რა ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში?!

g1

სკანდალური ფაქტები, რომელზედაც ქვემოთ წერია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეხება, უშუალოდ კი მინისტრს, ოთარ დანელიასა და როგორც ამბობენ, მის მიერ სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში მიყვანილ ახლობლებს. ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც ამ სამინისტროში თავად მუშაობს, ეს ყველაფერი ინკოგნიტოდ მოგვიყვა (გარკვეული მიზეზების გამო, _ ნ. ვ.), თუმცა ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა და გვითხრა: „მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გადაეცით, თუ დაინტერესდა და დარგის ბოლომდე გაპარტახება არ უნდა, დამიბაროს და ყველაფერს დეტალურად, ფაქტებით მოვუყვები. იმაზე მეტი ვიცი, რასაც ახლა გეუბნებით. ამ სამინისტროს საქმე ძალიან ცუდად არის!“

ასე რომ, რესპონდენტის ტელეფონის ნომერი ჩვენთან ინახება, ინტერვიუს ჩანაწერიც და უფლებაც გვაქვს, რომ ის ქვეყნის პირველ პირს, პრემიერ-მინისტრს გადავცეთ.

ქრონიკა+“- სოფლის მეურნეობის ინკოგნიტო თანამშრომელი ესაუბრება:

_ მინდა მოგიყვეთ, რა ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რადგან ეს სფერო კარგად ვიცი. 2014 წლის შემოდგომით სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა თავისი უახლოესი მეგობარი _ ზაზა დოლიძე. მანამდე ამ სააგენტოს ხელმძღვანელობდა საკმაოდ კომპეტენტური და დარგის კარგი მცოდნე, კეთილსინდისიერი ზურაბ ჩეკურიშვილი, მაგრამ ის გაათავისუფლეს. მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღეა, ჩეკურიშვილი ამ სამსახურში დააბრუნა, ზაზა დოლიძე კი ფეხბურთის განვითარების 300-მილიონიან ფონდში გადაიყვანეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაც ამ ადამიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს დამართა, რადგან იმას გაუკეთებს ამ ფონდსაც.

_ რა დამართა ასეთი? ან სანამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნავდნენ, მანამდე სად მუშაობდა?

_ მანამდე არსად მუშაობდა, წლების წინათ კი, როგორც ვიცი, მენეჯერი იყო. ეს ადამიანი ამ დარგისგან ძალიან შორს არის. მხოლოდ მინისტრის მეგობრობა გახდა იმის მიზეზი, რომ ამ სფეროში საერთოდ გაუცნობიერებელი შენგელია დაინიშნა რთული სამსახურის უფროსად. როდესაც ის ამ თანამდებობაზე დაამტკიცეს, პირველი რაც გააკეთა, სასწრაფოდ გაათავისუფლა მოადგილეები. ერთ-ერთი მოადგილე იყო ნუგზარ ფირანიშვილი, რომელსაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, 22 წლის უდანაშაულო შვილი მოუკლეს. მიუხედავად ამისა, დოლიძემ ის მაინც იძულებული გახადა, სამსახურიდან წასულიყო და თავისი მეგობარი ჩავლეიშვილი მოეყვანა მის ადგილზე. ეს პიროვნება ოდესღაც ბანკში მუშაობდა, შემდგომ კი მევახშე იყო, რომელიც ასევე არანაირ ურთიერთობაში არ ყოფილა ამ დარგთან. სურსათის უვნებლობა სპეციფიკური დარგია. აქ რომ იმუშაო, პროფესიონალი უნდა იყო. ის სამ უზარმაზარ დარგს მოიცავს: ვეტერინარიას, ფიტოსანიტარიას და სურსათის სანიტარიას. მინისტრმა დანელიამ კი ამ დარგების ბედი ორ არაპროფესიონალს ჩააბარა. თავისი კადრების მოყვანით მინისტრმა, თითქოს, საკუთარი პოზიციები გაიმყარა, მაგრამ სწორედ მათ გამოუთხარეს ძირი. ჩავლეიშვილმა ვითომ ობიექტების შესამოწმებლად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც თავად გიჩვენებს, რომელ ობიექტში უნდა შევიდეს მონიტორინგის ინსპექტირების ჯგუფი, მაგრამ სწორედ ამ პროგრამის „წყალობით“, ხშირად, მხოლოდ პატარ-პატარა ობიექტები მოწმდება, სადაც შესვლა დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, ხოლო დიდი ობიექტები _ ჰიპერმარკეტები, ბაზრები, ბაზრობები და ა. შ., სადაც მეტი შესამოწმებელია და, შესაბამისად, დარღვევაც უკონტროლოდაა დატოვებული.

