სანდრო ჭაჭია: ,,რუსულ პროპაგანდას სასულიერო პირებიც ეწევიან“

ex

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული წყალგამყოფი იქნება _ რუსეთი საქართველოში გავლენებს ან გააფართოებს, ან რუსული გავლენებისგან ქვეყანა განთავისუფლდება და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კვალდაკვალ ევროპული ოჯახის წევრი გახდება.

რა ზემოქმედებას იქონიებს რუსული განწყობები არჩევნებზე და როგორია რუსული ეკლესიის გავლენა რუსულ პოლიტიკაზე?

„ქრონიკა+“-ს სანდრო ჭაჭია ესაუბრება:

_ ახლოვდება არჩევნები და ცხადია, გააქტიურდნენ და კიდევ უფრო გააქტიურდებიან პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის, ის ორგანიზაციებიც, რომლებიც მთლიანად მოსკოვიდან იმართებიან და ფინანსდებიან. ჩვენ ვიცით ეს ორგანიზაციები. ისინი კიდევ უფრო მომრავლდებიან. ჩვენ რომ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავდეს, ეს ორგანიზაციები საქართველოში ვერ იარსებებდნენ, ვინაიდან ისინი მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევიან და ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან.

თუმცა რას უნდა ელოდო ხელისუფლებისგან, რომელმაც რუსეთის ჯაშუშები ციხიდან გამოუშვა და მათ პოლიტპატიმრების სტატუსი მისცა? სამწუხაროა, რომ პრორუსული ორგანიზაციების გარდა რუსულ პროპაგანდას ჩვენი სასულიერო პირებიც ეწევიან. ეს რომ ერთი-ორი შემთხვევა იყოს, ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მომრავლდა. სასულიერო პირები ქადაგებისას თავიანთ მრევლს მიმართავენ, რომ რუსეთი ჩვენი მოძმე სახელმწიფოა, რომ მხოლოდ რუსეთსა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუძლია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი სარწმუნოების გადარჩენა „უღმერთო“, „უჯიშო“ და „გარყვნილი“ ევროპისგან და რომ მხოლოდ ძლიერ რუსეთს და ძლიერ რუსულ ეკლესიას შეუძლია ჩვენი დაცვა დასავლური „ბოროტებისგან“. ასეთი სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, რომ მათ ილოცონ ერთმორწმუნე რუსეთის, რუსული ეკლესიისა და რუსეთის პარტიარქის სიძლიერისთვის და დღეგრძელობისთვის.

რაც შეეხება ერთმორწმუნე რუსეთის „ღვთისნიერებას“, შეგახსენებთ, რომ რუსებმა 900-წლიანი ქრისტიანობის შემდეგ მხარი დაუჭირეს ბოლშევიკებს და 1918-21 წლებში ათობით ათასი სასულიერო პირი გაწყვიტეს, გაძარცვეს და დაანგრიეს ათასობით ეკლესია-მონასტერი, შექმნეს მსოფლიოში პირველი ათეისტური სახელმწიფო და ქრისტეს სწავლება ლენინის თეზისებით შეცვალეს.

_ რა როლს თამაშობს რუსული ეკლესია რუსულ პოლიტიკაში?

_ რაც შეეხება რუსულ ეკლესიას, ჯერ მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ რუსულმა ეკლესიამ ჩამოგვართვა ავტოკეფალია, აგვიკრძალა ეკლესია-მონასტრებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, გადაგვიფხიკა და გადაგვიღება საუკუნეების წინათ დაწერილი ფრესკები და გაიტანა ჩვენი უძველესი ხატები და სხვა ეკლესიური რელიკვიები.

რაც შეეხება რუსეთის პატრიარქ კირილს, ის გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან მჭიდრო კავშირში იყო ჯერ საბჭოთა „კგბ“-სთან, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე რუსეთის „ფსბ“-სთან. სპეცსამსახურებმა დიდი როლი ითამაშეს მის კარიერულ ზრდაში _ 90-იან წლებში უფლება მისცეს, გადასახადის გარეშე განეხორციელებინა თამბაქოსა და ალკოჰოლის იმპორტი, ასევე გადასახადების გარეშე განეხორციელებინა ნავთობის ექსპორტი, რის შედეგადაც საკმაოდ გამდიდრდა და, ექსპერტების აზრით, მისი ქონება, ჯერ კიდევ, პატრიარქობამდე 4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.

გარდა იმისა, რომ „ფსბ“-ს დიდძალი კომპრომატი ჰქონდა კირილზე და უხეშად რომ ვთქვათ, ყურებით ჰყავდა დაჭერილი, კირილს ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან და როდესაც პატრიარქი ალექსი მე-2 გარდაიცვალა, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ეჭვი არავის  ეპარებოდა, რომ პატრიარქი კირილი გახდებოდა, ვინაიდან პუტინს ასე სურდა და ასეც მოხდა.

პუტინის მიზანია, საბჭოთა კავშირის მსგავსი ძლიერი იმპერიის შექმნა და ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსული ეკლესიისა და პატრიარქის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონოდა, რაც მან პატრიარქ ალექსი მეორისგან ვერ მიიღო, ვინაიდან იყო საკითხები, რომლებშიც პატრიარქი ალექსი მას არ ეთანხმებოდა. სწორედ ამიტომ სურდა პუტინს, რომ პატრიარქი კირილი ყოფილიყო… მაგრამ იმისათვის, რომ კირილი პატრიარქი გამხდარიყო, პატრიარქი ალექსი მეორე „დროულად“ გარდაიცვალა. გარდაცვალების დღესვე, ოფიციალურ ვერსიად, ინფარქტი გამოაცხადეს. სინამდვილეში კი პატრიარქ ალექსი მეორის მომსახურე მონაზვნებმა და დაცვის წევრებმა ის იატაკზე აბაზანაში აღმოაჩინეს საკუთარი სისხლის გუბეში თავზე დიდი ღია ჭრილობით. ცხადია, ეს ინფორმაცია საპატრიარქოში მალე გავრცელდა და სინოდის წევრებს განუცხადეს, რომ პატრიარქს აბაზანაში ფეხი დაუსხლტდა, მან აბაზანაში მდგომ სკამის კუთხეს კეფა ჩამოარტყა და მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. აი, ასეთი „კაგებეშნიკური“ მეთოდით მიიღო პუტინმა სასურველი პატრიარქი და კირილმაც იმედები არ გაუცრუა.

როგორც ქადაგებისას, ასევე მრავალ ინტერვიუში ის მუდამ ხაზს უსვამს პუტინის როლს რუსეთის გაძლიერებაში, რუსული ეკლესიის გაძლიერებაში, დასავლეთიდან წამოსულ „გარყვნილებასთან“ ბრძოლაში. მან ღიად დაუჭირა მხარი პუტინს 2012 წლის არჩევნებში და მრევლს მოუწოდა, მისთვის ხმა მიეცა. მან ასევე გაამართლა ყირიმის ანექსია და მას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა უწოდა; ის ასევე ევრაზიული კავშირის შექმნის მომხრე გახლავთ და პუტინზე ამბობს, რომ ის არის „Собиратель русских земель“.

_ სანდრო, ცნობილია კირილის დამოკიდებულება ქართველებისადმი.

_ რაც შეეხება კირილის დამოკიდებულებას ქართველების მიმართ, ეს კარგად ჩანს იმაში, რომ მან დიდი პატივით მიიღო აფხაზეთის ე. წ. პატრიარქი ბესარიონი.

თვითმარქვია პატრიარქი ბესარიონი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლები პირი გახლავთ, რომელიც დღემდე მეგობრობს ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებთან. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი იყო, იარაღით ხელში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ და ამისთვის მას რამდენიმე სამხედრო ჯილდოც აქვს, ის ასევე აცხადებს, რომ ვლადისლავ არძინბა აფხაზურმა ეკლესიამ წმინდანად უნდა შერაცხოს.

აფხაზეთის ე. წ. პატრიარქმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ეკლესია ქართულ ეკლესიას აღარ ეკუთვნის. სურს, რომ რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში მოექცეს. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საუკუნეების წინათ ქართველების მიერ აგებულ ეკლესია-მონასტრებში რუსი მღვდლები წირვა-ლოცვას რუსულ ენაზე აღავლენენ. აი, ასეთი ქართველების მოძულე ნაძირალა ადამიანი მიიღო რუსეთის პატრიარქმა დიდი პატივით და რუსული საეკლესიო ორდენითაც დააჯილდოვა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი სასულიერო პირი რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ არის მოქცეული და პირადად მე მათ ქადაგებას, რუსეთისა და რუსეთის პატრიარქის ქება-დიდებას პრორუსული ძალების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მივიჩნევ, ვინაიდან მორწმუნე ადამიანებისთვის მათი მოძღვრის სიტყვები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის ნათქვამი.

 

                                                                                                                  მარიამ ბალანჩივაძე