ვინ არიან ხელისუფლების ენერგოზონდერები?!

isa1

სოფელ ცდოს მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს, რომელიც მათი მამაპაპური მიწების ახლოს მდებარეობს. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ შესაძლებელი იყო ალტერნატიული გზების გამოყენება, თუმცა ხელისუფლება მარტივ და უტიფარ გზას დაადგა _ თავიანთი ელექტროზონდერები გაიჩინეს და მიზნის მიღწევას მათი მეშვეობით ცდილობენ.

რა მიზანს ემსახურება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა? ვინ არიან ხელისუფლების ელექტროზონდერები? რა კავშირშია ეს საკითხი საქართველოს სამი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან?

ამ და სხვა საკითხებზექრონიკა+“- ესაუბრებადემოკრატიის ინსტიტუტისდამფუძნებელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი:

_ პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის, რომ ამ ელექტროგადამცემი ხაზებიდან ერთ-ერთის მნიშვნელობა და დატვირთვა საერთოდ გაუგებარია. საუბარია მაღალი ძაბვის ორ ხაზზე, რომლის გაყვანაც უნდათ, 220 და 500-კილოვოლტიანზე. 220-იანის დატვირთვა, მეტ-ნაკლებად, გასაგებია, თუმცა მარშრუტი აბსოლუტურად მიუღებელია, ის უნდა მოემსახუროს იმ ავადსახსენებელ დარიალჰესს, რომელმაც, არასწორი და არაპროფესიონალური მიდგომების გამო, ადამიანების სიცოცხლე უკვე შეიწირა. გვახსოვს ღვარცოფი, რომელმაც მუშებისა და მძღოლების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის გამო პასუხი არავის უგია, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველები ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ იმ ლოკალურ წერტილებში არ შეიძლებოდა ამ ჰესის უკიდურესი პრესის განთავსება. ასეთი მიდგომების გამო ეს ადამიანები დაიღუპნენ, გამოძიება არც არავის ჩაუტარებია და არავინ დასჯილა. ეს საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა, მათ შორის, ეკოლოგიური დანაშაულის გამო. ეს ჰესი კიდევ ბევრ ხიფათს შეიცავს არასწორი მიდგომების გამო და მისი აგების უკვე მესამე მცდელობაა. სწორედ ამ ჰესის მომსახურებისთვის შენდება ეს 220-კილოვოლტიანი ხაზი. რაც შეეხება 500-იანს, საერთოდ რატომ შენდება, გაუგებარია?! როგორც სამინისტროში ამბობენ, თითქოს რუსეთის ენერგოსისტემას უნდა დაუკავშირდნენ, თან იმასაც ამბობენ, რომ რუსეთის ენერგოდამოუკიდებლობაზე აქვთ პრეტენზია, მეორე მხრივ, რუსულ ენერგოსისტემასთან დაკავშირებაზე აკეთებენ აქცენტს! სათემო ორგანიზაციისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ მასალები მოიძიეს და ქსელის ამ მხრივ განვითარება, თუნდაც რუსეთის მხრიდან, ვერ დაადასტურეს. საერთოდ, გაუგებარია, რა ხაზი შენდება, ხომ არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ ფულის გათეთრება და მეტი არაფერი, როგორც სხვა ბევრი ენერგოპროექტი, რომელსაც კონკრეტული გამართლება არ აქვს და ხშირ შემთხვევაში, ეს შეიძლება მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული ინტერესები იყოს?! ზოგჯერ ეს ინტერესიც არ იკვეთება და მხოლოდ ფულის გათეთრებაზე ჩნდება სერიოზული კითხვები. რაც შეეხება ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესს, 220-კილოვოლტიან გადამცემ ხაზს, საუბარია, რომ ის სოფელ სნოზე გადის, ფაქტობრივად, შუა სოფელში, მოსახლეობის მიწების სიახლოვეს, დარღვეულია დაშორების დისტანცია, რაც უნდა იყოს უსაფრთხოებისა და მოსახლეობაზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნითაც. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას სრულიად სამართლიანი პროტესტი აქვს. მას საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე აწუხებს, მისგან გამოწვეული საფრთხე გაწყვეტისა და ავარიების შემთხვევაში; მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული საფუძვლიანი კვლევები იმის თაობაზე, რომ ამ ხაზების დასახლებულ პუნქტებთან ზედმეტად ახლოს განთავსება სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მიზეზი. ისინი ასევე მიწების წართმევის მსხვერპლნი გახდნენ, სახელმწიფომ მათი მამაპაპური მიწები დაიკანონა იმ ახალი კანონმდებლობის პირობებში, რომელიც, თითქოს, მოსახლეობისთვის მიწის რეგისტრაციის გაიოლებაზე საუბრობს, მაგრამ როგორც ეჭვი გვქონდა და როგორც ამას ხშირად იყენებენ სახელმწიფო დაინტერესებისთვის, ამ შემთხვევაშიც ხაზის გაყვანისთვის გამოიყენეს. ექსპერტების შეთავაზებული ალტერნატიული მარშრუტები არ შეუსწავლიათ, რომელიც მოსახლეობას ხიფათს ააცილებდა, მათ შორის, მიწებისა და ჯანმრთელობის დაკარგვას, მაგრამ არც კი განიხილეს და ყველაზე მარტივი და უტიფარი გზით წავიდნენ. ბუნებრივია, ამან პროტესტი გამოიწვია, რასაც რეაქცია მოჰყვა სააკაშვილისეული ძალადობრივი მეთოდებით. ამ ხელისუფლებას უკვე გაუჩნდა საკუთარი ენერგოზონდერები, ენერგოკომისრები _ შეიძლება ასე დავარქვათ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ილია ელოშვილს, რომელიც მერამდენედ იჩენს თავს უკვე ახალი ბატონების წინააღმდეგ.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა. ახლა ემსახურება ახალ ხელისუფლებას, კალაძეს და, სავარაუდოდ, ივანიშვილსაც. ეს ადამიანი გამოირჩევა აგრესიულობით, უტიფრობით, მოსახლეობის დაშინების მცდელობით. ჩვენ როგორც ვიცით, მას ადგილობრივი აქტიური მოქალაქის, წიკლაურის დაკავების ბრძანებაც კი გაუცია, რომელიც, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის ძმაა. წიკლაური ყოველთვის პრინციპულობით გამოირჩეოდა, როდესაც ხდის ხეობაში ბროლის წყალზე მდინარე, უბრალოდ, მოკლეს, იმიტომ, რომ ნარჩენი მასალა გამოეყენებინათ. მოკლეს მდინარე, რომელსაც უნიკალური მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა, იქ წითელი ნუსხის სახეობები ცხოვრობდნენ. მოკლეს იმიტომ, რომ ვიღაცებს ათეულობით ათასით მეტი ფული ეშოვათ. სხვათა შორის, აქ იყო ზაქარია ქუცნაშვილის მამად წოდებული (როგორც მას ხშირად ასე მოიხსენიებდა საკუთარი ვაჟიშვილი) ომარ ქუცნაშვილი, რომელსაც გაუგებარი ფორმის არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს ჩამოყალიბებული და რომლის მიზანია ამგვარი მავნე პროექტების ლობირება. სხვათა შორის, ის გახლავთ მოქმედი ხელისუფლების გარემოსდამცველი პროგრამების პირდაპირ დამრღვევი. სამწუხაროდ, მათი გამართლებითა და შეფუთვით არის დაკავებული ბატონი ომარი. აქ უკვე ჩნდება კორუფციული ეჭვები არა მარტო კახა კალაძეზე, არამედ ზაქარია ქუცნაშვილზეც. მახსოვს, ძალიან შეშფოთდა, როდესაც საჩივარი შევიტანე ამ ორი ადამიანის ინტერესების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივრებს რომ იგივე ბედი ელის, რაც „ბერმუდის სამკუთხედში“ მოხვედრილ გემებსა და თვითმფრინავებს, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს საჩივარი საჩივრად დარჩა, თუმცა ფორმალური გამოძიება მაინც მოუწიათ.

ამ ქვეყანაში ტურიზმზე საუბრობენ და თერგს რომ უპირებენ მილებში გაშვებას, ამის მაგალითი ბევრჯერ გვქონდა მცირე მდინარეებთან დაკავშირებით. გაუგებარია, ამ ხელისუფლებამ რა უნდა აჩვენოს ტურისტებს?! არა მგონია, თბილისში ვინმე შუშის სასახლეების სანახავად ჩამოვიდეს და „პანორამა თბილისიც“ მორიგი გაფართოებული შუშის სასახლე იქნება. არა მგონია, ვინმე ხევში, რაჭაში ან სვანეთში წავიდეს მილებისა და ელექტროგადამცემი ხაზების სანახავად და არა მგონია, საქართველოში ვინმე ჩამოვიდეს 29 მილიონით უტიფრად, სააკაშვილისეული მიდგომებით დაფინანსებული კონცერტების სანახავად! ჩვენ გვაქვს კულტურა, ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომელსაც, ჯერ კიდევ, მსოფლიო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სპობენ იმის გამო, რომ მინიმალური საბიუჯეტო მოგება ნახონ, მორგებული აქვთ საკუთარ საარჩევნო ვადას და, ამავდროულად, ცდილობენ, საკუთარ ჯიბეს არ დააკლონ შემოსავლები, რაშიც დარწმუნებული ვარ! ამას სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან იგივე კალაძეს, ივანიშვილს და თუნდაც ქუცნაშვილს რატომ მოუნდათ საკუთარი საარჩევნო დაპირების დარღვევა, რომელშიც დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა იდო?! მე ეს ძალიან კარგად მახსოვს, რადგან, სხვათა შორის, მათივე თხოვნით, ამ კოალიციის საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვის ავტორი ვიყავი და ვისაც არ სჯერა, შეუძლია ინტერნეტში თავისუფლად ნახოს. ეს ბროშურები ასიათასობითაც დაიბეჭდა, სადაც პირველ აბზაცში წერია: დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა. იქამდე მივიდა „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი, რომ მის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ჩართულობაც კი არის სახეზე, როგორც ჩვენ ვიცით, „ნესკრაჰესის“ მშენებლობაში.

_ მცირე ჰესებზე რას იტყვით?

_ რაც შეეხება მცირე ჰესებს, რომელსაც იგივე ხდის ხეობაში დასახელებული ჰესი განეკუთვნება და საშუალო ჰესებს, რომელსაც შეიძლება განვაკუთვნოთ დარიალის, ლარსის ჰესი, იქ იმ სტანდარტების დარღვევებზეა საუბარი, რომელიც დაპირებებში იყო და არ დამვიწყებია არც მე და არც ჩემი ხელმძღვანელობით მომუშავე 29 უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს. ამ ჯგუფში ძალიან ბევრი ექსპერტი შედიოდა, თუნდაც ნინო ჩხობაძე, რომელიც ნამდვილად მაღალი კლასის ექსპერტად შეიძლება ჩაითვალოს. იქ შედიოდნენ, ძირითადად, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. 13 თავიდან დაახლოებით ნახევარი ჩემი უშუალო კურატორობით მომზადდა და მაშინ ამ ადამიანებს ამ პროგრამასთან პრეტენზია არ ჰქონიათ. თუ არ თვლიდნენ მისაღებად, არც მე უნდა მივეწვიე პროგრამის მოსამზადებლად, რადგან ჩემი პრინციპები და მოსაზრებები არც მანამდე დამიმალავს, ვერც ჯგუფის წევრთა პროფესიონალიზმში შეიტანდა ვინმე ეჭვს, თორემ საკუთარი პროგრამის შესაქმნელად ხომ არ შეარჩევდნენ.

_ დავუბრუნდეთ გადამცემ ხაზებს და ელოშვილის საკითხს

_ მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ეს არის ძველი საბჭოთა პროექტები, რომელიც სააკაშვილმა გააცოცხლა. ამას, თავის დროზე, საკააშვილი და „ქართული ოცნება“ უარყოფდა, დღეს უკვე პირველი დამცველები გახდნენ, მათ შორის, იარაღით და დაჭერებით. ელოშვილს ესენი ენერგოზონდერად იყენებენ, ის ჩადის და ცდილობს, მოსახლეობა შეაშინოს. თუ გამოსდის, აშინებს, თუ არადა, უკან იხევს. მაგალითად, ხაიშში იქამდე მიიყვანა მოსახლეობა, რომ ხუდონჰესის პრეზენტაციის დროს დენი გაუთიშეს, ვერც მან და ვერც პოლიციამ ვერაფერი გააწყო. როგორ ჩანს, აქ შედარებით ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა. მოსახლეობა მცირეა, ცდო გაცილებით პატარა სოფელია, ამით ისარგებლა და ადამიანი სრულიად უკანონოდ დააკავეს. აჭარიდან არანაკლებ მძიმე კადრები გვახსოვს, როდესაც ელოშვილი უტიფრად იქცეოდა, მოსახლეობას ემუქრებოდა. ელოშვილი ჩამოყალიბდა ოქრუაშვილის ტიპაჟ ჩინოვნიკად, რომელიც მერაბიშვილის ნაზავს წარმოადგენს. ის ამ ძველი სისტემის კლასიკური სიმბოლოა. თუმცა, სამწუხაროდ, ძველი აღარ არის და იგივეს ვხედავთ „ოცნების“ მმართველობის ქვეშ. ასე ძალით, წიხლით, კანონის უგულებელყოფით ცდილობენ რაღაც პროექტების განხორციელებას, საიდანაც მოსახლეობას საგრძნობი მოგება არ ექნება, არამედ მხოლოდ კომპანიებს, რომლის უკან მოქმედი და ძველი ხელისუფლება ერთობლივად და შერწყმულად დგას. გავიხსენოთ კალაძის კიდევ ერთი მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, რომელიც ასევე წინა ხელისუფლების დროსაც მოადგილე იყო. მოქმედი, წინას და იმის წინა ხელისუფლების მოქმედი მაფიის ძალისხმევით ანგრევს, ტბორავს და ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ მემკვიდრეობას, ადამიანების ჯანმრთელობას მასშტაბურად აგდებს სერიოზული საფრთხის ქვეშ.

_ ძველ ხელისუფლებაში ვის ვგულისხმობთ?

_ ძველ ხელისუფლებაში ვგულისხმობ დავით მირცხულავას, ჩვენი ბავშვობის სიბნელის მინისტრს. ამ ადამიანის გამო ვისხედით 90-იან წლებში სიბნელეში, დღეს ის განათებას ჰპირდება საქართველოს, რომელიც ისედაც განათებულია. წინა ხელისუფლებიდან ვგულსხმობ ვალიშვილს, რომელსაც შეიძლება საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მაგრამ ძალიან აქტიური ფიგურაა ამ გარიგებებთან დაკავშირებით, რაც ჰესების საკითხს ეხება. მან სააკაშვილის პერიოდში დაიწყო და, როგორც ჩანს, სქემებში ისე კარგად იყო გარკვეული, რომ ამ ხელისუფლებამაც შემოიტოვა და დღეს შემსრულებლად ჰყავს საეჭვო წარმომავლობის ბიზნესმენებთან, რომელთა ფირმები, მათ შორის, ოფშორებშია რეგისტრირებული. ეს თემა რომ არ ვახსენო, არ შეიძლება. ვნახეთ, რომ ძველი და ახალი ხელისუფლების მესვეურები არ ერიდებიან, ივანიშვილი იქნება ეს თუ კეზერაშვილი, დარწმუნებული ვარ, არც სააკაშვილს ექნებოდა მწყრალი განწყობა ოფშორებთან. უბრალოდ, ამ დოკუმენტებში არ ჩანდა, თორემ ბევრჯერ გვსმენია, კუნძულებში იყო განსხვავება, როგორც მახსოვს, მას სეიშელის კუნძულები უფრო იტაცებდა და თანხების გადაქაჩვა ხდებოდა. არც ოფშორებზე მოახდინა პროკურატურამ რეაგირება, დარწმუნებული ვარ, არც ამ საქმეზე ირეაგირებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები მაოცებენ იმით, რომ ცდილობენ, სახე შეინარჩუნონ, მაგრამ ძალიან უჭირთ. ამ საკითხზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კომენტარს დეპუტატი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა, თუმცა არ მახსოვს, მას რაიმე რეაქცია გამოეხატა მსგავსი პროექტის არც დაწყების და არც დასრულების დროს. არ ვიცი, ამ 3 თვეში რას მოასწრებს და რამდენად აღშფოთებული იქნება, მე პირადად, ამის არ მჯერა, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ცდილობენ უკვე მერამდენედ ჩვენს „დაბოლებას“, ეს იმის კვალობაზე, როცა საკუთარი დაპირებები დაავიწყდათ, თუნდაც ამ სფეროში.

_ ამ მომენტში როგორი სიტუაციაა? რა შდეგი შეიძლება მოიტანოს საზოგადოების პროტესტმა?

_ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, პარალელურად მიდის პროცესი სტეფანწმინდის რაიონში ამ გადამცემ ხაზებთან მიმართებით. 500-კილოვოლტიანი ხაზის გატარება ხდება გოდერძი ჩოხელის სამშობლოში, გუდამაყარში, რომელიც უნიკალური ხეობაა და შეიძლება ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდეს სწორი გამოყენების შემთხვევაში, მათ შორის, ტურიზმის თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს სულსა და გულზე, რომელზედაც არავინ ღელავს, ჩვენს მორალურ იდენტობასთან დაკავშირებულ გრძნობებზე, მაგრამ თუნდაც კომერციული კუთხით რომ აფასებდნენ, გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია თუნდაც გუდამაყარს და ხევს, ვიდრე ამ მოკლევადიან გაუგებარ პროექტებს. ვიღაც ფულს ათეთრებს, ვიღაც ფულს ჯიბეში იდებს, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო არაფერს იღებს. გადამცემი ხაზების გარდა მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია ჰესის მშენებლობის პროცესმა, იმიტომ, რომ შუახევში პროცედურები და პროცესი მოსახლეობის საკუთრების დამაზიანებელი ფორმებით მიმდინარეობს. დიდი ხანია, ისინი ამაზე პროტესტს გამოთქვამენ და როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი გამოსვლებია დაწყებული. ასევე „ნენსკრაჰესთან“ დაკავშირებით არის გამოთქმული დიდი პროტესტი. როგორც ჩვენ ვიცით, ჭუბერის მოსახლეობამაც დაიფიცა, ისევე როგორც ხაიშში მოხდა და ისინიც აპირებენ, ისევე აქტიურად იბრძოლონ, როგორც ხაიშის შემთხვევაში. მადლობა კიდევ ერთხელ ხაიშელებს, რამდენიმე გარემოსდამცველის გარდა, რომ არა მათი ვაჟკაცობა, ვერაფერს გავხდებოდით. არც ერთმა მათგანმა მიწა, ეკლესია, ტყე, წინაპრების საფლავები არ გაყიდა, ფულზე არ გაცვალა და დღეს ხუდონჰესი მერამდენე წელია, ადგილიდან არ დაძრულა. ასევე აგრძელებენ ბრძოლას ნენსკრაჰესთან დაკავშირებით ჭუბერელები, რომლებიც იქამდე მივიდნენ, რომ დაფიცებისა და რადიკალური პროტესტის გარდა სხვა არაფერი დარჩათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაიძაბა სიტუაცია ყაზბეგში, სტეფანწმინდაში, შუახევში იგივე მდგომარეობაა და მე არ ვიცი, ხელისუფლებას რისი იმედი აქვს?! თუ ფიქრობს, რომ ქვეყანა, რომელიც, საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა ვერ დააშინა, ახლა უკვე ელოშვილებისა და კალაძეების ხელით დაშინდება, ძალიან ცდება! მით უმეტეს, საარჩევნო წელს, რომელიც ძალიან უცნაურია, ისევ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, ასეთი მეთოდებით რას მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო დაკარგავენ უკიდურესად დავარდნილ რეიტინგს და იმ უნდობლობას, რომელიც საზოგადოებას გაგვიჩნდა მათთან მიმართებით. არ მგონია, ეს მათთვის კარგის მომტანი იყოს, სად ეჩქარებათ და რატომ ვერ ითმენენ თუნდაც საკუთარი ჯიბეების გავსებას საარჩევნო წლის ბოლომდე მაინც, სრულიად გაუგებარია! არც ის არის გამორიცხული, რომ მოსწრებაზე არიან და საერთოდ არ ფიქრობენ არჩევნებზე. ლოგიკურად, ამ რეალობაში, არც ერთი ხელისუფლება არჩევნების წინ, ასეთი ტიპის უხეშ, უკანონო და არაპოპულარულ ნაბიჯებს არ დგამს ხოლმე. ორი ვარიანტია _ ერთი, რომ საერთოდ მოწყდნენ რეალობას და ფიქრობენ, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გაიმარჯვებენ, რაც ასე არ არის, ან მეორე _ დარწმუნებული არიან, რომ წინ დიდი გამარჯვება არ ელით, რაც უფრო რეალურია და ამიტომ, სულ ერთია, რა მოხდება, სანამ ძალაუფლება აქვთ, მანამდე ცდილობენ, რბილად რომ ვთქვათ, კორუფციული ქმედების მოსწრებას.

გამოსავალია ის, რაც ხაიშში მოხდა. მათ ბოლომდე დაიცვეს საკუთარი კუთხე _ სვანეთი და შეუნარჩუნეს საქართველოს. იგივეს უნდა შეეცადონ მოხევეები, რომლებმაც ეს პროცესი დაიწყეს. იმედი მაქვს, მიუხედავად მცირერიცხოვნებისა, ისინი ამას მოახერხებენ. მე პირადად ვპირდები, რომ როგორც ხუდონის შემთხვევაში, გვერდით დავუდგები. იმედია, თბილისში ჩემ გარდა კიდევ აღმოჩნდებიან ხმის ამომღები ადამიანები, თუმცა მთავარი ყოველთვის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობაა. სადაც მოსახლეობა აქტიურია, იქ ხელისუფლება საბოლოო მიზანს ვერ აღწევს. სხვათა შორის, სააკაშვილის მსგავსი, ულტრარადიკალური რეჟიმიც კი უკან იხევდა ხოლმე, ისინიც კი ვერ აღწევდნენ საბოლოო მიზანს. ამის მაგალითებიც არსებობს თუნდაც იპოდრომის სახით. მოსახლეობა რომ იყო აქტიური, ამიტომ შევძელით ძმები რურუების შეჩერება. ეს გამარჯვება იყო არა მარტო ჩემი, არამედ მოსახლეობის. აქაც ასეა, სადაც მოსახლეობა აქტიური იქნება, ელოშვილისა და კალაძისნაირი ტიპაჟები უკან დაიხევენ, რადგან სხვა გამოსავალი არ ექნებათ! იმედია, „ქართულ ოცნებაშიც“ ვინმეს ტვინი გაუნათდება, თუ შეგნებულად არ ითხრიან სამარეს და უკან დაიხევენ! ჩვენთან კანონი არ ჭრის, როგორც არ ჭრიდა ადრე, როცა ჩვენთან სასამართლო მურუსიძის იმედზეა და მოსამართლეები მის მზეს ფიცულობენ, ბუნებრივია, ეს არ მოხდება, თუმცა ეს მეთოდებიც გამოსაყენებელია, თითოეული მოსამართლე გაეპარათ და შესაძლებელია, ახალი თაობის მოსამართლეებიდან ვინმე პრინციპული აღმოჩნდეს, მაგრამ ვერც ამ იმედზე ვიქნებით! მათაც სჭირდებათ იმის გარანტია, რომ კანონი, სამართალი და საზოგადოება მათ მხარეს არის! ხელისუფლებამ და ივანიშვილმა დაადატურა, რომ სჭირდებათ მურუსიძისნაირი მოსამართლეები და საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ყველას, რომ მათ უღირთ ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის და ქვეყნისთვის!

ქრონიკა+“ კომენტარისთვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაუკავშირდა:

_ სოფელ ცდოზე კომუნისტების დროიდან გადის 110-კილოვოლტიანი ხაზი. ამ სოფელში ახლა შეუძლებელი იქნება 220-იანი ხაზის აშენება, ძალიანაც რომ გვინდოდეს, რადგან სოფელ სნოზე რომ გავიყვანო 220-იანი ხაზი, პლუს ამას დარიალზე უნდა ავაშენო 25-მილიონიანი ქვესადგური. არანაირი აზრი ამ ეტაპზე 220-იანი ხაზის მშენებლობას არ აქვს იმიტომ, რომ დარიალზე ენერგია გამოდის თავისუფლად 110-იანი ხაზით, რომელიც ათეულობით წლები გადის სოფელ სნოზე. მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში რამე შეფერხებები არ იყოს, მიმდინარეობს სახელმწიფო ხაზის გარემონტება. ამ რემონტის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ 4 დიდი მაღალი ძაბვის ბოძი გადადის პირდაპირ კერძო საკუთრებაში, ეზოებში. ეს ტექნიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, არაკანონიერად იყო ეს სახლები მიშენებული და არავინ მისცემდა ხაზებთან ახლოს ამის უფლებას, ამიტომ ეს 4 ხაზი მთის ფერდობის ძირში გადაგვაქვს, ხრიოკ მიწაზე, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. პირიქით, მოსახლეობას კარგ საქმეს ვუკეთებთ. რატომღაც, ამის გაგება არ უნდათ და აცხადებენ, რომ ახალ 220-იან ხაზს აშენებთო.

რაც შეეხება 500-იან ხაზს, იმ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკებები (რუსეთი-სომხეთი-ირანი _ ეს გლობალური თემაა) წარმატებებით დასრულდება და ამას დასჭირდება რამდენიმე წელიწადი, ამ შემთხევვაში, შესაძლებელია, რუსეთმა მოზდოკიდან ააშენოს ეს ხაზი, რომელიც აჩხოტის მხრიდან უნდა შემოვიდეს. ჩანასახშიც კი არ არსებობს გადაწყვეტილება, რომ ეს ხაზი უნდა აშენდეს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. დავუშვათ, შენდება. რომ ჩავედი, ამ ადამიანებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ რაღაც გაწუხებთ-მეთქი. დავურეკე დეპუტატ წიკლაურს, რომელიც ამ სოფლის მკვიდრია. სამწუხაროდ, ვერც დეპუტატი და მისი ძმა ვერ შემხვდნენ, გამოაგზავნეს წარმომადგენლები და მათ ვესაუბრე. ყველაფერი ავუხსენი, მათ მითხრეს, გვაწუხებს ის, რომ არ გვინდა ჩვენს სოფელზე გადიოდეს ეს ხაზები, რადგან სოფელი დაქსელილია და არ გვინდა, პრობლემური იყოსო. წამოვედი თბილისში, ტექნიკურად გავიარე, რამდენად შეიძლებოდა, რომ 500-იანს გაევლო 110-იანის პარალელურად თერგის მიდამოებში, რადგან ეს საკმაოდ რთულია. ისევ დავურეკეთ მოსახლეობას და შეთანხმებას მივაღწიეთ. ისიც ვუთხარი, რომ ჩამობრძანდით, დაწერეთ ერთი წერილი, რომ სნოს მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, იქ 500-იან ხაზს გაევლო. როგორც თქვენ არ დაგიწერიათ წერილი, ისე ის ხალხი არ ჩამოსულა და არ დაუწერია. როცა დებატები გვქონდა, ბატონ ზაზა წიკლაურს თბილისში შევხვდი, მასაც იგივე ვუთხარი. წერილი დღემდე არ დაუწერია. ამის შემდეგ მაინც გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, რომელშიც იმ სოფლიდან ძალიან პატივსაცემი ადამიანი ჩაერთო, 3 კომლი ცხოვრობს ამ სოფელში, თუმცა ეს არანაირად არ ამცირებს მნიშვნელობას. მოსახლეობას ვკითხეთ, პირობა მივეცით, რომ 500-იანი ხაზი სოფელზე არ გაივლიდა. მათ თქვეს, რომ უნდათ ტყე, წყალი და საყდარი. ამ სამივე პირობაზე ინვესტორი წამოვიყვანეთ. ჩავედით პარასკევს, ავუხსენით მოსახლეობას, კიდევ ერთხელ მივეცით პირობა, რომ იქ 500-იანი ხაზი არ გაივლის და მხოლოდ თქვენ საკუთარ ეზოებში რაც მახინჯი ბოძებია, იმას გადავიტანთ, თქვენი არაფერი გვინდა. ასეთი მოლაპარაკების შემდგომ, მინიმუმ, აგრესიას არ უნდა ველოდოთ. იწყება მშენებლობა, თბილისიდან ჩადიან და სამუშაოები გააჩერებინეს. შეშინდა ინვესტორი და სოფლიდან წამოვიდა. მივედი, ვეკითხები, _ რა გინდათ, რა გაღელვებთ, ამას რატომ აკეთებთ? აგერ, ბატონო, ჩემი ტელეფონის ნომერი, ჩამოდის, დაწერეთ წერილი, მთავრობასთან შეთანხმებულია და გავიტანოთ სხდომაზე… ამის ფონზე გაჩერება, აგრესია არალოგიკურია. იმის მაგივრად, რომ 4 ბოძი გადამაქვს და საერთოდ ვაშორებ ამ ხაზს და ყველანაირ წესებს ვიცავ, ეს ხალხი მეუბნება, რომ ეს თურმე ძალადობაა. აბსოლუტურად საფუძვლიანი ნებართვა მაქვს, კომპანია მუშაობს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ როგორც სოფლისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ამას ვერავინ გააჩერებს. ასეთი თავნებობით არც სოფელი აშენდება, არც რაიონი და არც ქვეყანა…

რაც შეეხება ჩემ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, თითქოს აგრესიულობით გამოვირჩევი, ეს ტყუილია. თუ ხმას ავუწევ, ამის უფლება მაქვს და ხმამაღლა ვსაუბრობ ემოციურ ფონზე. ხომ გადაღბულია ყველა კადრები, აჭარიდან დაწყებული, მაჩვენონ. ხან დამაბრალეს, რომ სპეციალურად ქალებისა და ბავშვების საწამებლად ჩავედი, მაჩვენონ ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე საპროტესტო აქციაზე ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენე და კანონი დავარღვიე. პასუხისმგებლობას ვიღებ, თუ მაჩვენებენ თუნდაც სოციალურ ქსელში რომელიმე კომენტარს მაინც, ერთი სიტყვა მაინც თუ მიწერია შეურაცხმყოფელი, მაშინვე დავტოვებ თანამდებობას. რას ნიშნავს, სააკაშვილს ემსახურებოდა? სააკაშვილს კი არ ვემსახურებოდი, მილენიუმის განვითარების 500-მილიონიან პროექტში ვიყავი, რომელიც ამერიკის რესპუბლიკური პარტიისა და ჯორჯ ბუშის შექმნილია და საქართველოში უამრავი საქმე აქვს გაკეთებული, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. არაფერს ვიტყვი საკუთარ თავზე, არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და საერთოდ არ გავკარებივარ პოლიტიკას. დღეს ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, ჩემს შვილებს როგორი საქართველო უნდა დავუტოვო, ამის ძალიან კარგი ხედვა მაქვს.

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი