მამუკა ნოზაძე: ,,პროკურატურა პოლიტიკური დევნის ორგანოდ გადაიქცა!“

noz

ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამჯერად მოსახლეობის მიმართ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ერთობლივად განხორციელებულ ტერორზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ფაქტებით.

მამუკა ნოზაძე:

_ იმის გამო, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, პროკურატურა თვითნებობს და შეუსაბამო გადაწყვეტილებებს იღებს, ეს უწყება, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის ორგანოდ გადაიქცა. თუ ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ იდევნება, იმის გამო იდევნება, რომ პატრონი არ ჰყავს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ არსებობს სასამართლო კონტროლი, მოსამართლეები ღირსეულად არ იქცევიან და პროკურორები და პროკურატურის თანამშრომლებიც ყველაფერს ბედავენ. სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა და ვერც უკანონოდ მისცემდნენ პასუხისგებაში ამა თუ იმ პირს იმის გამო, რომ მათ ასე სურთ, ან უნდათ, რომ განახორციელონ დევნა, შანტაჟი, დაშინება, გამოიყენონ პირი ბრალდების მოწმედ და ა. შ.

_ თქვენი საუბრის გასამყარებლად ამჯერადაც ფაქტები დაგვჭირდება…

_ ორ კონკრეტულ საქმეზე უნდა გესაუბროთ: ვისაც მცხეთის პროკურატურასთან ჰქონია საქმე, ყველა ადვოკატმა იცის, რომ საქართველოს პროკურატურაში კვლავ არის არეულობა, ბაკქანალია და ცენტრალიზებულად ხდება ადამიანებისთვის გადაწყვეტილებების გამოტანა. ადგილზე თითოეულ პროკურორს მოსპობილი აქვს შესაძლებლობა, რომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ზედამხედველი პროკურორი ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევს. განსაკუთრებული აღვირახსნილობაა მცხეთის პროკურატურაში, სადაც, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი იმპერია შექმნეს და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოგიყვებით: გასულ წელს რამდენიმე პირი ვითომ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ორი პიროვნების მძევლად ხელში ჩაგდების მიზეზით, თუმცა ეს საქმე სწორად დაკვალიფიცირებული არ არის.

_ რატომ?

_ საქმეში არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. მე ვიცავ ორ დაკავებულ პიროვნებას _ ვიტალი ჯიოშვილსა და ზურაბ კარელიძეს. ასევე დააკავეს ბექა ცოტნიაშვილიც და ბექა ხაჭაპურიძე, რომელთა ინტერესებსაც ასევე მე ვიცავდი. ისინი 48 საათის განმავლობაში დააკავეს და ბრალი იმის გამო ვერ წარუდგინეს, რომ ისედაც ბევრი ადამიანი ჰყავდათ ამ საქმეში აყვანილი. თანაც საქმეს აშკარად ეტყობოდა, რომ შეკერილ-შეთითხნილი იყო. არ ვიცი, მცხეთის სასამართლო ამ საქმეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ზედა ინსტანციები არსებობს და თუ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ პირების უკანონოდ პასუხისგებაში მიცემას არ დავუშვებთ. როგორც გითხარით, ბევრი ადამიანია ამ საქმეზე მცხეთის პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ალიკა ბელიანიძის, ზურაბ კარელიძისა და ჯიოშვილის მიმართ 9-თვიანი ვადა გავიდა და ამჯერად გარედან დადიან სასამართლო სხდომებზე. ცოტნიაშვილისა და ხაჭაპურიძისთვის კი ბრალის წარდგენა ვეღარ გაბედეს, იმდენად უდანაშაულონი იყვნენ, თუმცა პროკურატურას გადაწყვეტილება არ მიუღია, რომ ისინი საერთოდ განთავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

დანაშაულის ფაბულა ასეთია:

ერთ-ერთი პიროვნებისგან მინდობილობით აიღეს მანქანა, მაგრამ ძველმა მესაკუთრემ ეს მანქანა კვლავ თავის თავზე გადააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი ზიანი არ მიადგა და მანქანაც მას ჰქონდა, საქმეების გარჩევა დაიწყო და საქმეში კრიმინალური წარსულის ადამიანი ჩართო, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ისრაელში ცხოვრობს. შეხვედრების ორგანიზება საგურამოში დაიწყო და სწორედ ამ ადგილზე დააკავეს კიდევაც ადამიანები. გამოძიების თქმით, ზემოაღნიშნულმა ადამიანებმა თითქოს მძევლად ჩაიგდეს ხელში ორი პიროვნება, მაგრამ საქმეში გამოკვეთილია გენადი ყაულაშვილის დანაშაულებრივი ქმედება, რადგან მან ქურდული წესებით დაიწყო საქმის გარჩევა. იმის ნაცვლად, რომ სწორედ ეს პიროვნება მიეცათ პასუხისგებაში, პროკურატურა საწინააღმდეგოდ მოიქცა. ამ ადამიანს კითხვა დავუსვით, რაში გამოიხატებოდა მისი დაზარალება? მან რეალური მიზეზი ვერ დაასახელა და თქვა, _ განბაჟების თანხა გადავიხადე და ამ მხრივ განვიცადე ზარალიო. ჯიოშვილს, კარელიძეს და სხვებს ბრალად წარდგენილი აქვთ სასჯელი მძევლად ხელში ჩაგდებისთვის და რა შუაშია ამ მუხლთან განბაჟებით მიყენებული ზარალი, გაუგებარია. დაზარალებულად პირი იმ შემთხვევაში მიიჩნევა, როცა მას სხვისი ქმედების გამო ზიანი ადგება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმის მასალებით, არანაირი ბრალი არ აქვთ წარდგენილი ყაულაშვილთან მიმართებით, მაგრამ ეს პიროვნება მაინც დაზარალებულად ცნეს. რანაირი საქმეა, ვერაფერი გავიგე. ასეთი რამ, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს პროკურატურაში შეიძლება მოხდეს.

როგორც აღვნიშნე, ბრალდების მხარეს სურდა, რომ ბექა ცოტნიაშვილი და გიორგი ხაჭაპურიძე მოწმედ დაეკითხა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. რადგან ეს ადამიანები თავდაპირველად იყვნენ დაკითხულნი მოწმის სახით და 48 საათი დაკავებულებიც ჰყავდათ, მაგრამ ბრალდება ვერ წარუდგინეს, ბრალდების მხარემ ბრალდების მოწმეთა სიაში შეიყვანა. ისინი ისე განთავისუფლდნენ წინასწარი დაკავების საკნიდან, რომ ოფიციალური დოკუმენტი დღემდე არაა, რომლის თანახმადაც დადასტურდება, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. შესაბამისად, ისინი ახლაც ბრალდებულების სტატუსის მქონე პირებად მიიჩნევიან და პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ მათ ბრალი წარუდგინოს. ეს ადამიანები სასამართლოში მოიყვანეს, როგორც ბრალდების მოწმეები, მაგრამ მათ კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ასევე სისხლის სამართლის ერთ-ერთ მუხლში განმტკიცებული უფლება, რომლის თანახმადაც, პირს შეუძლია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, როცა ის ჩვენება შესაძლებელია, მისი ან ოჯახის წევრისა და ახლობლის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. მათ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს: დაკავებულები ვიმყოფებოდით 48 საათის განმავლობაში და იმის გამო გამომიშვეს, რომ ჩვენ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, ახლა თუ ჩვენებას მივცემთ, შესაძლოა, ის ჩვენი, ან ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენონო. ჩვენთვის უცნობია, რა სახის კითხვებს დაგვისვამენ პროკურორი ან მხარეები. ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ სიმართლე ვთქვათ და იმ ჩვენებას, რომლის მიცემასაც ვაპირებთ, ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენო. რადგან ამ ორმა პიროვნებამ საკუთარი პოზიცია განმარტა და კანონით გათვალისწინებული ნორმებით ისარგებლა, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მათ მიმართ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ კანონიერი უფლება გამოიყენეს.

პროკურატურამ რაღაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამ პიროვნებების დაკავება მოითხოვა. ეს მაშინ, როცა ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ბრალდების მხარეს არ უზრუნია, რომ ისინი დაებარებინა და დაეკითხა. პროკურატურამ პირდაპირ სასამართლოს მიმართა და მოსამართლე ბორის ფუხაშვილმაც წინაწარი ბრძანება გასცა ამ ორი პიროვნების დაკავებაზე. მათ ღამის 3 საათზე დაეცნენ სახლში და მხოლოდ ერთი დააპატიმრეს, მეორე კი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. გაუგებარია, რისთვის იყო ღამის დაკავება საჭირო, როცა ეს პირები გამოძიებას არასდროს მიმალვიან და ყოველთვის პროკურატურის წინ ტრიალებდნენ, რადგან სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ და ამას ყველა ხედავდა. თუ მათთვის ბრალის წარდგენა და დაკავება უნდოდათ, შეეძლოთ, ეს ცივილიზებულად მოეხდინათ და არა შუა ღამეს. ამ პიროვნებების მიმართ სასამართლომაც არ გადაამოწმა, არსებობდა თუ არა მათი დაკავების საფუძლელი და ისე გასცა ბრძანება დაპატიმრების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიების დროს კი იგივე მოსამართლემ, მორის ფუხაშვილმა, მათ გირაო შეუფარდა. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ, ამავე დროს, სოციალურად დაუცველები არიან და წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. ბრალდების მხარე იმაზე აპელირებდა, რომ მათ შეიძლება კავშირი ჰქონოდათ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რადგან წამოშობით იქიდან არიან, _ გადავლენ ამ ტერიტორიაზე და გამოძიებას მიემალებიანო. პროკურატურის მხრიდან ასეთი რამის განცხადება დანაშაულებრივად მიმაჩნია. ადამიანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მტრად არის გამოცხადებული, იქ როგორ გაიქცევა? მოგეხსენებათ, ასეთი ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეები აქვთ აღძრული როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ შეიძლება, ისინი მსგავს ქმედებაში დაადანაშაულო?! სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ნიშანი დაპატიმრებისა, როდესაც ადამიანის წარსულს, მის დამსახურებას ყურადრებას არ აქცევენ და მათზე მხოლოდ ძალადობენ. ასე ხდებოდა 9-წლიანი რეჟიმის დროს. ადამიანებს, რომლებიც ობიექტურ ჩვენებას აძლევდნენ, მერე იძულებით მიაცემინებდნენ სხვა ჩვენებებს და სასამართლო სხდომაზე, სიმართლის თქმის შემდგომ,  ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის პასუხისგებაში აძლევდნენ. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ისინი დაეშინებინათ. საბოლოოდ კი მათ იძულებით მაინც აძლევინებდნენ ჩვენებებს კონკრეტული პირების მიმართ, _ ახდევინებდნენ გირაოს და პირობით სასჯელს უსაზღვრავდნენ. ანუ სახელმწიფო რჩებოდა მოგებული, რადგან ბიუჯეტში თანხა შედიოდა, პირობითის შემდეგ კი ეს ადამიანი ხელში ჰყავდათ _ ნებისმიერ დროს, როცა მათი ქმედებები არ მოეწონებოდათ, პროვოკაციას მოუწყობდნენ და ციხეში გაუშვებდნენ. ასეთი სისტემა ჩამოაყალიბეს `ნაციონალებმა~ და ეს აპრობირებული მეთოდები დღესაც ძალაშია. მას მერე პროკურატურაში საერთოდ არაფერი შეცვლილა. პროკურორებიც იგივენი  არიან, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის დროს მუშაობდნენ, მოსახლეობაზე ძალადობდნენ და უკანონო განაჩენები გამოჰქონდათ. ისევ ის მოსამართლეები არიან სასამართლო სისტემაში, რომლებიც ყველაფერს „აპრავებდნენ“. სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლებოდა, ქარმა წაიღო. ბევრ მოსამართლეს გაუვიდა, ან გასდის ვადა და ყველა ფიქრობდა, რომ ისინი სისტემას ჩამოსცილდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ იგივე მოსამართლეები ინიშნებიან ამ სამსახურებში, თითქოს სხვა ადამიანები არ არსებობდნენ. ისინი კი იგივე ქმედებებით, პროკურატურის საქმეების „გაპრავებით“ არიან დაკავებულნი და ქვეყანაში რაც ხდებოდა, იგივე ხდება.

სააკაშვილის რეჟიმის დროს კახეთში ასეთი შემთხვევა მოხდა: მკვლელობისთვის პასუხისგებაში მისცეს პიროვნება, მაგრამ ვის მკვლელობასაც აბრალებდნენ, შემდგომ ის კაცი გამოჩნდა. სასამართლომ კი იცით, რა უთხრა? _ ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, ეს მე და პროკურორმა უკეთესად ვიცით, ვიდრე შენო. ანალოგიური მდგომარეობაა ახლაც. ბექა ცოტნიაშვილმა და გიორგი ხაჭაპურიძემ, ცხადია, კარგად იციან, რა ჩვენება უნდა მისცენ და სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ მცხეთის პროკურორმა უთხრა, _ საიდან იცით, რა ჩვენება უნდა მისცეთ და ამ ჩვენებით დაგემუქრებათ თუ არა რაიმე საშიშროება, ეს ჩვენ უფრო ვიცითო. ეს არის დაცინვა და ადამიანის უფლებების უხეში შელახვა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სასამართლო კონტროლი ქვეყანაში, პროკურატურის წარმომადგენლებმა მსგავსი რამ რომ ვერ გააკეთონ. სასამართლომ ასეთ დროს თავად უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი, მაგრამ პროკურორები და მოსამართლეები ერთად ჭიკჭიკებენ, ვინაიდან მათ წლების განმავლობაში ერთად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები აკავშირებთ.

სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი ვერ ასახელებს და პროგნოზსაც ვერ აკეთებს, როგორ შეიძლება სასამართლოში ეს დამყაყებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ყველა კარგად ვხედავთ, სასამართლო რეფორმა შეჩერებულია და თეა წულუკიანმა ეს რეფორმა ჩააგდო. ისე გააკეთეს, რომ მურუსიძისა და ცერცვაძის კლანის ხელშია კვლავ სასამართლო ხელისუფლება, პერსპექტივაც არ ჩანს და მოსამართლეებსაც არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის გამოხატვა. მამუკა ახვლედიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი მოსამართლეების ხელში მე არ მინდა ეს სამსახურიო. როცა მოქმედი მოსამართლე ამას ხმამაღლა ამბობს, ეს საგანგაშოა, რასაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. სასამართლოში მიმდინარე საშინელი მოვლებენი კი ფარული ჩანაწერებით გადაიფარა, რითაც სასამართლოში გამეფებული კლანის წარმომადგენლებმა ისარგებლეს. თანაც არჩევნები მოდის და სურთ, რომ სასამართლო სისტემაში მათი ბანდის წევრები მოსამართლეები დააბრუნონ. ეს მაშინ, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრი განცხდება გააკეთა და ნეგატიური შეფასება მისცა ჩვენს სასამართლოში არსებულ მდგომარეობას იმ მხრივ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. ევროსაბჭო, „ფრიდომ ჰაუსი“ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამას აცხადებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მოსამართლეები მაინც ისე მოქმედებენ, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“.

_ როგორც აცხადებთ, კიდევ გაქვთ პროკურატურისა და მოსამართლეების თავნებობის საქმეები. იქნებ, მსგავსი ფაქტის შესახებ მოგვიყვეთ?

_ სასამართლო სხდომაზე დამსწრე პიროვნებამ წესრიგი დაარღვია. როცა სასამართლოს დარბაზში პირი წესრიგს დაარღვევს სისხლის სამართლის საქმის დროს, სისხლის სამართლის ნორმითვე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, სამოქალაქო საქმის განხილვისას _ სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმით. მოსამართლეს შეუძლია, ის სასამართლო დარბაზიდან გააძევოს, დააჯარიმოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, დააპატიმროს. სამივე ღონისძება წესრიგის დარღვევისთვის პასუხისმგებლობაა. ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამსწრე პირმა, ვაჟა ციცილოშვილმა, მოისმინა, რომ მოწმე ზურაბ ქვათაძე, რომელიც პოლიციელი იყო, ბრალდებულს აიძულებდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა, ცინიკურად და არაადამაინურად ეპყრობოდა მას, აღშფოთდა და ეს პროტესტი ხმამაღლა გამოხატა. ამას მოსამართლის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და ეს პიროვნება სხდომიდან გააძევა. ციცილოშვილი განკარგულებას დაემორჩილა და მანდატურის მეშვეობით დარბაზი დატოვა. მას ეს აღშფოთება დარბაზის მიღმა არ გაუგრძელებია. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ კანონით განსაზღვრული ყველა ღონისძიება გამოიყენა, რომ ციცილოშვილი დაეშანტაჟებინათ და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს იმ საქმეზე, რომელზედაც უკვე ადმინისტრაციული წესით დასაჯეს.

მოსამართლე წყვეტს, დარბაზში ჩადენილი ქმედების გამო ადამიანი რა ფორმით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს საქმე პროკურატურამ აღძრა და ის განიხილა, როგორც სამართალწარმოების მონაწილე მოწმეზე განხორციელებული ზეწოლა. ზეწოლა კი არის ის, როცა ადამიანს რაიმე ქმედებას აიძულებ, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. ციცილოშვილს მაინც შეუფარდეს გირაო 4 ათასი ლარის ოდენობით. ეს არის საკმაოდ პრეცედენტული საქმე და მსგავსი საქმის განხილვა არასდროს ყოფილა სასამართლოში. ჩვენ გვინახავს პროცესები, სადაც ემუქრებიან პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, მაგრამ მათზე არანაირი საქმე არ აღძრულა, რადგან კანონის მიღმაა, ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ცოცხალი ადამიანი საკუთარ რეაქციას გამოხატავს. ამის გამო, რომ ადამიანს ორჯერ სჯი ერთი და იგივე საქმეზე, ეს რეპრესიული პოლიტიკაა! ასეთი რამ სააკაშვილის რეჟიმსაც არ გაუკეთებია და დღეს სჩადის პროკურატურა. ეს უპრეცედენტო პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მჯერა, რომ სასამართლო არ დაუშვებს, ადამიანი ემოციურ ფონზე მოქმედების განხორციელებისთვის ორჯერ დაისაჯოს.

 

                                                                                                              ნელი ვარდიაშვილი