიურპრიზებია გამორიცხული: ენმ-მ ხომ „გირჩი“ და „ოცნება“, ფაქტობრივად, მთავარ საფრთხეებად გამოაცხადა.

 

                                                                                                                        ლაშა ბერულავა