_ თქვენ ამბობთ, რომ ეს პროგრამა სპეციალურად შეიქმნა, დიდი ობიექტები რომ არ შემოწმდეს და მცირე ბიზნესებზე და მათ ხელმძღვანელებზე გადატყდეს ჯოხი? თან სახელიც ჰქონდეთ, რომ თითქოს დარღვევებს ავლენენ?

_ ამ ამბავს ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ _ პირველი: ჩავლეიშვილი უცოდინარია და ამ ფორმით უნდა თავის წარმოჩენა; მეორე _ გეგმაზომიერად აკეთებს ამას. აღნიშნული სამსახურიდან შემოწმებაზე ყოველთვის მიდიან ექიმ-ვეტერინარები, სანჰიგიენისტები და ინსპექტირების წარმომადგენლები. ამ ხალხმა კი მოსვლის შემდგომ ღია ბრძოლა გამოუცხადა ვეტერინარიას. ვერ ნახავთ ვერც ევროპაში, მით უმეტეს, ამერიკაში, რომ მსგავსი კონტროლი ამ დარგის წარმომადგენლების გარეშე ხორციელდებოდეს. სამი ვეტერინარი გვყავდა და ყველა გაათავისუფლეს, მათ ადგილებზე კი დანიშნეს ადამიანები, რომლებიც პროფესიით ვეტერინარები არ არიან. ალბათ, გაგებული გექნებათ, რომ რქოსანი პირუტყვის ნაცვლად ხშირად ცხენის ხორცი იყიდება და ეს მართლაც ასეა. ეს ხორცი საკვებად ვარგისია, მაგრამ ქართველებს მისი ჭამის კულტურა, ტრადიცია არ გვაქვს. ასევე არ უნდა ატყუებდე მომხმარებელს, რისი ხორციც არ არის, ის უნდა ეწეროს და მერე მყიდველი თავად გადაწყვეტს, იყიდოს თუ არა. ეტიკეტზე, ცხადია, სიმართლეს არ აწერენ, მაგრამ ამის გარჩევა მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია, რომელიც წლების განმავლობაში ამ საქმეს ემსახურება. სააგენტოში ისეთი ვეტერინარები გვყავდა, ცხენისა და ძროხის ხორცს კი არა, ნებისმიერი ხორცის გარჩევა შეეძლოთ ლაბორატორიული ანალიზის გარეშეც. ახლა კი ამ ადამიანებმა, რომელთაც საერთოდ დარგის შესახებ არაფერი იციან, როგორ უნდა გააკონტროლონ მსგავსი ფაქტები?

_ ხალხი იმასაც ამბობდა, რომ ზოგჯერ მაღაზიებში, საშაურმეებში ვირის ხორცი იყიდება და ესეც სიმართლეა?

_ არა, ასეთი რამ სიმართლე არ არის, მაგრამ ცხენის ხორცი ნამდვილად იყიდება. ნათესავების მოყვანით დანელიამ, ფაქტობრივად, უკონტროლოდ დატოვა ეს სფერო. მისი განცხადებებით და ხალხის მოსაჩვენებლად კონტროლი ხდება, მაგრამ ეს არ არის პროფესიონალური კონტროლი. მინისტრისა და მისი ახლობლების მოქმედებებით მაქინატორებს, რომლებიც ასეთ უკანონობებს სჩადიოდნენ, ხელ-ფეხი გაეხსნათ და თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

