„მთის კანონის“ სკანდალური პუნქტები: 650 მ-ზე მდებარე სოფელი მაღალმთიანია, 1200 მ-ზე მდებარე კი _ არა!

g3

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევა „მთის კანონი“. ამავე დროს, მთელი რიგი სოფლების მოსახლეობა უკმაყოფილებას და პროტესტს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 1000 მ-ზე მდებარე მათი დასახლებული პუნქტი მაღალმთიან ზონაში არ შევიდა და არ მიენიჭა სტატუსი, ხოლო 650 მ-ზე განთავსებულ ზოგიერთ სოფელს მიენიჭა. რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა მთავრობა და რატომ უწოდებს კანონს ხარვეზიანს ოპოზიცია?

„ქრონიკა+“-მა ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართა.

კარლო კოპალიანი _ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

_ ბატონო კარლო, არიან სოფლები, რომელთა მკვიდრნი კანონს აპროტესტებენ, ვინაიდან ის მათ არ შეეხო

_ მთის საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მარტში გაიმართა, განვიხილეთ „ახალი სოფლები“, ანუ, დაახლოებით, 80 დასახლებული პუნქტი შესწავლის სტადიაშია, _ მიენიჭოთ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი თუ არა? ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება.

_ მაგრამ სულ ვერ გაგრძელდება. სადღაც ხომ უნდა დამთავრდეს?

_ დიახ, ეს პროცესი უნდა დამთავრდეს. პირველი სექტემბრისთვის, როდესაც ეს კანონი სრულად ამოქმედდება, მთის მოსახლეობა იმ შეღავათებს იგრძნობს, როგორიც არის კანონში გათვლილი.

_ ბატონო კარლო, იმედი გაქვთ, რომ სექტემბრამდე მოასწრებთ 80-ვე სოფლის შესწავლას? ანდა გამორიცხავთ იმას, რომ სექტემბრისთვის შეიძლება მაინც არ მოხვდეს სოფლების გარკვეული რაოდენობა მაღალმთიან კატეგორიაში?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ჩვენს სიაში რომელიმე დასახლებული პუნქტი არ მოხვდეს, მაგრამ სამომავლოდ, თუ იქ სიტუაცია გაუარესდება, ან დემოგრაფიული სურათი დამძიმდება, მთის საბჭო მოქმდებს, შევიკრიბებით და განვიხილავთ.

 

ხსენებულ პოლიტიკას მოუქნელსა და ხარვეზიანს უწოდებს დეპუტატინაციონალური მოძრაობიდან“, ასპინძის რაიონის მაჟორიტარი, „მთის საბჭოსწევრი _ ტარიელ ლონდარიძე:

_ არ შეიძლება ამ კანონის ასეთი სახით ამოქმედება. კანონი არის ძალიან ბევრი ხარვეზის მომცველი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ კანონმა წინა კანონით მინიჭებული მაღალმთიანი სტატუსის ძალიან ბევრი რეგიონი დააზარალა. „მთის საბჭოს“ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება მოუწევს. მე, როგორც საბჭოს წევრი, ყოველ შეხვედრაზე კვლავ დავაყენებ იმ კონკრეტულ საკითხებს, რაც მაღალმთიან რეგიონსა და იმ დასახლებულ პუნქტებს აწუხებს, თუ რატომ არ მიიღეს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი. დიახ, სოფლები მდებარეობს მაღალმთიან რეგიონებში და მათ სტატუსი არ მიენიჭათ.

რა ხდება სინამდვილეში? რატომ იჩაგრებიან ესა თუ ის დასახლებული პუნქტები?

„ქრონიკა+“-მა კანონის მთავარ „შემოქმედს“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.

ოთარ კონჯარია _ თვითმმართველობისა და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთის განვითარების საბჭოს მდივანი:

_ ბატონო ოთარ, საზოგადოებაში დებატებია, თუ რა პარამეტრების მიხედვით მიანიჭეთ ამა თუ იმ სოფელს მაღალმთიანის სტატუსი? ამას ადგილობრივი მკვიდრებიც აპროტესტებენ, რომელთა 1200 მ-ზე განლაგებულ სოფელს სტატუსი არ მიენიჭა, 650 მ-ზე მდებარეს კი _ მიენიჭა…

_ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, თუ დასახლება მდებარეობს 1000-1500 მეტრზე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამი კრიტერიუმიდან ერთს მაინც. პირველი არის დემოგრაფიული კრიტერიუმი, ანუ მოსახლეობის რიცხოვნობა 25%-ზე მეტით უნდა იყოს შემცირებული; მეორე არის სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც არსებულ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება 50%-ით მეტზე არ უნდა შეიძლებოდეს  სტანდარტული ტექნიკით; მესამე: პერიფერიულობის კრიტერიუმი, რომელიც დასახლების ხელმისაწვდომობას გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ცენტრთან. ამ სამი კრიტერიუმიდან თუ ერთს მაინც არ დააკმაყოფილებს დასახლებული პუნქტი, მას სტატუსი არ მიენიჭება.

_ ახსენეთ, ორს მაინც უნდა აკმაყოფილებდესო

_ თუ 800-დან 1000 მეტრამდე არის, ასეთ შემთხვევაში ორი კრიტერიუმი მაინც უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 1000-დან ზემოთ _ ერთი კრიტერიუმი. აი, ეს პოლიტიკა ხორციელდება  მაღალმთიანი დასახლებების მიმართულებით, რომელმაც მიგრაციული პროცესების შეჩერებებას უნდა შეუწყოს ხელი. ვგულისხმობ მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობის გადინებას. მით უმეტეს, როდესაც აღნიშნულ დასახლებებს ტურისტული კუთხით პოტენციალი აქვს. გზების მოწესრიგების გარეშე ტურისტული ნაკადების გაზრდა შეუძლებელი იქნება. მეორე მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი სახლ-კარის მიტოვება აღარ მოუწევს.

_ გზების მოწესრიგება არ არის საკმარისი. ალპური ზონის მცხოვრებლებს არც ბუნებრივი აირი აქვთ და არც _ ელექტროენერგია. სოფლები დაქსელელია საცალფეხო ბილიკებით და ხალხი იქ ცხენებით ადის?

_ 1500 მეტრზე მაღლა მდებარე სოფლებს, ასევე ალპურ ზონას ავტომატურად მიენიჭათ მთის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სოფელი არ არის რეგისტრირებული. ტურისტებისთვის შესაძლოა, საცალფეხო ბილიკები უფრო მომხიბვლელი იყოს.

_ ტურისტამდე იქ ადგილობირვი მცხოვრებია. არა სკოლა, არა ბაღი, არა მაღაზია

_ მანდ კომუნალური პირობებია პირველ რიგში მოსაწესრიგებელი: დენი, გათბობის საშუალება, გაზი, საკანალიზაციო მილების გაყვანა აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა, რათა ადგილობრივებმა არ დატოვონ ტერიტორიები. გასაგებია ეს ყველაფერი. სტრატეგია უნდა შემუშავდეს მაღალმთიანი სოფლების განვითარებისთვის. სამომავლო მიზნებსა და სამომავლო ხედვებს ვერ განვსაზღვრავთ, თუკი არსებული მდგომარეობა კარგად არ შევისწავლეთ. სტრატეგიაში უნდა აისახოს რეალური სურათი და ამაზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს შემდგომში განსახორციელებელი ნაბიჯები.

_ ანუ ეს სურათი არ გაქვთ?

_ სრული სურათი როგორ გვექნება?! არის მაღალმთიანი დასახლებები, სადაც, ცხადია, არ გვაქვს. რანაირად? ახლა დაიწყო ეს პროცესი. არსებული სიტუაციის ანალიზი არ ნიშნავს, რომ, უბრალოდ, დღევანდელი მდგომარეობა აღვწეროთ. მაგალითად, რატომ ტოვებს სოფელს ადგილობრივი მკვიდრი? ზუსტი პახუხი არ გვაქვს. დავუშვათ, მოვუგვარეთ გზები და კომუნალური პრობლემები, მაგრამ მიგრირება მაინც გაგრძელდა. ე. ი. სხვა მიზეზია! ეს მიზეზი უნდა დავადგინოთ. აღნიშნული პრობლემებია გამოსაკვლევი.

_ ზვავი?

_ ზვავს და ბუნებრივ სტიქიებს ვერანაირად შევეწინააღმდეგებით, მაგრამ გარკვეული ტიპის პრევენციული ღონისძიების განხორციელება შესაძლებელია.

_ აჭარის ზონასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: აჭარაში არის სოფლები 650 სიმაღლეზე და მათ სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ იმერეთში არის სოფლები 900-1200 სიმაღლეზე და მათ არ მიენიჭათ, რატომ?..

_ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მაღალმთიანი აჭარა აღნიშნულია, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე და მასში შემავალ დასახლებებს სტატუსი მიენიჭა. კითხვები და გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ აღნიშნულ რეგიონში არსებული დასახლებები ხშირად არ არის 800 მეტრზე მაღლა. მთიანი აჭარის ნაწილში არის 650 მეტრზე, ან 500 მეტრზე. სწორედ ამიტომაც ერთგვარი გათანაბრება გამოვიდა 1500 მეტრზე არსებულ დასახლებასთან. ამან მოსახლეობაში გაუგებრობა გამოიწვია. კანონი ამბობს, რომ 800-დან 1500-მდე შეიძლება მიენიჭოს სტატუსი, ან არ მიენიჭოს. აჭარის შემთხვევაში მიენიჭა, იმიტომ, რომ იქ არსებული სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ა. შ. მდგომარეობა აკმაყოფილებს კანონში ჩამოთვლილ ნორმატივებს.

_ დავუშვათ, მე ჩავხედავ კანონს და ამ ნორმატივებს წავიკითხავ, მაგრამ თქვენ როგორ უხსნით ამას ადგილობრივებს?

_ მარტივად. მაგალითად ის, რომ 650 მ-ზე განთავსებული დასახლების კლიმატური პირობები შეიძლება იყოს 800 მეტრს ზემოთ არსებული დასახლებების მსგავსი. ასევე გასათვალისწინებელია ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

_ აფხაზეთთან მიმართებით საკითხი როგორ შემუშავდა?

_ კანონით განსაზღვრულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობისთვის სტატუსის მინიჭება. ვინაიდან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ აღნიშნულ ტერიტორიებს, მთავრობის მიერ ცალკე მოწონებულ ნუსხაში ამ ეტაპზე აფხაზეთის ტერიტორია არ არის შეყვანილი. კანონის მიხედვით, იმ დასახლებებს, რომლებიც ჩრდილო კავკასიონის ქედზეა განლაგებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სტატუსი ავტომატურად მიენიჭებათ, როგორც კი ტერიტორიული მლიანობა აღდგება.

_ მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სამონასტრო კომპლექსებსა და ეკლესიებზე მინდა გკითხოთ. გასაგებია, რომ ეკლესიასა და მთავრობას შორის მემორანდუმია. იგეგმება თუ არა მათთან მიმართებით დამატებითი შეღავათები?

_ მათთან მიმართებით რაიმე დამატებითი სოციალური შეღავათები არ განხილულა, თუმცა ის საბოლოო შედეგი, რისი მიღწევაც აღნიშნული პოლიტიკის გატარებით განსაზღვრულია, საბოლოო ჯამში, ბერ-მონაზვნების მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ბერებიც ხომ აწარმოებენ და ყიდიან გარკვეულ საქონელს.

_ მე პირადად ისეთ საუბრებს შევსწრებივარ, როდესაც სოფლებისთვის სტატუსის არმინიჭებით უკმაყოფილო საჯარო მოხელეები, იგივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საკუთრი ძალებით აპირებდნენ თავიანთი ინტერესის სფეროში არსებული სოფლებისთვის სტატუსის მინიჭებისთვის ბრძოლას. თქვენთან თუ ყოფილა ამგვარი მომართვები?   

_ დიახ, საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ასეთი საპროტესტო მომართვების, თუ რატომ არ ვაძლევთ სტატუსს მათ სოფლებს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა პირებმა კარგად იციან კანონი, დადგენილებები და ინსტრუქციები. ჩვენ მათ ყველა საჭირო დეტალი მივაწოდეთ. თვალსაჩინოებისთვის ჩამოვწერეთ თითოეული კრიტერიუმი. მაინც არ ჩერდებიან! პირადი შეფასებები არასაკმარისია იმისთვის, რომ სოფელს სტატუსი მიენიჭოს. მაგალითად, მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი სახლი 850 მეტრზე მდებარეობს, მაგრამ ამას განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტროს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის დეპარტამენტი. მისგან უნდა იყოს წარმოდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული დასახლება ნამდვილად მდებარეობს 850 მეტრზე. თუმცა 1200-ზე რომ იყოს, შეიძლება არ მივანიჭოთ.

_ მაღალმთიანი დასახლებების ბოლო აღწერა როდის ჩატარდა?

_ ოფიციალურად აღწერა 2014 წელს ჩატარდა და დღეს ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვმოქმედებთ. მოსახლე რომ მოდის ჩემთან და მეუბნება, ჩემი სოფელი დაიცალა, 2002 წელს 50 ოჯახი ვცხოვრობდით და დღეს 5 ოჯახი ვცხოვრობთო, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. მე უნდა მქონდეს საჯარო უწყების ოფიციალური ცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის სწორედ სტატისტიკის დეპარტამენტი.

 

                                                                                                        თამარ როსტიაშვილი