მოშიმშილე მოხუცები, პანსიონატის დირექტორის მამა და მერიის ახსნა-განმარტება

pa

რა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ხანდაზმულთა და უპოვართა პანსიონატებისთვის მილიონობით ლარს გამოყოფს, იქ კი მაინც ოთხზე დაღოღავენ, კოვზის გარეშე ჭამენ (ან, სულაც, შიმშილობენ), ზედამხედველებს პენსიიდან აღებულ ფულს აძლევენ, ხოლო დირექტორი შეფმზარეულიც არის,  მომვლელიც და დამლაგებელიც?

სახალხო დამცველის აპარატის ანგარიში, რომელიც შვიდი სპეციალიზებული დაწესებულების ბოლო შემოწმების შედეგად დაიდო, საკმაოდ სკანდალურია.

„ქრონიკა+“ მას მცირე განმარტებებით გთავაზობთ

საქმე #1 _ „მუხლუხო თენგო“ 

ააიპ „დიოდორას“ ერთ-ერთი მწოლიარე ბენეფიციარი მარცხენა კიდურის მუხლსქვედა ამპუტაციის გამო ყავარჯნებით ვერ სარგებლობს. სპეციალისტებს მისი მდგომარეობა არ შეუფასებიათ და შესაბამისი დახმარება არ გაუწევიათ. ამის გამო მას ბენეფიციარებმა „მუხლუხო თენგო“ შეარქვეს. დღესაც საპირფარეშოთი სარგებლობის დროს იატაკზე მუხლებზე ხოხვით გადაადგილდება, გადაადგილების პრობლემების გამო კი საწოლში იკვებება. მისთვის ეტლის შეძენის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა და პანსიონატის პერსონალი სრულიად მშვიდად უყურებს, დღეში რამდენჯერმე როგორ „ჩაუვლის“ გვერდზე იატაკზე განრთხმული მოხუცი.

 

საქმე #2 – „ტვალეტა სუვენირი“

6,5 კვ.მ. ფართის ოთახში, სადაც ორი საწოლი დგას, უსინათლო ბენეფიციარი ცხოვრობს, რომელიც, ფაქტობრივად, ოთახიდან ვერ გადის და ცარიელ და ჭუჭყიან ლეიბზე, თეთრეულის გარეშე წევს. მოხუცს ზედამხედველებმა სკამი დაუდგეს და უთხრეს, რომ ეს მისი „ტვალეტი“ იქნებოდა. ანუ საძინებელშივე აქვს მოწყობილი საპირფარეშო, რომელიც სკამში ჩამონტაჟებულ პლასტმასის სათლს წარმოადგენს. ხანდაზმული ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს საძინებელშივე იკმაყოფილებს. ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში ცენტრალური გათბობის სისტემა არ არის, გაზაფხული-ზაფხულის გარდა ოთახი არ ნიავდება. რადგან იგი ყველაზე მძიმე მოსავლელია, მედპერსონალი მას „სუვენირს“ ეძახის. იმის გათვალისწინებთ, რომ ოთახში სხვა ბენეფიციარიც იმყოფება, თავისუფალი მცირე სამოძრაო სივრცეც კი არ რჩება. აღნიშნულ საძინებელს არ გააჩნია შენობის გარეთ გამავალი ფანჯარა, რომელიც ბუნებრივ ვენტილაციას და განათებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოთახს არც ხელოვნური ვენტილაცია აქვს. საძინებელში მძაფრი, არასასიამოვნო სუნი დგას და ანტისანიტარიული გარემოა. როგორც მის მეზობლად განთავსებული მოხუცი ქალის ინტერვიუებით ირკვევა, იგი ღამე ხშირად იატაკზე ეცემა, თავისით ვეღარ დგება და ყვირილით ითხოვს შველას. მეზობელ ქალბატონს ყვირილზე ეღვიძება და ხშირად დამოუკიდებლად უწევს მეზობლის დახმარება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბენეფიციარი პანსიონატში ფსიქიატრიული კლინიკიდან გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ფორმა #100-ის მიხედვით რეკომენდებული იყო ამბულატორიული ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება, ბენეფიციარს ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება არ მიუღია, ფსიქიატრის დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ არ იმყოფება, მკურნალობა ანტიდეპრესანტის ძილის წინ მიღებით ამოიწურება. ამის ნაცვლად პანსიონატის ადმინისტრაციამ მისი იზოლირებულად, ღირსების შემლახველ პირობებში განთავსება გადაწყვიტა.

 

საქმე #3 _ გენდერული დისბალანსი

მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ ააიპ „დიოდორას“ ბენეფიციარები პირადი ჰიგიენის დაცვას (დაბანა) მხოლოდ ქალი მზრუნველების დახმარებით ახერხებენ (მზრუნველი მამაკაცი დაწესებულებას არ ჰყავს). დაწესებულების ხელმძღვანელი საჭიროდ არ მიიჩნევს ზრუნვის საკითხებში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებას, რაც ღირსების შემლახველ პირობებში აყენებს, როგორც ბენეფიციარებს, ასევე მზრუნველებს.

 

საქმე #4 _ ხან ფსიქიატრიული, ხან _ უკან

ერთ-ერთი პანსიონატის სამ ბენეფიციარს მძიმე სომატური ჯანმრთელობის თანმხლები სერიოზული ფსიქიატრიული დაავადების სიმპტომები აღენიშნება, თუმცა მათ პანსიონატში ყოფნის პერიოდში სრულყოფილი ფსიქიატრიული შეფასება არ ჩატარებიათ. ამის გამო ერთ-ერთი ბენეფიციარის ფსიქიკური ჯანმრთელობა იმდენად დამძიმდა, რომ სხვა ბენეფიციარების ცემის გამო მისი 12 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსება გახდა საჭირო. ბენეფიციარი შემდეგ ისევ პანსიონატში დააბრუნეს. იგი კვლავ ავლენს ფსიქოზის ნიშნებსა და სიმპტომებს, იმყოფება შიშის განცდის ქვეშ. მკურნალობა: პანსიონატის ხელმძღვანელის მიერ „დანიშნული“ პრეპარატი დონორმილი.

 

მერიის პასუხი:

„თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ გამოვლინდა მზრუნველების მხრიდან ხანდაზმულებთან კომუნიკაციის პრობლემა, რაც ბენეფიციართა მიმართ უხეშ და ხმამაღლა მიმართვით, საყვედურებით გამოიხატება. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს დაწესებულების ფსიქოლოგის მიერ პანსიონატის დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადება, რომელშიც იგი ადმინისტრაციისგან მზრუნველთათვის კომუნიკაციის საკითხებზე სპეციალური ტრენინგის ჩატარების ნებართვას ითხოვს. მარტივად რომ ვთქვათ, მომვლელები მოხუცებს უყვირიან და უხეშად ექცევიან. ბენეფიციარები (ინტერვიუ აღებულია 8 მათგანისგან) აღნიშნავენ, რომ დირექცია და მომსახურე პერსონალი მათ მიმართ ნაკლებ გულისხმიერი და ყურადღებიანია. დაწესებულების ხელმძღვანელობა აწარმოებს ძალადობის ფაქტების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალს, თუმცა მასში ძალადობის ფაქტები არ ფიქსირდება. ამავე დროს, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის რამდენიმე ეტლით მოსარგებლე ბენფიციარი აღნიშნავს, რომ ისინი წლების მანძილზე პანსიონატიდან გასვლას ვერ ახერხებენ, ვინაიდან პანსიონატის საკუთრებაში არსებულ არაადაპტირებულ მიკროავტობუსში ვერ სხდებიან. მოხუცები იხსენებენ მომვლელების მხრიდან მათგან ფულის სესხების ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ ააიპ „დიოდორას“ შენობაში ცხოვრობს დაწესებულების ხელმძღვანელის მამა (იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში), რომელიც სათემო ორგანიზაციის ბენეფიციარი არ არის. ეს კი საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.

ხანდაზმულთა სახლში „ჩემი ოჯახის“ დირექტორი მზარეულიც არის და მრეცხავიც. ანუ აქ მხოლოდ ერთი ადამიანია დასაქმებული, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელია და, ამავდროულად, ასრულებს მზრუნველის, მზარეულის, მრეცხავის, ექთნისა და სხვა საჭირო პერსონალის ფუნქციას. არადა, ეს სრული აბსურდია. დაწესებულებაში მონიტორინგის მომენტისთვის ცხოვრობდა 6 ბენეფიციარი, მათთვის შესაბამისი მომსახურების დროულად მიღება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ხანდაზმული ქალები (60 წლიდან) და მამაკაცები (65 წლიდან). სახელმწიფომ მოქმედ პროგრამაზე 2014 წელს 836 000 ლარი გამოყო, 2015 წელს _ 1 044 300 ლარი. 2016 წლის ბიუჯეტი ბოლომდე განსაზღვრული არ არის.

ხსენებული პროგრამის ამოცანაა, უპოვარი მოხუცებისთვის არა თავშესაფრის და მიუსაფართა პანსიონატის, არამედ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულები საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უნდა უზრუნველყონ, რაც ხშირად არ ხდება.

„უზრუნველ სიბერეში“ სრული ქაოსია. აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია, შინაგანაწესის ჩათვლით, მოუწესრიგებელია.

ვერ მოიძებნა კონტრაქტები, რომლებიც გაფორმებულია დაწესებულებასა და სერვისის მიმწოდებლებს შორის; გაუმართავია ასევე ხანდაზმულთა პირადი საქმეების წარმოება; მათ საქმეებში არ დევს სამედიცინო დოკუმენტაცია, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ააიპ „მოხუცებულთა და შშმ პირთა პანსიონატი ჩემი ოჯახი“ მოცემულ სტანდარტში ჩამოთვლილ თითქმის ვერც ერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ააიპ „დიოდორას“ ადმინისტრაცია გარკვეულ დოკუმენტაციას აწარმოებს, თუმცა რეალურად შევსებულია მხოლოდ ბენეფიციართა დაწესებულებაში მოთავსებისა და გაყვანის ჟურნალები, სხვა ჟურნალები (უბედური შემთხვევების აღრიცხვის, ბენეფიციართა გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვის, მომვლელებს შორის ცვლის მიღება-გადაბარების ჟურნალები) კი ცარიელია. „დიოდორას“ 6 თანამშრომლიდან მხოლოდ ორთან არის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

ააიპ ,,ბეთელის“ ადმინისტრაციისგან დოკუმენტაციის გამოთხოვის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევები. კერძოდ, სათემო ორგანიზაციას საინფორმაციო ფურცელი არ გააჩნია. ადმინისტრაცია არ ახორციელებს აზრის გამოხატვისა და ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობით აღრიცხვას. ასევე არ აწარმოებს უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალს.

ბენეფიციართა პირადი საქმეები არ შეიცავს ინდივიდუალური განვითარების პროგრამას

„ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ ბენეფიციარების პირადი საქმეების წარმოება ხდება ხარვეზებით. პირადი საქმეები იშვიათ შემთხვევაში შეიცავს სამედიცინო დოკუმენტაციას, მათში უმეტესად არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები.

მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი „ჩემი ოჯახი“ მდებარეობს სოფლის ტიპის დასახლებაში, შემაღლებულ ადგილზე, სადაც მისასვლელი გზა მლიანად გადათხრილია და წვიმიან ამინდში ავტომანქანით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შედეგად, პანსიონატში განთავსებული მოხუცები მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს. გიორგიწმინდას დასახლებაში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“,

რომელმაც პირვანდელ მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს სამუშაოების წარმოების შედეგად დაზიანებული გზები, მაგრამ ეს პროცესი, რატომღაც, თვეებია, იწელება. ცნობისთვის: როდესაც ამ საკითხით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა და მერიას მიმართა, აპარატს მერიამ შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წერილი გადმოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა“ დაასრულა წყალმომარაგების სამუშაოები და გზები პირვანდელ მდგომარეობაში დარჩა. თუმცა, „გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები არ არსებობს, ჩამდინარე წყლები გზებზე მოედინება, რაც გზების მდგომარეობას აზიანებს. გზის პირვანდელი სახით აღდგენის სამუშაოები დროებითი ხასიათისაა და გზების მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია ნებისმიერ დროს“.

მერიის პასუხიდან ირკვევა, რომ „ჩემი ოჯახის“ უპოვარი მოხუცები კიდევ დიდი ხნის მანძილძე იქნებიან გარე სამყაროს მოწყვეტილები.

პანსიონატის ადმინისტრაციის განმარტებით, მათ არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის ხელჯოხები, ყავარჯნები და ეტლები, რის გამოც ბევრი ხელ-ფეხწართმეული იძულებულია, საწოლში იწვეს და სავარძლის რიგს ელოდოს.

გარკვეული პრობლემებია ეზოს მოწყობისა და უსაფრთხოების დაცვის მხრივაც. პანსიონატ „ჩემი ოჯახის“ ეზოს უმეტეს ნაწილზე განთავსებულია სამშენებლო მასალები და ნარჩენები, ხოლო მიმდებარე ტერიტორია არის უსწორმასწორო და დაქანებული. აქ არ არსებობს ცენტრალური გათბობა და უპოვრები ელექტროგამათბობლებით სარგებლობენ. იგივე ვითარებაა „დიოდორაში“, „უზრუნველ სიბერეში“, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში.

ყველა პანსიონატი, რომლებშიც ვიზიტი განხორციელდა, დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, მაგალითად, პანსიონატში „უზრუნველი სიბერე“ ბენეფიციარებს აფთიაქზე ხელი არ მიუწვდებათ, ვინაიდან სოფელში აფთიაქი არ მდებარეობს.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ავეჯი ისეთი მოძველებულია, რომ იმტვრევა. პანსიონატებს „ბეთელი“ და ,,უზრუნველი სიბერე“ წყალი მიეწოდება გრაფიკით. ამავე დროს, არ გააჩნიათ რეზერვუარი, სადაც წყალს დააგროვებდნენ. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული გარე კიბეები დაზიანებულია და ამიტომ სავარძლით მოსარგებლე და შშმ პირები ეზოში დამოუკიდებლად ვერ გადიან.

წნორის სათემო ორგანიზაცია „ბეთელში“ მოხუცები, ფაქტობრივად, შიმშილობენ. არ არის საკმარისი რაოდენობით კვების პროდუქტების დასამუშავებელი ინვენტარი: ქვაბები, დაფები, დანები, მაგიდები.  დაწესებულებაში არ გააჩნიათ მენიუ დიეტური კვებისთვის. პერსონალის განცხადებით, დიეტური საკვები მზადდება საჭიროების მიხედვით. მოძველებულია სამზარეულოს ინვენტარი. აიპ „ჩემი ოჯახი“ კვების პროდუქტებს (ფქვილი, ბურღულეული, კვერცხი, პური, ტკბილეული, ორცხობილა, ცხიმი) სუპერმარკეტში იძენს; ხორცს, ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულს, თევზსა და ხილს, ასევე რძის ნაწარმს კი _ კერძო პირებისგან. დაწესებულებას აქვს გარკვეული პროდუქტების მარაგი, თუმცა დარღვეულია მათი შენახვის წესები. არ ჰყავთ მზარეული და საკვებს ამზადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ანუ დირექტორი იგივე მზარეულია. პანსიონატის ბენეფიციარები იკვებებიან დღეში სამჯერ. პანსიონატში „უზრუნველი სიბერე“ სამზარეულო განთავსებულია მცირე ზომის ოთახში, სადაც კედლები ნესტიანია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება სურათი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხა არამიზნობრივად იხარჯება. ეს ეხება როგორც დოკუმენტაციას, სადაც ხარჯები და გასავალი აღრიცხული არ არის, ასევე იმ პირობებს, რომლებშიც უპოვარი ხანდაზმულები იმყოფებიან. ეს პრობლემა რეაგირებას მოითხოვს, ვინაიდან 2016 წლიდან ბიუჯეტის გაორმაგების საკითხი დაისვა.

სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსს, ტატა გამყრელიძეს დაუკავშირდა:

_ სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ხანდაზმულთა სპეციალიზებულ სახლებს ეხება, ახალია და შეიძლება, მასზე რეაგირება დასრულებული არ იყოს. ამ შემთხვევაში პროცედურა მაინტერესებს, როგორია? 

_ როგორც წესი, ყველა ანგარიში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს, ანდა ქვემდებარე უწყებებს ეხება, დეტალურ განხილვას გადის და პუნქტობრივი  პასუხი ეძლევა. პასუხის გაცემამდე, ბუნებრივია, ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს ხელახლა ვსწავლობთ და თუ საჭირო გახდა, კომისიაც იგზავნება.

 

                                                                                                         თამარ როსტიაშვილი

p1

p2

p3

p4

p5