ახალგაზრდების დასაქმების წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ დოლიძემ მოიყვანა ახალგაზრდები, რომელთა განათლება ან აცდენილია ამ დარგს, ანდაც სასწავლებლები მიატოვეს. ასეთებით გამოცდილი ექიმების ჩანაცვლება, რბილად რომ ვთქვა, ძალიან ცუდი საქციელია, რეალურად კი _ დანაშაული! გამოცდილ ექიმებს მონიტორინგის ჯგუფში ყოფნა აუკრძალეს. მიზეზს, ცხადია, არ ასახელებდნენ და ყველაფერი „მინდა და ვაკეთებ“ პრინციპით ხდებოდა. სამწუხაროდ, განთავისუფლებული ვეტერინარებიდან დოლიძეს არავინ უჩივლა, რადგან მინისტრი მფარველობდა და აზრი არ ჰქონდა.

_ ამ დარგის განადგურება ვინმეს ჩანაფიქრი იყო, თუ ასე რატომ მოიქცნენ?

_ არ ვიცი, დანელიას ჩანაფიქრი რა იყო, მაგრამ მინდა, თქვენი გაზეთით ვუთხრა, რომ სულელ მეგობრებს ჭკვიანი მტერი ერჩიოს. იმდენი ცუდი გააკეთეს მისმა მეგობრებმა, არც მას, არც დარგს და არც ქვეყანას არც ერთი მტერი რომ არ გაუკეთებდა. შეიძლება, დანელიას ეგონა კიდეც, რომ ესენი საქმეს სწორად აკეთებდნენ, მაგრამ რეალობა ასე არ იყო და ეს უნდა გაერკვია.

2016 წლის დასაწყისში გამოიცა ბრძანება და ბაზრის დირექტორებს ეცნობათ, რომ ბაზარში ვეტერინარი ექიმის ყოფნა სავალდებულო აღარ იყო. ანუ ბაზრის ხელმძღვანელობის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული ექიმის ყოფნა-არყოფნა. დირექტორს ევალებოდა, რომ საეჭვო პროდუქტის მიტანის შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის უნდა ეცნობებინა. ცხადია, ეს საქმეც დარგის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, რადგან როგორ წარმოგიდგენიათ დირექტორი, რომელიც სააგენტოში დარეკავდა, _ ჩემს ბაზარში მოდით, პროდუქცია საეჭვოაო? ეს ხომ აბსურდია? ფაქტობრივად, ბაზრებში სააგენტოსა და სანიტარიული ექიმის  კონტროლი ჩახსნეს, მაგრამ ბევრმა დირექტორმა თავად გამოიჩინა ჭკუა და განაცხადა, _ სანიტარიულ ექიმს ჩემი ბაზრიდან არ გავუშვებო. ბაზრის დირექტორები უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი აღმოჩნდნენ, ვიდრე სურსათის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე და მისი მოადგილე, რომელიც დღესაც სამსახურშია _ ირაკლი ჩავლეიშვილი! ამ დარგის იგნორირება ბენდუქიძის დროს დაიწყო და ესენიც წარმატებით აგრძელებენ. საბოლოო მიზანი კი არის: ან პროდუქტები საერთოდ გაუკონტროლებელი იყოს, ანდაც მათთვის მისაღებმა ადამიანებმა გააკონტროლონ. მათთვის მისაღები კი ამ სამსახურში იყო ორი ადამიანი. ისინი დღესაც მუშაობენ. ერთ-ერთია კახა სოხაძე _ სურსათის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც მოადგილედაც ითვლება. იმასაც ამბობენ, რომ სოხაძე ბიზნესმენებს წილებში უზისო.

_ შეგიძლიათ, ერთი ფაქტი მაინც გვითხრათ, ვის უზის სოხაძე წილში?

_ საბოლოოდ, მათი ქმედებები ორიენტირებულია ქართველი მეწარმეების ჩაძირვაზე. დოლიძის მოსვლის შემდგომ ქართული მსხვილი რქოსანი პირუტყვის ტვინის გასაყიდად გამოტანა აიკრძალა. მანამდე თავისუფლად იყიდებოდა. ღრუბლისებური ენცეფალომიელიტი, რის გამოც იკრძალება ხოლმე ტვინის გაყიდვა, საქართველოში უნდა დაფიქსირებულიყო, რის შემდგომაც ამ სამსახურს უფლება ექნებოდა, რომ ეს პროდუქტი აეკრძალა, მაგრამ აღნიშნული დაავადება ეჭვის დონეზეც კი არ დაფიქსირებულა საქართველოში. საქმე ის არის, რომ სწორედ ამის შემდგომ ტვინი უცხოეთიდან შემოვიდა. სამომხმარებლო დახლებზე რომ ნახოთ როგორია ის ვიზუალურად, აუცილებლად შეამჩნევთ მის ხარისხსაც. ამბობენ, უცხოური ტვინის ბიზნესში ესენიც იყვნენ ჩართული და ამიტომ აკრძალეს ადგილობრივი პროდუქტიო. მაგათ ისიც არ იციან, რომ ეს ვირუსი, პირველ რიგში, პარენქიმულ ორგანოებში ბუდობს და როცა უკვე დაავადება თავს იჩენს, მაშინ არის თავის ტვინში გადასული. თუ ამ მიზეზით თავის ტვინის გაყიდვა აკრძალეს, ყველა პარენქიმული ორგანოს გაყიდვაც უნდა აეკრძალათ: გულის, ღვიძლის, ფილტვის, მაგრამ ასე არ მოიქცნენ, რაც უტვინობის შედეგია, ან მიზანმიმართული ქმედება. პროცესი, რომ ქართველ მეწარმეებს რაც შეიძლება შეუზღუდონ საქმიანობა, გრძელდება.

რამდენიმე დღის წინათ ე. წ. ქართული სახაშე მასალის გაყიდვა აკრძალეს. საქართველის მასშტაბით მსხვილი რქოსანი პირუტყვი სპეციალურ სასაკლაოებზე იკვლება. იქ არსებული პირობები და წესები იმდენად გაართულეს, რომ, ალბათ, მალე სასაკლაოებსაც დახურავენ და პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნდება, როცა პირუტყვი კარდაკარ იკვლებოდა ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე. ჩვენ არ ვართ ევროპული განვითარების ქვეყანა და ევროპის ყველა წესსა და მეთოდს ვერ მივიღებთ, გამართლებულიც არ იქნება, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ ადარდებთ. ქართული ხაშის აკრძალვის მიზეზად ვერ გეტყვით, რა დაასახელეს, მაგრამ პარასკევს ჩვენს ოფისთან მეწარმეები მოვიდნენ, რომლებიც ამ აკრძალვას აპროტესტებდნენ. ეტყობა, აკრძალვის მიზეზიც სააგენტოს ხელმძღვანელობის ვინმესთან წილში ჩაჯდომის დაინტერესება იყო. სხვა მიზეზი არ არსებობს, რადგან გუშინ თუ იყიდებოდა, დღეს რატომ აღარ უნდა გაიყიდოს? მით უფრო, რომ რაიმე ვირუსი, ან მსგავსი დაავადება არ გამოვლენილა, რომლის მერეც ასეთი ზომები უნდა მიეღოთ. მძიმე ინფექციების დროს, როგორიც არის ციმბირული წყლული, ბრუცელიოზი, იკრძალება მხოლოდ იმ პირუტყვის პარენქიმული ორგანოები, რომელთაც უშუალოდ აქვს ეს დაავადება. ზოგადად კი არ არსებობს დაავადება, როცა მხოლოდ სახაშე მასალა უნდა აიკრძალოს, მაგრამ ამათთვის ყველაფერი შეიძლება.

ამ სფეროს ისეთი კორიფეები გვყავს, როგორიც არის, ვთქვათ, დემნა ხელაია. მას მოძრავ ენციკლოპედიასაც კი უწოდებენ, მაგრამ ამ ადამიანს დარგს ახლოს არ აკარებენ. კახა სოხაძე კი 2003 წელს გამოცდებზე გავიდა და მინიმალური ზღვარიც ვერ გადალახა. მისნაირ ადამიანებს მიჰყავს დღეს პროცესები, რაც ძალიან სამწუხაროა.

_ კიდევ რას აკეთებს დარგის ჩასაძირად მინისტრის ხალხი?

_ წეღანაც გითხარით, რომ ვეტერინარიის დარგის ჩაჩოჩება და განადგურება უნდათ. იანვარში საქართველოში წვრილი რქოსანი პირუტყვის ჭირი დაფიქსირდა. ეს დაავადება არასდროს დაფიქსირებულა და პირველი შემთხვევა იყო. როცა თბილისის გარშემო ასეთი საფრთხე მძვინვარებდა, დოლიძემ ვეტერინარიის სამსახურს კუთვნილი მანქანა ჩამოართვა, რომ ვერ გადაადგილებულიყვნენ. ამ მანქანით მიდიოდა შემთხვევის ადგილებზე თბილისის სამმართველო, რადგან დაავადება, ძირითადად, თბილისის ირგვლივ გამოვლინდა. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო, კუთვნილი მანქანა სხვა სამსახურს გადასცა. ვეტერინარიის სამსახურის მოადგილე მიშა სოხაძემ სთხოვა, ალტერნატიული მანქანა მოგვეციო და თბილისის ერთ-ერთი რაიონის დაწუნებული და ჩამოწერილი ავტომანქანა გადასცეს. ამ სამსახურს რომ ასეთ დროს მანქანას ჩამოართმევ, ამას ჰქვია საბოტაჟი და მავნებლობა! დოლიძემ ერთ ჩემს ახლობელს უთხრა, თქვენმა მთავრობამ „ნაციონალების“ გინებას თავი დაანებოს და საქმეს მიხედოსო. ჩემმა ახლობელმა უპასუხა, _ ჩემი მთავრობა რატომ არის, მე უბრალო სამსახურში ვარ და თქვენ კიდევ მაღალ თანამდებობაზე, უფროსად მან მოგიყვანათო. დოლიძემ ბოლოს ისეთი ხალხი დანიშნა სამსახურში, რომელთაც „ნაციონალები“ არასდროს დანიშნავდნენ.

_ ვის გულისხმობთ?

_ გორის, მცხეთის, ასევე სხვა რაიონის უფროსებს. ძალიან ბევრი ადამიანი ინიშნება არასპეციალისტი, ან საერთოდ რომ არ აქვს კავშირი დარგთან. „ნაციონალებს“ კადრები მაღალი დონის ჰყავდათ და მეოთხეხარისხოვან ადამიანს თანამდებობებზე არ უშვებდნენ. საპარლამენტო არჩევნების წელია და ასეთ დროს მარტო საქართველოში კი არა, კანონი ყველგან ლიბერალური ხდება მაკონტროლებელ სამსახურებთან მიმართებით, მაგრამ ამ სფეროში ყველაფერი პირიქითაა. სამსახურის მისია პრევენცია კი არა, მეწარმეების დასჯაა. ორი კილოგრამი ხორცის გამო, რომელიც მეწარმეს დოკუმენტის გარეშე აღმოაჩნდა, ანდაც კომისიას საბუთი დროულად ვერ წარუდგინა, 1000 ლარით უნდა დააჯარიმო ადამიანი? სამაგიეროდ, ნაკლებად ან საერთოდ არ აჯარიმებენ მსხვილი კვების ობიექტებს, საწარმოებსა და ჰიპერმარკეტების ქსელებს. თანაც მინიკაფეების, ან სავაჭრო დაწესებულებების ასეთი დიდი ობიექტების რანგში აყვანა ხომ არ შეიძლება. იმ მეწარმეს, რომელსაც წელიწადში 15 ათასი ლარის ბრუნვა აქვს და იმასაც, ვისაც დღეში 100 ათასი ლარი აქვს, ერთნაირი თანხით რატომ უნდა მიუდგე და დააჯარიმო? ეს საკითხი პროფესიონალებმა არაერთხელ დააყენეს, მაგრამ ცხვირაბზუებულები უყურებენ იმ ადამიანებს. თანაც სამსახური დასჯაზე კი არა, პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ ეს სახეც უკვე დაკარგა. მხოლოდ იმ ობიექტებში არ უნდა იარონ მაკონტროლებლებმა, სადაც სურსათი არც კი იყიდება, იქ უნდა მივიდნენ ხშირად, სადაც დიდი რეალიზაციაა. კიდევ ბევრი ნიუანსია, რომელსაც ის ადამიანები ვერ განახორციელებენ, რომელთაც ამ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ.

წელს რქოსანი პირუტყვის პროფილაქტიკური აცრებია დაგეგმილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ვაქცინები გვიან შეისყიდეს და იმ ადამიანებს საწვავის ტალონებიც არ მისცეს თავის დროზე, რომლებიც საქმის შესასრულებლად ხელშეკრულებით აიყვანეს. ზოგი ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ უნდა გაკეთდეს და დაგვიანების გამო, შეიძლება დროში ვერ ჩაეტიოს. დროში დაგვიანებამ დაავადება შესაძლოა არ გამოიწვიოს, მაგრამ მთელი სამუშაო გეგმა ახლიდან შესადგენი იქნება. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს, რაც არჩევნებზე გამოვლინდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ქმედებები დაგეგმილი საბოტაჟია დოლიძე-ჩავლეიშვილისა და კახა სოხაძის მხრიდან.

_ მინისტრი იმიტომ არსებობს, რომ სისტემა აკონტროლოს. კი მაგრამ, არავინ ეუბნებოდა, მისი მოყვანილი ხალხი რასაც აკეთებდა?

_ რამდენიმე ადამიანმა გადაკვრით უთხრა, მაგრამ თვითონ დაზარალდნენ. ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯამბულ მაღლაკელიძე სწორედ ამის გამო დასაჯეს და გაუშვეს სამსახურიდან, რადგან ღიად ამბობდა ამ ხალხის ნაკლზე. ასეთი ადამიანების მოსვლამ, ფაქტობრივად, სამსახური დაანგრია. დღეს უკვე ისეთ მდგომარეობაშია, ძალიან მეეჭვება, გამოცდილმა ხელმძღვანელმაც კი შეძლოს წუმპიდან ამოყვანა. ამ სამსახურის განადგურება ცუდად აისახება საზოგადოებაზე, დაგვიანებული პროფილაქტიკური აცრები კი აისახება მეცხოველეობის განვითარებაზე, პროდუქტის გაყიდვის შეზღუდვა კი მეწარმეების ჯიბეებზე აისახება. როცა ისინი გასაპროტესტებლად მოვიდნენ, ტელევიზიების მოყვანაც უნდოდათ, მაგრამ ჩააჩუმეს. საბოლოო შედეგს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მივიღებთ. ეს ხელისუფლება მაშინ მიხვდება, ასეთი ხალხის დანიშვნით რაც მიიღო.

_ თქვენ მითხარით, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი პრემიერმა უკვე შეცვალა. კიდევ რა უნდა გაკეთდეს, დარგის მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ვინ უნდა წავიდეს სამსახურიდან?

_ პროფესიონალი ადამიანების სათავეში დგომა ყველაფერს გამოასწორებს. მე თუ მკითხავთ, დანელია სოფლის მეურნეობის მინისტრად არც უნდა დაენიშნათ. სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა როგორც ამბობენ, არც იქ არის კარგი მდგომარეობა. მელიორაცია მისი ნაცნობებით და ოჯახური კლანების წევრებით არის სავსე. ერთ-ერთი წარუმატებელი სამინისტროა ბოლო დროს იქ მიმდინარე მოვლენების გამო. ნაირ-ნაირ პროექტებს კი აცხადებენ, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს პროექტებიც არ არის ხალხისთვის ხელმისაწვდომი. ერთ ფაქტს გეტყვით: დაბალპროცენტიანი სესხების საკითხი და გრანტები ისეთ ადამიანებს ჩააბარეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხიბლიდან დღესაც არ გამოსულან და ისინი აკონტროლებენ ამ თანხებს. როგორ ჩავუთვალო ეს საქციელი დანელიას, უცოდინრობით ჩააბარა გრანტი ყოფილი გამგებლის შვილებს, თუ გეგმაზომიერად?

_ ვისზე საუბრობთ, იქნებ, დააკონკრეტოთ?

_ ლანჩხუთის რაიონში გია გოგუაძის შვილს, დავით გოგუაძეს ძალიან დიდი პროექტი ჩააბარა. ერთი წელი ჰქონდა ეს პროექტი… თუ უნდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენც გვითხრან და ცოტა სხვანაირად მოვიქცევით, შევეგუებით მაინც წინასწარ ამასაც.

ბოლოს, ჩემი ტელეფონის ნომერი მინდა დაგიტოვოთ და ღიად განვაცხადო: თუ ამ ფაქტებით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდება, თუ მას სურს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, უშუალოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რაიმე პოზიტიური გაკეთდეს, დამირეკონ, მივალ და უფრო მეტ საკითხზე მოვუყვები პრემიერს, ვიდრე თქვენ გეუბნებით. გრთავთ ნებას, რომ ჩემი ტელეფონის ნომერი გიორგი კვირიკაშვილს მისცეთ.

სურსათის უვნებლობის პრესსამსახურმა ზემოაღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ცოტა ხნის წინათ აღდგენილ ზურაბ ჩეკურაშვილს დაგვაკავშირა და გვითხრა, რომ კითხვებზე პასუხს ის გაგვცემდა. ბატონმა ზურაბმა სამსახურის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების დანიშვნების საკითხებზე საუბარი არ ისურვა და გვითხრა, კონკრეტულად რაიმე პრობლემასთან დაკავშირებით თუ აქვს ამ თქვენს რესპონდენტს რაიმე ნათქვამი, მკითხეთ და გიპასუხებთო.

_ რესპონდენტი ცხენის ხორცის გაყიდვაზე ამახვილებს ყურადღებას, რას იტყვით?

_ ამ ცხოველის ხორცი საქართველოში არ იყიდება და ეს ტყუილია, თუმცა ცხენის ხორცი არ არის მავნებელი და საკვებად დასაშვებიცაა, თუ ის სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ არის დაკლული, თუმცა გეთანხმებით, რომ მას უნდა ეწეროს ცხენის ხორცი და არა, ვთქვათ, სხვა საქონლის ხორცი. მე პირადად საქართველოში გასაყიდ ხორცზე წარწერა „ცხენის ხორცი“ არ მინახავს, აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცდებ, რომ ის არ იყიდება. ჰკითხეთ თქვენს რესპონდენტს, კონკრეტულად რომელ მაღაზიებში იყიდება ხოლმე ცხენის ხორცი და მერე ერთად შევამოწმოთ ეს მაღაზიები თუ ბაზრები.

_ ბაზრებზე ვეტექიმი დირექტორის სურვილისამებრ ინიშნება, ეს მართებულია?

_ ბაზრები კერძო მფლობელობაშია გადასული და სურსათის ეროვნული სააგენტო მის ხელმძღვანელობას ვერ დააძალებს, იქ ვეტერინარი ექიმის ან სანიტრის შტატის დაშვებას და მათთვის ხელფასის დანიშვნას. ჩვენ იქ არსებულ პროდუქტს ვამოწმებთ და ვაკონტროლებთ. ამის მიუხედავად, თუ ბაზრების ხელმძღვანელობას მაინც სურს, რომ ვეტერინარი ან სანიტარი ჰყავდეს, მივესალმები და ასეთ ადამიანს ხელსაც ჩამოვართმევ.

_ საქონლის ტვინის ბაზარზე გაყიდვის აკრძალვაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

_ არც ერთ ქართულ სასაკლაოზე არა მგონია, ისეთი მექანიზმი იყოს, ტვინის დამუშავება სათანადოდ ხდებოდეს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მისი ბაზარზე გასაყიდად გამოტანა. ივივე ითქმის ხაშზეც. არ შეიძლება, დაუმუშავებელი ჩლიქების გასაყიდად გატანა, მისი სათანადო დამუშავება კი არ უნდათ. რადგან მეწარმეებს ეს საკითხები აწუხებს, დავიბარებთ და იმედია, პრობლემას მოაგვარებენ.

ინკოგნიტო რესპონდენტის ინტერვიუში მოყვანილი სხვა დანარჩენი ფაქტების კომენტარზე კი ზურაბ ჩეკურაშვილმა უარი განაცხადა.

 

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი